შინაარსზე გადასვლა

ჯეფერსონ დეივისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეფერსონ დეივისი
Jefferson Davis

ჯეფერსონ ფინის დეივისი
კონფედერაციული შტატების პრეზიდენტი
მმართ. დასაწყისი: 18 თებერვალი 1861
მმართ. დასასრული: 10 მაისი 1865
ვიცე-პრეზიდენტი: ალექსანდრე სტივენსი
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრე: თანამდებობა გაუქმდა
შეერთებული შტატების ომის მდივანი
მმართ. დასაწყისი: 7 მარტი 1853
მმართ. დასასრული: 4 მარტი 1857
პრეზიდენტი: ფრანკლინ პირსი
წინამორბედი: ჩარლზ კონრადი
მემკვიდრე: ჯონ ფლოიდი
აშშ-ის სენატორი მისისიპის შტატიდან
მმართ. დასაწყისი: 4 მარტი 1857
მმართ. დასასრული: 21 იანვარი 1861
პრეზიდენტი: ფრანკლინ პირსი
ჯეიმზ ბიუკენენი
წინამორბედი: სტეფან ადამსი
მემკვიდრე: ადელბერტ ამეში
მმართ. დასაწყისი: 10 აგვისტო 1847
მმართ. დასასრული: 23 სექტემბერი 1851
პრეზიდენტი: ჯეიმზ ნოქს პოლკი
ზაქარი ტეილორი
მილარდ ფილმორი
წინამორბედი: ჯესი სპეითი
მემკვიდრე: ჯონ მაკრეი
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი მისისიპის დარჩენილ რაიონში
მმართ. დასაწყისი: 8 დეკემბერი 1845
მმართ. დასასრული: 1 ივნისი 1846
პრეზიდენტი: ჯეიმზ ნოქს პოლკი
წინამორბედი: ტილმან ტაკერი
მემკვიდრე: ჰენრი ელეტი
პარტია: დემოკრატიული პარტია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 3 ივნისი 1807/1808
დაბ. ადგილი: ფირვიუ, კენტუკი, აშშ
გარდ. თარიღი: 6 დეკემბერი 1889 (81/82 წ.)
გარდ. ადგილი: აო, ლუიზიანა, აშშ
მეუღლე: სარა ნოქს ტეილორი
(1835-1835)
ვარინა ბენკს ჰოუელი
(1845-1889)
შვილები: 4 ბიჭი, 2 გოგო
მამა: სამუელ დეივისი
დედა: ჯეინ კუკ დეივისი
რელიგია: ეპისკოპური ეკლესია
ხელმოწერა:
სამხედრო კარიერა
ეროვნება:    ამერიკელი
კუთვნილება:  შეერთებული შტატები
 მისისიპის რესპუბლიკა
 კონფედერაც. შტატები
ჯარის სახეობა:  აშშ-ის არმია
 კონფედერაციული შტატების არმია
მოღვაწეობა: 1825–1835 (აშშ)
1846–1847 (აშშ)
1861 (მილიცია)
წოდება:  1-ლი ლეიტენანტი
 პოლკოვნიკი
 გენერალ-მაიორი
ნაწილი: დრაკონების 1-ლი პოლკი
მეთაურობდა: ქვეითთა 1-ლი პოლკი
მისისიპის მსროლელები
მისისიპის მილიცია
ბრძოლები/ომები: შავი ქორის ომი
ამერიკა-მექსიკის ომი
აშშ-ის სამოქალაქო ომი

ჯეფერსონ დეივისი (ინგლ. Jefferson Finis Davis; დ. 3 ივლისი, 1808 — გ 6 დეკემბერი, 1889) — ამერიკელი მეომარი, პოლიტიკური მოღვაწე, ამერიკის კონფედერაციული შტატების პირველი და ერთადერთი პრეზიდენტი 1861 წლიდან 1865 წლამდე, აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს. დეივისი როგორც ამერიკის კონფედერაციული შტატების პრეზიდენტი, განაგებდა კონფედერაციის ომის გეგმებს მაგრამ მან ვერ შეძლო ისეთი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც შეაჩერებდა ბევრად უფრო ძლიერ კავშირს. მისმა დიპლომატიურმა გეგმებმა კრახი განიცადა, რადგან არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია ამერიკის კონფედერაციული შტატები. ჯეფერსონი ნაკლებ ყურადღება აქცევდა ეკონომიკას, ქვეყანა უფრო და უფრო მეტ ფულს ბეჭდავდა ომის ხარჯების გადასაფარად, რაც ფულის იმფლაციაზე ცუდად აისახა.

ჯეფერსონი დაიბადა კენტუკიში და გაიზარდა მისისიპისა და ლუიზიანას პლანტაციებში. მისი ძმის ჯოზეფის ხელშეწყობით ჯეფერსონმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიაში დაიწყო სწავლა. ამის შემდეგ იგი ექვსი წლის განმავლობაში მსახურობდა არმიაში ლეიტენანტის წოდებით. ჯეფერსონი იბრძოდა ამერიკა-მექსიკის ომში როგორც მოხალისეთა პოლკის პოლკოვნიკი. 1853-1857 წლებში იყო აშშ-ის ომის მდივანი პრეზიდენტ ფრანკლინ პირსის დროს, ასევე იყო აშშ-ს სენატორი მისისიპის შტატიდან. მისი პლანტაცია მისისიპიში მთლიანად დამოკიდებული იყო მონათა შრომაზე, როგორ სამხრეთის პლანტაციების უმეტესობა. სენატში ის კარგად იყო ცნობილი, როგორც მონობის მომხმრე. როგორც სენატორი, ეწინააღმდეგებოდა გაყოფას, მაგრამ ის თანახმა იყო რომ ყველა შტატი იყო სუვერენული და გააჩნდა სრული უფლება დაეტოვებინა კავშირი. ჯეფერსონის პირველი მეუღლე სარა ნოქს ტეილორი ქორწინებიდან სამ თვეში მალარიისგან გარდაიცვალა, თავად ჯეფერსონიც ამ დაავადებისაგან სიკვდილის ზღვარზე იყო, მაგრამ გადარჩა. თუმცა ამის გამო ცხოვრების უმეტესი ნაწილი მან ავადმყოფობაში გაატარა. ჯეფერსონს მეორე ცოლისგან ექვსი შვილი ჰყავდა, მაგრამ მხოლოდ ორი მათგანი გადარჩა.

ისტორიკოსები კონფედერაციული შტატების უმეტეს სისუსტეებს სწორედ ჯეფერსონ დეივისს აწერენ.[1] ის ფავორიტად ძველ მეგობრებს მიიჩნევდა, ყურადღებას არ აქცევდა იმ ადამიანებს რომლებიც ეწინააღმდეგებოდა და ხალხსაც იშვიათად მიმართავდა. დეივისი ნაკლებ ყურადღებას იჩენდა სამოქალაქო საკითხებში და ბევრად უფრო დიდ ყურადღებას უთმობდა სამხედრო საკითხებს. ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ კავშირის ხელმძღვანელი და მეთაური აბრაამ ლინკოლნი ბევრად უფრო ეფექტიანი ლიდერი იყო ვიდრე ჯეფერსონ დეივისი.

