შინაარსზე გადასვლა

რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუმინეთი
კავშირი რუმინეთის რაგბის ფედერაცია
მეტსახელ(ებ)ი მუხები
ემბლემა მუხის ფოთოლი
მწვრთნელ(ებ)ი ლაინ ჰოუელსი
კაპიტანი მიჰაი მაკოვეი
ყველაზე მეტი კეპი კრისტიან პეტრე (92)[1]
ყველაზე მეტი ქულა ფლორინ ვლაიკუ (554)
ყველაზე მეტი ლელო გაბრიელ ბრეზოიანუ (28)
კატალინ ფერკუ (28)
გუნდის  ფერები
გამოსაც.  ფერები
პირველი საერთაშორისო მატჩი
რუმინეთის დროშა რუმინეთი 0–21 აშშ აშშ-ის დროშა
(01-07-1919)
უდიდესი გამარჯვება
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 0–100 რუმინეთი რუმინეთის დროშა
(21-09-1976)
უარესი დამარცხება
ინგლისის დროშა ინგლისი 134–0 რუმინეთი რუმინეთის დროშა
(17-11-2001)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლები 7 (პირველი 1987)
საუკეთესო შედეგი ერთი გამარჯვება, 1987, 1991, 1999, 2003, 2007 და 2015

რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები (რუმ. Echipa națională de rugby a României), მეტსახელად „მუხები“ (რუმ. Stejarii) — ეროვნული ნაკრები, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. დიდი ხნის განმავლობაში იყო ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა, რომელიც არ თამაშობდა ექვსი ერის ტურნირზე. ისინი დიდი ხანია მონაწილეობას იღებენ ისეთ ტურნირებში როგორებიცაა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ერთა თასი და სუპერ თასი. რუმინეთში რაგბის კავშირს მართავს რუმინეთის რაგბის ფედერაცია. რუმინეთის ნაკრები თამაშობს ყვითელი და ლურჯი ფორმებით.

რუმინეთში რაგბი გამოჩნდა 1913 წელს, როდესაც სტუდენტების ჯგუფმა პარიზში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ შინ ჩამოიტანა სარაგბო ეკიპირება და ბურთი. მოკლე დროში ბუქარესტში მაშინვე დაარსდა 18 გუნდი, რომელთა შორის პირველი იყო „სტადიულ რომანი“. რუმინეთის ეროვნულმა ნაკრებმა თავისი პირველი თამაში ჩაატარა 1919 წელს აშშ-ის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. 1924 წლის მაისში რუმინეთის ნაკრებმა ხუთი ერის ჩემპიონატისთვის ოპოზიციის შესაქმნელად პირველად ითამაშა საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, რომელშიც ფრანგებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 59-3.

რუმინეთის ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა 1924 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სარაგბო ტურნირზე. ამ ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ საფრანგეთის და აშშ-ის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებები, რომელშიც თითოეული ნაკრები გარანტირებულად იღებდა მედალს. რუმინეთის ნაკრებმა ორივე მატჩი წააგო: საფრანგეთთან ანგარიშით 59-3 და აშშ-სთან ანგარიშით 39-0. 1931 წელს ჩამოყალიბდა რუმინეთის რაგბის ფედერაცია, ხოლო 1939 წელს რუმინეთში პირველად გამოჩნდა გუნდი, რომელიც ბუქარესტის ფარგლებს გარეთ იყო დაფუძნებული — ქალაქ ბრაშოვის ავიაქარხნის გუნდი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებაში მოსულმა რუმინეთის კომუნისტურმა პარტიამ თავისი წილი შეიტანა ქვეყნის რაგბის განვითარებაში, იგი ცდილობდა სპორტის ეს სახეობა თავისებურ პროპაგანდად გადაექცია: რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების თითოეული გამარჯვება აღიქმებოდა არა მარტო მოთამაშეების წარმატებად, არამედ კომუნისტური პარტიის გამართულ მუშაობად და კომუნისტური მოძრაობის გამარჯვებად. მნიშვნელოვანი ფინანსები იხარჯებოდა მოთამაშეთა მომზადებაზე: საუკეთესო მოთამაშეები სამსახურს გადიოდნენ ჯარსა და პოლიციაში. ისეთი კლუბები, როგორებიცაა „სტიაუა“ და „დინამო“, აიძულებდნენ მოთამაშეებს წვრთნები ჩაეტარებინათ კვირაში 6 დღე, რათა განევითარებინათ მათი ტალანტი.

