ვარინა დეივისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვარინა ენი დეივისი
Winnie Davis 001.jpg
დაბ. თარიღი 27 ივნისი, 1864
რიჩმონდი, ვირჯინია, აშშ
გარდ. თარიღი 18 სექტემბერი, 1898 (34 წლის)
საქმიანობა მწერალი

ვარინა ენი „ვინი“ დეივისი (ინგლ. Varina Anne "Winnie" Davis; დ. 27 ივნისი, 1864 — გ. 18 სექტემბერი, 1898) — ამერიკელი მწერალი, ამერიკის კონფედერაციული შტატების პრეზიდენტის, ჯეფერსონ დეივისის ქალიშვილი. იწოდებოდა „კონფედერაციის ქალიშვილად“. ცნობილი გახდა მამასთან ერთად კონფედერატების ვეტერანთა ჯგუფის სახელით გამოსვლებისათვის.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარინა ენი „ვინი“ დეივისი დაიბადა ამერიკის სამოქალაქო ომის დამთავრებამდე ერთი წლით ადრე, კონფედერაციის თეთრ სახლში, რომელიც ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში მდებარეობდა. ის, ვარინა ჰოუელ დეივისისა და ჯეფერსონ დეივისისთვის მეექვსე შვილი და მეორე ქალიშვილი იყო. პატარაობაში, ვარინა ოჯახში ერთადერთი ბავშვი იყო, რომელსაც დედასთან ერთად უფლება ჰქონდა მამასთან სტუმრობისა ფორტ-მონროში, სადაც ჯეფერსონი სამოქალაქო ომის შემდეგ, ორი წლით დააპატიმრეს. საბოლოოდ, მათ ოფიცრებისთვის განკუთვნილი ოთახები მისცეს გამოსაყენებლად.

ადრეულ ასაკში ვინიმ განათლება დედისგან და მამისგან სახლში მიიღო. მოგვიანებით ის მშობლებს დაჰყვებოდა მრავალრიცხოვან მოგზაურობებში. 13 წლის ასაკში, ვარინა სასწავლებლად კარლსრუეში (გერმანია) გააგზავნეს, მისის ფრიდლანდერსის განახლებულ გოგონათა სკოლაში, სადაც 5 წელი დაჰყო. ამ პერიოდში შეიძინა ოდნავ შესამჩნევი გერმანული აქცენტი. შტატებში დაბრუნებამდე ცოტა ხნით, სწავლობდა პარიზშიც.[1]

კონფედერაციის ქალიშვილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1880-იან წლებში, ვინი თავის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ბილოქსში, მისისიპის შტატში, სარა ელის დორსის, მდიდარი ქვრივისა და კონფედერატების მომხრის მიერ მამამისისათვის, ჯეფერსონ დეივისისათვის ნაჩუქარ სახლში. 1886 წელს, ვინი ასაკში შესულ მამასთან ერთად ესტუმრა უესტ-პოინტს, ჯორჯიას და სამხრეთის შტატებს წარუდგინა თავისივე დაწერილი წიგნი, კონფედერაციის ღირსეული მიზნის შესახებ. 1886 წლის 24 აპრილს, გუბერნატორმა ჯონ ბრაუნ გორდონმა მიანიჭა „კონფედერაციის ქალიშვილის“ სახელწოდება. ეს სახელი შემორჩა და ვინი გახდა ვეტერანთა ჯგუფების სახე და შთაგონების წყარო კონფედერაციის ქალიშვილთა გაერთიანებისათვის.

ვარინა უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდა მამამისთან ერთად საზოგადოებაში, გამოდიოდა სიტყვებით და მისთვის ერთგვარი წარმომადგენელი ხდებოდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც კონფედერატთა ჯგუფები, მათ შორის ქალთა გაერთიანებები ომის ისტორიების შემონახვაზე ზრუნავდნენ.[2] 1888 წელს, ვინიმ დაწერა პირველი წიგნი ირლანდიელი რევოლუციონერის, რობერტ ემეტის შესახებ, სათაურით „მე-19 საუკუნის ირლანდიელი რაინდი“.[3]

ვარინა ცნობილი იყო სასიყვარულო რომანებით, მაგრამ არასოდეს დაოჯახებულა. ითვლება, რომ 1885-1886 წლებში ურთიერთობა ჰქონდა პეიზაჟებისა და პორტრეტების მხატვართან, ვერნერ მურ უაიტთან, მაგრამ ეს ურთიერთობა მალევე დასრულდა, როდესაც უაიტი ევროპაში გადავიდა საცხოვრებლად, ხელოვნების სფეროში განათლების მისაღებად. ეს ისტორია ბოლომდე დადასტურებული არაა.[4]

