ნიზამის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიზამის ქუჩა ღამით

ნიზამის ქუჩა (აზერ. Nizami küçəsi) — საფეხმავლო სავაჭრო ქუჩა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს გარეუბანში. ქუჩას სახელი ეწოდა კლასიკოსი სპარსელი პოეტის, ნიზამი განჯევის პატივსაცემად.

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს განვითარების სქემა 1854–1918

ქუჩის შექმნის ისტორია ქალაქ ბაქოს 1864 წლის დაპროექტებისას იწყება. ქუჩა ქალაქის გარეუბანში დასავლეთიდან აღმოსავლეთითაა გადაჭიმული. ნიზამის ქუჩა იწყება აბდულა თალიბზადეს ქუჩიდან, ქალაქის მთიანი ნაწილიდან და მთავრდება საბით ორუჯოვის ქუჩასთან, „შავ ქალაქში“, შაჰ ისმაილ I-ის ძეგლთან. ქუჩის მთლიანი სიგრძე 2538 მეტრია.

შუქნიშნებისგან თავისუფალი სივრცე შადრევნების მოედნიდან იწყება და რაშიდ ბეჰბუდოვის ქუჩასთან მთავრდება და „ვაჭართა ქუჩის“ სახელითაა ცნობილი.

ნიზამის ქუჩაზე ბანკებიდან დაწყებული მაღაზიებით დამთავრეული ობიექტები მდებარეობს და აზრბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქუჩაა. ქუჩაზე მდებარეობს გერმანიის, ნორვეგიის, ნიდერლანდებისა და ავსტრიის, ასევე ევროკავშირის საელჩოები. უახლოესი მეტროსადგურებია საჰილი (წითელი ხაზი, ნიზამის ქუჩის სამხრეთით) და 28 მაისის ქუჩა (წითელი და მწვანე ხაზები, ქუჩის ჩრდილოეთით).

ქუჩის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის იმპერიის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტარგოვაია XX საუკუნის დასაწყისში

1859 წელს შამახაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ შამახის გუბერნია გაუქმდა და ბაქოს გუბერნია შეიქმნა, რომლის ცენტრიც ბაქო იყო.[1][2] გუბერნიის შექმნის შემდეგ ქალაქში ახალი საგუბერნიო ინსტიტუტების დაარსება გახდა საჭირო, რამაც ქალაქის გაფართოების საჭიროება წარმოშვა.[3] 1859 წლის ბრძანების ხელმოწერის შემდეგ ბაქოს მოსახლეობის რაოდენობის ზრდა დაიწყო. საფორტიფიკაციო კედლების ჩრდილოეთ ნაწილში ახალი ქარვასლები აიგო. მალე ეს ნაწილი ქლაქის სავაჭრო ცენტრი გახდა. ჰასიმ-ბეგ ჰაჯიბაბაბეკოვისა და სანქტ-პეტერბურგელი არქიტექტორების ჯგუფის ხელმძღვანელობით იჩერი-შეჰერიდან ყველა მიმართულებით ახალი გზების მშენებლობა დაიწყეს, რაც ქალაქის განვითარების მთავარი გეგმა იყო.[4][5]

1864 წელს მიღებულ გუბერნიის პირველ ურბანულ გეგმაში ნიზამის ქუჩა უკვე იყო დაპროექტებული.[6] თავდაპირველად ქუჩას „ტარგოვაია“ ეწოდებოდა, რადგანაც ადგილმდებარეობის გამო იგი სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. მოგვიანებით, 1879 წელს მას „გუბერნსკაია“ ეწოდა, თუმცა მოქალაქეები კვლავ „ტარგოვაიას“ უწოდებდნენ.[7] ქუჩა მარიინსკაიადან (შემდგომში ყორღანოვის, დღევანდელი რასულ რზას ქუჩა) იწყებოდა, სადაც მდიდართა მრავალსართულიანი სახლები მდებარეობდა და ბაქოს „შავ ქალაქამდე“ აღწევდა, სადაც ნავთობჭაბურღილები და სამრეწველო ობიექტები იყო განთავსებული.