1940-იანი წლების ბოლოდან 1950-იანი წლების დასაწყისში რუმინეთში გამოჩნდა რაგბის ფრანგული სკოლის მწვრთნელების თაობა, რომლებმაც რუმინეთის ნაკრებს წარმატებები მოუტანეს. ამ წლებში რუმინეთის ნაკრები სულ უფრო ხშირად თამაშობდა ისეთ ნაკრებებთან, რომლებიც იმ დროისათვის იყვნენ მსოფლიო რაგბის „გრანდები“. 1960 წელს რუმინეთის ნაკრებმა ბუქარესტში ამხანაგურ თამაშში პირველად დაამარცხა საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 11-5. 1974 წელს 1974/1975 წლების ევროპის ჩემპიონატის დასაწყისში რუმინეთის ნაკრებმა ბუქარესტში ისევ დაამარცხა საფრანგეთის ნაკრები ანგარიშით 15-10 და ჩემპიონატიც მოიგო. 1975 წელს რუმინეთის ნაკრებმა ტურნე მოაწყო ახალ ზელანდიაში, სადაც ითამაშა 8 თამაში (აღსანიშნავია ფრე 10-10 ახალი ზელანდიის ახალგაზრდულ ნაკრებთან). საერთაშორისო არენაზე გასვლა იყო დიდი ნაბიჯი რუმინული რაგბისათვის, რამაც ხელი შეუწყო ეროვნულ ნაკრებს ჩამოეყალიბებინა თავისი სათამაშო სტილი. 1979 წელს ნაკრებმა ტური მოაწყო უელსში, სადაც გაიბრძოლა ქვეყნის რამდენიმე კლუბის წინააღმდეგ. კარდიფ არმს პარკის სტადიონზე რუმინეთის ნაკრებმა უკანასკნელ წამებზე გაუშვა არეკნი და დამარცხდა უელსის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან ანგარიშით 13-12. 1980 წელს რუმინეთის ნაკრებმა ბუქარესტში მოულოდნელად დაამარცხა საფრანგეთის ნაკრები ანგარიშით 15-0, ხოლო შემდეგ იმავე წელს ირლანდიაში ტურნეს დროს ფრედ ითამაშა ირლანდიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან 13-13.

1980-იან წლებში ქვეყანაში არსებობდა დაახლოებით 110 კლუბი და 12 ათასზე მეტი მოთამაშე. რუმინეთში ამხანაგური თამაშების ჩასატარებლად პირველად ოფიციალურად იქნა მოწვეული დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გუნდები: 1981 წელს პირველი ჩამოვიდა შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები. შოტლანდიელებმა ამ საერთაშორისო მატჩში გაიმარჯვეს ანგარიშით 12-6[2]. 1983 წლის ნოემბერში ბუქარესტში ვიზიტად ჩამოვიდა უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რომელსაც რუმინეთმა მოუგო ანგარიშით 24-6. 1984 წელს რუმინელებმა მოუგეს შოტლანდიელებს, ხოლო 1988 წელს პირველად სტუმრად დაამარცხეს ხუთი ერის თასის მონაწილე უელსის ნაკრები ანგარიშით 15-9. საბოლოოდ რუმინელთა აქტივშია:

  • ორი გამარჯვება უელსის ნაკრებთან (24-6 შინ 1983 წელს და 15-9 სტუმრად 1988 წელს)
  • გამარჯვება შოტლანდიის ნაკრებთან (28-22 შინ 1984 წელს გრანდ-სლემის ტურნირზე)
  • ორი გამარჯვება საფრანგეთის ნაკრებთან (15-0 შინ 1980 წელს და 13-9 შინ 1982 წელს)
  • ფრე ირლანდიის ნაკრებთან (13-13 სტუმრად 1980 წელს).

