ფარი (იარაღი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხევსურული ფარი

ფარი — ცივი იარაღისაგან თავდასაცავი საომარი საჭურველი. მზადდებოდა ხისაგან, ტყავისაგან, აგრეთვე ლერწმისაგან ლითონისაგან და სხვა მასალისაგან. სხვადასხვა ხალხს სხვადასხვა ფორმის ფარი ჰქონდა, რაც იცვლებოდა ეპოქების მიხედვითაც. მაგალითად, ძველ შუამდინარეთში ჰქონდათ ხის, სპილენძის ფირფიტებგადაკრული ოთხკუთხა ფარები. არსებობდა დიდი ფარიც, რომელიც მთელ რაზმს ფარავდა. ასურეთში შექმნეს ლითონის მრგვალი ფარი. ფარზე იცოდნენ სხვადასხვა ნიშნის, ემბლემის გამოსახვა. რომში გავრცელდა ცილინდრული ფორმის ფარი. IX-X-XIII საუკუნეებში, ევროპაში შემოიღეს ადამიანის სიმაღლის ნუშის ფორმის ფარები, რომლებზეც გამოსახული იყო მებრძოლის საკუთარი ემბლემა. თქმულების თანახმად, კოლხეთის მეფე აიეტს ტყავის ფარი ჰქონია, ტყავგადაკრულ მოწნულ ფარებს ხმარობდნენ ძვ.წ. V-IV საუკუნეებში მოსხები. ძველი იბერიელები დიდ „დელამფრებს-დედაფარებს“ ან „ჩელტს“ ხმარობდნენ. მრგვალი ფარის წარმოშობა ცხენოსნობას უკავშირდება. ასეთი ფარები საქართველოში ბრინჯაოს ხანიდან არის დამოწმებული არქეოლოგიური გათხრების დროს კაჭრეთში, ჟინვალში და სხვ. ვახტანგ გორგასალს ვიგრის ტყავის ფარი ჰქონია, ასევე ტყავისაა ჩვენამდე შემორჩენილი ვახტანგ VI-ის ფარი. საქართველოში ფარის დამზადების ხელოვნება მაღალ დონეზე მდგარა, მეფარეობა ცალკე ხელობადაც ყოფილა გამოყოფილი (რასაც მოწმობს გვარი მეფარიშვილი). ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელების შემდეგ ფარი ხმარებიდან გამოვიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]