გიორგი ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ერისთავი, გიორგი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერისთავი (მრავალმნიშვნელოვანი).
გიორგი ერისთავი
დაბადების თარიღი 1811[1] [2] [3] ან 1813[4]
დაბადების ადგილი ოძისი, საქართველოს გუბერნია, რუსეთის იმპერია[4] [5]
გარდაცვალების თარიღი 9 (21) სექტემბერი, 1864[3]
გარდაცვალების ადგილი ხიდისთავი (გორის მუნიციპალიტეტი)[4]
ფსევდონიმი გლუხარიჩი
საქმიანობა დრამატურგი და პოეტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი თბილისის კლასიკური გიმნაზია
Magnum opus გაყრა
შვილ(ებ)ი დავით ერისთავი[6]

გიორგი დავითის ძე ერისთავი (დ. 1813, ოძისი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 22 სექტემბერი [ძვ. სტ. 9 სექტემბერი], 1864, გორი; დაკრძალულია იკორთის მონასტერში (ზემო იკორთა, ახლანდელი ერედვის მუნიციპალიტეტი) — ქართველი დრამატურგი, პოეტი, ქართული თეატრის აღმაშენებელი.

სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში (1824-1825), შემდეგ მცირე ხნით მოსკოვში, კერძო პანსიონში. 1830 წლიდან მონაწილეობდა მეფის რუსეთის საწინააღმდეგო შეთქმულებაში, რისთვისაც 1832 წლის დეკემბერში დააპატიმრეს. 1834 გადაასახლეს ქ. ვილნოში, სადაც ქვეით დივიზიაში გაამწესეს. ერისთავმა შეისწავლა პოლონური ენა და ლიტერატურა, დაუახლოვდა მოწინავე პოლონურ ოჯახებს.1838 წელს მას ნება დართეს დროებით ჩამოსულიყო საქართველოში, სადაც საბოლოოდ 1842 წელს დაბრუნდა. ერთხანს თბილისში სახელმწიფო სამსახურში იყო, 1854 წლიდან კი სოფ. ხიდისთავში დასახლდა.

ერისთავის პირველი გამოქვეყნებული ნაწარმეობია პოემა „ოსური მოთხრობა“ (ნაწ. 1, „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“, 1832), რომელიც სრული სახელით და ახალი სათაურით „ზარე და ყანიმათ“ 1853 წელს ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა. ერისთავის პოეზიაში მნიშვნელოვანია ეროვნულ-პატრიოტული („თ. სვიმონ მაჩაბელს“, 1833; „უცხო ქვეყნის ჭაბუკს“, 1835; „მტკვრისადმი“, „ყაბახისადმი“, 1836; „კავკაზი და უცნობი“, 1854; „თ. ნიკოლოზ მელიტონის ძის ბარათოვის გარდაცვალებაზედ“) და სატრფიალო („თეოდოსია მირეცკას“, 1840; „მოგონება“, 1844; „გულს“, 1845; „კნიაჟნა დარია ბეგთაბეგოვისას“, 1849) მოტივები. სატირულიუმორისტულ ლექსებში ერისთავი კიცხასვს ე. წ. მაღალი საზოგადოების ზნეობრივ გადაგვარებას („დედა და ქალი“, 1838; „ფიქრი ყმაწვილი ქალისა“, 1839; „ერთი კაცი წვა სნეული“, 1854).

ერისთავის შემოქმედების უმნიშვნელოვანესი ნაწილია დრამატული თხზულებები. მან ერთ-ერთმა პირველმა დაუდო სათავე ქართულ კრიტიკულ რეალიზმს, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა კომედიოგრაფიას, დააარსა ქართული პროფესიული თეატრი, რომელსაც 1850-1854 წლებში ხელმძღვანელობდა (გიორგი ერისთავის თეატრი). იყო უდიდესი კულტურული წამოწყების ინიციატორი: პირველი ქართული სალიტერატურო ჟურნალი „ცისკარის“ დამაარსებელი და რედაქტორი (1852-1853).

