კოზიმო მედიჩი
კოზიმო მედიჩი | |
---|---|
ფლორენციის სენიორი | |
მმართ. დასაწყისი: | 5 სექტემბერი, 1434 |
მმართ. დასასრული: | 1 აგვისტო, 1464 |
წინამორბედი: | რინალდო ალბიცი |
მემკვიდრე: | პიერო მედიჩი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 27 სექტემბერი, 1389 |
დაბ. ადგილი: | ფლორენცია, იტალია |
გარდ. თარიღი: | 1 აგვისტო, 1464, (74 წლის) |
გარდ. ადგილი: | კარეჯი, იტალია |
მეუღლე: | კონტესინა დე’ ბარდი |
შვილები: |
პიერო, ფლორენციის სენიორი ჯოვანი კარლო (უკანონო) |
სრული სახელი: | კოზიმო დი ჯოვანი I დე მედიჩი |
დინასტია: | მედიჩები |
მამა: | ჯოვანი დი ბიჩი დე’ მედიჩი |
დედა: | პიკარდა ბუერი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
კოზიმო დე’ მედიჩი (იტალ. Cosimo de' Medici), მეტსახელად სამშობლოს მამა (იტალ. pater patriae დ. 27 სექტემბერი, 1389 — გ. 1 აგვისტო, 1464) — მედიჩის დინასტიის წარმომადგენელი. იტალიელი ბანკირი და პოლიტიკოსი. ფლორენციის რესპუბლიკის პირველი მმართველი მედიჩის დინასტიიდან. იტალიური რენესანსის გამოჩენილი ფიგურა, რომელიც დიდად მფარველობდა ხელოვნებას.
ადრეული ცხოვრება და ოჯახური ბიზნესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოზიმო მედიჩი დაიბადა 1389 წლის 27 სექტემბერს ფლორენციაში. იგი იყო ადგილობრივი გავლენიანი ბანკირის, ჯოვანი მედიჩისა და მისი ცოლის, პიკარდა ბუერის უფროსი ვაჟი. ის და მისი ტყუპი ძმა, სახელად დამიანო ერთად დაიბადნენ, თუმცა დამიანო ჩვილობაშივე დაიღუპა. ტყუპ ძმებს სახელები წმინდა კოზიმოსა და დამიანოს პატივსაცემად დაარქვეს, რომელთა ხსენების დღეცაა კათოლიკურ სამყაროში 27 სექტემბერს. კოზიმოს ჰყავდა კიდევ ერთი უმცროსი ძმა, სახელად ჯოვანი, რომელიც ექვსი წლით იყო მასზე უმცროსი და რომელიც ასევე აქტიურად ოჯახის საბანკო საქმიანობებში.
ვინაიდან კოზიმოს მემკვიდრეობით მედიჩების უზარმაზარი ბანკი უნდა დარჩენოდა, მამამისი მას ბავშვობიდანვე ასწავლიდა საბანკო საქმიანობას. ჯოვანიმ იგი რომშიც ჩაიყვანა, სადაც ანახა მათი ბანკის ფილიალი, სადაც ანაბარი თვით პაპს ჰქონდა გახსნილი. დროებით ჯოვანიმ კოზიმო რომში დატოვა და ფილიალის მართვა ჩააბარა, რათა გაეგო როგორ გაუძღვებოდა ამ საქმეს. მომდევნო ორი ათწლეულის მანძილზე მედიჩების ბანკი გაიხსნა ჟენევაში, ვენეციასა და ნეაპოლშიც, თუმცა მათი მოგების უმეტესობა რომიდან შემოდიოდა. მოგვიანებით, კოზიმომ ეს ქსელი კიდევ უფრო გააფართოვა და თავისი ბანკები გახსნა ლონდონში, ავინიონში, პიზაში, მილანში, ბრიუგესა და ლიუბეკში. სულ მალე იგი არა მხოლოდ პაპის ბანკირად, არამედ მთავარ მომმარაგებლადაც იქცა. პაპის დაკვეთით მას ვატიკანში ჩაჰქონდა სანელებლები, ქსოვილები და ა.შ., რითაც მისი მოგება კიდევ უფრო იზრდებოდა. უკანასკნელი თხუთმეტი წლის მანძილზე, მათმა საერთო მოგებამ 290, 791 ფლორინი შეადგინა.
