შინაარსზე გადასვლა

ჰუმანიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეონარდო და ვინჩის ანატომიური ნახაზები

ჰუმანიზმი (ლათ. humanus, ადამიანისეული, ადამიანური, განათლებული) — მიმდინარეობა ფილოსოფიაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში რენესანსის პერიოდში, რომელიც ყველაფერზე მაღლა ადამიანსა და ადამიანურ ფასეულობებს აყენებს. იგი მოიცავს XIV-XVI საუკუნეებს და ხასიათდება ანტიკური ტექსტებით დაინტერესებით, ცხოვრების, წერის, აზროვნების სტილის შეცვლით.

ჰუმანიზმი ვიწრო გაგებით — რენესანსის კულტურული მიმართულება, რომელმაც შუა საუკუნეების მისტიკურად გაგებულ ადამიანის კულტს მიწიერი, ამქვეყნიური ადამიანის იდეალი დაუპირისპირა და მისთვის ზრუნვა საყოველთაო მიზნად გამოაცხადა. ფართო გაგებით — ისტორიულად ცვალებად შეხედულებათა სისტემა, რომელიც ძირითად ღირებულებად თვლის ადამიანის პიროვნებას, აღიარებს მის უფლებას ბედნიერებაზე, თავისუფლებაზე, თანასწორობასა და ყოველგვარი უნარის გამოვლენაზე. მისი აზრით, ადამიანის კეთილდღეობა სოციალური ინსტიტუტების ავკარგიანობის შეფასების საზომია, ხოლო თავისუფლების, თანასწორობის, სამართლიანობისა და კაცთმოყვარეობის პრინციპი — ადამიანთა შორის ურთიერთობის ნორმები.

ადამიანურობისა და კაცთმოყვარეობის მოტივები უძველესი დროიდან იჩენდა თავს ფოლკლორულ, მხატვრულ-ლიტერატურულ მასალაში, ეთიკურ-ფილოსოფიურ და რელიგიურ კონცეფციებში. ჰუმანიზმი როგორც სისტემური მიმდინარეობა, წარმოიშვა რენესანსის ეპოქაში და წამყვან მსოფლმხედველობრივ და კულტურულ ნაკადად იქცა.

ჰუმანიზმის ისტორიაში ახალი თვისობრივი ეტაპი შექმნეს XVII-XVIII საუკუნეებში რევოლუციურ-ბურჟუაზიულმა იდეოლოგებმა, რომლებიც ავითარებდნენ ადამიანის „ბუნებრივ უფლებებთან“ საზოგადოების წყობის შესატყვისობის იდეას, ე. ი. ყოველგვარ წყობილებას აფასებდნენ ადამიანის აბსტრაქტულ „ბუნებასთან“ მისი შესატყვისეობის თვალსაზრისით. მათ შორის განსაკუთრებული როლი შეასრულეს XVIII საუკუნის ფრანგმა მატერიალისტებმა, რომლებმაც ჰუმანიზმი მატერიალიზმსა და ათეიზმს დაუკავშირეს და ადამიანის განთავისუფლების პირობად ფეოდალური დესპოტიზმის ლიკვიდაცია მიიჩნიეს. ჰუმანისტური მსოფლმხედველობის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე ი. კანტის შეხედულებას, რომლის მიხედვით, ადამიანი სხვა ადამიანისათვის შეიძლება იყოს მხოლოდ მიზანი და არა საშუალება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]