ფსიქოანალიზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფსიქოანალიზი (ფსიქო... და ანალიზი) — ფსიქოთერაპიის მეთოდი და ზოგადფსიქოლოგოური მოძღვრება, რომელიც კვლევის ძირითადი ობიექტად ხდის არაცნობიერ ფსიქიკურ პროცესებსა და მოტივაციას. ის პირველი სტრუქტურიზებული ფსიქოდინამიკური თეორიაა. ჩამოყალიბდა XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში, მისი ფუძემდებელია ფროიდი.

ფროიდი გვაფრთხილებს, რომ ფსიქოანალიზის შესწავლას აუცილებლად თან სდევს არასრულფასოვნების განცდის გაცნობიერება და ასევე საკუთარი აზროვნების წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება მისდამი. ფსიქოანალიზი სიტყვით განკურნების საშუალებაა, მაგრამ იგი გულისხმობს ძალზე ინტიმურ გარემოს აუცილებლად ორ ადამიანს შორის. ფსიქოანალიზი ინტელექტს სერიოზულ დარტყმას აყენებს რადგან იგი გვარწმუნებს, რომ ინტელექტი ემყარება არაცნობიერი მოტივების წაქეზებას და არა ე.წ. თავისუფალ არჩევანს აზროვნებაში; ხოლო მორალურ-ესთეტიკურ შეხედულებებს ცვლის ახალი შეხედულებით მათდამი, რომელიც გულისხმობს მათში სექსუალური ლტოლვების(ამ ცნების არამარტო ვიწრო მნიშვნელობით) უმნიშვნელოვანეს როლს, როგორც ეს ნერვული აშლილობებისას ხდება... ეს იმას ნიშნავს, რომ სექსუალური ლტოლვები სახეცვლილი გვევლინებიან და ხელოვნების ან რელიგიის (ესთეტიურ ან მორალურ) სახეს იძენენ. ამის ხარჯზე პიროვნება, სექსუალურ ენერგიას სხვა გასოციალურებულ ფორმებში წარმართავს ანუ ახდენს სუბლიმაციას. სუბლიმაცია კულტურის შექმნის უფუნდამენტალურესი წინაპირობაა, რომელიც ზემოაღნიშნულ ფსიქიკურ ფენომენს ეყრდნობა. ლათინური სიტყვა Sublimo-(ვმაღლდები) ასევე გამოიყენება მყარი ნივთიერების აირად მდგომარეობაში გადასვლის აღსანიშნავად. პიროვნება, რომელიც სუბლიმირებს რისკავს საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, რადგან იგი სექსუალური დაკმაყოფილების კომპრომისულ-ჩანაჩვლებით საშუალებას-სუბლიმაციას მიმართავს.სუბიეტი სექსუალურ აქტს შემოქმედებითი ან სპორტული აქტივობით ჩაანაცვლებს(ხატვა, სიმღერა, სირბილი და ა.შ). ეს ძალზე ზოგადი და უნივერსალური ფსიქიკური პრინციპია, რადგან სექსუალური და აგრესიული ლტოლვები ურთიერთჩანაჩვლებასაც განიცდიან. სექსუალური ლტოლვის რეალიზების შეფერხებისას შესაძლოა ჩამოყალიბდეს ნერვიული სიმპტომი (მამაკაცებში, როდესაც ადგილი აქვს ჭარბ „ფურთხებას“, რომელსაც არ გააჩნია ფიზიოლოგიური ან სიტუაციური განპირობება განიხილება, როგორც სპერმის გამოყოფის კომპრომისული-სახეცვლილი ფორმა; ქალებში - გადაჭარბებული მიდრეკილება კვებისკენ; ვერბალური სიბილწე - გინება, რომელიც აგრესიულობის ამაღლებულ დონეს მოასწავებს და ა.შ), რომელიც ფსიქოანალიზში განიხილება ფსიქიკური პრობლემის გარე გამოხატულებად.

