რამაზ ურუშაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რამაზ ურუშაძე
Ramaz Urushadze (1939–2012) FC Dinamo Tbilisi Goalkeeper (1965–1971).jpg
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
17 აგვისტო, 1939
დაბადების
ადგილი
ლანჩხუთი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
7 მარტი, 2012 (72 წლის)
სიმაღლე 188 სმ.
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
1957–1958 ლოკომოტივი ქუთაისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1959–1960 დინამო თბ.
1960–1964 ტორპედო ქ. 91
1965–1971 დინამო თბ. 161
ეროვნული ნაკრები
1963–1964 საბჭოთა კავშირი 2 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

რამაზ ურუშაძე (დ. 17 აგვისტო, 1939, ლანჩხუთი, საქართველოს სსრ — გ. 7 მარტი, 2012) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მეკარე. იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების ღირსებას.[1][2][3][4] გამოირჩეოდა სტაბილური, საიმედო და თანაბრად ძლიერი თამაშით, როგორც კარში სათანადო პოზიციის შერჩევისას, ასევე, კარიდან დროული გამოსვლის და ბურთისთვის ბრძოლის დროს. 121 შეხვედრაში შეინარჩუნა საკუთარი კარი აუღებლად, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში. ამ მაჩვენებლით (2018 წლისათვის არსებული სტატისტიკური მონაცემებით) იგი მე-20 ადგილს იკავებს, როგორც საბჭოთა, ისე, შემდგომი პერიოდის მეკარეთა შორის. ქართველი მეკარეებიდან უფრო მაღალი შედეგი, მხოლოდ ოთარ გაბელიას (130 მატჩი, მე-18 ადგილი) და ანზორ კავაზაშვილს (163 მატჩი, მე-7 ადგილი) აქვთ. ითვლება ქართული ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ.

1963 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[5][6]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1955 წელს ლანჩხუთში. გამოდიოდა საქართველოს პირველობის მესამე ჯგუფში მოასპარეზე ლანჩხუთის „განთიადში“. შემდეგ ლანჩხუთის „გურიის“ წინამორბედ — „კოლმეურნეში“, სადაც ვიქტორ ბერეჟნოიმ მიიწვია. 1958 წლიდან ქართული და საბჭოთა ფეხბურთის აღიარებული სპეციალისტის, საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის, ანდრო ჟორდანიას მიწვევით ქუთაისის „ტორპედოს“ რიგებში აგრძელებს თამაშს. ქუთათურთა გუნდის ახალწვეული რამაზ ურუშაძე ერევანში გამართულ თავის პირველივე გასვლით მატჩში, ადგილობრივი „არარატის“ წინააღმდეგ ორი პენალტის აღებას ახერხებს. მეკარის საფეხბურთო კარიერისთვის ასეთი შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ მალევე იმკვიდრებს ადგილს გუნდის ძირითად შემადგენლობაში.

1959 წელს, ანდრო ჟორდანიას თბილისის „დინამოში“ იწვევენ. თბილისელთა „ახალ“ მწვრთნელს (რომელიც თავისი სამწვრთნელო მოღვაწეობის განმავლობაში მეოთხედ იკავებს დედაქალაქის გუნდის მთავარი დამრიგებლის თანამდებობას) რამაზ ურუშაძეც თან გადაყავს. საქართველოს უპირველესი გუნდის რიგებში ჩარიცხვა, თავისთავად მიუთითებს მისი, როგორც მეკარის და ზოგადად, როგორც სპორტსმენის მაღალ პროფესიონალიზმზე. თუმცა „დინამოელთა“ გუნდში მეკარის პოზიციაზე არსებული დიდი კონკურენციის გამო, იგი გარკვეული დროით, კვლავ ქუთაისში ბრუნდება, სადაც 1964 წლამდე თამაშობს.

