საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (ადრე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო) — ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მისაღებად შექმნილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სათათბირო ორგანო. საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის სფეროში მთავარ მაკოორდინირებელ ერთეულს წარმოადგენს. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2019 წელს შეიქმნა. მისი ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძველი განსაზღვრულია საქართველოს კანონით „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“.
საბჭო უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ საკითხებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმირებას, მის მიერ მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილებების მომზადებას, სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას.
საბჭოს ჰყავს მუდმივი და მოწვეული წევრები. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნას საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნომინირებული და მისი ნდობით აღჭურვილი პირი, ან სხვა პირები, რომლებიც საბჭოს მუდმივი წევრები არ არიან.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს, საბჭოს მდივნის მანდატი ეძლევა. საბჭოს მდივანი, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშეა ანგარიშვალდებული.
საბჭოს სხდომა, როგორც წესი, 3 თვეში ერთხელ იმართება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი უძღვება.[1] სხდომას იწვევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარი ინიციატივით, ან საბჭოს მუდმივი წევრის მოთხოვნით. საბჭოს სხდომა დახურულია, თუმცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ის შეიძლება ღიად გამოცხადდეს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში ტერმინი „ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო“ პირველად 1992 წლის 6 ნოემბერს მიღებულ კანონში „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ გაჩნდა. ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარეობდა სახელმწიფოს მეთაური და საბჭოს ძირითადი ამოცანა ქვეყნის თავდაცვის, უშიშროებისა და წესრიგის უზრუნველყოფა იყო.[2]
1995-2018 წლებში მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებობდა ეროვნული უშიშროების საბჭო, რომლის ფუნქციებიც განსხვავებული იყო.[2] მის შემადგენლობაში შედიოდნენ: პრეზიდენტი (საბჭოს თავმჯდომარე), პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, უშიშროების მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს ნიშნავს პრეზიდენტი.[3]
2011 წლის მაისში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები გაეზარდა. საბჭო უშიშროების სფეროში და ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციის მართვის მიზნით, ფაქტობრივად, უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოდ გარდაიქმნა. იგი ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის სიტუაციების მართვას უხელმძღვანელებს და ამ პროცესს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გაუწევს კოორდინაციას. ასევე გააკონტროლებს და კოორდინაციას გაუწევს აღნიშნულ საკითხებზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულებას და საფრთხის შემთხვევაში პრეზიდენტს მიმართავს.[4]
2013 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მთავრობის აღმასრულებელი ფუნქციები და მისი როლი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და უზრუნველყოფის სფეროში. აქედან გამომდინარე, 2014 წელს, უსაფრთხოების სექტორის კოორდინაციისთვის, შეიქმნა პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო — სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, რომელიც 2017 წლის დეკემბრამდე ფუნქციონირებდა.[2]
2018 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო დაიშალა და შეიქმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნუგზარ საჯაია, 1996 წლის 31 იანვარი – 2002 წლის 25 თებერვალი
- თედო ჯაფარიძე, 2002 წლის 14 მარტი – 2003 წლის 30 ნოემბერი
- ივანე მერაბიშვილი, 2004 წლის 26 იანვარი – 2004 წლის 6 ივნისი
- გელა ბეჟუაშვილი, 2004 წლის 6 ივნისი – 2005 წლის 19 ოქტომბერი
- ლევან ჭოლაძე, 2005 წლის 19 ოქტომბერი – 2005 წლის 23 დეკემბერი
- კონსტანტინე კემულარია, 2005 წლის 23 დეკემბერი – 2007 წლის 19 ნოემბერი
- ალექსანდრე ლომაია, 2007 წლის 19 ნოემბერი – 2008 წლის 5 დეკემბერი
- ეკატერინე ტყეშელაშვილი, 2008 წლის 6 დეკემბერი – 2010 წლის 20 ნოემბერი
- გიგა ბოკერია, 2010 წლის 20 ნოემბერი – 2013 წლის 21 ნოემბერი
- ირინე იმერლიშვილი, 2013 წლის 21 ნოემბერი – 2016 წლის 2 ოქტომბერი
- ლევან ბოძაშვილი (მოვალეობის შემსრულებელი), 2016 წლის 2 ოქტომბერი – 2016 წლის 24 ოქტომბერი
- დავით რაქვიაშვილი, 2016 წლის 24 ოქტომბერი – 2018 წლის 16 დეკემბერი
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი გახარია, 30 აპრილი, 2019 – 8 სექტემბერი, 2019
- ლევან იზორია, 13 ნოემბერი, 2019[5] – 27 იანვარი, 2020[6]
- ვახტანგ გომელაური, 19 თებერვალი, 2020[7] – მოქმედი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 99.
- საქართველოს კანონი ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ. 1996 წლის 24 იანვარი.
- კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უსაფრთხოება თუ ეროვნული უშიშროება?! თბილისი. უნივერსალი. 2014. 61 გვ. ISBN 978-9941-22-407-2.
- კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უშიშროების სისტემური ინფორმაციული უზრუნველყოფა. საგამომც. სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“. 2012წ. ISBN 978-9941-20-073-1
- კუპრაშვილი ჰ. საქართველოს ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი ასპექტი. გაზეთი „24 საათი“. #254, 2004 წლის 26 ოქტომბერი.
- კუპრაშვილი ჰ. „მეფემ არ იცის თორემ...“. გაზეთი „24 საათი“. #142, 2004 წლის 17 ივნისი.
- Kuprashvili H. Sharashenidze T. Political Aspects of the Formation of the National Information System in Post-Communist Georgia. Politics, Ethics, and the Challenges to Democracy in 'New Independent States’. Council for Research in Values and Philosophy. Cultural Heritage and Contemporary Change Series IVA, Eas-tern and Central Europe, Volume 29. General Editor George F. McLean. Washington. 2005. P. 133-141. ISBN-13: 978-1-56518-224-0 (pbk.).
- Купрашвили Г. Некоторые аспекты информационно-аналитического обеспечения национальной безопасности. Кавказоведение. Российская академия наук, Институт язикознания. №8. Москва. 2005. С. 9-15
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „გიორგი გახარია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გახდა“. Sputnik Georgian. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ 2.0 2.1 2.2 საბჭოს შესახებ. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2022
- ↑ ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის, თბ., ფონდი Alpe, 2005
- ↑ „უშიშროების ეროვნულ საბჭოს უფლებამოსილება გაეზარდა“. ghn.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ლევან იზორია დანიშნეს“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „გადაწყდა, რომ ვინიშნები ელჩად გერმანიაში — ლევან იზორია“. On.ge. 27 იანვარი, 2020. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ვახტანგ გომელაური დაინიშნა“. gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-18. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)