შინაარსზე გადასვლა

უილიამ რიჩარდ მორფილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უილიამ რიჩარდ მორფილი (17 ნოემბერი 1834, მეიდსტონი (კენტი) –  9 ნოემბერი 1909, ოქსფორდი (ინგლისი)) ინგლისელი ლინგვისტი, ისტორიკოსი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგი, ქართველოლოგი. 1900 წელს, 66 წლის ასაკში აღიარებულ იქნა, როგორც რუსული და სლავური ენების პირველი პროფესორი ბრიტანეთში.

უილიამ რიჩარდ მორფილი
დაბადების თარიღი 17 ნოემბერი, 1834
მეიდსტონი (კენტი)
გარდაცვალების თარიღი 9 ნოემბერი, 1909
ოქსფორდი (ინგლისი)
ეროვნება ინგლისი
საქმიანობა ლინგვისტი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი
 

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უილიამ მორფილი იყო პროფესიონალი მუსიკოსის, უილიამ მორფილისა და ელიზაბეტ ნი ქაუშმენის 3 შვილთაგან მეორე და პირველი ვაჟი. ინგლისელი ქართველოლოგი თავდაპირველად სწავლობდა მეიდსტონის, 1848 წლიდან კი - ტონბრიჯის სკოლაში, რის შემდეგაც, 1853 წელს, თავისი სკოლის დაფინანსებით სწავლა კორპუს კრისტის კოლეჯში, ოქსფორდში განაგრძო. ახალგზარდა მორფილს ჰქონდა სურვილი, რომ გამხდარიყო ანტიკური ბერძნული და ლათინური ლიტერატურის, ფილოსოფიისა და ისტორიის მასწავლებელი, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა და მხოლოდ დიპლომის აღება შეძლო წარმატების ნიშნის გარეშე. სწორედ ამიტომ, ცხოვრების ამ ეტაპზე ოქსფორდში დარჩა, როგორც კერძო რეპეტიტორი. უილიამი უცხო ექვეყნებითა და მათი ენებით სკოლის პერიოდში დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც ტონბრიჯის სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა მას რუსული ენის გრამატიკის წიგნი აჩუქა და მას შემდეგ, 1870 წლიდან მოყოლებული, დაიწყო მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში. უილიამი თავდაპირველად, 1870 წელს ეწვია რუსეთს, მომდევნო წელს - პრაღას. მორფილმა 1884 წლისთვის შეისწავლა პოლონური ენა, 1887 წლისთვის კი - სერბული, ხოლო 1888 წელს ქართული ენით დაინტერესდა და საქართველოსაც კი ეწვია.

პროფესიული საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1865 წლიდან 1869 წლამდე, უილიამ რიჩარდ მორფილი იყო ფილოსოფიისა და თანამედროვე ისტორიის ლექტორი ოქსფორდის უნივერსიტეტში, 1890 წლიდან იყო „ჩეხეთის სამეცნიერო სამეფო საზოგადოების“, ხოლო 1905 წლიდან „ჩეხეთის მეცნიერების, ლიტერტურისა და ხელოვნების ფრანცის ჯოზეფის სახელობის აკადემიის“ წევრ-კორესპონდენტი. 1903 წელს ინგლისელი ქართველოლოგი გახდა ბრიტანული აკადემიის მეცნიერ-თანამშრომელი, 1908 წლის ივლისში კი დაჯილდოვდა, როგორც პრაღაში მდებარე ჩარლზის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორანტი.

უილიამ რიჩარდ მორფილი საქართველოში 1888 წლის 22 აპრილს ჩამოვიდა და ქვეყანაში 9 დღე[1] გაატარა, რა დროსაც გაეცნო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რედაქციასა და კანცელარიას, დაათვალიერა ბიბლიოთეკები, ქართული ხელნაწერები, დაბეჭდილი წიგნები და შეიძინა მრავალი წიგნი ქართული ენის შესახებ. აღსანიშნავია, რომ თბილისში ყოფნისას მას იაკობ გოგებაშვილმა თავისი ყველა სახელმძღვანელო გაუგზავნა საჩუქრად[2], ინგლისში დაბრუნების შემდეგ კი ილია ჭავჭავაძე სისტემატიურად უგზავნიდა მას ნომრებს გაზეთისა "ივერია". უილიამ მორფილმა დაწერა თხზულებები[3] და სტატიები როგორც საქართველოს, ასევე ქართული ენისა და მწერლობის შესახებ. ერთ-ერთი მათგანი ქართული ლიტერატურის შესახებ გამოქვეყნდა ჟურნალის “აკადემია” (“The Academy”) 1888 წლის 21 ივლისის ნომერში, შემდგომ კი 1888 წლის 14 აგვისტოს, გაზეთში “ივერია”,[4] რომელშიც ინგლისელი ქართველოლოგი ასევე საუბრობს მეგრული ენის, იგავ-არაკების, ქართული ენისა და მწერლობის სიძველის, პოემის „ვეფხისტყაოსანი“ და მრავალი სხვა რამის შესახებ. საქართველოში ყოფნისას, მორფილი ასევე სახლში ესტუმრა ილია ჭავჭავაძეს და გაიცნო ისეთი ცნობილი ქართველი მწერლები, როგორებიც იყვნენ ივანე მაჩაბელი, აკაკი წერეთელი და იაკობ გოგებაშვილი და სწორედ ამიტომ სახლში, ინგლისში დაბრუნებულმა ლინგვისტმა სამადლობელი წერილი გამოუგზავნა ილია ჭავჭავაძეს.

უილიამ მორფილი ასევე იყო რედაქტორი ოლივერ უორდროპის ცნობილი წიგნისა „საქართველოს სამეფო - მოგზაურობა ქალების, ღვინისა და სიმღერის ქვეყანაში“, გამოაქვეყნა ნაშრომები „რუსეთის ისტორია“ (1890), „პოლონეთის ისტორია“ (1893), „ბულგარული ენის მოკლე გრამატიკა“ (1897) და „ჩეხური ენის გრამატიკა“ (1899)

უილიამ რიჩარდ მორფილი 1860 წლის 6 სექტემბერს, ნორთჰემპტონშირში მდებარე წმინდა მარტინის ეკლესიაში დაქორწინდა შარლოტ მარია ლიზე, თუმცა მათი ქორწინება ხანმოკლე და უშვილო აღმოჩნდა, ვინაიდან 1881 წლის 10 ივნისს, ბრიტანელი ქართველოლოგის ახალგაზრდა მეუღლე მოულოდნელად გარდაიცვალა.

ლურჯი დაფა უილიამ მორფილის სახლთან

უილიამ მორფილი 1909 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა სიბერისა და სუსტი გულის გამო. დასაფლავება გაიმართა წმინდა ფილიპისა და წმინდა ჯეიმსის ეკლესიაში, ოქსფორდში. დაკრძალულია ოქსფორდში, ცოლთან ერთად. 2009 წელს, მორფილის გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ, ოქსფორდშირის ლურჯ დაფათა საბჭომ მის სახლთან გააკრა მემორიალური დაფა წარწერით: “უილიამ რიჩარდ მორფილი. 1834-1909. რუსული და სლავური ენების პირველი პროფესორი. ცხოვრობდა აქ 1863-1909 წლებში”.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. გაზეთი "ივერია" 1888, 3 მაისი
  2. გაზეთი "ივერია". 1888, 3 ივლისი
  3. გაზეთი "ივერია". 1888, 5 ივლისი
  4. გაზეთი "ივერია". 1888, 14 აგვისტო