1865 წელს ჯეფერსონი შეიპყრეს, მას ბრალად ედებოდა სამშობლოს ღალატი, თუმცა ორი წლის შემდეგ გაანთავისუფლეს. ჯეფერსონმა დაწერა მემუარი კონფედერაციული მთავრობის აღზევება და დაცემა, რომელიც ჯეფერსონმა 1881 წელს დაასრულა. 1880-იანი წლების ბოლოსთვის ჯეფერსონმა კავშირისა და კონფედერაციის წევრების შერიგების ხელშეწყობა დაიწყო, ის სამხრეთელებს ეუბნებოდა, რომ ისინი კავშირის ერთგულები უნდა ყოფილიყვნენ. ჯეფერსონის ეს ქმედება ყოფილმა კონფედერატებმა სამხრეთელი პატრიოტის საქციელად მიიჩნიეს და ჯეფერსონი უფრო მეტად დააფასეს, ამის შემდეგ ჯეფერსონ დეივისი ახალი სამხრეთის გმირი გახდა.

ადრეული ცხოვრება და პირველი სამხედრო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეფერსონ დეივისის მამის მშობლები იყვნენ ემიგრანტები, რომლებიც ამერიკაში ჩრდილოეთ უელსიდან გადმოვიდნენ 1700-იანი წლების დასაწყისში. მისი დანარჩენი წინაპრეპიც სავარაუდოდ ინგლისიდან და სოტლანდიიდან იყვნენ. ფილადელფიაში გადმოსვლის შემდეგ ჯეფერსონის ბაბუა ევანი ჯორჯიაში დასახლდა და ცოლად შეირთო ლიდია ემორი უილიამსი, რომელსაც ჰყავდა ორი ვაჟი წინა ქორწინებიდა. 1756 წელს მათ შეეძინათ ვაჟი სამუელ ემორი დეივისი. ის მსახურობდა კონტინენტურ არმიაში და იბრძოდა ამერიკის რევოლუციურ ომიში, თავის ორ ნახევარძმასთან ერთად. 1783 წელს, ომის შემდეგ სამუელი დაქორწინდა ჯეინ კუკზე, რომელიც 1759 წელს დაიბადა ქრისტიანულ ოლქში, კენტუკიში, უილიამ კუკისა და სარა სიმფსონის ოჯახში. 1793 წელს ოჯახი საცხოვრებლად კენტუკიში გადავიდა. სამუელსა და ჯეინს ჰყავდათ ათი შვილი. ჯეფერსონი მათი უკანასკნელი შვილი იყო და დაიბადა 1807 ან 1808 წლის 3 ივნისს ქრისტიანულ ოლქში, კენტუკიში. მისი დაბადების ზუსტი თარიღი გაურკვეველია, ცნობილია, რომ დაიბადა 3 ივნისს თუმცა უცნობია დაბადების ზუსტი წელი, 1807 თუ 1808. სამუელი ჯერ ახალგაზრდა იყო, როდესაც 1776 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ტომას ჯეფერსონმა დამოუკიდებლობის დეკლარაცია გამოსცა. სამუელი ტომას ჯეფერსონით ძალიან აღტაცებული იყო, ამიტომ ბოლო ვაჟს მის პატივსაცემად ჯეფერსონი დაარქვა. ჯეფერსონის დაბადებამდე ერთი ან ორი წლით ადრე, ჯეფერსონის დაბადების ადგილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 160 კილომეტრის მოშორებით დაიბადა აშშ-ის 16-ე პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი. მისი დაბადების ადგილიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს ჯეფერსონ დეივისის მონუმეტი.

ჯეფერსონის ოჯახმა ორჯერ შეიჩვალა საცხოვრებელი, მაშინ როდესაც ჯეფერსონი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, ისინი 1811 წელს საცხოვრებლა ლუიზიანაში გადავიდნენ, შემდეგ კი მისისიპიში. ჯეფერსონის სამი უფროსი ძმა 1812 წელს ინგლის-ამერიკის ომში იბრძოდა. 1813 წელს კი მან სწავლა უილკინსონის აკადემიაში დაიწყო, რომელიც ქალაქ ვუდვილში ოჯახის ბამბის პლანტაციასთან ახლოს მდებარეობდა. ორი წლის შემდეგ ჯეფერსონმა, წმ. თომასის სკოლა დაამთავრა რომელსაც დომინიკელთა ორდენი ოპერირებდა და მდებარეობდა ვაშინგტონის ოლქში, კენტუკიში. ამ დროისთვის ის იყო ერთადერთი პროტესტანტი მთელს სკოლაში. 1818 წელს ის ჯეფერსონის კოლეჯში წავიდა, 1821 წელს კი ლექსინგტონში, კენტუკიში ტრანსილვანიის უნივერსიტეტში. ჯეფერსონის მამა 1824 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა, რა დროსაც ჯეფერსონი 16 წლის იყო, მისი დედა კი 1845 წლის 3 ოქტომბერს გარდაიცვალა.

ჯეფერსონი სწავლობდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიაში. აკადემიაში ყოფნისას 1826 წელს, ჯეფერსონს მიესაჯა შინა პატიმრობა ეგნოგის ბუნტში მონაწილეობის გამო. აკადემიაში ეგნოგის დასამზადებლად საჭირო ვისკი კონტრაბანდის გზით შეიტანეს, ამ პროცესში კი აკადემიის კადეტთა ერთი მესამედი მონაწილეობდა. ჯეფერსონმა აკადემია 1828 წელს დაამთავრა.

აკადემიის დამთავრების შემდეგ მეორე ხარისხის ლეიტენანტი ჯეფერსონ დეივისი დაინიშნა ქვეითთა 1-ლი პოლკის მეთაურად და დისლოცირებულ იქნა ფორტ კროუფორდში, უისკონსინის ტერიტორიაზე. 1832 წლის მარტში შვებულების აღების შემდეგ ჯეფერსონი მისისიპიში დაბრუნდა, ეს იყო მისი პირველი შვებულება მას შემდეგ რაც ჯეფერსონი ფორტ კროუფორდში ჩავიდა. შავი ქორის ომის დაწყებისას ჯეფერსონი ჯერ კიდევ მისისიპიში იმყოფებოდა, მაგრამ აგვისტოში ისევ ფორტ კროუფორდში დაბრუნდა. მისმა პოლკოვნიკმა ზაქარი ტეილორი მას შავი ქორის ლიდერის ციხეში ესკორტი დაავალა. მას ძალისხმევა არ დაუშურია და შავ ქორს ცნობისმოყვარე მაძებრებისაგან იცავდა, მოგვიანებით შავმა ქორმა თავის ავტობიოგრაფიაში თქვა რომ ჯეფერსონი მას კეთილად ექცეოდა და ციხეში ყოფნის დროს თანაუგრძნობდა კიდეც.