ფსიქოანალიზის შესახებ[რედაქტირება]

ფსიქოანალიზის თეორია პიროვნების პირველი თეორიაა. ფროიდისთვის ადამიანი და პიროვნება ერთი და იგივეა. ფსიქოლოგია მარტო ადამიანს აქვს. ფროიდი ევოლუციური თეორიის მომხრეა. ნაშრომში "ტოტემი და ტაბუ" განიხილავს ორდა არსებებს, რომლებიც არც მაიმუნები არიან და ჯერ არც პიროვნებები, ცხოვრობენ ჯოგებად, ჯგუფებად. ჰყავთ უფროსი მამრი და მის გარდა არც ერთ წევრს არ აქვს საპირისპირო სქესთან სექსუალური ურთიერთობის დამყარების უფლება. ბიჭები იწყებენ ამბოხს მამის წინააღმდეგ და კლავენ მას და ძალიან ნანობენ ამას. ორდა არსებები იწყებენ შეთანხმებას, სექსუალური კავშირების გადანაწილებასა და ნადავლზე. აქ ეყრება საფუძველი პირველ საზოგადოებრივ კანონებს. იკრძალება ინცესტი და მამისადმი აგრესია. ეს ისეთი აკრძალვებია, რომლების ცნობიერებაში გაჩენაც კი დაუშვებელია - ტაბუირებულია.

საზოგადოების და პიროვნების ჩამოყალიბება პარალელური პროცესებია. ფროიდის მიხედვით, პირველი ცოდვა მამის მკვლელობაა; რელიგიის წარმოშობა ამ ცოდვის მონანიებას უკავშირდება. ღმერთის ხატი ეფუძნება ფილოგენეტურ მზაობასა და ონტოგენეტურად ფორმირებულ მამის ხატს არაცნობიერში; დედამიწაზე არსებულ რელიგიათა უმრავლესობაში ღმერთი მამრობითია და მას მრავლად აქვს ისეთი მახასიათებლები, როგორსაც ბავშვი განიცდის მამის მიმართ (ძლიერება, სამართლიანობა, ყოვლისმცოდნეობა, შიში ან/და მისი იმედი და ა.შ.). ბავშვი რომ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ონტოგენეზში უნდა გაიაროს ფილოგენეზის მსგავსი საფეხურები. ხუთი წლის შემდეგ ხდება იმის დახვეწა, რაც ხუთ წლამდე ჩამოყალიბდა.

ბავშვი დაბადებისას ”იგი” (id)-ს მდგომარეობაშია. ”იგი” არის მთლიანად არაცნობიერი, ბნელი. მისთვის ლოგიკური აზროვნება უცხოა და არსებობს მხოლოდ აწმყო. აქვს სურვილები, რომელთა დაკმაყოფილებასაც მიელტვის. მისი მოქმედების პრინციპი არის სიამოვნების პრინციპი, რომელსაც თუ რეალობაში ვერ მიაღწევს, ახორციელებს შემდეგ მექანიზმებს: ჰალუცინაციები და რეფლექსური განტვირთვა. რისი დაკმაყოფილებაც ვერ ხერხდება, გარკვეული სახით ილექება და ვითარდება კომპლექსები. ”მე” (ego)-ს მოქმედების პრინციპი რეალურობის პრინციპია. ”იგი”-ს მოთხოვნილება რომ დაკმაყოფილდეს, რეალობაში უნდა გავიდეს. ჰალუცინაციებით არ ხერხდება მოთხოვნიბების დაკმაყოფილება. რეალობაში გასვლიდან იწყება ”მე”-ს ჩამოყალიბება. ”მე” არის ”იგი”-ს განვითარების გარკვეული საფეხური. ”მე”-მ გარკვეულწილად უნდა დააკმაყოფილოს ”იგი”-ს მოთხოვნილებები, თან ისე, რომ რეალობა უნდა გაითვალისწინოს. რეალობა უქმნის ბარიერებს. მექანიზმი, რითაც ”მე” თავისი მოქმედების პრინციპს ახორციელებს, არის ფსიქიკური პროცესები. მათი საშუალებით ხდება სინამდვილესთან ურთიერთობის დამყარება. ფროიდისათვის პირველადი ფსიქიკური არის ”იგი”, მეორადი - ”მე”. ”მე”-მ უნდა მოატყუოს ”იგი”, რომ დასტყუოს ენერგია. ”იგი”-ს არ შეუძლია ერთმანეთისაგან გაარჩიოს აღქმის ხატი ჰალუცინაციის ხატისაგან. ”იგი”-ს აღქმის ხატი მოქმედებაში მოყავს. (აღქმა ბოლომდე ობიექტური არ არის). ”მე”-ს პარალელურად, ყალიბდება ”ზე-მე”(super-ego). ”ზე-მე” არის ის, რასაც ჩვენ მორალს ვუწოდებთ და ის მორალური პრინციპებით მოქმედებს. მისი მექანიზმი ”მე”-ზე სინდისისა და სიამაყის გრძნობებით მანიპულირებს. მორალის ჩამოყალიბება მშობლებთან იდენტიფიკაციის გზით ხდება. ”ეგო” ორი ბატონის მსახურია: ”იგი”-ს და ”ზე-მე”-სი. მას მესამე ბატონიც ჰყავს – რეალობა.

