ოლივერ უორდროპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უორდროპი.
ოლივერ უორდროპი

ოლივერ უორდროპი
დაბადების თარიღი 10 ოქტომბერი, 1864
გარდაცვალების თარიღი 19 ოქტომბერი, 1948
ეროვნება ბრიტანელი
საქმიანობა დიპლომატი
მთარგმნელი
მეუღლე(ები) მარგარეტ კოლეტი
შვილ(ებ)ი ფარნაოზ (დ. 1913), ანდრო (დ. 1914), ნინო (დ. 1916)

ჯონ ოლივერ უორდროპი (ინგლ. Sir (John) Oliver Wardrop; დ. 10 ოქტომბერი, 1864 — გ. 19 ოქტომბერი, 1948) — ბრიტანელი დიპლომატი და მთარგმნელი. გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1919–1921). მისი და, მარჯორი უორდროპი აგრეთვე მთარგმნელი და ქართველოლოგი იყო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუნივერსიტეტო განათლება მიიღო ოქსფორდში. ახალგაზრდობიდან იყო გატაცებული მოგზაურობით, მოვლილი ჰქონდა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს 1887 წლის აპრილში მოხვდა საქართველოში. ის გემით ჩავიდა ბათუმში, გაიარა გურია, მოინახულა ქუთაისი, ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი, გაიარა ყვირილა, ჭიათურა, სურამი, გორი, უფლისციხე და ჩავიდა თბილისში. თბილისიდან უორდროპი საქმხედრო გზით გაემგზავრა ვლადიკავკაზისკენ. გზაზე მოინახულა მცხეთა, ანანური, ხევი. ვლადიკავკაზიდან უორდროპი კვლავ თბილისში დაბრუნდა და შემდეგ იმოგზაურა კახეთში, სადაც მოინახულა სიღნაღი, ბოდბე და თელავი. საქართველოშ ყოფნის დროს უორდროპი დაუახლოვდა ილია ჭავჭავაძეს და ივანე მაჩაბელს. ინგლისში დაბრუნებისთანავე უორდროპმა დაწერა წიგნი „საქართველოს სამეფო“, („The Kingdom of Georgia“), რომელიც 1888 წლის შემოდგომაზე დაიბეჭდა ლონდონში. წიგნი მოიცავდა საქართველოს მოკლე ისტორიას, ქართული ენის და ლიტერატურის აღწერას და სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის მიმოხილვას და დასურათებული იყო.

1888 წელს უორდროპი შევიდა ბალიოლ-კოლეჯში. მან ეს ნაბიჯი ჯეიმზ ბრაისის რჩევით გადადგა. რუსულ ენაში მეცადინეობდა უილიამ რიჩარდ მორფილთან. 1892 წელს უორდროპი დაინიშნა გაერთიანებული სამეფოს ელჩის პირად მდივნად სანქტ-პეტერბურგში. რუსეთის იმპერიაში მივლინებულ ოლივერ უორდროპს თან ახლდა და მარჯორი უორდროპი. და-ძმამ სანქტ-პეტერბურგი გაიცნო პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი. 1894 წელს ლონდნში გამოქვეყნდა სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისას“ მისეული თარგმანი. ოლივერ უორდროპი 1894 წლის 24 ოქტომბერს მეორედ ჩავიდა თბილისში. დაესწრო ქართული თეატრის წარმოდგენებს „პატარა კახი“ და „ჩათრევას ჩაყოლა სჯობიან“. დეკემბერში საქართველოში მყოფ ოლივერს შეუერთდნენ და და დედა. უორდროპებმა დეკემბერი თბიილსში გაატარეს, ხოლო 1895 წლის იანვარში იმერეთი და გურია მოიარეს. ისინი ბათუმიდან გემით გაემგზავრნენ ოდესაში, იქედან კი ინგლისში.

1895 წლის მაისიდან ოლივერ უორდროპი დაინიშნა გაერთიანებული სამეფოს კონსულად ქერჩში. ყირიმში ის დასთან ერთად ჩავიდა. ქერჩი კონსულის თანამდებობაზე უორდროპი 1902 წლამდე მუშაობდა. 1896 წლის ზაფხულში დასთან ერთად თარგმნა „წმინდა ნინოს ცხოვრება“. ამ თარგმანის გამოცემა გაჭიანურდა და ის მხოლოდ 1900 წელს გამოიცა ოქსფორდში. 1900 წელს, შვიდი თვის განმავლობაში უორდროპი დროებით ასრულებდა კონსულის მოვალეობას ვარშავაში. 1903 წლის განმავლობაში უორდროპი გამწესებული იყო ჰაიტიზე. 1903 წელს „სამეფო სააზიო საზოგადოების“ ჟურნალში გამოქვეყნდა უორდროპის მიერ თარგმნილი ვისრამიანი. 1904 წელს რუსეთ-იაპონიის ომის დაწყების შემდეგ უორდროპი დანიშნეს კონსულად სანქტ-პეტერბურგში, სადაც 1906 წლამდე მუშაობდა. მჭიდრო კავშირი ჰქონდა იქ ჩასულ ქართველებთან.

