ჯემალ ზეინკლიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯემალ ზეინკლიშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჯემალ ვასილის ძე ზეინკლიშვილი
დაბადების
თარიღი
7 იანვარი, 1937
დაბადების
ადგილი
ბორჯომი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
1 სექტემბერი, 2011 (74 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
ბორჯომი, საქართველო
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1954–1955 პიშჩევიკი
1956–1957 ფშმ თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1958 ბურევესტნიკი ? (?)
1959–1965 დინამო თბ. 171 (6)
1967 მეშახტე 3 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ჯემალ ზეინკლიშვილი (დ. 7 იანვარი, 1937, ბორჯომი, საქართველოს სსრ — გ. 1 სექტემბერი, 2011, ბორჯომი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. იცავდა თბილისის „ბურევესტნიკის“, თბილისის „დინამოსა“ და ტყიბულის „მეშახტის“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1959).[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯემალ ზეინკლიშვილი დაიბადა და გაიზარდა ბორჯომში. ფეხბურთით ბავშვობიდანვე ინტერესდება და მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ახალგაზრდობაში გატაცებული იყო სათხილამურო სპორტითაც, სადაც გარკვეული წარმატებებიც ჰქონდა, ბოლოს მაინც ფეხბურთს ირჩევს.

ფეხბურთის თამაშს აქვე, ადგილობრივ სპორტსკოლაში იწყებს და მალევე, თითქმის ყველა ამპლუაში თამაშის თანაბარი უნარისა და გამორჩეული საფეხბურთო მონაცემების წყალობით ბორჯომის მთავარი გუნდის, „პიშჩევიკის“ წევრი ხდება.

1955 წლის ზაფხულში საქართველოს ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში ბორჯომელთა გუნდი სოხუმის „დინამოს“ მასპინძლობს. მატჩს საგანგებოდ ესწრებიან ანდრო ჟორდანია, ნესტორ ჩხატარაშვილი და სპორტკომიტეტის თავმჯდომარე გიორგი სიხარულიძე.

თამაში მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–2 მთავრდება, რომელთა რიგებში ქართული ფეხბურთის აღიარებული სპეციალისტების ყურადღებას ჯემალ ზეინკლიშვილის თამაში იპყრობს და მას თბილისის ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლაში (ფშმ)[კომ. 1] იწვევენ, სადაც ცნობილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, მიხეილ მესხის აღმზრდელის, არჩილ კიკნაძის ხელმძღვანელობით აგრძელებს საფეხბურთო ოსტატობის ამაღლებას.

1956 წელს საქართველოს ნაკრების რიგებში, რომელსაც ანდრო ჟორდანია უდგას სათავეში, მონაწილეობას იღებს ჭაბუკ ფეხბურთელთა საკავშირო ტურნირზე, რომელიც ლენინგრადში იმართება. ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ქართველები უკრაინელ თანატოლებს უპირისპირდებიან. გადამწყვეტი მატჩი ანდრო ჟორდანიას შეგირდების გამარჯვებით მთავრდება და ქართველი ფეხბურთელები საპატიო თასს ეუფლებიან, ხოლო ჯემალ ზეინკლიშვილი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მფლობელი ხდება.

1957 წლიდან თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტია, რომლის საფეხბურთო გუნდის რიგებში წარმატებით ასპარეზობს, როგორც საქართველოს პირველობაზე, ასევე, სტუდენტთა საკავშირო საფეხბურთო ტურნირებში.[კომ. 2]

1958 წლიდან თბილისის „ბურევესტნიკის“ რიგებში თამაშობს,[3] საიდანაც თბილისის „დინამოს“ მესვეურები მას საქართველოს პირველი გუნდის რიგებში იწვევენ.

1959 წლიდან თბილისის „დინამოშია“. გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად 1959 წლის 16 მაისს საბჭოთა კავშირის პირველობის მე-5 ტურის კალენდარულ მატჩში, მოსკოვის „ტორპედოს“ წინააღმდეგ გამოდის.[კომ. 3] დინამოელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: სერგო კოტრიკაძე, ვლადიმერ ელოშვილი, გივი ჩოხელი, გივი ხოჭოლავა, ალექსანდრე კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, თენგიზ მელაშვილი, შოთა იამანიძე, ზაურ კალოევი, ავთანდილ ღოღობერიძე და მიხეილ მესხი. შეხვედრის 21-ე წუთზე ჯემალ ზეინკლიშვილი ავთანდილ ღოღობერიძის ნაცვლად შემოდის მოედანზე. თამაში სტუმართა თავდამსხმელის იური ფალინის მე-11 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოსკოველთა გამარჯვებით 1–0 მთავრდება.[4]

