შინაარსზე გადასვლა

ჯან გასტონე მედიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯან გასტონე მედიჩი
ტოსკანის დიდ ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 31 ოქტომბერი, 1723
მმართ. დასასრული: 9 ივლისი, 1737
წინამორბედი: კოზიმო III მედიჩი
მემკვიდრე: ფრანც I შტეფანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 მაისი, 1671
დაბ. ადგილი: პიტის სასახლე, ფლორენცია, ტოსკანა
გარდ. თარიღი: 9 ივლისი, 1737, (66 წლის)
მეუღლე: ანა მარია ფრანცისკა საქსენ-ლაუენბურგელი
სრული სახელი: ჯოვანი ბატისტა გასტონე დე’ მედიჩი
დინასტია: მედიჩები
მამა: კოზიმო III, ტოსკანის ჰერცოგი
დედა: მარგარიტა ლუიზა ორლეანელი
რელიგია: კათოლიციზმი

ჯან გასტონე დე’ მედიჩი (იტალ. Gian Gastone de' Medici; დ. 24 მაისი, 1671 — გ. 9 ივლისი, 1737) — ტოსკანის უკანასკნელი დიდი ჰერცოგი 1723-37 წლებში მედიჩის დინასტიიდან. ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო III-ისა და მარგარიტა ლუიზა ორლეანელის უმცროსი ვაჟი. შეწყვიტა ებრაელების დევნა. მისმა მმართველობამ მისი მემკვიდრის არჩევაში გაატარა, სადაც კანდიდატებად დონ კარლოს ესპანელი და ფრანც შტეფან ლოთარინგიელი იყვნენ, რომელთაგანაც ფრანცმა გაიმარჯვა. იგი თავისი დინასტიის უკანასკნელი მამაკაცი წარმომადგენელი იყო.

ჯან გასტონე დაიბადა 1671 წლის 24 მაისს ფლორენციაში, პიტის სასახლეში. იგი იყო ტოსკანის დიდ ჰერცოგ კოზიმო III-ისა და მისი მეუღლის, მარგარიტა ლუიზა ორლეანელის ნაბოლარა და მესამე შვილი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია ტოსკანის დიდი ჰერცოგი ფერდინანდო II და ვიტორია დელა როვერე, ხოლო დედის მხრიდან საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ის უმცროსი ვაჟი, ორლეანის ჰერცოგი გასტონ დე ბურბონი და მისი მეორე ცოლი, მარგარიტა ლოთარინგიელი იყვნენ. მის უფროს ძმას, ფერდინანდოს სახელი მამის მამის პატივსაცემად დაარქვეს, მის უფროს დას, ანა მარია ლუიზას დეიდამისის, ხოლო ჯან გასტონეს დედის მამის პატივსაცემად.

მისი და-ძმის დაოჯახების შემდეგ, 1697 წელს მისი დის გავლენით ჯან გასტონე დაქორწინდა გერმანელ პრინცესაზე — ანა მარია ფრანცისკა საქსენ-ლაუენბურგელზე. იგი ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი პრინცესა იყო და ამასთან საღვთო რომის იმპერატორის რძალიც. წყვილმა თაფლობის თვე ბოჰემიაში გაატარა. ისინი ერთმანეთს კატასტროფულად ვერ ეწყობოდნენ, ამიტომაც ქორწინება უბედური იყო. ამასთან ერთად ჯან გასტონე უნაყოფოც იყო, ისევე, როგორც მისი და-ძმა, რაც მედიჩების დინასტიის შეწყვეტას მოასწავებდა. სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ჯან გასტონე ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა და უფრო და უფრო მეტ დროს უთმობდა ჰომოსექსუალურ კავშირებს. ხშირად იმდენად თვრებოდა, რომ ავიწყდებოდა ვინ იყო და ველურივით იქცეოდა.

1713 წელს მისი ძმა, ასევე უშვილო და ჰომოსექსუალიზმისკენ მიდრეკილი პრინცი ფერდინანდო გარდაიცვალა, ამიტომაც კოზიმო III-მ თავის ტახტის მემკვიდრედ არა ჯან გასტონე, არამედ ანა მარია ლუიზა გამოაცხადა. ყოველივე ეს დიდად გააპროტესტეს ევროპელმა მონარქებმა, რის გამოც, საბოლოოდ მემკვიდრე მაინც ჯან გასტონე გახდა, რომელიც 1723 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ტოსკანის დიდი ჰერცოგი გახდა. 1731 წელს, მის მემკვიდრედ ოფიციალურად გამოცხადდა მარგერიტა მედიჩის შვილთაშვილის შვილი, ესპანეთის ინფანტი დონ კარლოსი.

პოლონეთის მემკვიდრეობის ომში მონაწილეობის გამო, დონ კარლოსს ჩამოერთვა ტოსკანის ტახტის მემკვიდრის წოდება და თავიდან დაიწყო დავა ახალი მემკვიდრის ასარჩევად. საბოლოოდ საქმე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრისა და საღვთო რომის იმპერატორ კარლ VI-ის უშუალო ჩარევით მოგვარდა. მათ ტახტის მემკვიდრედ 1736 წელს გამოაცხადეს კარლის სიძე, ლოთარინგიის ჰერცოგი ფრანც შტეფანი, ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას ქმარი. ამრიგად, 1737 წელს, ჯან გასტონეს გარდაცვალებით შეწყდა მედიჩების დინასტიაც და ტოსკანაში ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები გამეფდნენ, რომელიც მას 1860 წლამდე, ანუ რისორჯიმენტომდე მართავდნენ.

  • Acton, Harold (1980). The Last Medici. London: Macmillan. ISBN 0-333-29315-0.
  • Aldrich, Robert; Wotherspoon, Garry (2000). Who's Who in Gay and Lesbian History: From Antiquity to World War II [volume 1 Who's Who]: From Antiquity to the Mid-twentieth Century Vol 1. London: Routledge. ISBN 978-0-415-15982-1.
  • Garrido, Fernando; Cayley, Charles Bagot (1876). A history of political and religious persecutions, Reprint: Arkose Press (September 26, 2015), ISBN 978-1343568808.
  • Hale, J.R. (1977). Florence and the Medici. London: Orion. ISBN 1-84212-456-0.
  • Levy, Carl (1996). Italian Regionalism: History, Identity and Politics. Oxford: Berg, 1996. ISBN 978-1-85973-156-7.
  • Row, Augustus (1868). Masonic Biography and Dictionary J.B. Lippincott & Company, Reprint: Kessinger Publishing, LLC; First edition (September 10, 2010) ISBN 978-1165041398.
  • Strathern, Paul (2003). The Medici: Godfathers of the Renaissance. London: Vintage. ISBN 978-0-09-952297-3.
  • Young, G.F. (1920). The Medici: Volume II. London: John Murray.