1415 წელს კოზიმო კონსტანცას საეკლესიო კრებაზე თან ახლდა რომის პაპ იოანე XXIII-ს. ამრიგად, მედიჩების ოჯახს არა მხოლოდ იტალიაში, არამედ უკვე მთელს ევროპაში უდიდესი გავლენა ჰქონდათ, რომელსაც მათ მათივე ფული და პაპთან კავშირი აძლევდათ. დიდი ძალაუფლების მქონე მედიჩები მევახშეობდნენ და ხალხისაგან გასესხებულ ფულს უკან მაღალ პროცენტში, ხშირად ძალადობითა და დაშინებით იღებდნენ. ამავე წელს მსოფლიო ბაზარზე მედიჩებს კონკურენტი გამოუჩნდათ სპინების ბანკის სახით, რომელიც 1420 წელს გაკოტრდა. ეკლესიაში კორუფციის მაღალი მაჩვენებლისა და სხვა მრავალი დანაშაულის გამო, საღვთო რომის იმპერატორმა სიგიზმუნდ I-მა პაპი იოანე ტყვედ ჩაიგდო და მანამდე არ გაანთავისუფლა, სანამ იგი მედიჩებმა არ გამოისყიდეს, საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ.
ამის სანაცვლოდ, რომის პაპმა კოზიმო მედიჩის ფლორენციაში გადასახადების ამკრეფის პრივილეგია უბოძა. მოგვიანებით, იგი ფლორენციის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩადაც გვევლინება.
1420 წელს ჯოვანი მედიჩი პენსიაზე გავიდა და ბანკის მართვა მისმა ვაჟებმა დაიწყეს. 1429 წელს, ჯოვანი გარდაიცვალა და თავის ოჯახს მემკვიდრეობით 179,221 ფლორინი დაუტოვა. ძმებმა ეს თანხა სამად გაყვეს, ორივემ თანაბარი თანხა აიღო, დარჩენილი ნაწილი კი თავიანთ დედას, დაქვრივებულ პიკარდას მისცეს. ამ ფულით მედიჩებმა ძალიან დიდი და ბევრი მამული შეისყიდეს, სადაც დიდებული ვილების მშენებლობა გააჩაღეს.
ფლორენციის მმართველი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯოვანის გარდაცვალების შემდეგ, გარდა დიდძალი ფულისა, კოზიმომ მისგან მემკვიდრეობით მიიღო ადგილი ფლორენციის რესპუბლიკის სენიორიაში, სადაც ერთ-ერთი უმაღლესი პოზიცია ეკავა. ფლორენცია ყოველთვის ამაყობდა თავისი დემოკრატიული პრინციპებით, სადაც ნებისმიერს შეეძლო გამდიდრება. თუმცა, კოზიმოსა და ზოგადად მედიჩების ამბიციები წინააღმდეგობაში მოდიოდა დემოკრატიული მმართველობის სტრუქტურასთან.
1433 წელს, ალბიცების მეთაურობით ფლორენციაში კოზიმოს წინააღმდეგ მიმართული ანტი-მედიჩური მოძრაობა ჩამოყალიბდა. ისინი მედიჩებს ბრალს სდებდნენ მევახშეობაში, რაც მათი აზრით ფლორენციას ჯოჯოხეთისკენ მიაქანებდა. ამავე წლის სექტემბერში ფლორენციელებმა კოზიმო დააპატიმრეს, თუმცა მეზობელი ლუკას საჰერცოგოსთან წარმოებული წარუმატებელი სამხედრო კამპანიის გამო იგი მალევე გაანთავისუფლეს. ცნობილია, რომ ზოგიერთი ფლორენციელი მისი სიკვდილით დასჯასაც კი მოითხოვდა. საბოლოოდ კოზიმოს ცოლმა, კონტესინამ მოახერხა ფლორენციის სენიორიის მოსყიდვა, რომლებმაც იგი გაანთავისუფლეს, თუმცა მედიჩების ბანკის ფლორენციული ფილიალი დახურეს და ამასთან კოზიმო და მისი ვაჟი ფლორენციის რესპუბლიკიდან გააძევეს, კონტესინამ კი დარჩენა ამჯობინა. გაძევებულმა კოზიმომ თავი ვენეციის რესპუბლიკას შეაფარა. ქალაქში დარჩენილი კონტესინა თავის მაზლთან, ლორენცოსთან ერთად ცდილობდა აღედგინა დაკარგული სტატუსი. 1434 წელს, მედიჩის ბანკის გარეშე დარჩენილი ფლორენცია გაკოტრდა, რასაც მილანის ჰერცოგის შემოსევაც მოჰყვა, ამიტომაც ფლორენციელებმა კოზიმოსა და მის ვაჟს უკან დაბრუნების ნება დართეს. უკან დაბრუნებულმა კოზიმომ იმდენად დიდი გავლენა იქონია სენიორიაზე, რომ ამავე წელს იგი ფლორენციის მმართველად აირჩიეს. მას ეს სტატუსი სიცოცხლის ბოლომდე ეკუთვნოდა, რის შემდეგაც მისმა ვაჟმა ჩაანაცვლა, ის მისმა ვაჟმა და ამრიგად დამყარდა მედიჩების ოთხასწლოვანი მმართველობა ფლორენციაში.