XIX საუკუნის გვიანი პერიოდი ბაქოს სწრაფი განვითარებითა და რუსეთის იმპერიიდან გუბერნიაში მოსახლეობის მიგრირების მეორე ნაკადით ხასიათდება. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მდიდარმა მრეწველებმა ბაქოში ახალი შენობების აგება დაიწყეს. ნიზამის ქუჩაზე უამრავი შენობა ნავთობმაგნატების ბრძანებით აიგო, როგორებიც იყვნენ: მუსა ნაღიევი, შამსი ასადულაევი და მურთუზა მუღაროვი და დაპროექტებული იყო იმ დროისთვის ცნობილი არქიტექტორების: ჯ. ვ. გოსლავსკის, ჯოზეფ პლოშკოს, ზივარ ბეი აჰმადბეიოვის, ი. ედელის, ნ. ა. ფონ დერ ნონის, მ. ღაფარ ისმაილოვის, ა. ჰაჯიბაბაბეჯოვის, კ. ბ. სურკევიჩისა და გ. ტერმიკელოვის მიერ.[8][9]

გუბერნსკაიას ქუჩა, მარჯვნივ - როტშილდების ოფისი (ნიზამის ქუჩა, 20), 1913

1868 წელს არქიტექტორ მ. გაფარ ისმაილოვის პროექტის შესაბამისად მიტოვებულ ტერიტორიაზე ქარვასლა აიგო, რომელიც დღეს ნიზამის ქუჩაზეა მოქცეული. ქარვასლის მახლობლად 1869 წელს წმ. გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხური ეკლესია აშენდა. 1880 წელს ნიზამის ქუჩის მარჯვენა მხარეს, 52 და 54 ნომრებში ორ- და სამსართულიანი საცხოვრებელი შენობები აიგო.

1888 წელს სასტუმროში „Imperial“ ა. მიშონის ფოტო-სტუდია გაიხსნა. კიდევ ერთი ცნობილი ფოტოგრაფის, დევიდ როსტამიანის ფოტო-სტუდია ტარგოვაიასა და მარიინსკაიას ქუჩების კუთხეში მდებარე სასახლის მეორე სართულზე იყო განთავსებული. ქალაქის ამ ნაწილში მდებარეობდა არაერთი საკონდიტრო მაღაზია, ყვავილების მაღაზია და პრესტიჟული სასტუმრო, როგორებიც იყო „ბალშაია მასკოვსკაია“, „Imperial“, „ლონდონი“ და „სევერნიე ნომერა“.

1896 წელს პრაჩეჩნაიას ქუჩის (შემდგომში გოგოლის, დღევანდელი მარდანოვის ქუჩა) კუთხეში ნავთობმაგნატ მურთუზა მუხთაროვის ბრძანებითა და არქიტექტორ ი. ვ. ედელის ხელმძღვანელობით სამსართულიანი სახლი აიგო, ხოლო 1910 წელს არქიტექტორ ჯოზეფ პლოშკოს ხელმძღვანელობით მას მეოთხე სართული დაემატა და ნახევრად წრიული ფასადის იერსახე შეინარჩუნა.[10] მილიონერ ჰაჯი რაჯაბლის სახლი ტარგოვაიას მარცხენა მხარეს აშენდა (ნიზამის ქუჩის 75, 77), მარიინსკაიასა და პრაჩეჩნაიას ქუჩებს შორის. მის მოპირდაპირე მხარეს აგებული შენობა მირზა თაღლიევს, შამახელ ვაჭარს ეკუთვნოდა და მასში ცნობილი გერმანელი კონდიტერის, ზეიცის მაღაზია იყო განთავსებული.[11]

ოპერის შენობა 1914 წელს

1899 წელს ნიზამის ქუჩის 115 ნომერში რუსეთის იმპერიის ტექნიკური კავშირის ბაქოს ფილიალის ერთსართულიანი შენობა აიგო. სამოქალაქო ინჟინრის, კ. ბ. სურკევიჩის პროექტით პესიდსკაიას ქუჩის კუთხეში ძმებ როტშილდების შენობა აიგო, რომელიც თავდაპირველად მათი ოფისი, 1918 და 1920-იან წლებში კი ნიდერლანდების საკონსულო იყო.

1902 წელს არქიტექტორმა ი. ვ. ედელმა ვოკზალნაიას ქუჩის კვეთასთან ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ააშენა. 1960-იან წლებში მას მესამე სართულიც დაემატა. 1910 წელს არქიტექტორ ჯ. ვ. გოსლავსკის პროექტის შესაბამისად ტარგოვაიასა და კასპიისკაიას სამხრეთ-აღმოსავლეთ კვეთაში სინაგოგა (ნიზამის ქუჩა, 76) ააგეს. დღეისთვის ამ შენობაში აზერბაიჯანის სიმღერის სახელმწიფო თეატრია განთავსებული.

