შინაარსზე გადასვლა

თამარაშენი (ქურთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თამარაშენი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
თამარაშენი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ქურთის მუნიციპალიტეტი
თემი ქურთა
კოორდინატები 42°15′13″ ჩ. გ. 43°57′42″ ა. გ. / 42.25361° ჩ. გ. 43.96167° ა. გ. / 42.25361; 43.96167
ცენტრის სიმაღლე 880
თამარაშენი (ქურთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
თამარაშენი (ქურთის მუნიციპალიტეტი)
თამარაშენი (ქურთის მუნიციპალიტეტი) — ქურთის მუნიციპალიტეტი
თამარაშენი (ქურთის მუნიციპალიტეტი)

თამარაშენი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქურთის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე).

მდებარეობს დიდი ლიახვის ხეობაში, ზღვის დონიდან 880 მ-ზე, ქალაქ ცხინვალის ჩრდილოეთით 0,5 კმ-ზე.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

წერილობით წყაროებში თამარაშენი პირველად XVII საუკუნის საბუთებში იხსენიება. გადმოცემით ის თამარ მეფეს დაუარსებია. პლატონ იოსელიანის ცნობით თამარის მიერ აქ აშენებული პატარა ქალაქი ჯალალედინის შემოსევის დროს დანგრეულა (1225 წ.). ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში (XVIII ს.) თამარაშენი მოხსენიებულია როგორც ქართველებით, სომხებით და ებრაელებით დასახლებული მცირე ქალაქი. XIX საუკუნეში, სამაჩაბლოს გაუქმების შემდეგ, თამარაშენში აჩაბეთიდან გადმოსახლდნენ მაჩაბლები.

საქართველოში საბჭოთა რეჟიმის ძალადობრივი დამყარების შემდეგ, 1922 წელს თამარაშენი გადაეცა ახლადშექმნილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს. შედიოდა ცხინვალის რაიონის ქურთის სასოფლო საბჭოში. სოფელში მოქმედებდა მეთესლეობის საბჭოთა მეურნეობა. ოლქის გაუქმების შემდეგ, 1990-2006 წლებში სოფელი შედიოდა გორის რაიონში, 2006 წლიდან — ქურთის მუნიციპალიტეტში.

თამარაშენის ნანგრევები 2010 წელს (NASA-ს თანამგზავრული ფოტოგრაფია)

1990-იანი წლების დასაწყისში თამარაშენი მოექცა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. თამარაშენის ოსური მოსახლეობა ძალადობის შიშით იძულებული გახდა სოფელი დაეტოვებინა, დარჩენილი ქართული უმრავლესობა კი ცხინვალიდან ოსი სეპარატისტების მუდმივი თავდასხმების სამიზნე იყო. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება სოფელზე კონტროლს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომამდე ინარჩუნებდა. რუსეთის ჯარების მიერ სოფლის ოკუპაციის შემდეგ ოსურმა დაჯგუფებებმა მოსახლეობისგან დაცლილი და დაბომბილი სოფელი მიწასთან გაასწორეს: გადაწვეს საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი შენობები, სრულად გაანადგურეს ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი. 2009 წელს საოკუპაციო რეჟიმმა თამარაშენის ტერიტორიის ნაწილი ცხინვალს შეუერთა და აქ მოსკოვის მერიის დახმარებით მიკრორაიონი „მოსკოვსკოე“ გააშენა.[1]

თამარაშენსა და მის შემოგარენში შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების გრიგოლწმინდის და მაცხოვრის დარბაზული ეკლესიები. 1954-1958 წლებში სოფლის მახლობლად, ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, შესწავლილი იქნა მუსტიეს პერიოდის ღია სადგომი.

წელი მოსახლეობა კაცი ქალი ეთნოსი
1989[2] 1 196 610 586 ქართველები ( %)
ოსები ( %)
2002[3] 960 493 467 ქართველები (91 %)
  1. წამალაშვილი ეკა, ცხინვალში ვლადიმირ პუტინსა და იური ლუჟკოვს ელოდებიან, „რადიო თავისუფლება“, აგვისტო 24, 2009.
  2. მოსახლეობის სრულიად საკავშირო 1939, 1959, 1970, 1979 და 1989 წლების აღწერების შედეგები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (9 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2020.
  3. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.