1447 წელს მილანის ჰერცოგი ფილიპო მარია ვისკონტი გარდაიცვალა, რითაც ისარგებლა კოზიმომ, რომელმაც კავშირი დაამყარა ახალ ჰერცოგ ფრანჩესკო I სფორცასთან, რომელიც მტრულად განწყობილი ვენეციის რესპუბლიკის წინააღმდეგ იყო მიმართული. ფრანჩესკო სფორცაც, კოზიმოს მსგავსად დაბალი ფენიდან იყო წარმოშობილი, რომელმაც მევახშეობისა და ჯარისკაცობის წყალობით გაითქვა სახელი და პაპის დახმარებით მოახერხა ექორწინა ფილიპო მარიას ერთადერთ ასულ ბიანკაზე, რამაც მას მილანის ტახტი მოუტანა. საბოლოოდ, საქმე ომამდე არ მისულა, ფლორენციამ შეძლო ვენეციასა და ნეაპოლთან ურთიერთობების დათბობა, რამაც იტალიას კიდევ ერთი ორმოცდაათწლიანი მშვიდობა მოუტანა განვითარებისთვის.
საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, კოზიმო მუშაობდა ჩრდილოეთ იტალიაში მშვიდობისა და ურთიერთთანამშრომლობის შესანარჩუნებლად. მისი წყალობით, 1454 წელს დასრულდა მილანსა და ვენეციას შორის მიმდინარე ლომბარდიული ომები. ამასთან, მისი ძალაუფლების ზრდას ხელი იმანაც შეუწყო, რომ საღვთო რომის იმპერია სულ უფრო ნაკლებად ერეოდა მის მფლობელობაში მყოფი იტალიური სახელმწიფოების საქმეებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1439 წელს, პაპი ევგენი IV-ის მიერ ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება (სადაც ქართულ-ბიზანტიური დელეგაციებიც იყვნენ), რამაც სახელი გაუთქვა ფლორენციას. ასევე კოზიმომ ბევრი რამ ისწავლა ბიზანტიის იმპერატორ იოანე VIII-გან, რომელმაც თავისი აღმოსავლური მიღწევები გააცნო იტალიელებს.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოზიმო მედიჩი გარდაიცვალა 1464 წლის 1 აგვისტოს, ფლორენციასთან ახლოს მდებარე ქალაქ კარეჯში. იგი ფლორენციის ტახტზე მისმა ვაჟმა პიერომ შეცვალა, რომლის ვაჟი ლორენცოც ფლორენციის ოქროს ხანის შემქმნელადაა მიჩნეული.
ქორწინება და შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1415 წელს კოზიმო დააქორწინეს იტალიელ დიდგვაროვან კონტესინა დე’ ბარდზე, რომელთანაც მრავალწლიანი ქორწინებიდან მხოლოდ ორი ვაჟი შეეძინა:
- პიერო (1416-1469), ფლორენციის სენიორი, ცოლად შეირთო ლუკრეცია ტორნაბუონი, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა;
- ჯოვანი (1421-1463), ცოლად შეირთო ჯინევრა ალესანდრი, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა;
გარდა ამისა, კოზიმოს ვენეციაში ყოფნისას, ერთ-ერთი მოსამსახურისგან, სახელად მადალენასგან ერთი ვაჟი შეეძინა:
- კარლო (1428-1492), აღიკვეცა ბერად;
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Burckhardt, Jacob, The Civilization of the Renaissance in Italy (1860) 1878.
- Connell, William. Society and Individual in Renaissance Florence, 2002.
- Cook, Jon (2003). "Why Renaissance? Why Florence?" History Review, 47, 44–46.
- De Roover, R. The Rise and Decline of the Medici Bank, 1397–1494. Cambridge, MA: Harvard University Press, 1963.
- Durant, Will (1953). The Renaissance. The Story of Civilization. New York: Simon and Schuster. 1953.
- Guerrieri, Francesco; Fabbri, Patrizia (1996). Palaces of Florence. Rizzoli. for the Palazzo Medici.
- Kent, Dale. Cosimo De' Medici and the Florentine Renaissance: The patron's oeuvre. New Haven: Yale University Press, 2000.
- Martin Roberts, Italian Renaissance. Longman, 1992.
- Meehan, William F. III (2007). "The Importance of Cosimo de Medici in Library History." Indiana libraries, 26(3), 15–17. Retrieved from: http://hdl.handle.net/1805/1579
- Parks, Tim. Medici Money: Banking, Metaphysics, and Art in Fifteenth-Century Florence. New York: W. W. Norton, 2005.
- Padgett John F., Ansell Christopher K.,"Robust Action and the Rise of the Medici. 1400–1434", The American Journal of Sociology, Vol. 98, No. 6. (May, 1993), pp. 1259–1319.
- Tomas, Natalie R. (2003). The Medici Women: Gender and Power in Renaissance Florence. Aldershot: Ashgate. ISBN 0-7546-0777-1.
|