კოზიმო III მედიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კოზიმო III მედიჩი
Volterrano, Cosimo III de' Medici in grand ducal robes (Warsaw Royal Castle).jpg
ტოსკანის დიდი ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 23 მაისი, 1670
მმართ. დასასრული: 31 ოქტომბერი, 1723
წინამორბედი: ფერდინანდო II მედიჩი
მემკვიდრე: ჯან გასტონე მედიჩი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 აგვისტო, 1642
დაბ. ადგილი: პიტის სასახლე, ფლორენცია, ტოსკანა
გარდ. თარიღი: 31 ოქტომბერი, 1723, (81 წლის)
გარდ. ადგილი: პიტის სასახლე, ფლორენცია, ტოსკანა
მეუღლე: მარგარიტა ლუიზა ორლეანელი
შვილები: ფერდინანდო, ტოსკანის პრინცი
ანა მარია ლუიზა, პფალცის კურფიურსტი
ჯან გასტონე, ტოსკანის ჰერცოგი
დინასტია: მედიჩები
მამა: ფერდინანდო II, ტოსკანის ჰერცოგი
დედა: ვიტორია დელა როვერე
რელიგია: კათოლიციზმი

კოზიმო III დე’ მედიჩი (იტალ. Cosimo III de' Medici; დ. 14 აგვისტო, 1642 — გ. 31 ოქტომბერი, 1723) — მედიჩთა დინასტიის წარმომადგენელი. ტოსკანის ჰერცოგ ფერდინანდო II-ისა და ვიტორია დელა როვერეს ვაჟი. ტოსკანის დიდი ჰერცოგი 1670-1723 წლებში. იგი ტოსკანის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი მმართველი იყო. ცოლად ჰყავდა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ბიძაშვილი, მარგარიტა ლუიზა ორლეანელი, რომელთანაც უიღბლო ქორწინების მიუხედავად სამი შვილი ჰყავდა. მისი უფროსი ვაჟი ნაადრევად დაიღუპა, რის გამოც მის მემკვიდრედ მისივე ასული, ანა მარია ლუიზა და ვაჟი, ჯან გასტონე მოიაზრებოდნენ. მისი დაღუპვის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი ავიდა, რომელიც მალევე უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც შეწყდა მედიჩების დინასტია და ტოსკანაში ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები გამეფდნენ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოზიმო დაიბადა 1642 წლის 14 აგვისტოს პიტის სამეფო სასახლეში, ფლორენციაში. იგი იყო ტოსკანის ჰერცოგ ფერდინანდო II-ისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია ვიტორია დელა როვერეს უფროსი ვაჟი. აღსანიშნავია, რომ მისი მშობლები ღვიძლი ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ. იგი ღრმა ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მეტად რელიგიური და ზოგჯერ ფანატიკური ხასიათითაც კი. ამასთან, მას ძალიან უყვარდა ხელოვნებაც, რაც დამახასიათებელი ნიშან-თვისება იყო მედიჩებისთვის. როდესაც გაიზარდა, მამის მსგავსად ევროპის გარშემო იმოგზაურა.

1661 წლის 20 ივნისს, კვირა დღეს, ლუვრის სამეფო სასახლეში კოზიმომ ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე ანრი IV-ისა და მარია მედიჩის უმცროსი ვაჟის, ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონისა და მისი მეორე ცოლის, მარგარიტა ლოთარინგიელის უფროსი ასული — მარგარიტა ლუიზა ორლეანელი. მათ სულ სამი შვილი შეეძინათ, აქედან ორი ვაჟი და ერთი გოგონა. აღსანიშნავია, რომ ამ ქორწინებით ორივენი ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ.

1670 წელს ჰერცოგი ფერდინანდო II გარდაიცვალა, რის გამოც ტოსკანის დიდი ჰერცოგი კოზიმო III გახდა. 1675 წელს, მესამე ბავშვის გაჩენის შემდეგ მისი ცოლი, მარგარიტა ლუიზა განშორდა კოზიმოს, მეტიც, მან დატოვა ტოსკანა და მშობლიურ პარიზში დაბრუნდა, სადაც თავის დებთან ერთად გაატარა დარჩენილი ცხოვრება. სავარაუდოდ, კოზიმო ძალიან მოსაწყენი იყო მეტად მხიარული და სიცოცხლით სავსე მარგარიტასთვის, რომელსაც იგი მისი ჭარბწონიანობის გამოც სძულდა. 1681 წელს კოზიმომ მასთან თავისი მხლებლები გააგზავნა და შერიგება სთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. სულ მალე მარგარიტა ლუიზა ერთ-ერთ პარიზულ მონასტერში გადასახლდა და აქ თავის დასთან ერთად განაგრძო ცხოვრება. მან კოზიმოს მონასტრიდან მხოლოდ ერთხელ მისწერა, ასეთი რამ:

