გვინეური ტურაკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გვინეური ტურაკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Tauraco persa (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22688312

გვინეური ტურაკო (ლათ. Tauraco persa) — ტროპიკული ფრინველი ტურაკოსებრთა ოჯახისა. გავრცელებულია დასავლეთი აფრიკის ვაკისა და ჭალის ტყეებში, სენეგალიდან დასავლეთით კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკამდე და სამხრეთით ჩრდილოეთ ანგოლამდე. როგორც ტურაკოსებრთა ოჯახის ყველა წარმომადგენელი, ცხოვრების უდიდეს ნაწილს ხეებზე ატარებს, მიწაზე მხოლოდ წყლის დასალევად ჩამოდის. ფრენს არც ისე კარგად, უპირატესობას ტოტიდან ტოტზე გადაცოცებას ანიჭებს.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურაკოს გვარის ტიპური წარმომადგენელია, რომელსაც ახასიათებს მნიშვნელოვნად მოკლე გაბერილი ნისკარტი, თავისებური ნახევრად მრგვალი ქოჩორი თავზე (ზრდასრულ ფრინველებს) და მნიშვნელოვნად მოკლე მომრგვალებული ფრთები. მისი სხეულის სიგრძეა 40–43 სმ, მასა — 225–290 .[1] შეფერილობაში დომინირებს მწვანე ფერი — იგი წარმოდგენილია თავზე, კისერზე, მკერდსა და ზურგის ქვედა მხარეზე. ზედა ნაწილი, კუდის ქვედა მხარე და საჭის ბუმბული მოშავოა ლილისფერი ან იასამნისფერი ლითონისებრი ბზინვარებით. მუცლისა და კუდის ქვედა ნაწილი აგრეთვე მოშავოა, მაგრამ არ აქვს ბზინვარება. საქნევი ბუმბული ღია ჟოლოსფერია, შავი არშიებითა და დაბოლოებებით. ნისკარტი არაღია მურა-წითელია შავი ბოლოთი. ქოჩრის შეფერილობა მთლიანად მწვანეა, თეთრი ქობის გარდა. თვალის წინ განვითარებულია თეთრი ლაქა, ქვევიდან შემოქობილია შავად; თვალის გარშემო ახასიათებს კანის წითელი რგოლი. გამოყოფენ გვინეური ტურაკოს სამ ქვესახეობას, რომელთა შორის განმასხვავებელი ნიშანია თავის შეფერილობის დამატებითი დეტალები. ქვესახეობებს T. p. persa და T. p. zenkeri აქვთ თეთრი ზოლი თვალის უკან, ბევრად ფართო და გრძელი ნომინატიურ ფორმასთან შედარებით.[1]

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვინეური ტურაკო ტყვეობაში

გავრცელების არეალი — დასავლეთი და ეკვატორული აფრიკის ზოლი გვინეის ყურის გასწვრივ სენეგამბიიდან კონგოს რესპუბლიკამდე, ჩრდილოეთ ანგოლამდე, დასავლეთ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკამდე.[2] ბინადრობს მარადმწვანე გალერეულ (ჭალის) და ნოტიო ტროპიკულ ტყეებში, ხშირად კულტივირებულ ლანდშაფტთან ახლოს. უპირატესობას ანიჭებს მოწიფულ მეორად ნარგავებს. კამერუნის მთიანეთში გვხვდება ზღვის დონიდან 1385 მეტრამდე სიმაღლეზე.[1]

კვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაციონის მთავარი შემადგენელი ნაწილია ტროპიკული მცენარეულობა — ფინიკი, ველური ლეღვი, მუსანგა, ფიკუსი, მაკარანგა, რაუვოლფია, ცისუსი, ძაღლყურძენა. ამას გარდა, საკვებად იყენებს კვირტებსა და ყვავილებს.[1][2]

გამრავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ითვლება, რომ ყველა ტურაკოს გამრავლების პერიოდი წვიმის სეზონს ემთხვევა.[2] თუმცა, მიუხედავად მსგავსი კლიმატური პირობებისა, ცნობა გამრავლების ვადების შესახებ ძლიერ აცდენილია: მაგალითად, კამერუნში კვერცხის დება მაის-ივნისსა და აგვისტოში შეინიშნება, ხოლო მეზობელ გაბონში — დეკემბრიდან თებერვლამდე და ივნისიდან სექტემბრამდე.[1] მონოგამური ფრინველია, ბუდობს განცალკევებულ წყვილებად სხვა ფრინველთაგან დაცულ ტერიტორიაზე. ბუდე ტოტებისაგან აგებული არაღრმა და უხეში ნაგებობაა (წააგავს მტრედისას, თუმცე მეტად მოცულობადია), განლაგებულია ხის ან ბუჩქის ხშირი ვარჯის ორკაპა ტოტზე, მიწიდან 1,5–5,3 მეტრის სიმაღლეზე. დედალი ჩვეულებრივ დებს 2 სფეროს ფორმის კრემისფერ კვერცხს. ინკუბაცია 21–23 დღე-ღამე გრძელდება, კრუხობს ორივე მშობელი. ბარტყები ბუდობრივი ტიპისაა, გამოჩეკისას დაფარული არიან სქელი ფენა ღინღლით. დედ-მამა მორიგეობით კვებავს შთამომავლობას, მოტანილ საკვებს ნისკარტიდან ნისკარტში ათავსებენ. 26–28 დღეში ბარტყები პირველად ტოვებენ ბუდეს, თუმცა, მაინც მასთან ახლოს მდებარე ტოტებზე ჯდებიან. ფრენის უნარს დაახლოებით 38 დღის ასაკში ეუფლებიან, მაგრამ მომდევნო 9–10 კვირის განმავლობაში მაინც მშობლების მიერ ხდება მათი კვება მანამ, სანამ საბოლოოდ დამოუკიდებლები არ გახდებიან.[1]

სისტემატიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

T. p. buffoni

გვინეური ტურაკოს პირველი მეცნიერული აღწერა 1758 წელს ჩატარდა კარლ ლინეს ნაშრომში „ბუნების სისტემა“. მას მიენიჭა სახელი persa, რაც ლათინურიდან თარგმანში „სპარსულს“ ნიშნავს, ავტორი მიანიშნებდა მისი ქოჩორის მსგავსებაზე ტიარასთან — ძველ სპარსულ თავსაბურავთან.[3]

ტურაკოს გვარის სხვა სახეობათა ნაწილი, როგორებიცაა გრძელქოჩორა, schalowi, ჩაფხუტცხვირა, შავნისკარტა და ფიშერის ტურაკოები ადრე განიხილებოდნენ, როგორც გვინეურის ქვესახეობები.

თანამედროვე ხანაში გამოიყოფა გვინეური ტურაკოს სამი ქვესახეობა:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Коблик Е. А., Разнообразие птиц (по материалам экспозиции Зоологического музея МГУ, ტ. Ч. 2 (Отряды Курообразные, Трёхпёрсткообразные, Журавлеобразные, Ржанкообразные, Рябкообразные, Голубеобразные, Попугаеобразные, Кукушкообразные), 2001. — 358 გვ, ISBN 5-211-04072-4. (რუსული)
  • Turner, D. A. 1997. Family Musophagidae (Turacos) in del Hoyo, J., Elliott, A., & Sargatal, J., eds., Volume 4: Sandgrouse to Cuckoos // Handbook of the birds of the world, Barcelona, 1997. — გვ. 499, ISBN 84-87334-22-9.(ინგლისური)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Turner, D. A. 1997. Family Musophagidae (Turacos) in del Hoyo, J., Elliott, A., & Sargatal, J., eds., Volume 4: Sandgrouse to Cuckoos // Handbook of the birds of the world, Barcelona: Lynx Edicions, 1997. — გვ. 499, ISBN 84-87334-22-9.
  2. 2.0 2.1 2.2 Разнообразие птиц (по материалам экспозиции Зоологического музея МГУ, ტ. Ч. 2 (Отряды Курообразные, Трёхпёрсткообразные, Журавлеобразные, Ржанкообразные, Рябкообразные, Голубеобразные, Попугаеобразные, Кукушкообразные), 2001. — 358 გვ, ISBN 5-211-04072-4.
  3. Jobling, James А., A Dictionary of Scientific Bird Names, United States: Oxford University Press, 1992. — გვ. 178, ISBN 0198546343.