პირველი ქორწინება და ადრეული კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეფერონს მისი მეთაურის ზაქარი ტეილორის ქალიშვილი სარა ნოქს ტეილორი შეუყვარდა. სარამ და ჯეფერსონმა სარას მამას ზაქარის ქორწინებისათვის ნებართვა სთხოვეს. მაგრამ ზაქარიმ წყვილს ნება არ დართო, რადგან ზაქარის არ სურდა მისი ქალიშვილი სამხედრო პირის მეუღლე ყოფილი და ამ საქმიანობით გამოწვეული რთული ცხოვრებით ეცხოვრა.[2] ჯეფერსონს საკუთარი გამოცდილება ეყო იმისათვის, რომ გაეცნობიერებინა და დაეფასებინა ტეილორის ეს გადაწყვეტილება. მან რჩევა უფროს ძმას ჯოზეფს ჰკითხა და ორივემ ერთად სამხედრო კარიერის საფასურის საკითხის განხილვა დაიწყეს. ჯეფერსონი ყოყმანობდა და გადაწყვეტილებას ვერ იღებდა, თუმცა საბოლოოდ სარასადმი მისმა წადილმა იმარჯვა და მან თავის წერილში, რომელიც 1835 წლის 20 აპრილით იყო დათარიღებული უარი განაცხადა თავის თანამდებობაზე. ჯეფერსონმა წერილი 12 მაისს გაგზავნა ომის დეპარტამენტში, წერილში ჯეფერსონი აცხადებდა, რომ ის შვებულებიდან აღარ დაბრუნდებოდა. ჯეფერსონს საკუთარი გადაწყვეტილება ტეილორთან არ უხსენებია, 17 ივნისს კი ჯეფერსონმა და სარამ ლუისვილში, კენტუკიში იქორწინეს. მისი გადადგომა ძალაში 30 ივნისს შევიდა.

ჯეფერსონის უფროსი ძმა ჯოზეფი ძალიან წარმატებული იყო, იგი ფლობა ქარიშხლის პლანტაციას და 1800 აკრ (730 ჰექტარ) მიწას, რომელიც გარს ეკვროდა მისისიპის მდინარეს და მდებარეობდა ვიკსბერგთან ახლოს. ეს მიწა დაფარული იყო ბუჩქნარითა და ასკილით, რის გამოც მას სახელად ბრირფილდი შეარქვეს. ჯოზეფს სურდა, რომ უმცროსი ძმა და მეუღლე მასთან ახლოს ყოფილიყვნენ, ამიტომ ჯოზეფმა ბრირფილდის მიწა ჯეფერსონს მისცა, რომელმაც იქ ბრირფილდის პლანტაცია გააშენა.

მეორე ქორწინება და ოჯახი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯეფერსონ დეივისისა და ვარინა ჰოუელის საქორწინო ფოტო (1845 წ.)

1844 წელს ჯეფერსონი შეხვდა ვარინა ბენკს ჰოუელს. ვარინას პაპა რიჩარდ ჰოუელი ნიუ-ჯერსის გუბერნატორი იყო. მათი შეხვედრიდან ერთი თვის შემდეგ 35 წლის ჯეფერსონმა ვარინას ხელი სთხოვა, ამის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. თუმცა ვარინას მშობლები დავდაპირველად წინააღმდეგნი იყვნენ, რისი მიზეზიც ჯეფერსონის ასაკი და პოლიტიკური კარიერა იყო. ისინი 1845 წლის 26 თებერვალს დაქორწინდნენ.

ამ დროისთვის დეივისი ცდილობდა თავისი კანდიდატურა წამოეყენებინა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში და საარჩევნო აგიტაციას შეუდგა. 1845 წლის ოქტომბერში მან ვუდვილში იმოგზაურა და იქ სიტყვით გამოვიდა, თუმცა ჯეფერსონი ვუდვილში ერთი დღით ადრე ჩავიდა რათა საკუთარი დედა ენახა, მაგრამ სახლში დაბრუნებულ ჯეფერსონს დედა გარდაცვლილი დახვდა, ის ჯეფერსონის ვუდვილში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე გარდაიცვალა. დაკრძალვის შემდეგ ჯეფერსონი 64 კილომეტრის მოშორებით ნათჩეზში წავიდა ამ ამბის დასადასტურებლად, შემდეგ კი ისევ ვიდვილში დაბრუნდა და სიტყვით გამოვიდა. ჯეფერსონმა არჩევნები მოიგო.

ჯეფერსონსა და ვარინას ექვსი შვილი შეეძინათ. სამმა მათგანმა ზრდასრულ ასაკამდე ვერ მიაღწია. სამუელ ემორი 1852 წლის 30 ივლისს დაიბადა, მას სახელი პაპის პატივსაცემად დაერქვა, იგი 1854 წლის 30 ივნისს გარდაიცვალა არადიაგნოზირებული (უცნობი) დაავადებისგან. მარგარეტ ჰოუელი 1855 წლის 25 თებერვალს დაიბადა, ის იყო ერთადერთი შვილი, რომელიც გათხოვდა და საკუთარი ოჯახი შექმნა. მარგარეტმა ჯოელ ედისონ ჰეის უმცროსზე (1848–1919) იქორწინა და მათ ხუთი შვილი შეეძინათ. მათ მემფისში წმ. ლუკას საეპისკოპოსო ეკლესიაში იქორწინეს. მარგარეტი 1909 წლის 18 ივლისს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯეფერსონ დეივის უმც. დაიბადა 1857 წლის 16 იანვარს. იგი 1878 წლის 16 ოქტომბერს 21 წლის ასაკში ყვითელი ცხელებით გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიდემიამ, რომელიც მდინარე მისისიპის ველზე მძვინვარებდა 20000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჯოზეფ ევანი დაიბადა 1859 წლის 18 აპრილს, გარდაიცვალა 1864 წლის 30 აპრილს, ხუთი წლის ასაკში შემთხვევითი დაცემის შედეგად. უილიამ ჰოუელი დაიბადა 1861 წლის 6 დეკემბერს, მას სახელი ვარინას მამის პატივსაცემად დაერქვა. იგი გარდაიცვალა 1872 წლის 16 ოქტომბერს, 10 წლის ასაკში დიფტერიის დაავადებით. ვარინა ანა დაიბადა 1864 წლის 27 ივნისს, მისი ძმის ჯოზეფის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. მას არადროს უქორწინია მას შემდეგ რაც მშობლებმა აბოლუციონისტების ოჯახის წარმომადგენელზე გათხოვების უფლება არ მისცეს. ვარინა ანა გარდაიცვალა 1898 წლის 18 სექტემბერს 34 წლის ასაკში.

ჯეფერსონმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ავადმყოფობაში გაატარა. მას აწუხებდა მალარიის განმეორებითი შეტევები, მუდმივად აწუხებდა ამერიკა-მექსიკის ომში მიღებული ჭრილობები. მას ასევე აწუხებდა ქრონიკული თვალის ინფექცია, რის გამოც მისი თვალები ნათელ შუქს ვერ უძლებდა. ჯეფერსონს ასევე აწუხებდა ტრიგემინალური ნერვის ნევრალგია, ნერვული აშლილობა, რომელიც სახის მძიმე ტკივილს იწვევდა. როგორც ცნობილია, ეს დაავადება ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულია ცნობილ ავადმყოფობებს შორის.

