ფერდინანდო II მედიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფერდინანდო II მედიჩი
Portrait Ferdinando II de Medici.jpg
ტოსკანის დიდი ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 28 თებერვალი, 1621
მმართ. დასასრული: 23 მაისი, 1670
წინამორბედი: კოზიმო II მედიჩი
მემკვიდრე: კოზიმო III მედიჩი
რეგენტი: მარია მაგდალინა ავსტრიელი და კრისტინა ლოთარინგიელი
(1621 - 1636)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 ივლისი, 1610
დაბ. ადგილი: პიტის სასახლე, ფლორენცია
გარდ. თარიღი: 23 მაისი, 1670, (59 წლის)
გარდ. ადგილი: პიტის სასახლე, ფლორენცია
მეუღლე: ვიტორია დელა როვერე
შვილები: კოზიმო III, ტოსკანის დიდი ჰერცოგი
ფრანჩესკო, როვერეს ჰერცოგი
დინასტია: მედიჩები
მამა: კოზიმო II, ტოსკანის დიდი ჰერცოგი
დედა: მარია მაგდალინა ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ფერდინანდო II დე’ მედიჩი (იტალ. Ferdinando II de' Medici; დ. 14 ივლისი, 1610 — გ. 23 მაისი, 1670) — მედიჩის დინასტიის წარმომადგენელი. ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო II-ისა და მარია მაგდალინა ავსტრიელის უფროსი ვაჟი. ტოსკანის დიდი ჰერცოგი 1621-70 წლებში. მისი მმართველობა გახდა ტოსკანის უძლიერესი ეკონომიკის ვარდნის დასაწყისი. ცოლად გჰაყვდა თავისი მამიდაშვილი ვიტორია დელა როვერე, რომელთან ქორწინებითაც შემოიმტკიცა ურბინოს საჰერცოგო. იგი ასევე იყო მამა ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო III-ისა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერდინანდო დაიბადა 1610 წლის 14 ივლისს ფლორენციაში. იგი იყო ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო II-ისა და მისი ცოლის, ერცჰერცოგინია მარია მაგდალინა ავსტრიელის უფროსი ვაჟი. მას სახელი ბაბუის, ჰერცოგ ფერდინანდო I-ის პატივსაცემად დაარქვეს. იგი მხოლოდ ათი წლის იყო, როდესაც მამამისი გარდაიცვალა. ტოსკანის დიდი ჰერცოგი ფერდინანდო II გახდა, რომელსაც მცირეწლოვანების გამო რეგენტებად დედამისი, მარია მაგდალინა ავსტრიელი და ბებიამისი, კრისტინა ლოთარინგიელი დაენიშნნენ. ჩვიდმეტი წლის ასაკში, ფერდინანდო ევროპის გარშემო სამოგზაუროდ წავიდა. ერთი წლის შემდეგ მისი რეგენტობის ხანა დასრულდა და მან დამოუკიდებელი მმართველობა დაიწყო. მიუხედავად ამისა, ქვრივი ჰერცოგინია კრისტინა ლოთარინგიელი, თავის გარდაცვალებამდე, ანუ 1636 წლამდე მაინც მართავდა ტოსკანას.

ფერდინანდო ბებიამისის, კრისტინას მსგავსად ასევე იყო ახლო მეგობარი გალილეო გალილეისა. იგი პატრონობდა და აფინანსებდა გალილეოს. გალილეომ მას მიუძღვნა თავისი ნაშრომი, სახელად დიალოგი მსოფლიო სისტემის წამყვან ორ დარგზე. ამან გამოიწვია გალილეოს მეორე ინსტანციის სხდომის დაწყება. ვატიკანმა იგი ერეტიკოსად გამოაცხადა და ინკვიზიციით გასამართლებასაც უპირებდნენ, თუმცა ფერდინანდო შეეცადა წმინდა საყდარში არსებული აღშფოთება დაეწყნარებინა. მიუხედავად ამისა, რომის ინკვიზიტორები გალილეოს ჯაჭვებით დაბმას და რომში ასე ჩაყვანით დაემუქრნენ, თუკი თავად არ ჩავიდოდა. 1633 წლის ივნისში, რომის ინკვიზიციამ იგი ერეტიკოსად გამოაცხადეს, თუმცა ფერდინანდომ მოისყიდა ისინი და მხოლოდ სამუდამო შინა პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შემდეგ, ფერდინანდომ გალილეო ფლორენციაში წაიყვანა და სიცოცხლის ბოლომდე თავად არჩენდა.