ქართული ფეხბურთის ისტორიის მკვლევართა, ავტორიტეტულ ექსპერტთა, ისევე როგორც თანაგუნდელთა და იმ პერიოდის გულშემატკივართა აღიარებით მან დიდი წვლილი შეიტანა 60-იანი წლების ქუთაისის „ტორპედოს“ როგორც სათამაშო ოსტატობის ამაღლების, ასევე, სატურნირო აღმასვლის თვალსაზრისით მიღწეული თვალსაჩინო წარმატების საქმეში, კერძოდ, გუნდის საკავშირო ჩემპიონატების პირველი ლიგიდან უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის დამკვიდრებაში.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1959–1960 წლებში თბილისის „დინამოს“ დუბლშემადგენლობაშია, სადაც დუბლიორთა მიმდინარე საკავშირო ჩემპიონატის რვა შეხვედრაში გამოდის. 1960–1964 წლებში ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავს, რომლის მაისურით პირველი ორი სეზონი (1960–1961) საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ლიგაში თამაშობს. 1962 წლიდან „ტორპედო“ უმაღლეს ლიგაში ინაცვლებს, სადაც ზედიზედ ცხრა სეზონის განმავლობაში (1962–1970) ინარჩუნებს ადგილს. თბილისის „დინამოში“ გადასვლამდე იგი „ტორპედოს“ მაისურით უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 91 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. ქუთათურთა კლუბში მისი სტაბილური თამაში შეუმჩნეველი არ რჩებათ საბჭოთა ნაკრების მესვეურებს და სწორედ „ტორპედოში“ ასპარეზობისას იღებს იგი მოწვევას ჯერ საბჭოთა კავშირის ოლიმპიური, ხოლო შემდეგ ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობიდან.

1965 წლიდან კვლავ თბილისის „დინამოშია“. „დინამოს“ რიგებში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 161 შეხვედრას, ხოლო საკავშირო თასის გათამაშების — 17 მატჩს ატარებს. „დინამოსთან“ ერთად იგი სამჯერ ხდება ქვეყნის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი (1967, 1969, 1971). საფეხბურთო კარიერას 1971 წელს, 32 წლის ასაკში, ამავე კლუბში ასრულებს.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმატებული და იმედისმომცემი სანაკრებო კარიერის დასაწყისის მიუხედავად, მან მხოლოდ ორი მატჩი ითამაშა საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში: იტალიისა და ურუგვაის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.

პირველი, ევროპის 1964 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი — საბჭოთა კავშირისა და იტალიის ეროვნულ ნაკრებს შორის გაიმართა მოსკოვის ლენინის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე 1963 წლის 13 ოქტომბერს და დამთავრდა მასპინძელთა გამარჯვებით — 2–0. ორივე გუნდისთვის ამ მეტად პრინციპულ დაპირისპირებას 102 358 მაყურებელი დაესწრო. გოლები ვიქტორ პონედელნიკმა (22') და იგორ ჩისლენკომ (42') გაიტანეს. აღნიშნულ შეხვედრაში რამაზ ურუშაძესთან ერთად, ქართული ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი — სლავა მეტრეველიც მონაწილეობდა. იტალიელთა ღირსებას ნაკრების სხვა წევრებთან ერთად მსოფლიო ფეხბურთის ისეთი აღიარებული ავტორიტეტები იცავდნენ, როგორებიც არიან — ჩეზარე მალდინი, ჯაჩინტო ფაკეტი, ჯოვანი ტრაპატონი და ჯანი რივერა.[7]

მეორე, საერთაშორისო ამხანაგური მატჩი — საბჭოთა კავშირისა და ურუგვაის ეროვნულ ნაკრებს შორის იმავე სტადიონზე, 1964 წლის 20 მაისს გაიმართა და კვლავ მასპინძელთა გამარჯვებით დამთავრდა — 1–0. ამჯერად, შეხვედრას 25 000 მაყურებელი ადევნებდა თვალს. მატჩის ერთადერთი გოლი ედუარდ მუდრიკმა გაიტანა (59').

იგი იყო ევროპის 1964 წლის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მონაწილე საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების წევრი, რომელმაც ამ ტურნირზე ვერცხლის მედლები მოიპოვა (როდესაც მეტად დრამატული ფინალი დათმო ესპანელებთან). თუმცა ფინალური ეტაპის მატჩებში მას მონაწილეობა არ მიუღია.

ასევე, შედიოდა საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში, რომლის რიგებშიც 1964 წლის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ორივე შეხვედრა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ოლიმპიური ნაკრების წინააღმდეგ გაიმართა. პირველი მატჩი შედგა ლაიფციგის ცენტრალურ სტადიონზე 1964 წლის 31 მაისს და დამთავრდა ფრედ — 1–1. შეხვედრას 80 000 მაყურებელი ესწრებოდა. მასპინძლებმა ანგარიში მალევე გახსნეს. პირველივე ტაიმის მე-11 წუთზე ჰენინგ ფრენცელის გოლით გერმანელები დაწინაურდნენ. ამის შემდეგ, ორმხრივი მცდელობის მიუხედავად, მთელი მატჩის განმავლობაში ანგარიში უცვლელი რჩებოდა. თუმცა, საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე, შეხვედრის 89-ე წუთზე სევიდოვის გოლმა სტუმრებს საპატიო ფრე მოუტანა.

