შინაარსზე გადასვლა

გაერთიანებული სამეფოს დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაერთიანებული სამეფოს დროშა
გაერთიანებული სამეფო
მიღებულია 1 იანვარი, 1801
პროპორცია 1:2
სიმბოლიკა თეთრი და დიდი წითელი ჯვარი არის- წმინდა გიორგის დროშა, ლურჯი არის - წმინდა ანდრიას დროშა, ხოლო მცირე წითელი ჯვარი არის - წმინდა პატრიკის დროშა.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დროშა (ოფიციალურად გაერთიანებული დროშა, გავრცელებული სახელი იუნიონ ჯეკი) — გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური სახელმწიფო დროშა მოყოლებული 1801 წლიდან. შექმნის ისტორია საუკუნეებს ითვლის, დროშის თავდაპირველი ოფიციალური სახე შეიქმნა 1606 წელს წმინდა გიორგის ინგლისის დროშისა და წმინდა ანდრიას შოტლანდიის დროშის გაერთიანებით, ხოლო მოგვიანებით კომპოზიციას დაემატა წმინდა პატრიკის ირლანდიის დროშა. გაერთიანებული სამეფოს დროშის პროპორცია შეადგენს 1:2. დიდი ბრიტანეთის არმიის დროშა შეიქმნა 1707 წელს, იყენებს 3:5 პროპორციას.

გაერთიანებული სამეფოს დროშა 1606 წლის, 12 აპრილამდე.
შოტლანდიური ვარიანტის დროშა. 1606—1707 წლები

X -XII საუკუნეებში ევროპაში ფართო პოპულარობა მოიპოვა თქმულებამ წმინდა გიორგის შესახებ. რომლის თანახმად წმ. გიორგიმ თავისი მამაცობით და ჯვრის საოცარი ძალით დათრგუნა მრისხანე გველეშაპი და გაათავისუფლა კერპთაყვანისმცემელი მეფის ქალწული, მეფემ მადლიერების ნიშნად ქრისტიანობა მიიღო.

კათოლიკური ეკლესია ამ ლეგენდას ალეგორიულად ხსნიდა, რომლის მიხედვითაც ქალწული განასახიერებდა კათოლიკურ ეკლესიას, გველეშაპი კი იყო კათოლიციზმის მტრული ძალების — სარკინოზების (არაბების) და ზოგადად მაჰმადიანების სიმბოლო. წმინდა გიორგის სახით მათ სურდათ დაენხათ, რაინდთა ქრისტიანული ლაშქარი, რომელთაც ჯვარითა და მახვილით უნდა მოექციათ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მაჰმადიანები და კერპთაყვანისმცემლები. შუა საუკუნის ფერმწერები წმინდა გიორგის გამოსახავდნენ გველეშაპის გამგმირავ რაინდად თეთრ ფონზე, რომელზეც წითელი ჯვარი იყო გამოსახული.

მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის ერთ-ერთმა წინამძღოლმა - ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგულმა წმინდა გიორგი თავის მფარველად აირჩია, ხოლო მისი ფარის ფერთა შეხამება გადაიტანა ინგლისის გემების დროშებზე. ასე გაჩნდა ბრიტანეთის დროშის საფუძველი — თეთრი ტილო წითელი ჯვრით.

ინგლისის ჩრდილოეთით, იმავე ბრიტანეთის კუნძულზე ჯერ კიდევ XI საუკუნეში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს - შოტლანდიის სამეფო. XIII საუკუნიდან მოყოლებული ინგლისი ბევჯერ შეეცადა შოტლანდიის დამორჩილებას, მაგრამ უშედეგოდ.

1603 წელს ელისაბედ I-ის გარდაცვალებით დასრულდა ტიუდორთა მმართველობა, ინგლისის ტახტი მისი ანდერძის თანახმა კანონიერად ერგო მაირია სტიუარტის ვაჟს, შოტლანდიის მეფეს ჯეიმზს. ამიერიდან განხორციელდა ინგლისის და შოტლანდიის გაერთიანება საერთო გვირგვინის ქვეშ. ჯეიმზის მეფობის დაწყებიდან ცოტა ხანში დადგა, სამეფო დროშის საკითხი. არც ინგლისელებს და არც შოტლანდიელებს სურდათ უცხო დროშის ქვეშ ყოფნა. 1605 წელს მეფე იძულებული გახდა, გამოეცა საგანგებო ბრძანება, რომელშიც ნათქვამი იყო:

ვიკიციტატა
„ჩვენი საყვარელი ჩრდილოეთის და სამხრეთის ქვეშევრდომებს შორის დიდი მღელვარების შემდეგ სასიკეთოდ მივიჩნიეთ ამ ორი დროში გაერთიანება“
"უნიონ ჯეკი"

ერთ სიბრტყეზე მოათავსეს ინგლისური თეთრი დროშა წმინდა გიორგის სწორი წითელი ჯვრით და შოტლანდიის ლურჯი დროშა, ირიბი თეთრი, ე.წ წმინდა ანდრიას ჯვარი[1].

ამ დროშას მაშინ ოფიციალურად ეწოდა „სამეფო ფერთა დროშა“. მოგვიანებით მას უწოდეს „მეფე ჯეიმზის გაერთიანებული დროშა“ ან შემოკლებით „Union Jack“ - „გაერთიანებული ჯეკი“.

დღევანდელი სახე ბრიტანეთის დროშამ 1801 წელს მიიღო, როცა „იუნიონ ჯეკს“ კიდევ ერთი ჯვარი დაემატა — ეს იყო წმინდა პატრიკის ირიბი წითელი ჯვარი თეთრ ფონზე, რაც ოფიციალურად ირლანდიელთა კათოლიკურ სიწმინდედ იყო მიჩნეული. წმინდა პატრიკმა V საუკუნეში ირლანდიაში შეიტანა ქრისტიანობა.

ამრიგად თანამედროვე „იუნიონ ჯეკი“ დიდი ბრიტანეთის სამ ნაწილს — ინგლისის, შოტლანდიის და ირლანდიის ძველი შუასაუკუნოებრივი ემბლემების შერწყმას წარმოადგენს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ქრისტიანული მითოლოგიით წმინდა ანდრია, რომელიც შოტლანდიის მფარველად ითვლება, ირიბ ჯვარზე იქნა ჯვარცმული