ფრიდრიხ ავგუსტ I (საქსონია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრიდრიხ ავგუსტ I
საქსონიის მეფე
კორონაცია: 20 დეკემბერი, 1806
მმართ. დასაწყისი: 17 დეკემბერი, 1763
მმართ. დასასრული: 5 მაისი, 1827
წინამორბედი: ფრიდრიხ კრისტიანი
მემკვიდრე: ანტონი
ვარშავის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 9 ივნისი, 1807
მმართ. დასასრული: 22 მაისი, 1815
წინამორბედი: საჰერცოგო შეიქმნა
მემკვიდრე: საჰერცოგომ არსებობა შეწყვიტა
რეგენტი: მარია ანტონია ბავარიელი
(1763-1768)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 დეკემბერი, 1750
დაბ. ადგილი: დრეზდენი, გერმანია
გარდ. თარიღი: 5 მაისი, 1827, (76 წლის)
გარდ. ადგილი: დრეზდენი, გერმანია
მეუღლე: ამალია ცვაიბრიუკენ-ბირკენფელდელი
შვილები: მარია ავგუსტა
სრული სახელი: ფრიდრიხ ავგუსტ იოზეფ მარია ანტონ იოჰან ნეპომუკ ალოის ქსავიერი
დინასტია: ვეტინები
მამა: ფრიდრიხ კრისტიანი, საქსონიის კურფიურსტი
დედა: მარია ანტონია ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ფრიდრიხ ავგუსტ I (გერმ. Friedrich August I., პოლ. Fryderyk August I; დ. 23 დეკემბერი, 1750, დრეზდენი, გერმანია — გ. 5 მაისი, 1827, დრეზდენი, გერმანია) — ვეტინთა დინასტიის წარმომადგენელი. საქსონიის კურფიურსტი 1763-1806 წლებში, საქსონიის პირველი მეფე 1806-1827 წლებში და ვარშავის ჰერცოგი 1807-1815 წლებში. კურფიურსტ ფრიდრიხ კრისტიანისა და პრინცესა მარია ანტონია ბავარიელის უფროსი ვაჟი. ნაპოლეონის ერთ-ერთი მოკავშირე, რომელიც აქტიურად იბრძოდა პოლონეთის ტახტისათვის.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრიდრიხ ავგუსტი დაიბადა 1750 წლის 23 დეკემბერს დრეზდენში. იგი იყო კრონპრინც ფრიდრიხ კრისტიანისა და კრონპრინცესა მარია ანტონია ბავარიელის უფროსი ვაჟი. მამის მხრიდან მისი პაპა იყო საქსონიის, ლიტვისა და პოლონეთის მეფე ავგუსტ III, ხოლო დედის მხრიდან ბავარიის კურფიურსტი, საღვთო რომის იმპერატორი და ბოჰემიის მეფე კარლ VII ალბრეხტი.

1763 წელს საქსონიის ტახტი მამამისმა დაიკავა, რომელიც იმავე წელს გარდაიცვალა და ახალი კურფიურსტი ის ხდება, ფრიდრიხ ავგუსტ III-ის სახელით. იგი ამ დროს მხოლოდ 13 წლის იყო, რის გამოც 1768 წლამდე ქვეყანას დედამისი მართავდა რეგენტის სტატუსით. ამასობაში მთელი პოლონეთი და ლიტვა რუსეთმა, პრუსიამ და ავსტრიამ დაინაწილა, რის გამოც ფრიდრიხ ავგუსტს მხოლოდ საქსონიაღა შერჩა.

მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გახდა, ფრიდრიხ ავგუსტი ენერგიულად შეუდგა თავისი პატარა სამთავროს მართვას. მის დროს საქსონიის ჯარი 18,000-დან 30,000-მდე გაიზარდა, რასაც საქსონიაში პრუსიის გავლენის შემცირება მოჰყვა. საფრანგეთის რევოლუციის პირობებში იგი იძულებით გაწევრიანდა ანტიფრანგულ კოალიციაში, მაგრამ 1804 წელს, ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევის შემდეგ იგი ფრანგების მხარეს გადავიდა. 1806 წელს, პრუსიელების იენას ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, ფრიდრიხ ავგუსტმა ოფიციალურად გააფორმა საფრანგეთთან ალიანსი, რის სანაცვლოდაც ნაპოლეონმა მას საქსონიის მეფობა მისცა. ამრიგად, იგი საქსონიის პირველი მეფე ხდება ფრიდრიხ ავგუსტ I-ის სახელით.

1807 წელს ერთგული სამსახურის სანაცვლოდ ნაპოლეონმა ფრიდრიხ ავგუსტს პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული ვარშავის საკმაოდ დიდი სამთავროს ჰერცოგობა უბოძა, რომელზეც იგი ყოველთვის აცხადებდა პრეტენზიას, როგორც ავგუსტ III-ის შვილიშვილი.

ლაიფციგის ბრძოლაში ნაპოლეონის დამარცხებამ სიტუაცია საგრძნობლად შეცვალა. 1813 წლის ოქტომბერში საქსონია სასწრაფოდ განუდგა საფრანგეთს და მოკავშირეთა მხარეს გადავიდა. ასე ფრიდრიხ ავგუსტმა ცოტა ხნით კვლავ შეინარჩუნა ვარშავის საჰერცოგოცა და საქსონიაც, მაგრამ 1815 წელს, ნაპოლეონის დამხობის შემდეგ მოწყობილმა ვენის კონგრესმა ვარშავის საჰერცოგო რუსეთს მიუერთა. ამასთან, კონგრესმა დასაჯა ფრიდრიხ ავგუსტი ფრანგების მოკავშირეობის გამო და მისი საქსონიური სამფლობელოების მესამედი პრუსიას მისცა.

დარჩენილი ცხოვრება ფრიდრიხ ავგუსტმა სიმშვიდესა და ფუფუნებაში გაატარა. იგი 1827 წლის 5 მაისს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა დრეზდენში. ვინაიდან მას ვაჟი არ დარჩენია, ტახტი მისმა ძმამ, ანტონიმ დაიკავა.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1769 წლის 17 იანვარს მანჰაიმში ფრიდრიხ ავგუსტი მარიონეტულად დაქორწინდა პრინცესა ამალია ცვაიბრიუკენ-ბირკენფელდელზე, რასაც იმავე წლის 29 იანვარს უკვე დრეზდენში მოჰყვა ნამდვილი ჯვრისწერა. პრინცესა ამალია თავად ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ის ღვიძლი და იყო, რაც საქსონიას ბავარიასთან ალიანსის გაგრძელების საშუალებას აძლევდა. ამალიამ ფრიდრიხ ავგუსტისგან ოთხი ბავშვი გააჩინა, მაგრამ მხოლოდ ერთმა მიაღწია ზრდასრულობამდე:

  1. მკვდარშობილი ბავშვი (1771);
  2. მკვდარშობილი ბავშვი (1775);
  3. მარია ავგუსტა (1782-1863), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  4. მკვდარშობილი ბავშვი (1797);

ცნობილია, რომ ფრიდრიხ ავგუსტს სამეფო კარის ერთ-ერთი ებრაელი მსახური ქალისაგან ერთი უკანონო ქალიშვილიც ჰყავდა, რომლის შესახებაც ცნობები არ არსებობს.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Heinrich Theodor Flathe: Friedrich August I., König von Sachsen. In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Volume 7, Duncker & Humblot, Leipzig 1878, pp. 786–789 (in German)
  • Dagmar Schäfer: Der gefangene Sachsenkönig. Eine Erinnerung an Sachsens ersten König, Friedrich August I. (1750–1827). Tauchaer Verlag, Taucha 1996, ISBN 3-910074-52-9 (in German)
  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 99.