შინაარსზე გადასვლა

ფრიდრიხ ავგუსტ II (საქსონია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრიდრიხ ავგუსტ II
საქსონიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 6 ივნისი, 1836
მმართ. დასასრული: 9 აგვისტო, 1854
წინამორბედი: ანტონი
მემკვიდრე: იოჰანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 მაისი, 1797
დაბ. ადგილი: დრეზდენი, გერმანია
გარდ. თარიღი: 9 აგვისტო, 1854, (57 წლის)
გარდ. ადგილი: კაროიშტენი, ავსტრია
მეუღლე: მარია კაროლინა ავსტრიელი
(ქ. 1819 - გარდ. 1832)
მარია ანა ბავარიელი
(ქ. 1833)
სრული სახელი: ფრიდრიხ ავგუსტ ალბრეხტ მარია კლემენს იოზეფ ვინსენტ ალოის ნეპომუკ იოჰან ბაპტისტა ნიკოლას რაფაელ პეტერ ქსავიერ დე პაულა ვენანტიუს ფელიქსი
დინასტია: ვეტინები
მამა: მაქსიმილიან საქსონიელი
დედა: კაროლინა პარმელი
რელიგია: კათოლიციზმი

ფრიდრიხ ავგუსტ II (გერმ. Friedrich August II.; დ. 18 მაისი, 1797, დრეზდენი, გერმანია — გ. 9 აგვისტო, 1854, კაროიშტენი, ავსტრია) — ვეტინთა დინასტიის წარმომადგენელი. საქსონიის მეფე 1836-1854 წლებში. პრინც მაქსიმილიან საქსონიელისა და პრინცესა კაროლინა პარმელის უფროსი ვაჟი, კურფიურსტ ფრიდრიხ კრისტიანის შვილიშვილი და საქსონიის ორი მეფის ძმისწული.

ფრიდრიხ ავგუსტი დაიბადა 1797 წლის 18 მაისს დრეზდენში. იგი იყო პრინც მაქსიმილიან საქსონიელისა და მისი პირველი ცოლის, პრინცესა კაროლინა პარმელის უფროსი ვაჟი და შუათანა შვილი. უკვე მისი დაბადებისას ცხადი იყო, რომ იგი ერთ დღეს საქსონიის მმართველი გახდებოდა, რამეთუ მისი ორივე ბიძა უძეო იყო, თავად კი მამის უფროსი ძე იყო.

1827 წელს მისი ერთი ბიძა, მეფე ფრიდრიხ ავგუსტ I (ვის პატივსაცემადაც ერქვა სახელი) გარდაიცვალა და ტახტი მეორე ბიძამ, ანტონმა დაიკავა. ამით იგი ტახტის მეორე მემკვიდრე გახდა მამის შემდეგ, რომელმაც მალევე უარი თქვა მემკვიდრეობაზე, რამაც იგი კრონპრინცად აქცია.

1830 წელს საფრანგეთში მომხდარმა ივლისის რევოლუციამ დიდი გავლენა იქონია საქსონიაზეც, სადაც ასევე დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. მეამბოხეთა მოთხოვნით მეფე ანტონმა ახალი კონსტიტუცია გამოსცა და ფრიდრიხ ავგუსტი თანარეგენტად დაინიშნა.

1836 წლის 6 ივნისს მეფე ანტონი გარდაიცვალა, რითაც საქსონიის მეფე ფრიდრიხ ავგუსტ II ხდება. როგორც ინტელიგენტი კაცი, იგი მალევე გახდა ხალხში პოპულარული. მიუხედავად სახალხო მხარდაჭერისა, იგი ყოველთვის არიდებდა თავს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და ამ ამბავს თავის მინისტრებს ანდობდა. 1848 წელს რევოლუციის ტალღამ საქსონიასაც გადაუარა, სადაც ლიბერალი მინისტრები მეფის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ამან ფრიდრიხ ავგუსტს მათდამი დამოკიდებულება შეუცვალა და 1849 წლის 28 აპრილს საქსონიის პარლამენტი დაშალა. იმავე წელს მან პრუსიელთა მარბიელი თავდასხმების მოგერიება და შეჩერება შეძლო.

1844 წელს პირადი ექიმის რჩევით ფრიდრიხ ავგუსტი სამოგზაუროდ წავიდა ინგლისსა და შოტლანდიაში, რამეთუ მისი აზრით მეფის ჯანმრთელობას ბრიტანული ნესტიანი კლიმატი მოუხდებოდა. ლონდონში ყოფნისას იგი უინძორის სასახლეში დიდი პატივით მიიღეს დედოფალმა ვიქტორიამ და პრინცმა ალბერტმა. ამის შემდეგ მან ოქსფორდი, კემბრიჯი და რამდენიმე ქალაქი მოინახულა და უკან დაბრუნდა.

საქსონიაში დაბრუნების შემდეგ მისმა ჯანმრთელობამ კვლავ დაიწყო გაუარესება, რის გამოც ექიმმა მიიჩნია, რომ ამჯერად მეფეს მთის ჰავა უშველიდა. მისი მითითებით ფრიდრიხ ავგუსტი 1854 წელს ავსტრიაში, კერძოდ კი ტიროლის მხარეში გაემგზავრა, თუმცა აქ მოგზაურობისას ქალაქ კაროიშტენში 9 აგვისტოს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვინაიდან მას მემკვიდრე არ დარჩენია, ტახტი მისმა ძმამ, იოჰანმა დაიკავა.

1819 წლის 7 ოქტომბერს დრეზდენში ფრიდრიხ ავგუსტმა ჯვარი დაიწერა ერცჰერცოგინია მარია კაროლინა ავსტრიელზე, ავსტრიის იმპერატორ ფრანც I-ისა და დედოფალ მარია ტერეზა სიცილიელის ქალიშვილზე. წყვილის ცამეტწლიანი ქორწინება უნაყოფო აღმოჩნდა და მარია კაროლინა 1832 წელს გარდაიცვალა ეპილეფსიური შეტევის შედეგად, 31 წლის ასაკში.

ამის შემდეგ, 1833 წლის 24 აპრილს დრეზდენში ფრიდრიხ ავგუსტმა ცოლად შეირთო პრინცესა მარია ანა ბავარიელი, ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ისა და დედოფალ კაროლინა ბადენელის ქალიშვილი, თუმცა შვილები არც მასთან ჰყოლია.

აღსანიშნავია, რომ 1822 წელს ფრიდრიხ ავგუსტს უცნობი საყვარლისაგან შეეძინა უკანონო ვაჟი, სახელად თეოდორ უჰლინგი (1822-1853), რომელიც მუსიკოსი გახდა.

  • St. Peter & Paul: Zeittafel. Initiative Stadtkirchen Weißensee, abgerufen am 12. April 2017: „1797: Prinz Friedrich August, später bekannt als Friedrich August II König von Sachsen, wird am 18. Mai morgens 3 Uhr geboren und am selben Tag mittags um 12 Uhr in der Stadtkirche ‚St. Peter & Paul‘ getauft.“
  • Lotte Burkhardt: Verzeichnis eponymischer Pflanzennamen – Erweiterte Edition. Teil I und II. Botanic Garden and Botanical Museum Berlin, Freie Universität Berlin, Berlin 2018, ISBN 978-3-946292-26-5