პოლკოვნიკი ომის დროს

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1846 წელს დაიწყო ამერიკა-მექსიკის ომი. ჯეფერსონი ომში მოხალისედ წავიდა და ქვეითთა 155-ე პოლკის პოლკოვნიკი გახდა, მისი მათაური კი მისი ყოფილი სიმამრი ზაქარი ტეილორი იყო. 21 ივლისს პოლკმა ნიუ-ორლეანიდან ტეხასისკენ გაცურა. პოლკოვნიკი ჯეფერსონი ცდილობდა მისი ჯარისკაცები ემ-1841 მისისიპის ტიპის შაშხანით ყოფილიყვნენ აღჭურვილნი. იმ დროისთვის გლუვლულიანი მუშკეტი ქვეითთა ძირითად იარაღს წარმოადგენდა, ხოლო ის დანაყოფები რომლებიც შაშხანებით იყვნენ აღჭურვილნი სპეციალურ და კარგად აღჭურვილ დანაყოფად მიიჩნეოდა. პრეზიდენტი ჯეიმზ ნ. პოლკი დეივისს აღნიშნული იარაღით მომარაგებას დაჰპირდა, იმ შემთხვევაში თუ უოკერის ტარიფის შესახებ მნიშვნელოვან კენჭისყრაში მხარს დაუჭერდა. თუმცა გენერალმა უინფილდ სკოტმა განაცხადა, რომ იარაღმა ტესტირების დროს თავი არც თუ კარგად წარმოაჩინა. მაგრამ ჯეფესონის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მის მებრძოლები ემ-1841 მისისიპის ტიპის შაშხანით აღჭურვეს, რითაც ქვეითთა 155-ე პოლკი საბრძოლო მოქმედებებში ბევრად უფრო ეფექტიანი გახდა. პოლკი პირველი იყო, რომელიც ამ ახალი იარაღით სრულად აღიჭურვა, ამის გამო მათ ზედმეტსახელი მისისიპის მსროლელები შეარქვეს. ამ ინცინდეტის შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი მტრობა ჯეფერსონსა და გენერალ სკოტს შორის.

სექტემბერში ჯეფერსონმა მონაწილეობა მიიღო მონტერეიის ბრძოლაში, სადაც ის მისისიპის მსროლელებს ლა ტერენიას ციხე-სიმაგრის აღების დროს მიუძღვოდა. 1847 წლის 22 თებერვალს ჯეფერსონი გმირულად იბრძოდა ბუენა-ვისტას ბრძოლაში, ბრძოლის დროს ჯეფერსონი ფეხში დაიჭრა, მაიორმა რობერტ ჩილტომა კი ჯეფერსონი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. როდესაც ზაქარი ტეილორმა დეივისის სიმამაცესა და გამოჩენილ ინიციატივაზე შეიტყო განაცხადა, „ჩემი გოგონა, სერ, ის ჩემთან შედარებით კაცების უკეთესი მცოდნე (ექპერტი) ყოფილა“. 17 მაისს პრეზიდენტმა პოლკმა ჯეფერსონს ბრიგადირ გენერალის წოდება და მილიციის ბრიგადის მეთაურობა შესთავაზა. ჯეფერსონმა უარი განაცხადა თანამდებობაზე, ის ამტკიცებდა, რომ კონსტიტუცია საშუალებას იძლეოდა მილიციის ოფიცრების დანიშვნას შტატებში და არა ფედერალურ მთავრობაში.

პოლიტიკაში დაბრუნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯეფერსონ დეივისი დაახლოებით 39 წლის ასაკში (1847 წ.)

ომში დეივისის გმირული სამსახურის შემდეგ, მისისიპის გუბერნატორმა ბრაუნმა ჯეფერსონს აშშ-ის სენატში იესე სპეიტის ადგილი შესთავაზა, რომელიც 1847 წლის 1 მაისს გარდაიცვალა. დეივისმა მისი ადგილ 5 დეკემბერს დაიკავა, 1848 წლის იანვარში კი ჯეფერსონი ორი წლის ვადით აირჩიეს. დეკემბერში შეერთებული შტატები 30-ე კონგრესის დროს იგი ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტის რეგენტი გახდა და მუშაობა დაიწყო სამხედრო საქმეთა და ბიბლიოტეკის კომიტეტებში.

1848 წელს სენატორმა ჯეფერსონმა სენატს შესთავაზა და გააცნო გვადალუპე-იდალგოს ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებები, რომელსაც ჩრდილო-აღმოსავლური მექსიკის უმეტესი ნაწილი ჰქონდა ანექსირებული, მაგრამ ეს პროექტი ხმის მიცემის დროს ჩავარდა, მან 44 ხმიდან მხოლოდ 11 მიიღო. კუბასთან დაკავშირებით დეივისმა გამოაცხადა: „კუბა უნდა იყოს ჩვენი“ რათა „გაიზარდოს მონათმფლობელთა რიცხვი (მონათმფლობელი ოლქების რიცხვი)“. ის ასევე შეშფოთებული იყო ფლორიდის სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ესპანელი მიწათმფლობელების მიერ მიღებული უსაფრთხოების შედეგებით.

კუბელი რევოლუციონერების ჯგუფმა, რომელთაც ვენესუელელი ავანტიურისტი ნარსისო ლოპესი მეთაურობდა, მიზნად დაისახა კუბის ესპანური მმართველობისგან განთავისუფლება. ისინი სამხედრო ექსპედიციისთვის მეთაურს ეძებდნენ. თავდაპირველად მათ მეთაურობა გენერალ უილიამ ჯ. უორტს შესთავაზეს, მაგრამ გენერალი გადაწყვეტილების მიღებამდე გარდაიცვალა. 1849 წლის ზაფხულში ლოპესი დეივისს ესტუმრა და ექსპედიციის მეთაურობა შესთავაზა. ლოპესმა წინასწარ შესთავაზა დეივისს $100000 (2013 წლის კურსით $2000000 მეტი), მან ასევე უთხრა ჯეფერსონს, რომ კუბის განთავისუფლების შემდეგ ის კვლავ გადაუხდიდა იმავე რაოდენობის თანხას. ჯეფერსონმა ნარსისო ლოპესს შეთავაზებაზე უარი უთხრა და განუმარტა, რომ ეს მისთვის როგორც სენატორის მოვალეობისთვის შეუთავსებელი მოქმედება იქნებოდა. როდესაც ნარსისომ ჯეფერსონს ჰკითხა თუ ვის გაუწევდა იგი რეკომენდაციას ამ ექსპედიციის გენერლის პოსტზე, დეივისმა შესთავაზა რობერტ ლი, შემდგომ კი ბალტიმორის არმიის მაიორი. ამის შემდეგ ლოპესმა ამავე შეთავაზებით მიმართა რობერტ ლის, რომელმაც მეთაურობაზე იგივე მიზეზის გამო უთხრა უარი რა მიზეზითაც ჯეფერსონმა.

1849 3 დეკემბერს სენატმა ჯეფერსონი შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩია, შეერთებული შტატების 31-ე კონგრესის პირველი სხდომის დროს. 29 დეკემბერს იგი სრული ექვსწლიანი ვადით აირჩიეს. ჯეფერსონმა 1851 წლის სექტემბერში თანამდებობაზე უარი თქვა (მან ამ თანამდებობაზე ერთი წელიც არ იმსახურა), რისი მიზეზიც 1850 წლის კომპრომისის შემდეგ მისისიპის გუბერნატორის არჩევნებში მონაწილეობა იყო. არჩევნებში ჯეფერსონი სენატორ ჰენრი სტიუარტ ფუტთან დამარცხდა, 999 ხმით. პოლიტიკური თანამდებობის გარეშე დარჩენილი დეივისი, განაგრძობდა პოლიტიკურ მოღვაწეობას. 1852 წლის იანვარში მან მონაწილეობა მიიღო შტატების უფლებების ყრილობაში, რომელიც ჯექსონში, მისისიპიში ჩატარდა. 1852 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯეფერსონმა ჩაატარა რამდენიმე კამპანია სამხრეთის შტატებში, დემოკრატიული პარტიის კანდიდატების ფრანკლინ პირსისა და უილიამ კინგის მხარდასაჭერად.