თბილისის „დინამოს“ მაისურით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში ბოლოჯერ 1965 წლის 13 ივნისს, საკავშირო ჩემპიონატის მე-8 ტურის კალენდარულ მატჩში, მოსკოვის „დინამოს“ წინააღმდეგ ითამაშა.[კომ. 4] თბილისელთა შემადგენლობაში თამაშობდნენ: რამაზ ურუშაძე, ბორის სიჭინავა, მურთაზ ხურცილავა, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, გოჩა ხართიშვილი, ილია დათუნაშვილი (ნოდარ მაისურაძე 46'), ვლადიმერ ბარქაია, სლავა მეტრეველი და ელგუჯა ხუციშვილი. შეხვედრა კვლავ მოსკოველთა გამარჯვებით, ამჯერად, ანგარიშით 2–1 დამთავრდა.[5]

„დინამოს“ რიგებში შვიდი სეზონის განმავლობაში თამაშობს. გუნდთან ერთად 1959 და 1962 წლებში საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ხოლო 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელი ხდება.[6]

ჯემალ ზეინკლიშვილი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში (1959–1965) უმაღლეს ლიგის საკავშირო პირველობის 171 შეხვედრას (6 გოლი) და საკავშირო თასის გათამაშების 14 მატჩს ატარებს. ამას გარდა, საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრების ფარგლებში „დინამოელთა“ მაისურით კიდევ 35-ჯერ გამოდის მწვანე მინდორზე.

საფეხბურთო კარიერას 1967 წელს ტყიბულის „მეშახტეში“, 30 წლის ასაკში ამთავრებს.

გარდაიცვალა 2011 წლის 1 სექტემბერს. დაკრძალულია ბორჯომში.[7][8][9]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • 1st ჩემპიონი: 1964
  • 3rd ბრინჯაოს პრიზიორი (2): 1959, 1962
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1960[10]

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

33 საუკეთესო
  • №3: 1964

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე.[11][კომ. 5][12][კომ. 6][6][კომ. 7][13]

1964 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[14][15][კომ. 8]

თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატისა და თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებულ 177 შეხვედრაში მსაჯებმა მას მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი უჩვენეს.

1997 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის ჯემალ ზეინკლიშვილი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.[16][კომ. 9]

მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა, ასევე, ადგილობრივი სპორტული საზოგადოების ინიციატივით და ქალაქის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ბორჯომის სტადიონს ჯემალ ზეინკლიშვილის სახელი მიენიჭა.

2017 წელს ჯემალ ზეინკლიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო თარიღი ღონისძიებით აღნიშნეს მის მშობლიურ ქალაქ ბორჯომში, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივრებთან ერთად მისი მეგობრები, კოლეგები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დროს შესრულებული მისი ფოტოები და მეგობრული შარჟები, რამაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია და უფრო მეტი სიხალისე შემატა ღონისძიებას.

მისმა მეგობრებმა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს მის მიერ განვლილი საფეხბურთო გზა, მათ შორის თბილისის „დინამოს“ მიერ 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტში მოპოვებული პირველი საჩემპიონო ტიტული, რაშიც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი თანაგუნდელებთან ერთად ჯემალ ზეინკლიშვილმაც შეიტანა.[17]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემატური საიტები
dinamo-tbilisi.ru · FootballFacts.ru
ფოტო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · ქართული სპორტი