ფერდინანდოს ერთობ უიღბლო მმართველობის თავდაპირველი წარუმატებლობა შავი ჭირის ეპიდემიას დაემთხვა, რომელიც ფლორენციაში გამძვინვარდა და ტოსკანის მოსახლეობის 10% შეიწირა. ამ დროს, ტოსკანელმა დიდებულებმა დატოვეს ქვეყანა, თუმცა ფერდინანდო და მისი ძმები ფლორენციაში დარჩნენ. 1633 წელს, დედამისმა და ბებიამისმა ფერდინანდო დააქორწინეს მისი მამიდის, კლაუდია მედიჩის ასულ ვიტორია დელა როვერეზე, რომელიც ურბინოს საჰერცოგოს ტახტის ერთადერთი მემკვიდრე იყო. მათ მალევე შეეძინათ ვაჟები, თუმცა ხასიათთა სხვაობის გამო ერთად უბედურები იყვნენ. სულ მალე ფერდინანდომ ვიტორიას პირდაპირ საწოლში წაასწრო ღალატისას გრაფ ბრუტო დელა მოლერასთან, რამაც მათი ურთიერთობა საბოლოოდ დაანგრია. მიუხედავად ვიტორიას ღალატისა, იგი არც დაუსჯიათ, არც გაუძევებიათ და არც ტიტული ჩამოურთმევიათ, როგორც ეს იმ ეპოქაში იყო მიღებული, მეტიც, ფერდინანდოს მასთან განქორწინებაც კი არ უფიქრია. იგი შემდგომი ოცი წლის მანძილზე, უბრალოდ აიგნორებდა ცოლს.

ფერდინანდო ახალი ტექნოლოგიით იყო შეპყრობილი. მას ჰქონდა ჰიგრომეტრები, ბარომეტრები, თერმომეტრები და პიტის სასახლეში ტელესკოპიც კი ჰქონდა დამონტაჟებული. 1657 წელს, თავის უმცროს ძმასთან, ლეოპოლდოსთან ერთად დააარსა დელ ჩიმენოს მეცნიერებათა აკადემია.

მისი მმართველობის პერიოდში, ტოსკანა ასევე მონაწილეობდა კასტროს ომებში, რომელიც 1641 წელს დაიწყო პარმელ და კასტროელ ფარნეზეებს შორის, რომელშიც ასევე რომის პაპიც აქტიურად იყო ჩაბმული. 1643 წელს ფერდინანდო II-მ სასტიკად დაამარცხა პაპ ურბან VIII-ის ჯარები. მიუხედავად გამარჯვებისა, ამ ომმა გამოფიტა ტოსკანის ხაზინა. ამ პერიოდში დაიწყო ტოსკანის აქამდე ურყევი და უმდიდრესი ეკონომიკის ნგრევა. დაქვეითდა ვაჟრობა, დაიხურა ბაზრები და გაკოტრდა ბანკები.

ფერდინანდო გარდაიცვალა 1670 წლის 23 მაისს, 59 წლის ასაკში, ქალაქ პიზაში, მას თავის ტვინში ანევრიზმა გაუსკდა. დაკრძალეს მედიჩების სან ლორენცოს საგვარეულო აკლდამაში.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერდინანდოს თავისი ხანგრძლივი, უბედური ქორწინებიდან, რომელიც ვიტორია დელა როვერესთან ჰქონდა, შემდეგი შვილები შეეძინა:

  1. კოზიმო (1639), გარდაიცვალა ჩვილი;
  2. მკვდარშობილი ვაჟი (1640);
  3. კოზიმო III (1642-1723), ტოსკანის დიდი ჰერცოგი, ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ის შვილიშვილი, მარგარიტა ლუიზა ორლეანელი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
  4. ფრანჩესკო მარია (1660-1711), როვერესა და მონტეფელტროს ჰერცოგი, ცოლად შეირთო ელეონორა ლუიზა გონძაგა, თუმცა შვილები არ ჰყოლია;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Liedtke, Walter A. (1984). Flemish paintings in the Metropolitan Museum of Art. New York: The Metropolitan Museum of Art. ISBN 0870993569. (see index, v.1, for information about Ferdinando as a patron of the arts)
  • Acton, Harold: The Last Medici, Macmillan, London, 1980, ISBN 0-333-29315-0
  • Strathern, Paul: The Medici: Godfathers of the Renaissance, Vintage books, London, 2003, ISBN 978-0-09-952297-3
  • Hale, J.R.: Florence and the Medici, Orion books, London, 1977, ISBN 1-84212-456-0