1981 წელს „მუხებმა“ ჩაატარეს მატჩი ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ და დამარცხდნენ 14-6, რომელშიც მათ ორი ლელო არ ჩაუთვალეს. იმის მიუხედავად, რომ რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს გაუგებარი მიზეზების გამო ხშირად არ უშვებდნენ დიდ საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში 1987 წელს მან მონაწილეობა მიიღო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა ზიმბაბვეს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან ანგარიშით 21-20 და წააგო სხვა დანარჩენი მატჩი.

1980-იანი წლების ბოლოს რუმინეთში დაწყებული გარდაქმნების შედეგად ქვეყანაში შეიცვალა კომუნისტური პარტიის ერთპარტიული რეჟიმი, რასაც მოჰყვა პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები, რაც ნეგატიურად აისახა რუმინეთის რაგბზეც. ბუქარესტული კლუბები, რომლებიც წარმოადგენდნენ პოლიციას („დინამო“) და ჯარს („სტიაუა“), აღმოჩნდნენ დაშლის პირას, ხოლო 1989 წლის მოვლენების დროს დაიღუპა ნაკრების რამდენიმე წევრი: გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ფლორიცე მურარიუ, მოკლული იქნა ბარიკადებზე.

მაგრამ საბედნიეროდ ნაკრები არ დაშლილა: 1990 წელს „მუხებმა“ პირველად მოუგეს საფრანგეთის ნაკრებს სტუმრად ანგარიშით 12-6, ხოლო ერთი წლის შემდეგ დაამარცხეს შოტლანდიის ნაკრები ანგარიშით 18-12. 1991 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე რუმინელებმა დაამარცხეს ფიჯის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ანგარიშით 17-15, ხოლო 1995 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე რუმინელებმა დაამარცხეს მომავალი მსოფლიო ჩემპიონები – სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ანგარიშით 21-8. მაგრამ წარმატებები ამით ამოიწურა. რუმინელებმა განიცადეს მოთამაშეების, მწვრთნელების და არბიტრების დანაკლისი არა მარტო 1989 წლის მოვლენების დროს — მათი საკმაოდ დიდი რაოდენობა 1990-იან წლებში გადავიდა საფრანგეთში და იტალიაში. 1994 წლისთვის რუმინელებს იღბალმა ზურგი შეაქცია: უელსის ნაკრებმა მათ სტუმრად ანგარიშით 16-9 სძლია, ხოლო 1997 წელს საპასუხო ტურნეში „მუხები“ ორჯერ განადგურდნენ უელსელებთან 36-21 პონტიპრიდში და 70-21 რექსემში. 1999 წელს 1999 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე რუმინეთის ნაკრებმა მხოლოდ აშშ-ის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 27-25. კრიზისი ღრმავდებოდა: ქვეყანაში მოთამაშეთა რაოდენობამ დაიკლო 75 %-ით, ხოლო კლუბების რაოდენობა შემცირდა 28-მდე.

რუმინეთისა და ირლანდიის ნაკრებების მატჩი ლენსდაუნ როუდის სტადიონზე 2005 წელს

2000 წელს რუმინეთის ნაკრებმა მოიგო ყველა ოთხი მატჩი და გაიმარჯვა ევროპის ერთა თასზე. 2001 წელს რუმინეთის ნაკრები უძლიერესი ევროპული ნაკრებების რეიტინგში მაღალი ადგილისთვის დაუპირისპირდა თავის პირველ სერიოზულ კონკურენტს — საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც 2001 წელს გადამწყვეტ ბრძოლაში ბუქარესტში დაამარცხა რუმინეთი 31-20 და გახდა ევროპის ჩემპიონი. უსიამოვნებები მხოლოდ იწყებოდა: 2001 წელს „მუხებმა“ გამანადგურებლად და უშანსოდ წააგო ინგლისის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან რეკორდული ანგარიშით 134-0, ხოლო ბუქარესტის „დინამო“ კიდევ უფრო მეტად განადგურდა ინგლისის „სარასენსთან“ ევროპის გამოწვევის თასზე ანგარიშით 151-0. რამდენიმე ნატურალიზებულმა ფრანგმა მოთამაშემ კლუბებში ხელფასების დაგვიანების მიზეზის გამო უარი განაცხადა ინგლისში გამგზავრებაზე: რუმინელები დღეში ღებულობდნენ სულ 30 ფუნტ სტერლინგს, მაშინ როდესაც საუკეთესო ინგლისელი მოთამაშეები ღებულობდნენ 6 ათასს დღეში.