უორდროპის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედა სანქტ-პეტერბურგის ჰავამ, ამიტომ ის 1906 წელს გადაიყვანეს კონსულად ბუქარესტში. ბუქარესტში ყოფნისას 1909 წელს გარდაიცვალა მისი და მარჯორი უორდროპი. დის გარდაცვალებამ მასზე მძმედ იმოქმედა და დიპლომატიური სამსახური დატოვა და დაიწყო ქართველოლოგიური ნაშრომების გამოქვეყნება. 1910 ლის 1 დეკემბრის სხდომაზე ის აირჩიეს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ნამდვილ წევრად. 1911 წელს მან მესამედ იმოგზაურა საქართველოში. 1911 წელს „სამეფო სააზიო საზოგადოების“ ჟურნალში გამოაქვეყნა ინგლისურ-სვანური ლექსიკონი, იმავე წელს დაბეჭდა ალექსანდრე ცაგარელის ნაშრომის, ათონის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობის თარგმანი. 1912 წელს უორდროპმა ცოლად შეირთო ნორვეგიელი მარგარეტ კოლეტი. 1912 წელს უორდროპმა ლონდონში გამოსცა მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ და წინასიტყვაობად მას დაურთო რუსთველოლოგიური გამოკვლევა. 1913 წელს გამოიცა ბრიტანეთის მუზეუმში დაცულ ქართულ და სომხური ხელნაწერთა აღწერილობა უორდროპისა და ფრედერიკ კონიბირის თანაავტორობით. 1914 წელს გამოსცა „ვისრამიანის“ ახალი თარგმანი, იმავე წლის ივლისში გამოაქვეყნა გიორგი ბრწყინვალის ძეგლისდების თარგმანი. 1915 წელს პარიზში გამოქვეყნდა მის მიერ ქართულიდან ინგლისურად თარგმნილი იაკობ მოციქულის ჟამისწირვა.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უორდროპი დაინიშნა გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს წარმომადგენლად ამიერკავკასიაში. უორდროპის მიერ შესრულებული უკანასკნელი თარგმანი ქართულიდან ინგლისურ ენაზე იყო ილია ჭავჭავაძის ლექსი „ქართვლის დედას“ შემოკლებული სახით, რომელიც 1919 წელს გამოქვეყნდა თბილისში გამომავალ ინგლისურ გაზეთში „საქართველოს მოამბე“.

1919 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე რუმინეთსა და ნორვეგიაში. 1919 წლის ივლისში იგი თბილისში ჩამოვიდა როგორც ბრიტანეთის უმაღლესი წარმომადგენელი. ნოე ჟორდანიას მთავრობა მიესალმა მის დანიშვნას ამ თანამდებობაზე. უორდროპი თანაუგრძნობდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ცდილობდა მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოეჩინა მისთვის. იმ პერიოდის ევროპაში, საქართველოს ყველაზე გავლენიანი ქომაგი სწორედ ოლივერ უორდროპი იყო.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ინგლისში დაბრუნებულმა ოლივერ უორდროპმა ორგანიზება გაუკეთა ქართულ ემიგრაციას და დააარსა ქართული კომიტეტი. 1920-1927 წლებში ყორდროპი იყო გენერალური კონსული სტრასბურგში. 1927 წელს ის გადადგა სამსახურიდან. 1930 წელს ჩამოაყალიბა საქართველოს ისტორიული საზოგადოება, რომელიც გამოსცემდა ჟურნალს გეორგიკა. ქართველოლოგიაში დიდი წვლილი შეიტანა ასევე მისმა დამ, მარჯორიმ, რომელმაც ვეფხისტყაოსანი ინგლისურად თარგმნა. ოლივერ უორდროპი აქტიურად თანამშრომლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტთან და ბრიტანეთის მუზეუმთან, ის შეიძლება ჩაითვალოს ქართველოლოგიური მიმართულების დამფუძნებლად ამ მსოფლიო მნიშვნელობის, საგანმანათლებლო, დაწესებულებებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]