Freud mind levels.jpg

პიროვნების მოდელი, რომელიც ფროიდმა ჩამოაყალიბა, შედგება ფუნქციურად განსხვავებული სამი ქვესტრუქტურისაგან,რომელთა ერთობლიობაც დამახასიათებელია ნებისმიერი პიროვნებისთვის.

ID - ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”იგი”-ს, მას ეწოდა ”იგი”-რადგან ის ყველაზე უფრო მეტადაა განსხვავებული იმისგან რასაც ”მე”-ს ვუწოდებთ. ”იგი” ფლობს ისეთ ენერგიათა ფორმებს, რომლებიც კრიტიკულ ვითარებაში არ ემორჩილებიან ”მე”-ს.(შფოთვა, შიში, აგზნება და ა.შ). ”იგი” არის ინსტინქტთა საბადო. ”იგი” მთლიანად არაცნობიერია და ვინაიდან ვერ არჩევს გარეობიექტთა მნიშვნელობას, მას გააჩნია ამორალური(”ზე-მე”-ს საწინააღმდეგო) სურვილების წარმოშობის ძალა(აგრესიული და სექსუალური იმპულსები). ყოველივე ეს ვლინდება სიზმრებსა და მცდარ ქმედებებში. ”იგი”-სთვის არ არსებობს არანაირი ლოგიკა ან შეზღუდვა, ის მოქმედებს სიამოვნება-უსიამოვნების გარჩევის პრინციპით და შესაბამისად, მისთვის მოქმედების ერთადერთი საშუალება არსებობს - ესაა განტვირთვა ან განგაშის განცდების გაგზავნა ”მე”-სთან, რათა უსიამოვნებას განერიდოს.

EGO - ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”მე”-ს(Self); ”მე” არის ფსიქიკური სტრუქტურა, რომელიც ყველაზე ცნობიერია, და შესაბამისად, იგი არის პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიღებაზე. ”მე” ისწრაფვის ”იგი”-ს სურვილების დაკმაყოფილებისკენ გარემოში ქცევის საშუალებით, ისე, რომ მასში გათვალისწინებული იყოს ”ზე-მე”-ს მიერ წაყენებული მოთხოვნა-აკრძალვებიც. ”მე” რეალობაზე დაყრდნობით მოქმედებს და მისი უდიდესი ნაწილი ცნობიერია. ”მე”-ს იდეალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ”იგი”-ს მიერ წაყენებული მოთხოვნების დროში გადავადება მანამდე, სანამ მიზანშეწონილი ქცევით მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის სათანადო სიტუაცია არ შეიქმნება, რაც თავისთავად გულისხმობს გარემოში ”ზე-მე”-ს აკრძალვის გათვალისწინებას.

SUPER-EGO - არის ეგოს განვითარების საფეხური. ის ყალიბდება სოციალიზაციის შედეგად, ევოლუციის გზით. მისი არსია სხვა სუბიექტთა ინტერესების გათვალისწინება ქცევაში, რათა სოციალურ ჯგუფში კონფლიქტი არ მოხდეს. ”ზე-მე” გულისხმობს კულტურულ ნორმებსა და ღირებულებებს, ის არის ე.წ. მორალი და სინდისი. მას აქვს ემოციათა გარკვეული ფორმების დომინირების ძალა,- სირცხვილის შიში ან/და დანაშაულის შეგრძნება და ა.შ. ”ზე-მე”-ში გამოიყოფა ორი ქვესისტემა. ესენია ეგო-იდეალი და სინდისიერი სტრუქტურა; ეგო-იდეალი ყალიბდება წახალისების შედეგად, ხოლო სინდისიერი სისტემა - დასჯის შედეგად. ”ზე-მე” დასრულებულად მიიჩნევა მაშინ, როდესაც მშობლების კონტროლს თვითკონტროლი ენაცვლება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]