ვიკიციტატა
„არც ერთი საათი და არც ერთი დღე არ გაივლის თქვენი გაქრობის სურვილის გარეშე... ჩვენ ორივე მალე წავალთ ჯოჯოხეთში, სადაც თქვენგან ნაწამები მე დაგხვდებით.“

კოზიმო შეშფოთებული იყო გაზულუქებული სამღვდელოებით, რომლებიც სულ უფრო მეტ გადასახადებს უწესებდნენ და მის ოჯახსაც კი ემუქრებოდნენ. ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ დროს მომხდარი კონფლიქტისას დაწყევლეს ბერებმა იგი, რამაც გამოიწვია ის, რომ შემდგომში მისი სამივე შვილი უშვილოდ დაიღუპა, თუმცა ეს ვერსია ცხადია ისტორიულად დადასტურებული არაა. ცნობილია, რომ კოზიმო ასევე თავისი ასულის მითხოვებას აპირებდა თავის 50 წლის ძმაზე, ფრანჩესკოზე, რომელმაც საბოლოოდ 21 წლის ელეონორა გონძაგა შეირთო. აღსანიშნავია, რომ ფრანჩესკო გამოუსწორებელი ალკოჰოლიკი იყო, როს გამოც საბრალო ელეონორამ მთელი ცხოვრება მისი გამოსწორების მცდელობაში განვლო, თუმცა ამაოდ.

მას შემდეგ, რაც მისი უფროსი ვაჟი, ფერდინანდო უშვილოდ აღესრულა, კოზიმო ცდილობდა, რომ მემკვიდრედ თავისი ასული ანა მარია ლუიზა ექცია, თუმცა პრობლემას ის ქმნიდა, რომ მისი მეორე ვაჟი, ჯან გასტონე ამას აპროტესტებდა. საბოლოოდ მემკვიდრედ მაინც ჯან გასტონე დამტკიცდა, მის შემდეგ კი ანა მარია ლუიზა. კოზიმო III გარდაიცვალა 1723 წლის 31 ოქტომბერს, 81 წლის ასაკში. ჰერცოგი მართლაც ჯან გასტონე გახდა, თუმცა იგი 1737 წელს უშვილოდ დაიღუპა და მართალია ანა მარია ლუიზა გათხოვილი იყო, თუმცა შვილები არც მას უჩნდებოდა, რის გამოც მედიჩების დინასტია სამუდამოდ შეწყდა. ამით ისარგებლა საღვთო რომის იმპერატორმა კარლ VI-მ, რომელმაც ტოსკანის ტახტი თავის სიძეს, ფრანც I ლოთარინგიელს მისცა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტრეტი სახელი დაიბადა გარდაიცვალა მეუღლე ტიტული
Niccolò Cassani, Gran Principe Ferdinando (1687, vasari corridor Uffizi).jpg ფერდინანდო 9 აგვისტო, 1663,

ფლორენცია, ტოსკანა

31 ოქტომბერი, 1713,

ფლორენცია, ტოსკანა,

(50 წლის)

ვიოლანტე ბეატრის ბავარიელი ტოსკანის პრინცი
Electres Anna Maria Luisa de' Medici.jpg ანა მარია ლუიზა 11 აგვისტო, 1667,

ფლორენცია, ტოსკანა

18 თებერვალი, 1743,

ფლორენცია, ტოსკანა,

(75 წლის)

იოჰან ვილჰელმ პფალცელი კურპფალცის კურფიურსტი
Giangastone de' Medici.jpg ჯან გასტონი 24 მაისი, 1671,

ფლორენცია, ტოსკანა

9 ივლისი, 1737,

ფლორენცია, ტოსკანა,

(66 წლის)

ანა მარია ფრანცისკა საქსენ-ლუნებურგელი ტოსკანის დიდი ჰერცოგი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Acton, Harold: The Last Medici, Macmillan, London, 1980, ISBN 0-333-29315-0
  • Strathern, Paul: The Medici: Godfathers of the Renaissance, Vintage books, London, 2003, ISBN 978-0-09-952297-3
  • Hale, J. R.: Florence and the Medici, Orion books, London, 1977, ISBN 1-84212-456-0
  • van de Wetering, Ernst: Rembrandt: The Painter at Work, Amsterdam University Press, Amsterdam, 1997 ISBN 978-90-5356-239-0
  • Setton, Kenneth M.: Western Hostility to Islam and Prophecies of Turkish Doom, Amer Philosophical Society, 1992, ISBN 978-0-87169-201-6