1911 წელს გ. ტერმიკელოვისა და ნ. ბაიევის პროექტით, მრეწველ მაილოვის ბრძანებით ოპერეტის შენობა აიგო, სადაც ამჟამად აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრია განთავსებული (ნიზამის ქუჩა, 95). იმავე წელს მუსა ნაღიევის ბრძანებით, არქიტექტორ ჯოზეფ პლოშკოს პროექტის შესაბამისად ოპერეტის შენობასთან ახლოს, საცხოვრებელი სახლი (ნიზამის ქუჩა, 93) და მარიინსკაიას ქუჩის კუთხეში (ნიზამის ქუჩა, 48) ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი („ნაღიევის სახლი“) ააგეს, რომელის პლოშკოს ერთ-ერთ ყველაზე ძველ პროექტად ითვლება. კრასნოვოდსკაიას ქუჩის (ახლანდელი სამედ ვურღუნის ქუჩა) კუთხეში აშენებულ სახლში 1924 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი, ლევ ლანდაუ დაიბადა.

1912 წელს მარიინსკაიას ქუჩის კვეთასთან (ნიზამის ქუჩა, 50) ძმებ თაღიევების ბრძანებითა და არქიტექტორების, გ. ტერმიკელოვისა და გ. გასიმოვის ხელმძღვანელობით ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი აიგო.[12]

საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტარგოვაია 1930 წელს (გოგოლის ქუჩის კუთხიდან)

1925 წელს ქუჩას XVI საუკუნის დიდი აზერბაიჯანელი პოეტის, ფუზულის სახელი ეწოდა. 1939 წელს სახელი კიდევ ერთხელ შეეცვალა და კსასნოპრესენსკაიას ქუჩა ეწოდა, თუმცა 1940 წელს კვლავ ძველი სახელი დაუბრუნდა. 1962 წლის შემდეგ ქუჩა ნიზამი განჯევის სახელს ატარებს.

1932-1934 წლებში ტარგოვაიასა და ბალშაია მორკსაიას (შემდგომში კიროვის გამზირი, ახლანდელი ბულბულის გამზირი) ქუჩების კუთხეში ა. დუბოვის დაპროექტებით აზერბაიჯანის სს რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის კომპლექსი (ნიზამის ქუჩა, 87 და 89) აშენდა.

1949 წელს ცნობილი არქიტექტორების, მიხაილ ჰუსეინოვისა და სადიგ დადაშოვის დაპროექტეით, ლანდაუს სხლის გზაჯვარედინზე ორი საცხოვრებელი სახლი (ნიზამის ქუჩა, 66 და 83) ააგეს.[13] ამ სახლების მშენებლობისას სამუშაო ძალად დიდი სამამულო ომის დროს დატყვევებულ გერმანელებს იყენებდნენ.[14]

1966 წელს ნიზამისა და სამედ ვურღუნის ქუჩების კუთხეში ნასიმის პარკი გააშენეს, რომელსაც სახელი ეწოდა XIV საუკუნის მოწინავე აზერაიჯანელი პოეტის, იმადადინ ნასიმის პატივსაცემად.[15] 1978 წელს პოეტის დაბადებიდან 600 წლისთავზე პარკის ცენტრში გრანიტის კვარცხლბეკზე, ბრინჯაოსგან დამზადებული ძეგლი დადგეს. 2008 წელს პარკის რეკონსტრუქცია დაიწყო.[16]

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტარგოვაია დღეს

ნიზამის ქუჩის არქიტექტურა სხვადასხვა სტილისა და მიმართულების ხუროთმოძღვრების ნაზავს წარმოადგენს, რადგანაც ინტენსიური მშენებლობის პროცესი სამ ეტაპად მიმდინარეობდა: XIX საუკუნის გვიან პერიოდსა და XX საუკუნის დასაწყისში, შმდეგ 1950-1970-იან წლებში და თანამედროვე ხანაში.

შენობათა უმრავლესობა პირველ ეტაპზეა აგებული და ნეო-რენესასნსული, ნეო-გოთიკური, ბაროკოსა და ნეოკლასიცისტური სტილითაა აგებული. ამ პერიოდის შენობები აგებულია ნეომავრიტანული სტილითაც, რომელშიც არქიტექტორებიი ეროვნული ხუროთმოძღრული ელემენტების გამოყენებას ცდილობდნენ. მშენებლობის პირველი პერიოდი ტერიტორიის მიხედვით სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: 1. ვორონცოვისა და სპარსეთის ქუჩას შორის, სადაც ნ.ა. ფონ დერ ნონისა და მ. გაფარ ისმაილოვის პროექტების მიხედვით აგებული ძველი შენობები დგას; 2. თეზეპირის მეჩეთისა და სამხრეთით ერთ- და ორგანყოფილებიანი შენობების კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია; 3. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში აგებული სამ- და ოთხგანყოფილებიან შენობები,, რომელთა პროექტები ჯოზეფ პლოშკოსა და ი.ვ. გოსლავსკის ეკუთვნოდათ.

აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი

ქუჩის არქიტექტურული განვითარების მეორე ეტაპის შენობები „სტალინური სტილითაა აგებული. მოგვიანებით, 1950-იან წლებში მრავალი საცხოვრებელი სახლი ახალი არქიტექტურული სტილის მიხედვით აიგო, რომელის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყო გავრცელებული და „კონსტრუქტივიზმის“ სახელწოდებითაა ცნობილი. კრიტიკოს ჰ. ფ. მამადოვის თქმით, კონსტრუქტივისტული არქიტექტურული სტილი მთელს სსრკ-ში ყველაზე სრულად და მრავალმხრივად ბაქოში გამოჩნდა და ქალაქს ახალი სახე შესძინა. ბაქოში არქიტექტურულმა მიმდინარეობამ ადგილობრივი სახე მიიღო და „ბაქოს კონსტრუქტივიზმი“ ეწოდა.[17]

თანამედროვე კონსტრუქციები, განსაკუთრებით ცათამბჯენები, ნეო-მოდერნული სტილითაა აგებული და მშენებლობის პროცესში ალუმინის შემცველი პანელები, ფიბრობეტონები, მარმარილო და გრანიტია გამოყენებული. სპეციალისტთა თქმით, ნიზამის ქუჩაზე მდებარე ორი ნაგებობა თავიანთი სტილით ქუჩაზე მდებარე სხვა ნაგებობებისგან გასნხვავდებიან. ეს შენობებია: მაქსიმ გორკის სახელობის აზერბაიჯანული მოზარდმაყურებლის თეატრის შენობა (ნიზამის ქუჩა, 72), რომელიც ქუჩის ამ ნაწილის არქიტექტურული ანსამბლისთვის ზედმეტად მასიურია, ახლო მდებარე სახლების კლასიკურ არქიტექტურულ სტილთან შეუსაბამოა და ტერიტორიის გეომეტრიას არღვევს და სახელმწიფო კომიტეტის შენობა (ნიზამის ქუჩა 87/89), რომლის კონსტრუქტივისტული სტილი ასევე არღვევს პერიმეტრის კლასიკურ არქიტექტურულ იერსახეს.[18]

