იონა მეუნარგია
| იონა მეუნარგია | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 18 დეკემბერი, 1852[1] |
| დაბადების ადგილი | ცაიში, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
| გარდაცვალების თარიღი | 15 მაისი, 1919[2] (66 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ცაიში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
| საქმიანობა | მწერალი[2] , კრიტიკოსი[2] და პუბლიცისტი[2] |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | თბილისის სასულიერო სემინარია და ჟენევის უნივერსიტეტი |
| ნათესავ(ებ)ი | პეპუ მეუნარგია და მიხეილ მეუნარგია |
იონა მეუნარგია (დ. 18 დეკემბერი , 1852, ცაიში — გ. 15 მაისი, 1919 , იქვე) — ქართველი მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი.
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იონა მეუნარგიას წინაპრების შესახებ ცნობები ისტორიულ ქრონიკებში XVIII საუკუნიდან ჩნდება. ისინი ცაიშის საკათედრო ტაძრის მსახურები იყვნენ. მწერლის პაპა, პეპუ მეუნარგია XIX საუკუნის პირველი ნახევრის სახელგანთქმული ოქრომჭედელი იყო.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იონა მეუნარგია დაიბადა დეკანოზ მიხეილ მეუნარგიასა და სუსანა გაწერელიას ოჯახში. მან დაწყებითი განათლება მიიღო მარტვილის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ დაასრულა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1874 წელს, როგორს პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო გარიცხეს სემინარიიდან. იმავე წელს მეუნარგიამ სწავლის გასაგრძლებლად ევროპას მიაშურა. იგი ორი წლის განმავლობაში ჟენევის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

1877 წელს იგი ცოდნის გასაღრმავებლად პარიზში გადავიდა, სადაც ეცნობოდა საფრანგეთის ლიტერატურას, ხელოვნებას, პარიზის კულტურული და შემოქმედებითი ცხოვრების მდინარებას. იქვე ჰქონდა შეხვედრა ფრანგული მწერლობის ცოცხალ კლასიკოსთან – ვიქტორ ჰიუგოსთან.
1878 წლის მიწურულს იონა მეუნარგია სამშობლოში დაბრუნდა და ჩაება საზოგადოებრივი-ლიტერატურულ ცხოვრებაში. იგი თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ ჟურნალ–გაზეთებში „ტიფლისსკი ვესტნიკი“, „დროება“, „ივერია“ „კავკაზი“, „ნოვოე ობოზრენიე“, „კვალი“, „მოამბე“ და სხვა. მუშაობდა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში. 1888 წელს იყო ვეფხისტყაოსნის გამომცემელი კომისიის წევრი, სისტემატურად აქვეყნებდა კომისიის სხდომების ოქმებს. მას ეკუთვნის „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ფრანგული თარგმანი (დაკარგულია) და მოკლე შინაარსის რუსული თარგმანი. ქართულ მწერლობაში დაამკვიდრა ბიოგრაფიული ჟანრი, აღწერდა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ცხოვრებას.
1891–1894 და 1907–1913 წლებში იონა არჩეულ იქნა ფოთის ქალაქის თავის მოადგილედ. 1898–1907 წლებში მომრიგებელ შუამავლად მოღვაწეობდა ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრებში.
1919 წელს საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით, იყო სიის 39-ე ნომერი, თუმცა ვერ გახდა დამფუძნებელი კრების წევრი.[3] ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1919 წლის 15 მაისს გარდაიცვალა 66 წლის ასაკში. დაკრძლეს ცაიშის ეკლესიის ეზოში, წინაპართა გვერდით საგვარეულო საძვალეში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცაიშვილი სოლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 621.
- ცაიშვილი სოლ, „ლიტერატურული ნარკვევები“, თბ. 1962
- ცაიშვილი სოლ., „ქართველი მწერლები“ ტ. 1-2, თბ., 1954-1957
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იონა მეუნარგია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- იონა მეუნარგია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- იონა მეუნარგიას "ცხოვრება და პოეზია ნიკოლოზ ბარათაშვილისა" დაარქივებული 2011-06-23 საიტზე Wayback Machine.
- იონა მეუნარგია, ცხოვრება, შემოქმედება
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია / ი. აბაშიძე — ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია, 1965.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ ჯანელიძე ო., „ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან“, თბილისი: „მეცნიერებება“, 2002. — გვ. 328, ISBN 99928-962-0-5.