შინაარსზე გადასვლა

აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი
Azərbaycan Dövlət Akademik Opera və Balet Teatrı

საოპერო თეატრის შენობა (2014)
ზოგადი ინფორმაცია
არქიტექტურული სტილი არტ-ნუვო
ქვეყანა აზერბაიჯანი
მდებარეობა ნიზამის ქუჩა
კოორდინატები 40°22′28″ ჩ. გ. 49°50′43″ ა. გ. / 40.37470111° ჩ. გ. 49.84539694° ა. გ. / 40.37470111; 49.84539694
დაიწყო 1920
გაიხსნა 1911 წლის 28 თებერვალს
არქიტექტორ(ებ)ი ნიკოლაი ბაიევი
საიტი
www.tob.az

აზერბაიჯანის ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (აზერ. Axundov adına Azərbaycan Dövlət Akademik Opera və Balet Teatrı), უწინ ცნობილი, როგორც მაილოვის თეატრი[1]ოპერის სახლი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. აიგო 1911 წელს.

თეატრი აშენდა მაგნატების, დანიელ მაილოვის თხოვნითა და ზეინალაბდინ თაღიევის დაფინანსებით. 1910 წელს ბაქოს ეწვია ცნობილი რუსი სოპრანო ანტონინა ნეჟდანოვა, რომელმაც კლუბებსა და სხვა საშემსრულებლო ადგილებში რამდენიმე კონცერტი გამართა.[2] ნეჟდანოვას გამგზავრებასთან დაკავშირებით ადგილობრივ სამორინეში გამართულ ბალზე მას ჰკითხეს კიდევ ეწვეოდა თუ არა ბაქოს. მომღერლის პასუხი უარყოფითი იყო, რაც გამოწვეული იყო მისი აღშფოთებით, რომ ქალაქში, სადაც ამდენი მდიდარი პიროვნება ცხოვრობდა, არავის ჰქონდა სურვილი დაეფინანსებინა ღირსეული ოპერის თეატრის მშენებლობა, სადაც მომღერლებს საშუალება მიეცემოდათ მთლიანად გამოევლინათ მათი მუსიკალური ნიჭი. დანიელ მაილოვმა, რომელიც აღფრთოვანებული იყო ნეჟდანოვას ხმითა და პიროვნებით, გადაწყვიტა გამოეყენებინა ეს შანსი და მომღერლისათვის შეეთავაზებინა ერთ წელში კვლავ სწვეოდა ბაქოს ახალი ოპერის თეატრის გახსნაზე დასასწრებად, რომლის მშენებლობასაც იგი მის პატივსაცემად დაიწყებდა.[3]

სომხური წარმოშობის[4][5] რუსმა არქიტექტორმა და სამოქალაქო ინჟინერმა ნიკოლაი ბაიევმა თეატრის არქიტექტურული ესკიზი შექმნა.[1] მიუხედავად ამისა, ასეთი გრანდიოზული შენობის ერთ წელში აგება იმ დროისათვის ჯერ ვერავის წარმოედგინა და საჭირო გახდა უსაფრთხოების მრავალი ზომის მიღება. ძმებმა მაილოვებმა გადაწყვიტეს არ მოეცადათ ქალაქის საკრებულოს მიერ ნებართვის გაცემისათვის, თუმცა ბრძანების გამო იძულებულები გახდნენ შეეჩერებინათ მშენებლობა, რადგანაც ის არღვევდა მშენებლობის რეგულაციებს.[3] მალე ბაიევმა შეძლო დაერწმუნებინა ქალაქის საკანონმდებლო ორგანო და ნებართვაც მოიპოვა. აზერბაიჯანელმა მაგნატმა ზეინალაბდინ თაღიევმა, რომელსაც მანამდე დაფინანსებული ჰქონდა თაღიევის თეატრის მშენებლობა (დღევანდელი აზერბაიჯანის სახელმწიფო მუსიკალური თეატრი), გამოთქვა ეჭვი, რომ ახალი თეატრის აშენება დროის ასეთ მოკლე პერიოდში ვერ მოესწრებოდა. დანიელ მაილოვმა თაღიევთან სანაძლეო დადო: იმ შემთხვევაში, თუ მაილოვები დათქმული დროისათვის მშენებლობის დამთავრებას ვერ მოასწრებდნენ, მათ ის თაღიევისათვის უნდა გადაეცათ როგორც საჩუქარი, ხოლო თუ თეატრი ნამდვილად დასრულდებოდა 1911 წლისათვის, თაღიევს მთელი მშენებლობის ხარჯები უნდა დაეფარა.[3]

სამ ცვლაში მომუშავე 200 მუშა უზრუნველყოფდა სწრაფ მშენებლობას. სამუშაოები 10 თვეზე ნაკლებ დროში დასრულდა, მთლიანმა სამშენებლო ხარჯმა კი 250 000 რუბლს გადააჭარბა.[1] ქალაქის მერმა პეტრე მარტინოვმა არქიტექტორებისა და ინჟინრების თანხლებით შეისწავლა შენობა და დაადასტურა მისი უსაფრთხოება. პირობის მიხედვით, ხარჯები მთლიანად თაღიევმა დაფარა. მაილოვების თეატრის გახსნის ოფიციალური ცერემონია 1911 წლის 28 თებერვლას გაიმართა. დანიელ მაილოვმა წინასწარ, ტელეგრამის საშუალებით შეატყობინა ნეჟდანოვას და ცნობილი სოპრანო გახდა პირველი მომღერალი, რომელიც ახალ ოპერის თეატრში გამოვიდა. ღონისძიებას ბაქოს მრავალეროვანი ელიტის უმეტესი ნაწილი დაესწრო. მათ შორის არ იმყოფებოდა ის ოპერის მომღერალი, რომელმაც მაილოვები თავის წვეულებაზე არ მიიწვია.[3]