მეორე და საპასუხო დაპირისპირება მოსკოვის ლენინის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე 1964 წლის 7 ივნისს გაიმართა და იმავე ანგარიშით დასრულდა — 1–1. ამჯერად, მატჩის სანახავად 85 000 გულშემატკივარი შეიკრიბა. ანგარიში წინა მატჩის მსგავსად, პირველი ტაიმის დასაწყისშივე, შეხვედრის მე-15 წუთზე ოლეგ კოპაევის გოლით გაიხსნა, თუმცა მასპინძლებმა ვერ შეძლეს სასურველი ანგარიშის შენარჩუნება. 62-ე წუთზე ჰეინო კლეიმინგერის მიერ გატანილმა გოლმა გერმანელები დამარცხებისაგან იხსნა და საპასუხო მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1967, 1969, 1971
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1970 [8][9]

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

33 საუკეთესო
  • №2: 1963
ლევ იაშინის სიმბოლური კლუბი
  • კლუბის წევრი: 121 მატჩი გაშვებული გოლის გარეშე

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართველი სპორტსმენები: ბიოგრაფიული ლექსიკონი — რამაზ ურუშაძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე იმათ, ვინც ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულ სპორტსმენთა შესახებ ინფორმაციას. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 26 ივნისი, 2018.
  2. ქართველი სპორტსმენები: ბიოგრაფიული ლექსიკონი — რამაზ ურუშაძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე იმათ, ვინც ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულ სპორტსმენთა შესახებ ინფორმაციას. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 25 დეკემბერი, 2018.
  3. რამაზ ურუშაძე — პერსონალური გვერდი. თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. Урушадзе, Рамаз Павлович — Персональная страница. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. dinamo-tbilisi.ru. წაკითხვის თარიღი: 25 დეკემბერი, 2018.
  4. რამაზ ურუშაძის საკავშირო და საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების სტატისტიკა. Урушадзе, Рамаз Павлович — Родился: 17.08.1939, Ланчхути, Грузинская ССР. Амплуа: вратарь. footballfacts.ru. წაკითხვის თარიღი: 25 დეკემბერი, 2018.
  5. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). dic.academic.ru. წაკითხვის თარიღი: 29 ივნისი, 2018.
  6. Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 29 ივნისი, 2018.
  7. Soviet Union 2–0 Italy — 13 October 1963. Central Lenin Stadium, Moscow. Attendance: 102,358. Soviet Union: 1. Ramaz Urushadze, 2. Eduard Dubinskiy, 3. Anatoli Krutikov, 4. Albert Shesternev, 5. Valeri Voronin (C), 6. Valeri Korolenkov, 7. Slava Metreveli, 8. Igor Chislenko (42'), 9 Viktor Ponedelnik (22'), 10. Valentin Ivanov, 11. Galimzyan Khusainov. Italy: 1. William Negri, 2. Cesare Maldini (C), 3. Giacinto Facchetti, 4. Aristide Guarneri, 5. Alessandro Salvadore, 6. Giovanni Trapattoni, 7. Giacomo Bulgarelli, 8. Mario Corso, 9. Angelo Sormani, 10. Gianni Rivera, 11. Ezio Pascutti. UEFA.com. წაკითხვის თარიღი: 25 დეკემბერი, 2018.
  8. Andrei Balitskiy and Mike Dryomin (29 თებერვალი, 2012). Soviet Union Cup 1970 — Dinamo Moskva 2–1 Dinamo Tbilisi. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 25 დეკემბერი, 2018.
  9. „დინამო“ მოსკოვი 2–1 „დინამო“ თბილისი — 8 აგვისტო, 1970. "Динамо" (Москва) - "Динамо" (Тбилиси) 2:1 (1:0). Голы: 1:0 В.Эштреков (17), 2:0 Г.Еврюжихин (62), 2:1 Ш.Хинчагашвили (67). 8 августа 1970. 18:00. Финал. Москва. Центральный стадион имени В.И.Ленина. Второй тайм электроосвещение. Ясно. 24 градуса. 103000 зрителей. Источник: Интернет ресурсы & Ткачук И.А.; Сайт болельщиков о футбольном клубе "Динамо" (Москва). fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 25 დეკემბერი, 2018.