ჯეფერსონ დეივისი დაახლოებით 45 წლის ასაკში (1853 წ.)

ფრანკლინ პირსმა საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო და 1853 წელს ჯეფერსონი ომის მდივნად დანიშნა. მდივნის რანგში ჯეფერსონმა დაიწყო წყნაროკეანური რკინიგზის კვლევები, რათა სხვადასხვა შესაძლო მარშრუტები შეეთავაზებინა ტრანსკონტინენტალური რკინიგზისთვის. მან ხელი შეუწყო გედსდენის შენაძენს, რომლის თანახმადაც შეერთებულმა შტატებმა 76,800 კმ² ტერიტორია მექსიკისგან შეიძინა და დღეს იგი არიზონასა და ნიუ-მექსიკოს შტატების შემადგენლობაშია. ჯეფერსონის ხელშეწყობა უმეტესწილად გამოწვეული იყო იმით, რომ ეს ტერიტორია ახალი რკინიგზისათვის უფრო ადვილი სამხრეთ მარშრუტის შექმნის საშუალებას იძლეოდა. პირსის ადმინისტრაცია დათანხმდა და 1853 წლის დეკემბერში სახელმწიფომ მექსიკისაგან აღნიშნული ტერიტორია შეისყიდა. მან ზუსტად განსაზღვრა ყველა სავარაუდო დავალების შესრულებისათვის საჭირო რეგულარული არმიის რაოდენობა, ის ასევე ამტკიცებდა, რომ საჭირო იყო ჯარისკაცებისთვის ხელფასების გაზრდა. თუმცა მისი შეთავაზება ხელფასებთან დაკავშირებით მომდევნო 25 წლის მანძილზე არ განხორციელბულა. მაგრამ კონგრესი დეივისს ანაზღაურების მასშტაბის ზრდაზე დათანხმდა, რითაც რეგულარულ არმიას კიდევ ოთხი პოლკი დაემატა და არმიის ზომა 11.000-დან 15.000 ჯარისკაცამდე გაიზარდა. დეივისმა ასევე წარადგინა საერთო სარგებლობის შაშხანა, რომელიც წარმატებით იქნა გამოყენებული ამერიკა-მექსიკის ომში (აღსანიშნავია რომ, თავდაპირველად აღნიშნული შაშხანები სწორედ ჯეფერსონის დაჯინებული თხოვნით გადაეცა მის ჯარისკაცებს ამერიკა-მექსიკის ომის დროს). შედეგად არმიის მორალიც და შესაძლებლობებიც შესამჩნევად გაუმჯობესდა. ჯეფერსონი საზოგადოებრივ სამუშაოებშიც ჩაერთო, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა პირსმა მას ვაშინგტონის აკვედუკის მშენებლობებისა და კაპიტოლიუმის გადიდების პასუხისმგებლობა დააკისრა. პირსის ადმინისტაციას ვადა 1857 წელს ამოეწურა, მაშ შემდეგ რაც პრეზიდენტობა ჯეიმზ ბიუკენენმა გადაიბარა. დეივისმა მდივნობის ვადის ამოწურვის შემდეგ ხელახლა იყარა კენჭი სენატორობისთვის. ჯეფერსონმა არჩევნებში გაიმარჯვა და 1857 წლის 4 მარტიდან ისევ სენატის წევრი გახდა.

1840-იანი წლებისთვის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის დაძაბულობა მატულობდა, რისი მიზეზიც სხვადასხვა საკითხებზე განსხვავებული პოზიციები იყო, მათ შორის მონობაზეც. 1846 წელს წარდგენილმა უილმოტის პირობამ დაძაბულობის განვითარებას ხელი შეუწყო. მისი მიღების შემთხვევაში მექსიკისაგან შესყიდულ ყველა ტერიტორიაზე მონობა აიკრძალებოდა. 1850 წლის კომპრომისმა ვადის გადადება გამოიწვია, მაგრამ დრედ სკოტის საქმემ, რომელიც 1857 წლის 6 მარტს დასრულდა საჯარო დებატები გამოიწვია. ხალხი უფრო მეტად და მეტად განიხილავდა მოსაზრებას, რომელიც სამხრეთის კავშირიდან გამოსვლას და დამოუკიდებლად არსებობას გულისხმობდა.

1858 წლისთვის ჯეფერსონს სენატში საქმიანობის შეწყვეტა მოუწია, რისი მიზეზიც მისი ავადმყოფობა იყო. დაავადება ჯეფერსონს მარცხენა თვალის დაკარგვის საფრთხეს უქმნიდა, ამის გამო დეივისი იძულებული გახდა ოთხი კვირის განმავლობაში ბნელ ოთახში ყოფილიყო. მან 1858 წლის ზაფხული პორტლენდში, მენის შტატში გაატარა. 4 ივლისს, დამოუკიდებლობის დღეს დეივისი ანტისეპარატისტული სიტყვით გამოვიდა ბოსტონთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი გემიდან. 11 ოქტომბერს ფანელ ჰოლიდან, ბოსტონიდან კიდევ ერთხელ მოუწოდა ხალხს კავშირის შენარჩუნებისაკენ, ამის შემდეგ კი სენატში დაბრუნდა.

ჯეფერსონმა მოგვიანებით თავის მემუარში კონფედერაციული მთავრობის აღზევება და დაცემა განმარტა, რომ თითოეული შტატი იყო სუვერენული და გაანჩნდა სრული უფლება გამოსულიყო კავშირიდან. ამავდროულად ჯეფერსონმა სამხრეთელებს თავშეკავებულობისაკენ მოუწოდა, რადგანაც მას არ სჯეროდა, რომ ჩრდილოეთი მშვიდობიანად შეეგუებოდა სამხრეთის კავშირიდან გასვლას. ჯეფერსონი პრეზიდენტ პირსის დროს ომის მდივნის თანამდებობაზე იყო დანაშნილი და იქ მიღებული გამოცდილებით დეივისი შესანიშნავად აცნობიერებდა, რომ სამხრეთი ომში თავდაცვისთვის საჭირო სამხედრო და საზღვაო რესურსების ნაკლებობას განიცდიდა. 1860 წელს აბრაამ ლინკოლნის არჩევნებში გამარჯვებამ მოვლენები დააჩქარა. 1860 წლის 20 დეკემბერს სამხრეთ კაროლინამ კავშირისაგან გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო, 1861 წლის 9 იანვარს კი მისისიპიმ. დეივისი ამას მოელოდა თუმცა ოფიციალური შეტყობინების მიღებას ელოდებოდა. ამის შემდეგ 21 იანვარს, დღეს რომელსაც ჯეფერსონმა უწოდა ყველაზე მწუხარე დღეს ჩემს ცხოვრებაში, ჯეფერსონმა უკანასკნელად მიმართა შეერთებული შტატების სენატს, გადადგა და მისისიპიში დაბრუნდა.

ამერიკის კონფედერაციული შტატების პრეზიდენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯეფერსონ დეივისის ინაუგურაცია (1861 წ.)