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფშმ (რუს. Футбольная школа молодёжи (ФШМ)) — ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლა. ქართულ სპორტულ პრესაში აღნიშნული საფეხბურთო კლუბი წარმოდგენილია ასევე, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლა (თბილისი) ან ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლა (თბილისი). იხ. „ლელო“ // 6 აპრილი, 1975, № 68 (5358), გვ. 4.
  2. ბორჯომიდან დაწყებული გზა. თბილისის „დინამოს“ „ოქროს ბიჭების“ თაობის შესანიშნავი წარმომადგენელი, ტაშკენტის მატჩის ერთ-ერთი გმირი ჯემალ („სვისტუნა“) ზეინკლიშვილი დღესაც უდიდესი სიამოვნებით იგონებს 1964 წლის 18 ნოემბრის დაუვიწყარ შეხვედრას და საერთოდ, თბილისის „დინამოში“ გატარებულ წლებს. ქართული პრესის ელექტრონული არქივი. ვაჟა ჭიაურელი, 17 დეკემბერი, 2002.
  3. შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 35 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო.
  4. შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 40 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო.
  5. 1964 წლის 18 ნოემბერი — თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა. თბილისის „დინამომ“ და მოსკოვის „ტორპედომ“ რეგულარულ პირველობაზე 46–46 ქულა დააგროვეს, ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრა დაინიშნა. ოქროს მატჩი, ტაშკენტში, ზუსტად 49 წლის წინ — 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. ოქროს მატჩში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე (კაპ), სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. 18 ნოემბერი, 2013. თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი.
  6. 1964. თბილისის „დინამომ“ ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის „ტორპედოს“ 4:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად მოიგო საკავშირო პირველობა. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (2), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. „დინამო“: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი. მათ გარდა ჩემპიონობისათვის განკუთვნილი ოქროს მედლები გურამ პეტრიაშვილსა და ალექსანდრე აფშევს გადაეცათ. იმ ჩემპიონატის მატჩებში მეკარე ნოდარ ლეჟავამ (10 მატჩი), მურთაზ ხურცილავამ (8), ელგუჯა ხუციშვილმა (5), ზაურ კალოევმა (1) და ნომადი მაისურაძემ (1) იასპარეზეს. გუნდს გავრილ კაჩალინი წვრთნიდა. 18 ნოემბერი, 2013.
  7. "Динамо" Тб: Котрикадзе, Б.Сичинава, Зейнклишвили, Цховребов, Рехвиашвили, Яманидзе (к), Г.Сичинава, Метревели, Датунашвили, Баркая, Месхи. "Торпедо" М: Шаповаленко, Андреюк, Мещеряков, Шустиков, Сараев, Марушко, Воронин, Соловьёв, Вал.Иванов (к) (Сидоров, 62), Щербаков, Сергеев. Голы: 0:1 Щербаков (56), 1:1 Датунашвили (73), 2:1 Датунашвили (92), 3:1 Месхи (102), 4:1 Метревели (107, с пенальти). fc-dynamo.ru.
  8. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). თავდაპირველად საუკეთესოებს ავლენდნენ გაზეთები „კრასნი სპორტი“ («Красный спорт»), ხოლო შემდეგ ჟურნალი „ფიზკულტურა და სპორტი“ («Физкультура и спорт»). 1933 წლიდან საუკეთესოთა სიის დამტკიცება ხდებოდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურის უმაღლესი საბჭოს, 1938 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის სექციის, ხოლო 1959 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის მიერ. 1930 წლიდან სია წარმოადგენდა ფეხბურთელთა სამ სიმბოლურ შემადგენლობას იმ მოთამაშეთაგან, რომელთაც მიღწეული სეზონური მაჩვენებლებიდან გამომდინარე აკუთვნებდნენ შესაბამის ნომერს (№ 1, № 2 და № 3). 1928 წელს სიაში შეიყვანეს 44 ფეხბურთელი, ხოლო 1938 წელს — ქვეყნის 55 საუკეთესო მოთამაშე. საბჭოთა ფეხბურთის მთელი ისტორიის მანძილზე 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში სულ 616 ფეხბურთელი იყო წარმოდგენილი.
  9. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №541. 1997 წლის 25 სექტემბერი, ქ. თბილისი. თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ. სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 108
  2. Зейнклишвили Джемал Васильевич // dinamo-tbilisi.ru
  3. თამაში გამოცოცხლდა ბურთის გატანის შემდეგ // „ლელო“, 25 სექტემბერი, 1958, № 115 (1285), გვ. 3.
  4. Динамо (Тбилиси) 0–1 Торпедо (Москва) // fc-dynamo.ru
  5. «Динамо» Тбилиси 1–2 «Динамо» Москва // Footballfacts.ru
  6. 6.0 6.1 "Динамо" Тб. 4–1 "Торпедо" М. // Чемпионат СССР 1964 // fc-dynamo.ru
  7. „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელი ჯემალ ზეინკლიშვილი გარდაიცვალა
  8. Смерть Джемала Зеинклишвили — большая потеря для Грузии
  9. Скончался ветеран тбилисского «Динамо» Джемал Зеинклишвили
  10. Torpedo Moskva 4–3 Dinamo Tbilisi // Soviet Union Cup 1959/60
  11. გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში
  12. ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში — 18 ნოემბერი // worldsport.ge
  13. Золотой матч чемпионата СССР 1964 года // YouTube
  14. 33 лучших футболистов сезона в СССР // ru.unionpedia.org
  15. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია // dic.academic.ru
  16. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №541 // matsne.gov.ge
  17. ბორჯომში ჯემალ ზეინკლიშვილი გაიხსენეს // borjomi.tv