ისტორიული ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომერი გამოსახულება დეტალები
20
კასპიისა და შავი ზღვის ნავთობისა და ვაჭრობის საზოგადოების შენობა (აგებულია 1898–1899 წლებში).
30
ბაქოს ცენტრალური უნივერსალური ჟურნალის შენობა
34/0
შენობა „ნარგიზი“ - სავაჭრო ცენტრი (მარცხნივ)
38
ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ქვეშ
38/0
წმ. გრიგოლ განმანათლებლის ეკლესია (აგებულია 1869 წელს)
48
მუსა ნაღიევსი სახლის ჩრდილოეთი ფასადი (მარჯვნივ) აგებულია 1911 წელს
50
ძმებ თაღიევების სახლი, აგებულია 1912 წელს
56
არქიტექტორ ი. ვ. ედენის მიერ 1902 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი
58
არქიტექტორ ი. ვ. ედენის მიერ 1890 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი
61
საცხოვრებელი სახლი, აიგო 2006 წელს
64
1911 წელს აგებული სახლი, სადაც ლევ ლანდაუ დაიბადა და ცხოვრობდა
66
მიხაილ ჰუსეინოვის მიერ 1956 წელს აგებული სახლი
67,69
"ISR Plaza" ცენტრალური ოფისი და აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის შენობა
72
მაქსიმ გორკის სახელობის აზერბაიჯანული მოზარდმაყურებლის თეატრის შენობა, აიგო 1965 წელს
73
საცხოვრებელი სახლი, სადაც საბჭოთა პერიოდში ზოო-მაღაზია იყო განთავსებული
74
აზერბაიჯანის ეროვნული ბიბლიოთეკა, გაიხსნა 1923 წელს. ჩრდილოეთი ფასადი ნიზამის ქუჩას გადაჰყურებს
75
ჰაჯი რაჯაბლის სახლი, აიგო 1896 წელს. საბჭოთა პერიოდში პირველ სართულზე კინოთეატრი იყო განთავსებული
76
რაშიდ ბეჰბუთოვის სახელობის აზერბაიჯანის სიმღერის სახელმწიფო თეატრის შენობა
77
საცხოვრებელი სახლი, აიგო 1957 წელს
79
მურთუზა მუხთაროვის ბრძანებით 1896 წელს აგებული სახლი. 1927–1931 წლებში აქ ჯამშიდ ნახიჩევანსკი ცხოვრობდა
81
საცხოვრებელი სახლი
83
მ. ჰუსეინოვისა და ს. დადაშოვის მიერ 1958 წელს აგებული სახლი
85
ნასიმის პარკი
87,89
სახელმწიფო კომიტეტის შენობა
90
ყოფილი ქარხნის შენობა
93
მუსა ნაღიევის სახლი, აიგო 1911 წელს
95
აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, აიგო 1911 წელს
96
საოფისე ცენტრი „ღირსშესანიშნაობა“
99
საცხოვრებელი სახლი, აიგო 1964 წელს
103
საცხოვრებელი სახლი, აიგო 1952 წელს
109
საცხოვრებელი სახლი, აიგო 1995 წელს
115
რუსეთის იმპერიის ტექნიკური საზოგადოების შენობა, აიგო 1899 წელს
117
ფრანგულ-აზერბაიჯანული უნივერსიტეტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Президентская библиотека им. Б. Н. Ельцина. Российская империя (до 1917 года). Административно-территориальное деление. Бакинская губерния. დაარქივებული 2011-03-11 საიტზე Wayback Machine.
  2. Проект «Наш Баку». Бекская комиссия и ее работа в Баку. 1870–1882.[მკვდარი ბმული]
  3. Л. Бретаницкий. «Баку. Архитектурно-художественные памятники» Издание 2-е. — Изд. "Искусство, Ленинград-Москва, 1970 — стр. 38, 95.[მკვდარი ბმული]
  4. Ш. С. Фатуллаев. «Градостроительство и архитектура Азербайджана XIX — начала XX века». — Л., Стройиздат, 1986. — стр. 34
  5. М. А. Усейнов. «История архитектуры Азербайджана». — И. ГИЛ по строительству и архитектуре, 1963 — стр. 362
  6. Б. С. Бутник-Сиверский. «Исторический план города Баку», 1870. Архив Института истории НАН Азербайджана. Инв. номер 680.
  7. Чингиз Каджар. «Старый Баку». — И. ОКА «Офсет». — Баку, 2007 — стр. 75
  8. А. Иличевский. «Город времени. Ротшильды и Нобели в истории Баку» დაარქივებული 2011-10-16 საიტზე Wayback Machine. Booknik.ru
  9. Галина Микеладзе. «Баку — от уездного города на берегу Каспия к губернскому красавцу XIX века».1 news.az, 30.12.2009.
  10. Ш.Фатуллаев-Фигаров. «Архитектурная энциклопедия Баку». Международная академия архитекутры стран Востока, Баку-Анкара. — И. «Козан Офсет», 1998 — стр. 240
  11. Манаф Сулейманов. «Дни минувшие». стр. 21–27. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-17. ციტირების თარიღი: 2019-12-08.
  12. Ш.Фатуллаев-Фигаров. «Архитектурная энциклопедия Баку». Международная академия архитекутры стран Востока, Баку-Анкара. — И. «Козан Офсет», 1998 — стр. 242, 266–275, 305–374.
  13. Ilham Aliyev, President of Architects Union. «The Soviet period of architecture in Azerbaijan. The twists and turns of the career of Mikayil Useynov (1905–1992)». Azerbaijan International, Winter 1998.
  14. Л. Бретаницкий. «Баку. Архитектурно-художественные памятники» Издание 2-е. — Изд. "Искусство, Ленинград-Москва, 1970 — стр. 61[მკვდარი ბმული]
  15. Архив Верховного суда Азербайджанской Республики. Азербайджан. Общая информация. 2001 год.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-05. ციტირების თარიღი: 2019-12-08.
  16. Проект «Окно в Баку». Памятники Баку. დაარქივებული 2019-12-08 საიტზე Wayback Machine. Window2baku.com
  17. Г. Ф. Мамедов. «Архитектура Азербайджана эпохи социализма». Журнал «İRS», № 45İrs-az.com, март 2010.
  18. Л. Бретаницкий. «Баку. Архитектурно-художественные памятники» Издание 2-е. — Изд. "Искусство, Ленинград-Москва, 1970 — стр. 62[მკვდარი ბმული]