შინაარსზე გადასვლა

ვასო აბაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.
ვასო აბაშიძე

ვასო აბაშიძე
დაბადების სახელი ვასო აბაშიძე
დაბადების თარიღი 4 დეკემბერი, 1854
დუშეთი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 9 ოქტომბერი, 1926 (71 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
საქმიანობა მსახიობი
ვასო აბაშიძე როლში

ვასილ (ვასო) ალექსის ძე აბაშიძე (დ. 22 ნოემბერი (4 დეკემბერი), 1854, დუშეთი — გ. 9 ოქტომბერი, 1926, თბილისი) — ქართველი მსახიობი. ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სსრ პირველი სახალხო არტისტი (1922).

სწავლობდა ჯერ თბილისის, მერე ქუთაისის გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მასწავლებლობდა ქუთაისში (1872–1877), შუშასა და ყაზახში (აზერბაიჯანი, 1877–1879). გიმნაზიაში სწავლის დროს მონაწილეობდა საოჯახო წარმოდგენებში (ალექსანდრე სუმბათაშვილსა და ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოსთან ერთად, შემდეგ — ქუთაისის სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში, 1879-იდან კი, როცა მუდმივი ქართული თეატრი აღადგინეს, პროფესიული მსახიობი გახდა.

აბაშიძე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილ მოღვაწეთა წრეში იზრდებოდა და აგრეთვე ეზიარა რევოლუციურ-დემოკრატიულ იდეებს. ხშირად გამოდიოდა დაბებისა და სოფლების, მუშათა სახალხო თეატრების სცენაზე; მისი აზრით, მსახიობი მოწინავე საზოგადოების იდეების გამომხატველი უნდა ყოფილიყო, თეატრს კი რეალიზმისა და „განცდის ხელოვნების" გზით ევლო (იხილეთ მისი სტატია „მოკლე ცნობები დრამატული ხელოვნების შესახებ“, გაზეთ „ივერია“, 1894, NN 171,172).

აბაშიძე სცენიდან ამხელდა მის დროინდელ საზოგადოებას, მის გახრწნილებას და ფარისევლობას. შექმნა მრავალი კოლორიტული სახე: კუმუხტი, ტრდატოვი, დაბაღოვი (გიორგი ერისთავის „დავა“, „გაყრა“, „ძუნწი“), გეურქა (ზურაბ ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“), ავეტიკა, აკოფა, მაზუთიანი, გასპარა, ოსეფა, გრიქულა (ავქსენტი ცაგარელის, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“, „ხანუმა“, „ციმბირელი“, „ბაიყუში“, „მათიკო“, „ჭკუისა მჭირს“), საქო (იოსებ გედევანიშვილის „მსხვერპლი“), ზიმზიმოვი, ისაია (გაბრიელ სუნდუკიანის „პეპო“, „ხათაბალა“), ბესო (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი „ღალატი“), გრზშნევსკი (ტრიფონ რამიშვილის „მეზობლები“). კლასიკური რეპერტუარიდან განასახიერა ფამუსოვის (ალექსანდრე გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“), ხლესტაკოვის, გოროდნიჩის (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), ბელოგუბოვის, შმაგის (ალექსანდრე ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“, „უდანაშაულო დამნაშავენი“), სკაპენისა და ორგონის (მოლიერის „სკაპენის ოინები“, „ტარტიუფი“), ფიგაროს (პიერ ბომარშეს „სევილიელი დალაქი“) და სხვა როლები.

მონაწილეობდა ოპერეტებში: შარლ ლეკოკის „რაინდი უშიშარი და გულმართალი“ (ლარგი), უზეირ ჰაჯიბეკოვის „არშინ-მალ-ალან“ (ასკარი) და სხვა. ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას. დაწერა რამდენიმე პიესა, თარგმნა და გადმოაკეთა მრავალი კომედია, ვოდევილები და ოპერეტა. 1885 წელს დააარსა გაზეთი „თეატრი“. შეადგინა და გამოსცა პიესათა და საესტრადო მასალათა კრებულები („ჩანგი“, თბილისი, 1888, 1892; ოზურგეთი, 1892; ფოთი, 1893; ბათუმი, 1900).

აბაშიძის სახელი მიკუთვნებული აქვს თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრს. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]