ერისთავის პირველი კომედია, დრამატული პოემა „შეშლილი“ (1839) ეხება პოეტის დანიშნულებას, გადმოსცემს მის ხვედრს თანამედროვე საზოგადოებაში, მაღალი წრის ზნეობრივ დაკნინებასა და განათლებული ახალგაზრდობის უნაყოფო მისწრაფებებს. ერისთავმა-დრამატურგმა, თანადროულობის პირუთვნელმა მემატიანემ, გვიჩვენა საქართველოში სავაჭრო კაპიტალის განვითარებით გამოწვეული ფეოდალურნატურალური მეურნეობის რღვევის ბუნებრივი შედეგი - დაცემის გზაზე დამდგარი თავადაზნაურობის სრული უნიათობა, გონებრივი სიღატაკე და ზნეობრივი გადაგვარება. ერისთავის კომედიებში დახატული ძველი თაობის წარმომადგენლები ამაოდ ებღაუჭებიან წარსულ დიდებას (ამირინდო და ონოფრე - „დავა“, 1840; ანდუყაფარ, პავლე დიდებულიძეები - „გაყრა“, 1849), რუსეთში სწავლამიღებული ახალი თაობა კი სრულიად მოუმზადებელია პტაქრიკული საქმიანობისათვის. ეს აზალგაზრდები უსუსური მეოცნებენი არიან და ადვილად თმობენ თავიანთ მრწამსს (ბეგლარი და მიხეილი - „დავა“, ივანე დიდებულიძე - „გაყრა“). ერისთავმა წარმოაჩინა ბატონყმური წყობილების მანკიერებანი, ქართულ სინამდვილეში პირველად ასახა სავაჭრო კაპიტალის წარმომადგენლები, მათი სიძუნწე, მომხვეჭელობა და მექრთამეობა (მიკირტუმ ტრდატოვი - „გაყრა“, კარაპეტ დაბაღოვი - „ძუნწი“, 1850), მეფის რუსეთის ბიუროკრატიული აპარატის მოხელეთა ანგარება და ბიწიერება (სარქის კუმუხტოვი - „დავა“, რამაზი - „გაყრა“). ერისთავის პიესების ცხოვრებისეულმა სიმართლემ, სოციალურ-პოლიტიკურ სიმახვილემ და აქტუალობამ სრულიად ახალი ეტაპი შექმნა ქართულ ლიტერატურაში. ერისთავის სკოლას ეკუთვნიან ცნობილი დრამატურგები: ზ. ანტონოვი, გ. დვანაძე, გ. ჯაფარიძე და სხვები.

ერისთავის თარგმნილი და გადმოკეთებული პიესებიც აქვს („უჩინმაჩინის ქუდი“, „თილისმის ხანი“, „ყვარყვარე ათაბაგი“, ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“). მან დრამად გადააკეთა „ვეფხისტყაოსანი“, ხოლო კ. ლაფჩინსკისთან ერთად პოემა პოლონურ ენაზე პროზაულად თარგმნა. მანვე ქართულ ენაზე გადმოთარგმნა ა. მიცკევიჩის, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ვ. ჰიუგოს, პ. ბერანჟესა და სხვების ლექსები.

1862 წელს ერისთავმა იმოგზაურა ევროპაში. მოგზაურობის შთაბეჭდილებანი გადმოსცა დაუმთავრებელ დღიურებში „ჩემი მოგზაურობა ევროპაში 1862 წელსა 13 ივნისსიდგან“. ერისთავის თხზულებები 1852-1853 წლებში იბეჭდებოდა „ცისკარში“; ცალკე წიგნაკებად გამოიცა „გაყრა“ (1850), „ძუნწი“, „უჩინმაჩინის ქუდი“, „თილისმის ხანი“ (1852); „დავა“ 1871 წელს ჟურნალ „კრებულში“ დაისტამბა. ერისთავის თხზულების კრებულები გამოქვეყნდა 1867, 1884, 1936 და ა. შ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამეზარდაშვილი დ., ქართული ლიტერატურისა და კრიტიკის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1974;
  • მეუნარგია ი., ქართველი მწერლები;, ტ. 2, თბ., 1944;
  • ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1969;
  • ჯიბლაძე გ., კრიტიკული ეტიუდები, თბ., 1949 [გარეკანზე 1950]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Эристов, Георгий Давидович // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1904. — Т. XLI. — С. 28.
  2. Эристов // Малый энциклопедический словарь — 2 — СПб: 1909. — Т. 2.
  3. 3.0 3.1 Эристов, Георгий Давидович // Русский биографический словарьСПб: 1912. — Т. 24. — С. 277.
  4. 4.0 4.1 4.2 Visuotinė lietuvių enciklopedija
  5. Deutsche Nationalbibliothek Record #1103467042 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  6. Pas L. v. Genealogics — 2003.