კავშირიდან გამოყოფის შემდეგ ჯეფერსონს მოვალეობის გრძნობა აწუხებდა მისისიპის მიმართ, მან სატელეგრაფო შეტყობინება გაუგზავნა გუბერნატორ ჯონ პეტუსს, სადაც დეივისი მსჯელობდა, თუ რას ითხოვდა მისისიპი მისგან და სურდა სათანადოდ დასაქმებულიყო. 1861 წლის 23 იანვარს გუბერნატორმა პეტუსმა ჯეფერსონი მისისიპის არმიის გენერლად დანიშნა. 9 თებერვალს მონტგომერიში, ალაბამას შტატში საკონსტიტუციო კონვენციის შეხვედრის დროს დეივისი და რობერტ ტუმბსი განიხილებოდნენ, როგორც პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატები. ჯეფერსონმა, რომელსაც ფართო მხარდაჭერა ჰქონდა შვიდი შტატიდან ექვსში ადვილად გაიმარჯვა. იგი განიხილებოდა, როგორც „მონათა საზოგადოების ჩემპიონი და განასახიერებდა პლანტატორთა კლასის ღირებულებებს“, ჯეფერსონი ერთხმად იქნა არჩეული ამერიკის კონფედერაციული შტატების პრეზიდენტად. მისი ინაუგურაცია შედგა 1861 წლის 18 თებერვალს. ალექსანდ სტივენსი არჩეულ იქნა ვიცე-პრეზიდენტად, თუმცა ის და ჯეფერსონი მუდმივად მტრობდნენ ერთმანეთს.

დეივისი იყო პირველი არჩევანი, მისი პოლიტიკური და სამხედრო უნარ ჩვევებისა და გამოცდილების გამო. თავად ჯეფერსონს სურდა ემსახურა კონფედერაციული ჯარების მთავარსარდლად, თუმცა მან განაცხადა, რომ ის იმსახურებდა ნებისმიერ თანამდებობაზე. მოგვიანებით მისი მეუღლე ვარინა წერდა, რომ როდესაც ჯეფერსონმა მიიღო შეტყობინება მისი პრეზიდენტად არჩევის შესახებ, „იმ ტელეგრამის კითხვისას ის ისეთი დამწუხრებული იყო, რომ ვიფიქრე ჩვენს ოჯახს რამე უბადურება დაატყდა თავსო.“

კონფედერაციის ტერიტორიაზე რამდენიმე ყაზარმა კავშირის კონტროლის ქვეს დარჩა. ჯეფერსონმა საგანგებო რწმუნებულები გაგზავნა ვაშინგტონში იმ შეთავაზებით, რომ მზად იყო გადაეხადა ნებისმიერი ფედერალური საკუთრებისთვის, რომელიც სამხრეთის მიწაზე მდებარეობდა, ასევე აპირებდა გადაეხადა სამხრეთის წილი ეროვნული ვალიდან, მაგრამ ლინკოლნმა საგანგებო რწმუნებულებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. მოკლე არაფორმალური საუბარი შედგა შტატის მდივანთან უილიამ სიუარდთან, უზენაესი მოსამართლის ჯონ არჩიბალდ კემბელის დახმარებით, რომელიც ალაბამადან იყო და რომელსაც ჯერ კიდევ არ დაეტოვებინა თანამდებობა. სიუარდმა მიანიშნა, რომ ფორტ სამტერი ევაკუირებული იქნებოდა, თუმცა ამის გარანტია არ მიუცია.

1861 წლის 1 მარტს ჯეფერსონმა გენერალი პიერ ტუტანტ-ბორეგარდი ჩარლსტონის მიდამოებში ყველა კონფედერანტი ჯარისკაცის მეთაურად დანიშნა. იმდროისთვის ჩარლსტონის მიდამოებში სახელმწიფო მოხელეები ფორტ სამტერის დაკავებისათვის ემზადებოდნენ. ბორეგარდს ძალები მობილიზებული ჰყავდა, თუმცა ციხესიმაგრეზე (ფორტ სამტერზე) შეტევავას თავი აარიდა. ლინკოლნმა საპასუხოდ ნიუ-იორკის სამხედრო-საზღვაო პორტიდან საბრძოლო ხომალდების მცირე ფლოტი ჯარისკაცები და ტრანსპორტი გაგზავნა, რათა ფორტ პიკენსი და ფორტ სამტერი ხელახლა შეეიარაღებინა, მან ასევე დეივისს უთხრა, რომ სანამ მოწინააღმდეგე არ გაუხსნიდა ცეცხლს იქამდე მისი ჯარისკაცები ცეცხლს არ გახსნიდნენ. ისინი დანიშნულების ადგილზე ჩავიდნენ თუმცა დაგვიანებით, ამიტომ დახამარება ვეღარ შეძლეს და მოვლენებს 10 მილის მოშორებით ადევნებდნენ თვალს.[3]

ჯეფერსონ დეივისი ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების პირისპირ აღმოჩნდა: მას ან ხელი უნდა შეეშალა ფორტ სამტერის გაძლიერებისთვის ან მისი გამაგრების საშუალება უნდა მიეცა. ჯეფერსონმა და მისმა კაბინეტმა გადაწყვიტეს, რომ ფედერალური გარნიზონისგან დანებება მოეთხოვათ. ხოლო თუ ისინი დანებებაზე უარს იტყოდნენ მაშინ სამხედრო ძალის დახმარებით ფლოტის მოსვლამდე მათ გაძლიერებასა და ხელახლა შეიარაღებას ხელს შეუშლიდნენ. მაიორი ანდერსონი არ დანებდა. 12 აპრილს ბორეგარდმა ციხესიმაგრის დაბომბვა დაიწყო. კონფედერანტების არტილერია ფორტ სამტერს დანებებამდე ბომბავდა. საარტილერიო დუელში არავინ დარუპულა, თუმცა კავშირის ციხესიმაგრეზე შეტევა ომის დაწყება მოასწავებდა. აბრაამ ლინკოლნმა მილიცია იხმო და სამხრეთით ყველა ფედერალური ნაგებობის დაკავება უბრძანა. ჩრდილოეთშიც და სამხრეთში მასობრივი გამოსვლები და მიტინგები ტარდებოდა სადაც ხალხი მოწინაარმდეგის მიმართ ომის გამოცხადებას ითხოვდა. სამოქალაქო ომი დაიწყო.[4][5][6][7]

ომის დასაწყისისთვის ჩრდილოეთში 21 მილიონი ადამინი ცხოვრობა, ხოლო სამხერეთის მოსახლეობა 9 მილიონს შეადგენდა. სამხრეთისაგან განსხვავებით ჩრდილოეთი ინდუსტრიულად ბევრად უფრო წინ იყო, ისინი აგებდნენ ლოკომოტივებს, გემებს, სხვადასხვა სამრეწველო დანადგარებს. ჩრდილოეთს ასევე ჰქონდა ბევრად უფრო დიდი და ინტეგრირებული სარკინიგზო სისტემა. სამრეთს კიდევ ერთი პრობლემა ჰქონდა, აშშ-ის სამხედრო მარაგის დიდი ნაწილი ჩრდილოეთში ინახებოდა, სამხრეთში კი დენთისათვის საჭირო ინგრედიენტების მხოლოდ მცირედი ნაწილი იყო მომარაგებული. კავშირს გააჩნდა დიდი ფლოტი, მაშინ როდესაც კონფედერაციას მხოლოდ რამდენიმე საბრძოლო გემი ჰქონდა, ფლოტის აგების გეგმა კი წარუმატებელი აღმოჩნდა. წარმოებული საქონლის იმპორტზე კავშირმა ბლოკადა დააწესა, რაც ძვირადღირებული და სირთულეებთან დაკავშირებული აღმოჩნდა.[8][9]