1887 წელს, დეივისმა უფრო სერიოზული ურთიერთობა დაამყარა წარმატებულ ნიუ-იორკელ ადვოკატთან, ალფრედ უილკინსონთან. მათი შეხვედრა მოხდა 1886 წლის გაზაფხულზე, როდესაც ვინი ოჯახის მეგობრებთან რჩებოდა სირაკუზაში. ყმაწვილი დედამისმაც გაიცნო და მოეწონა, მაგრამ მამამისი ამ კავშირის წინააღმდეგი იყო, რის მიზეზადაც ასახელებდა ალფრედის ბაბუას, რომელიც მონობის გაუქმების მომხრეთა შორის ეწერებოდა. გაცნობის შემდეგ, ჯეფერსონმა დაივიწყა თავისი უკმაყოფილება და საბოლოოდ, 1889 წელს ნიშნობა გამოცხადდა. ეს ნიშნობა სამოქალაქო ომის ჭრილობების მოშუშებას ჰგავდა.

სამწუხაროდ ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. კონფედერატები თვლიდნენ, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ვარინა სამხრეთელ გენერალს ან რობერტ ლის შთამომავალს გაჰყვებოდა. ამასობაში მოწინააღმდეგეებმა უილკინსონის სახლი გადაწვეს და ვინის დედაც ქორწინების წინააღმდეგი შეიქნა. ჯეფერსონის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახი ფინანსური კრიზისის წინაშე დადგა და ქალი მიხვდა, რომ ალფრედი მას ვერ უზრუნველყოფდა. ნიშნობა 1890 წელს ოფიციალურად ჩაიშალა.[5][6]

1891 წელს, ვინი და დედამისი ნიუ-იორკში გადავიდნენ საცხოვრებლად, რადგან მისისიპის კლიმატს ვერ ეგუებოდნენ. ორივე ხვდებოდა, რომ მუშაობის გარეშე თავს ვეღარ გაიტანდნენ. სამსახური იშოვეს „New York World“ გაზეთში კორესპონდენტებად. ამ პერიოდში ვინიმ დაწერა წიგნები „იდუმალი ექიმი“ და „ზაფხულის ზღვის რომანები“. ორივე წიგნი წარმატებული აღმოჩნდა.[7]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1898 წლის ივლისში, ატლანტაში (ჯორჯიის შტატი) ძლიერ წვიმაში მოყოლის შემდეგ, ვინი ძალიან ავად გახდა. შემდეგ დედასთან შესახვედრად გაემგზავრა როდ-აილენდში, სადაც ზაფხულის არდადეგებს მდიდრულ სასტუმროში ატარებდნენ-ხოლმე. ექიმებმა მას მალარიული გასტრიტის დიაგნოზი დაუსვეს. იგი კვირების განმავლობაში იტანჯებოდა ციებ-ცხელებით და უმადობით. როკინგემის სასტუმრო სექტემბრის დასაწყისში დაიკეტა, თუმცა, მეპატრონემ ვინის და დედამისს დარჩენის ნება დართო. ვინი, 1898 წლის 18 სექტემბერს, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია რიჩმონდის ჰოლივუდის სასაფლაოზე სამხედრო პატივით, კონფედერატთა ვეტერანების ჯგუფისთვის გაწეული ღვაწლისთვის.[8]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • Cashin, Joan (2006). First Lady of the Confederacy: Varina Davis's Civil War, Cambridge, MA: Belknap Press of Harvard University Press.
  • Ross, Ishbel, First Lady of the South, The Life of Mrs. Jefferson Davis, Harper & Brothers Publishers, New York, 1958
  • Rowland, Eron. Varina Howell, Wife of Jefferson Davis,, New York: The Macmillan Co., 1927 and 1931 (two volumes)
  • Strode, Hudson (1955). Jefferson Davis, Volume I: American Patriot. New York: Harcourt, Brace & Company.
  • Strode, Hudson (1964). Jefferson Davis, Volume III: Tragic Hero. New York: Harcourt, Brace & Company.
  • Wyatt-Brown, Bertram (1994). The House of Percy: Honor, Melancholy and Imagination in a Southern Family, New York: Oxford University Press.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Winnie Davis: Daughter of the Lost Cause by Heath Hardage Lee
  2. David W. Blight, Race and Reunion: The Civil War in American Memory, Cambridge: Belkap Press of Harvard University Press, 2001
  3. Winnie Davis: Daughter of the Lost Cause by Heath Hardage Lee
  4. Baker, James Graham; Southwestern Historical Quarterly Vol CXIII; April 2010
  5. Winnie Davis: Daughter of the Lost Cause
  6. Cashin, Joan (2006). First Lady of the Confederacy: Varina Davis's Civil War. Cambridge, MA: Belknap Press of Harvard University Press, გვ. 261–264. 
  7. Winnie Davis: Daughter of the Lost Cause by Heath Hardage Lee
  8. Winnie Davis: Daughter of the Lost Cause by Heath Hardage Lee