1916 წელს თეატრი შეიძინა ადგილობრივმა ორგანიზაციამ (პავლე ამირაგოს საოპერო დასმა) და დაიწყო მუდმივი ფუნქციონირება. 1920 წელს ის გახდა ოპერისა და ბალეტის თეატრის სახელით ცნობილი სახელმწიფო თეატრი. 1925 წელს აზერბაიჯანის საოპერო დასის, რუსული საოპერო დასისა და დრამის დასის გაერთიანებით შეიქმნა ოფიციალური ადგილობრივი ორგანიზაცია და 1927 წელს თეატრს ეწოდა მწერალ მირზა ფათალი ახუნდოვის სახელი. 1959 წელს მიენიჭა აკადემიური თეატრის სტატუსი.

თეატრის მოღვაწეობის პირველ წლებში დაიდგა არაერთი ცნობილი სპექტაკლი: უზეირ ჰაჯიბეკოვის „ლეილი და მეჯნუნი“, მაგომაევის ოპერა „შაჰ ისმაილი“, ზულფუგარ ჰაჯიბეკოვის ოპერა „აშუღ გარიბი“, ოპერები „დემონი“, „მაზეპა“, „ევგენი ონეგინი“, „კნიაზ იგორი“, „აიდა“, „ფაუსტი“, „კარმენი“, „ტოსკა“; ბალეტები „გედების ტბა“, „ჟიზელი“, „კოპელია“.

1985 წელს ახლადგარემონტებული თეატრი ხანძრის შედეგად დაიწვა. 1987 წელს ყველა აღდგენითი სამუშაო დასრულდა და თეატრის კარი ხელახლა გაიღო.[1]

1960 წლისათვის თეატრის დასს შეადგენდნენ მომღერლები — სსრკ სახალხო არტისტები: ბულბული, რაშიდ ბეჰბუდოვი, შოვქეთ მამედოვა; დირიჟორი ნიაზი ზულფუგარ-ოღლუ თაღიზადე-ჰაჯიბეკოვი. თეატრის მთავარი რეჟისორი იყო აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი მ. ა. მამედოვი.[6]

თეატრის თანამედროვე დასი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრის თანამედროვე დასი მოიცავს ვოკალურ დასს, საბალეტო დასს, გუნდს, სიმფონიურ ორკესტრს.

თანამედროვე რეპერტუარი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრის რეპერტუარი შედგება მსოფლიოში ცნობილი ოპერებისა და ბალეტებისაგან, ასევე ეროვნული ავტორების მიერ შექმნილი ნაწარმოებებისაგან. რეპერტუარში ასევე შედის საბავშვო სპექტაკლები, მაგალითად, ნაზიმ ალივერდიბეკოვის ოპერა-ზღაპარი „ჯირტდანი“.[7] პერიოდულად იდგმება პრემიერები, ასევე ხდება სპექტაკლებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთის არტისტების მოწვევა, მათ შორის მოლდოვიდან, უკრაინიდან.

2008 წლიდან თეატრის სიმფონიური ორკესტრი (მათ შორის 2012, 2013 წლებში) მონაწილეობას ღებულობს გერმანიაში (მოწვევით) „გუტ იმლინგ“-ის საოპერო ხელოვნების ფესტივალზე.[8][9] თეატრი ასევე გადის გასტროლებზე. ტრადიციისამებრ, ყოველ სეზონს უზეირ ჰაჯიბეკოვის დადგმით ხსნის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Opera in Azerbaijan by Azer Rezayev. Azerbaijan International. #5.4. Winter 1997
  2. (რუსული) On Baku for Those Who Has Never Been There by Elena Kolmanovskaya. Baku Pages. 31 March 2003
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 (რუსული) The Opera and Ballet Theatre by Manaf Suleymanov. The Past Days. 1990
  4. Armenia-Russia: The dialogue in the space of artistic culture, Materials of International symposium, Moscow 2010, p. 16 (by Dr. M. Gasparyan). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-26. ციტირების თარიღი: 2015-10-29.
  5. Армянская культура в 1800-1917 гг., Вахе Эрканьян, 1985, p. 190
  6. Театральная энциклопедия. Гл. ред. С. С. Мокульский. Т. 1 — М.: Советская энциклопедия, А — «Глобус», 1961, 1214 стб. с илл., 12 л. илл.
  7. Театр оперы и балета представит юным зрителям сказку-оперу «Джиртдан»
  8. Уходящий год запомнится Театру оперы и балета триумфальными событиями — Акиф Меликов
  9. Выступление симфонического оркестра Азербайджанского театра оперы и балета в Германии покорило публику