ჯენე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძველი ქალაქი ჯენე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა მალის დროშა მალი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 13°54′00″ ჩ. გ. 4°33′00″ დ. გ. / 13.90000° ჩ. გ. 4.55000° დ. გ. / 13.90000; -4.55000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1988  (მე-12 სესია)
ნომერი 116
საფრთხის ქვეშ 2016-დან -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 116
ინგლ.რუს.ფრ.

ჯენე (ფრანგ. Djenné) — ურბანული კომუნა და ქალაქი ცენტრალურ მალიში, შიდა ნიგერის დელტის რეგიონში. 2009 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 32 944 ადამიანს შეადგენდა. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება მოპტის რეგიონს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯენე — სუბსაჰარული აფრიკის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მდებარეობს ნიგერის შიდა დელტის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ნიგერსა და მდინარე ბანს შორის, 398 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით ბამაკოდან და 76 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით ქალაქ მოპტიდან. ქალაქს უკავია დაახლოებით 70 ჰა ტერიტორიის ფართობი, რომელიც წვიმების სეზონის დროს კუნძულად გადაიქცევა.

ჯენეს კომუნას უკავია 302 კმ² ფართობი და ქალაქ ჯენესთან ერთად მოიცავს კიდევ 10 შემოგარენ სოფლებს: ბალე, დიაბოლო, გომნიკუბოიე, კამარაგა, კერა, ნიალა, სოალა, სინი, ველინგარა და იენლედა.[1][2]. კომუნის ადმინისტრაციულ ცენტრთან ერთად ქალაქი ჯენე ასევე წარმოადგენს ჯენეს ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს, რომელიც მოპტის რეგიონის 8 ოლქიდან ერთ-ერთია[2].

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯენესათვის დამახასიათებელია მშრალი და ცხელი კლიმატი. ყველაზე უფრო ცხელი თვეებია — აპრილი და მაისი, როდესაც ჰაერის ტემპერატურის დღის საშუალო მაქსიმუმი შეადგენს დაახლოებით 40 °C-ს. ცოტა უფრო გრილა, მაგრამ ასევე საკმაოდ ცხელა, ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით; მხოლოდ დეკემბერში და იანვარში ჰაერის ტემპერატურის დღის საშუალო მაქსიმუმი ეცემა 32 °C-ზე დაბლა. დეკემბრიდან მარტის ჩათვლით ჩრდილო-აღმოსავლეთიდან (საჰარის უდაბნოდან) ქრის მშრალი და მტვრიანი ჰარმატანის ქარი. როდესაც ეს ქარი განსაკუთრებით ძლიერია, მტვერი საკმაოდ ზღუდავს მხედველობას. ნალექების წლიური ნორმა შეადგენს დაახლოებით 550 მმ-ს; ყველაზე უფრო წვიმიანი თვეა — აგვისტო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯენეს დიდი მეჩეთი

ჯენე დაარსდა XIII საუკუნეში ტრანსსაჰარული ვაჭრობის გზაზე, როგორც საქონლის გაცვლის ადგილი (პირველ რიგში, მარილი) სუდანელ მუსლიმ ვაჭრებსა და გვინეის ტროპიკული ტყეების მოსახლეობას შორის. ტომბუქტუდან ის უერთდებოდა მდინარის გზებით, ხოლო ოქროს ნაპირიდან — ტყის ბილიკებით. ჯენეს ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქალაქ ტომბუქტუსთან. XV-XVII საუკუნეებში, ტრანსსაჰარული ვაჭრობის ბევრი პროდუქტი, მაგალითად მარილი, ოქრო, მონები, ტომბუკტუდან ჯენეს გავლით გაედინებოდა. სულ მალე ორივე ქალაქი ისლამური სწავლების ცენტრი გახდა. ჯენეს კეთილდღეობა მთლიანად დაკავშირებული იყო ვაჭრობასთან, ამიტომ, როდესაც პორტუგალიელებმა აფრიკის სანაპირო ზოლში სავაჭრო პოსტი დააარსეს, ტრანსსაჰარულმა ვაჭრობამ მნიშვნელობა დაკარგა, შესაბამისად დაკნინდა ჯენეც. სონგაის იმპერიის დამაარსებელმა სონი ალიმ იგი დაიპყრო 1473 წელს შვიდწლიანი ალყის შემდეგ. მის ქვეყანაში ჯენე გახდა მნიშვნელობით მეორე კულტურული და სავაჭრო ცენტრი ტომბუქტუს შემდეგ.

1670 წლიდან 1818 წლამდე ჯენე, რომელმაც საზღვაო ვაჭრობის განვითარების გამო კიდევ უფრო დაკარგა თავისი სავაჭრო მნიშვნელობა, შედიოდა ბამბარის იმპერიის შემადგენლობაში. 1818 წელს იგი დაიპყრო ფულბეს ტომის ბელადმა, სახელად ლობომ და მისი შემოგარენიდან გარეკა ყველა არამუსლიმი. 1893 წელს ჯენე გადავიდა საფრანგეთის ხელში, რომელმაც ვაჭრობის დიდი ნაწილი გადაიტანა მეზობელ ქალაქ მოპტიში.

1988 წელს ქალაქის ისტორიული ნაწილი შევიდა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. ქალაქის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაგებობაა ამ რეგიონისათვის ტრადიციული, ჯერ კიდევ XIII საუკუნის სტილით, დაპრესილი აგურით (ადობე) აშენებული — ჯენეს დიდი მეჩეთი, რომელიც მრავალჯერ იყო დანგრეული და თავისი დღევანდელი სახე მიიღო 1907 წელს. ქალაქის სამხრეთით მდებარეობს ჯენე-ჯენო, უძველესი ცნობილი ქალაქების არეალი სუბსაჰარულ აფრიკაში. 1988 წელს, ქალაქი ჯენე ჯენე-ჯენოსთან ერთად იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის მონაცემებით ჯენეს კომუნის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 32 944 ადამიანს[3]. მოსახლეობის ძირითადი სალაპარაკო ენაა სონგაის ენების ერთ-ერთი დიალექტი. შემოგარენი სოფლების მოსახლეობა ასევე ლაპარაკობს ფულანის, ბამბარას და სხვა ენებზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Plan de Securite Alimentaire Commune Urbaine de Djenné 2006–2010, Commissariat à la Sécurité Alimentaire, République du Mali, USAID-Mali, 2006, http://www.csa-mali.org/plans/mopti/plansa_djenne/P_S_A_Djenne.pdf. წაკითხვის თარიღი: 2017-08-27
  2. 2.0 2.1 Communes de la Région de Mopti, Ministère de l’administration territoriale et des collectivités locales, République du Mali, http://www.matcl.gov.ml/pdf/ComRegMopti.pdf. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2017 დაარქივებული 9 March 2012[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  3. Resultats Provisoires RGPH 2009 (Région de Mopti), République de Mali: Institut National de la Statistique, http://instat.gov.ml/documentation/mopti.pdf. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2017 დაარქივებული 27 July 2012[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჯენე&oldid=4551177“-დან