1861 წლის მაისში როდესაც ვირჯინია კონფედერაციას შეუერთდა, დეივისმა სამთავრობო ცენტრი რიჩმონდში გადაიტანა. თვის ბოლოსთვის დეივისი და მისი ოჯახი ახალ რეზიდენციაში კონფედერაციის თეთრ სახლში გადავიდნენ.[10] ჯეფერსონი 1861 წლის თებერვლიდან დროებითი პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, ხოლო ამავე წლის 6 ნოემბერს იგი სრული ექვსი წლის ვადით აირჩიეს ამერიკის კონფედერაციული შტატების პრეზიდენტის თანამდებობაზე, მისი ინაუგურაცია შედგა 1862 წლის 22 თებერვალს.[11]

1862 წლის ივნისში ჯეფერსონმა ყველაზე წარმატებული ნაბიჯი გადადგა, მან ჩრდილოეთ ვირჯინიის არმიის გენერალი იოზეფ ჯონსტონი, რომელიც დაჭრილი იყო გენერალ რობერტ ლითი ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ ვირჯინიის არმია აღმოსავლეთ ფრონტზე კონფედერაციის მთავარი არმია იყო. დეკემბერში ჯეფერსონმა დასავლეთ ფრონტზე მებრძოლი კონფედერაციის ყველა არმია მოინახულა. დეივისს სამხედრო მრჩეველთა მცირე წრე ჰყავდა. ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ გადაწყვეტილებას ჯეფერსონი თავადვე იღებდა, ამავდროულად იგი პატივს სცემდა გენერალ ლის შეხედულებებს. იმის გათვალისწინებით, რომ კონფედერაციას კავშირთან შედარებით შეზღუდული რესურსები გააჩნდა, ჯეფერსონმა გადაწყვიტა, რომ კონფედერაციას ძირითადად სტრატეგიული თავდაცვით უნდა ებრძოლა. მან ძირითადი თავდაცვის შეხედულება მთელი ომის მანძილზე შეინარჩუნა, განსაკუთრებულ ყურადღებას კი რიჩმონდში მდებარე ეროვნული კაპიტალის დაცვისადმი იჩენდა. ჯეფერსონმა კავშირზე სტრატეგიული შეტევების მიტანა სცადა, რათა მცირე წარმატებით მებრძოლთა სულისკვეთება და თავდადება აემაღლებინა. თუმცა კამპანიებმა კრახი განიცადეს, კონფედერაცია ჯერ 1862 წელს ენტიტემეს ბრძოლაში, შემდეგ კი 1863 წელს გეტიზბერგის ბრძოლაში დამარცხდა,[12] ისევე როგორც 1862 წელს კენტუკიში ცენტრალურ ნაწილზე მიტანილი შეტევის დროს.[13]

ადმინისტრაცია და კაბინეტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კონფედერაციის თავდაპირველი კაბინეტი. მარცხ.-მარჯ.: ჯუდა ბენჯამინი, სტივენ მელორი, კრისტოფერ მემინგერი, ალექსანდრ სტივენსი, ლეროი უოკერი, ჯეფერსონ დეივისი, ჯონ ჰენინგერ რეიგანი და რობერტ ტუმბსი.

1861 წელს ჯეფერსონმა, როგორც დროებითმა პრეზიდენტმა თავისი პირველი კაბინეტი ჩამოაყალიბა. რობერტ ტუმბსი ჯორჯიადან დაინიშნა სახელმწიფო მდივანად, ხოლო კრისტოფერ მემინგერი სამხრეთი კაროლინადან დაინიშნა ფინანსთა მდივნად. კლემენტ კლეისა და უილიამ იენსის რეკომენდაციით (კაბინეტში რაიმე თანამდებობის დაკავებაზე ორივე მათგანმა თავად განაცხადა უარი) ლეროი უოკერი ალაბამადან დაინიშნა ომის მდივნად. ჯონ რეიგანი ტექსასიდან გახდა ფოსტის მდივანი. ჯუდა ბენჯამინი ლუიზიანადან დაინიშნა იუსტიციის მდივნად. ასევე სტივენ მელორი, მიუხედავად იმისა, რომ ფლორიდის დელეგაციამ არ წამოაყენა მისი კანდიდატურა, ჯეფერსონმა განაცხადა, რომ სამხედრო-საზღვაო ძალების მდივნის თანამდებობაზე მასზე უკეთესი კანდიდატი არ არსებობდა, რის შემდეგაც მისი კანდიდატურა დაამტკიცეს.[14]

მას შემდეგ, რაც კონფედერაცია დაარსდა, ჯეფერსონი როგორც კაბინეტის ფორმირებისას ისე სხვადასხვა საკითხებში ცდილობდა, რომ წარმომადგენლები არა რომელიმე კონკრეტული შტატიდან, არამედ კონფედერაციაში მყოფი ყველა შტატიდან ყოფილიყვნენ. დეივისი ნაწილობრივ კონგრესმენებისა და სხვა ცნობილი ადამიანების რეკომენდაციებსაც ითვალისწინებდა. ამგვარი საქციელი დაეხმარა ჯეფერსონს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და საკანონმდებლო ორგანოებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა ამ საკითხში რაც უფრო მეტი შტატი უერთდებობა კონფედერაციას მით უფრო მეტი იყო საჩივარი, რადგანაც კონფედერაციაში იმაზე მეტი შტატი იყო, ვიდრე კაბინეტში ადგილი.