2002 წლის იანვარში საფრანგეთის რაგბის ფედერაციის მხარდაჭერით ნაკრებს სათავეში ჩაუდგა ბერნარ შარეირი. მან შეძლო შეეჩერებინა ნაკრების დეგრადაცია და „მუხებმა“ დაიწყეს დაკარგული პოზიციების დაბრუნება. 2002 წელს რუმინელებმა მორიგი ევროსეზონის დასაწყისში წააგეს ქართველებთან, მაგრამ დანარჩენ ხუთ თამაშში არ დაუშვეს არცერთი შეცდომა და თბილისში მოუგეს საქართველოს ნაკრებს ანგარიშით 31-23, ამასთან ერთად დაეუფლნენ ევროპის ერთა თასის ჩემპიონის ტიტულს. 2003 წელს რუმინეთის ნაკრები მოხვდნენ 2003 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ იქ ბერნარ შარეირი უძლური აღმოჩნდა: ნაკრებმა მოუგო მხოლოდ ნამიბიას, შემდეგ უბრძოლველად წააგო დანარჩენი მატჩები ირლანდიასთან (45-17), ავსტრალიასთან (90-8) და არგენტინასთან (50-3). შარეირი გაანთავისუფლეს, რის შემდეგადაც ერთმანეთის მიყოლებით შეიცვალა რამდენიმე ფრანგი მწვრთნელი: ფილიპ სოტონი, რობერ ანტუანი და დანიელ სანტამანი.

2003/2004 წლების სეზონის ევროპის ერთა თასზე პორტუგალიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ლისაბონში დაამარცხა რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 16-15 და მოულოდნელად სათავეში ჩაუდგა სატურნირო ცხრილს. მიუხედავად იმისა, რომ „მუხებმა“ შინ კონსტანცაში აიღეს რევანში ანგარიშით 36-6, კრასნოდარში „რუსმა დათვებმა“ მოულოდნელად დაამარცხეს რუმინელები 33-24, ხოლო მალე რუმინელი მოთამაშეების ჯგუფს ისედაც დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს დოპინგის მოხმარების ბრალდებით. ამ სეზონში პორტუგალიამ ლისაბონში რუსეთის ნაკრებთან მოგებით ანგარიშით 19-18 გაინაღდა ტურნირის მოგება. 2004 წელს რუმინელებმა ძალები აღიდგინეს და შეძლეს იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების დამარცხება ანგარიშით 25-24, რითიც მიაღწიეს პირველ გამარჯვებას უკვე ექვსი ერის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებთან.

2005 წელს რაგბის საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით რუმინეთი გახდა «მეორე დონის» ნაკრები და შეცვალა რუსეთის სარაგბო ნაკრები სუპერ პაუერსის თასზე. მესამე ადგილისათვის მატჩში ფრანგი ლეგიონერებით დაკომპლექტებულმა რუმინელებმა წააგეს აშშ-ის ეროვნულ ნაკრებთან ანგარიშით 23-16. 2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრისათვის ბრძოლაში რუმინეთის ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში აჯობა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, აჯობა მას დამატებითი მაჩვენებლებით ერთნაირი დაგროვილი ქულების დროს: საქართველოს ნაკრებთან 7 ოქტომბერს ბუქარესტში ანგარიშით 20-8 და ესპანეთის ნაკრებთან 14 ოქტომბერს მადრიდში ანგარიშით 43-20 გამარჯვებებმა რუმინეთის ნაკრები გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატზე. 2007 წლის ივნისში რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჩატარდა ერთა თასის ტურნირი[3]. ფინალურ ეტაპზე „მუხებმა“ იტალიის ნაკრებთან წაგებისას ანგარიშით 18-24 ჯერ მოიპოვეს ბონუს-ქულა, ხოლო შემდეგ მოუგეს პორტუგალიის ნაკრებს ანგარიშით 14-10. მაგრამ უკანასკნელ მატჩებში შოტლანდიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან მათ შანსი აღარ ჰქონდათ (წაგებები შესაბამისად 42-0 და 85-8).