რაც უფრო ვითარდებობა ომი, მით უფრო მატულობდა უკმაყოფილება, რის გამოც ხშირი იყო ჯეფერსონის მიერ ორმირებულ კაბინეტში ცვლილებები. ტუმბსი, რომელსაც კონფედერაციის პრეზიდენტობა სურდა, იმედგაცრუებული დარჩა, როგორც მრჩეველი და რამდენიმე თვის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ფელისითი ალენი (1999). ჯეფერსონ დეივისი: დაუძლეველი გული. კოლუმბია: მისურის უნივერსიტეტის პრესა. ISBN 9780826212191.
  • მაიკლ ბალარდი (1986). ხანგრძლივი აჩრდილი: ჯეფერსონ დეივისი და კონფედერაციის უკანასკნელი დღეები. ჯექსონი: მისისიპის უნივერსიტეტის პრესა. ISBN 9780820319414.
  • დონალდ კოლინზი (2005). ჯეფერსონ დეივისის გარდაცვალება და მკვდრეთით აღდგომა. ლენჰემი: რომენ და ლითლფილდ ფაბლიშერსი. ISBN 9780742543041.
  • უილიამ კუპერი (2000). ჯეფერსონ დეივისი, ამერიკელი. ნიუ-იორკი: ალფრედ ა. კნოპფი. ISBN 9780307772640.
  • უილიამ კუპერი (2008). ჯეფერსონ დეივისი და სამოქალაქო ომის ერა. ბატონ-რუჟი: ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტის პრესა. ISBN 9780807153116.
  • რიჩარდ ნ. ქურენთი (1993). კონფედერაციის ენციკლოპედია. ნიუ-იორკი: საიმონ და შუსტერი.
  • ელის მერტონ კულტერი (1950). ამერიკის კონფედერაციული შტატები, 1861–1865, ტომი 7. ბატონ-რუჟი: ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტის პრესა. ISBN 9780807100073
  • უილიამ ჩ. დეივისი (1996). ჯეფერსონ დეივისი: კაცი და მისი დრო. ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტის პრესა. ISBN 9780807120798.
  • უილიამ ე. დოდი (1907). ჯეფერსონ დეივისი. ფილადელფია: ჯორჯ ჯეიკობსი და კომპანია.
  • კლემენტ ითანი (1977). ჯეფერსონ დეივისი. ნიუ-იორკი: თავისუფალი პრესა.
  • პოლ ისკოტი (1978). გამოყოფის შემდეგ: ჯეფერსონ დეივისი და კონფედერაციული ნაციონალიზმის მარცხი. ბატონ-რუჟი: ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტის პრესა. ISBN 9780807118078.
  • ჰერმან ჰეთეუეი და რიჩარდ ბერინჯერი (2002). ჯეფერსონ დეივისი, კონფედერაციის პრეზინდეტი. ლოურენსი: კანზასის შტატის უნივერსიტეტის პრესა. ISBN 9780700611706.
  • ჯეიმზ მაკპჰირსონი (1989). თავისუფლების საბრძოლო ყიჟინა: სამოქალაქო ომის ერა. ნიუ-იორკი: ბეტმენის წიგნები. ISBN 9780195038637.
  • მარკ ნილი უმც. (1993). კონფედერაციული ბასტილია: ჯეფერსონ დეივისი და სამოქალაქო თავისუფლებათა. მილუოკი: მარკეტის უნივერსიტეტის პრესა. ISBN 9780874623253.
  • რემბერტ ვ. პატრიკი (1944). ჯეფერსონ დეივისი და მისი კაბინეტი. ბატონ-რუჟი: ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტის პრესა.
  • ჯორჯ რიბლი (1994). კონფედერაციული რესპუბლიკა: რევოლუცია პოლიტიკის წინააღმდეგ. ჩაპელ-ჰილი: ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პრესა. ISBN 9780807863961.
  • დონალდ სტოკერი (2009) "კონფედერაციის სტრატეგიაში არ ყოფილა თავდასხმის-თავდაცვის გეგმები". სამხედრო ისტორიის ჟურნალი. 73, აპრილი, 571–90.
  • ჰადსონ სტროუდი (1955). ჯეფერსონ დეივისი, ტომი I: ამერიკელი პატრიოტი. ნიუ-იორკი: ჰარკორი, ბრეისი და კომპანია.
  • ჰადსონ სტროუდი (1959). ჯეფერსონ დეივისი, ტომი II: კონფედერაციის პრეზიდენტი. ნიუ-იორკი: ჰარკორი, ბრეისი და კომპანია.
  • ჰადსონ სტროუდი (1964). ჯეფერსონ დეივისი, ტომი III: ტრაგიკული გმირი. ნიუ-იორკი: ჰარკორი, ბრეისი და კომპანია.
  • დეივიდ დონალდი (1995). ლინკოლნი. ნიუ-იორკი: საიმონ და შუსტერი.
  • ჯეიმზ სვანსონი (2010). სისხლიანი დანაშაულები: ჯეფერსონ დეივისზე გამოდევნება და ლინკოლნის ცხედრისათვის ინსცენირებული სიკვდილი. ნიუ-იორკი: ჰერპერკოლინსი. ISBN 9780061233791.
  • ემორი თომასი (1979). კონფედერაციული ერი, 1861–1865. ნიუ-იორკი: ჰარპერი და როუ. ISBN 9780062069467.
  • სტივენ ვუდვორთი (1990). ჯეფერსონ დეივისი და მისი გენერლები: კონფედერაციული სარდლობის მარცხი დასავლეთში. ლოურენსი: კანზასის შტატის უნივერსიტეტის პრესა. ISBN 9780700604616.
  • ჯეფერსონ დეივისი (2003). ჯეფერსონ დეივისი: არსებითი ნაწერები
  • ჯეფერსონ დეივისი (1881). კონფედერაციული მთავრობის აღზევება და დაცემა
  • (1923) ჯეფერსონ დეივისი, კონსტიტუციონალისტი: მისი წერილები, გაზეთები და სიტყვები. ჯექსონი: მისისიპის არქივისა და ისტორიის დეპარტამენტი. 
  • (1971–2012) ჯეფერსონ დეივისის გაზეთები. ლუიზიანის შტატის უნივერსიტეტის პრესა. 
  1. უილიამ კუპერი 2008, გვ. 3–4.
  2. უილიამ კუპერი 2000, გვ. 65.
  3. ჯეიმზ მაკპჰირსონი 1989, გვ. 271–273.
  4. უილიამ კუპერი 2000, გვ. 337–340.
  5. ჰადსონ სტროუდი 1959, გვ. 24–66.
  6. ჯეიმზ მაკპჰირსონი 1989, გვ. 273–275.
  7. დეივიდ დონალდი 1995, გვ. 285–299.
  8. ჯეიმზ მაკპჰირსონი 1989, გვ. 313–319.
  9. ჯეიმზ მაკპჰირსონი (2012). ომი წყალზე: კავშირისა და კონფედერაციის ფლოტები, 1861-1865. ჩაპელ-ჰილი: ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პრესა. ISBN 9780807835883
  10. ჰადსონ სტროუდი 1959, გვ. 90–94.
  11. უილიამ ე. დოდი 1907, გვ. 263.
  12. იოზეფ დოუსონ III (2009). ჯეფერსონ დეივისი და კონფედერაციის შეტევა-თავდაცვის სტრატეგია, აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს. სამხედრო ისტორიის ჟურნალი. გამოცემა 73. გვ. 591–607
  13. უილიამ კუპერი 2000, გვ. 401–402.
  14. რემბერტ ვ. პატრიკი 1944, გვ. 51.
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
თანამდებობა შეიქმნა
კონფედერაციული შტატების პრეზიდენტი
18 თებერვალი 1861 - 10 მაისი 1865
შემდეგი:
თანამდებობა გაუქმდა
წინამორბედი:
ჩარლზ კონრადი
შეერთებული შტატების ომის მდივანი
7 მარტი 1853 - 4 მარტი 1857
შემდეგი:
ჯონ ფლოიდი
წინამორბედი:
სტეფან ადამსი
აშშ-ის სენატორი მისისიპის შტატიდან
4 მარტი 1857 - 21 იანვარი 1861
შემდეგი:
ადელბერტ ამეში
წინამორბედი:
ჯესი სპეითი
აშშ-ის სენატორი მისისიპის შტატიდან
10 აგვისტო 1847 - 23 სექტემბერი 1851
შემდეგი:
ჯონ მაკრეი
წინამორბედი:
ტილმან ტაკერი
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი
მისისიპის დარჩენილ რაიონში

8 დეკემბერი 1845 - 1 ივნისი 1846
შემდეგი:
ჰენრი ელეტი