2009 წლის 21 მარტს 2011 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრისათვის ბრძოლაში რუმინეთის ნაკრებმა შინ წააგო პორტუგალიასთან ანგარიშით 21-22 და აღმოჩნდა ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვედრის საშიშროების წინაშე. დიდი ძალისხმევით რუმინეთის ნაკრებმა შეძლო არ წაეგო არცერთი მატჩი, ფრედ დაამთავრა შეხვედრა რუსეთის ნაკრებთან 2010 წლის ევროპის ერთა თასის ტურნირზე. წარმატებულმა ფინიშმა „მუხები“ ფლეი-ოფში გაიყვანა მესამე ადგილზე, სადაც მათ დიდი დატვირთვის გარეშე გაანადგურეს უკრაინის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საერთო ანგარიშით 94-10. რუმინეთის ნაკრების მოხვედრამ 2011 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ოფიციალურად ხელი შეუწყო მას დარჩენილიყო იმ 12 ნაკრების სიაში, რომლებსაც არა აქვთ გამოტოვებული არცერთი სარაგბო მსოფლიო ჩემპიონატი. წილისყრამ ფინალურ ჯგუფში „მუხები“ მოახვედრა ინგლისის, არგენტინის, შოტლანდიის და საქართველოს ნაკრებებთან. აქაც ჯგუფში რუმინელებმა ვერ მოიპოვეს ვერც ერთი ქულა და დაიკავეს უკანასკნელი ადგილი.

2015 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირი გზით მოხვედრისათვის რუმინეთის ნაკრებს 2013-2014 წლების ევროპის ერთა თასზე პირველი ან მეორე ადგილი მაინც უნდა დაეკავებინა. საქართველოს და რუმინეთის ნაკრებებმა ჯგუფში ყველა მეტოქე დაამარცხეს, რუმინეთმა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან დაკარგა ქულები. 2013 წლის 16 მარტს ბუქარესტში ითამაშა ფრედ (9-9) და 2014 წლის 15 მარტს თბილისში დამარცხდა 22-9, შესაბამისად დაიკავა მეორე ადგილი და მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ინგლისში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე რუმინეთის ნაკრებმა ერთი თამაში მოიგო კანადის ნაკრებთან ანგარიშით 17-15, ერთი თამაში დაძაბულ ბრძოლაში დათმო იტალიის ნაკრებთან ანგარიშით 22-32, ხოლო პირველ ორ თამაშში საფრანგეთის და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებებთან მას შანსი არ ჰქონია (წაგებები შესაბამისად 38-11 და 44-10).

2015-2016 წლების ევროპის ერთა თასზე რუმინეთის ნაკრებმა ორივე მატჩი წააგო საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან (6-15 ბუქარესტში და 9-38 თბილისში). მან 2015 წლის 28 თებერვალს კრასნოდარში ასევე დათმო შეხვედრა რუსეთის ნაკრებთან ანგარიშით 16-13. მიუხედავად ამისა რუმინელებმა ტურნირზე მაინც მეორე ადგილი დაიკავეს. 2016 წლის ნოემბერში რუმინეთის ნაკრებმა საშემოდგომო საშინაო ტესტ-მატჩებში დაამარცხეს აშშ-ის, კანადისა და ურუგვაის ეროვნული ნაკრებები.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Rugby Union - ESPN Scrum - Statsguru - Test matches - Player records
  2. (1982) რედ. Vivian Jenkins: Rothmans Rugby Yearboook 1982-83. Rothmans Publications Ltd, გვ. 65. ISBN 0907574130. 
  3. „IRB“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-05. ციტირების თარიღი: 2015-06-08.
  4. November gain or pain? Retrieved December 2016