ბუჟუმბურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბუჟუმბურა
Bujumbura
ქვეყანა ბურუნდის დროშა ბურუნდი
კოორდინატები 3°23′00″ ს. გ. 29°22′00″ ა. გ. / 3.38333° ს. გ. 29.36667° ა. გ. / -3.38333; 29.36667
დაარსდა 1871
პირველი ხსენება 1889
ფართობი 86,54 კმ²
ცენტრის სიმაღლე 774
მოსახლეობა 521 316 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 6024 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2
ოფიციალური საიტი villedebujumbura.org
ბუჟუმბურა — ბურუნდი
ბუჟუმბურა

ბუჟუმბურა (ფრანგ. Bujumbura) — ბურუნდის უდიდესი ქალაქი და ყოფილი დედაქალაქი. მოსახლეობა — 521 316 ადამიანი[1] (2010 წელი). ფართობი — 86,54 კმ².

დასახელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება „ბუჟუმბურა“ აღნიშნავს — „ბაზარი, სადაც ყიდიან კარტოფილს“.

ქალაქმა თავისი არსებობის მანძილზე რამდენიმეჯერ შეიცვალა თავისი სახელი:

  • 1897—1922 წლებში ერქვა მარიენჰაიმი (გერმ. Marienheim);
  • 1922—1962 წლის 1 ივლისის პერიოდში ერქვა უსუმბურა (ფრანგ. Usumbura);
  • 1962 წლის 1 ივლისიდან დღევანდელ დღემდე ჰქვია ბუჟუმბურა (ფრანგ. Bujumbura).

ქალაქის შემოკლებული სახელია — ბუჟა (ფრანგ. Buja).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს ტანგანიიკის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე (ზღვის დონიდან ტბის ზედაპირის დონე 768 მეტრი ქალაქის ყველაზე დაბალი წერტილია), ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ქალაქის ტერიტორია მდებარეობს სწორ ადგილზე (825 მეტრამდე სიმაღლეზე ანუ ტბის დონეზე 57 მეტრით მაღლა), სამხრეთით — ვიწრო ტბისპირა დაბლობის გასწვრივ მდინარე მუგერეს შესართავზე, ხოლო აღმოსავლეთით მაღლდება მთის ფერდოზე. ქალაქის ყველაზე მაღალ ნაწილზე მდებარეობს ბუჟუმბურის უნივერსიტეტის კამპუსი, რომელიც იმყოფება 1095 მეტრ სიმაღლეზე (ტბის დონიდან 327 მეტრით მაღლა).

ტბის ჩრდილოეთი ნაპირის პარალელურად ქალაქი გადაჭიმულია გზატკეცილ RN4-ის გასწვრივ ქალაქგარეთ მყოფ დასახლება გატუმბამდე 12 კმ-ის მანძილზე (2004 წლის 13 აგვისტოს ეგრეთ წოდებული სისხლისღვრის ადგილი), აქ შენობების ზოლი ემიჯნება ტბის ნაპირს, რადგანაც იქ მდებარეობს მდინარე რუზიზის დაჭაობებული დელტა, რომელსაც აქვს ნაკრძალის სტატუსი. ქალაქის ცენტრთან ახლოს, აეროპორტიდან სამხრეთით, მდებარეობს ქალაქის პლაჟი.

ქალაქი ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით გადაჭიმულია გზატკეცილ RN5-ის გასწვრივ დაახლოებით 13 კმ-ზე, შოსეს გასწვრივ მარცხენა მხარეს მდებარეობს ბუჟუმბურას საერთაშორისო აეროპორტი.

ჩრდილოეთის მიმართულებით ქალაქი გაჭიმულია გზატკეცილ RN9-ის გასწვრივ ქალაქგარეთ მდებარე სოფელ ციბიტოკემდე 11 კმ-ის მანძილზე. ზუსტად ამ მიმართულებით ხდებოდა ვრცელი ვაკე ადგილების ყველაზე უფრო ინტენსიური განაშენიანება მცირესართულიანი სახლების კვარტლებით.

ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, გზატკეცილ RN1-ის გასწვრივ, ქალაქი გაჭიმულია 7 კმ-ზე მთის ფერდოებამდე.

სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, გზატკეცილ RN7-ის გასწვრივ, ქალაქი გაჭიმულია 5 კმ-ზე მთის ფერდოებამდე.

სამხრეთის მიმართულებით, ტანგანიიკის ტბის დასავლეთი ნაპირის გასწვრივ დაგებულია გზატკეცილ RN3, რომლის გასწვრივ ქალაქი გაჭიმულია 11 კმ-ზე მდინარე მუგერემდე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპელების მოსვლამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტბისპირა სოფელი, რომელიც ჯერ კიდევ უნდა გამხდარიყო ქალაქი ბუჟუმბურა, პირველად 1871 წლის ბოლოს აღმოაჩინა ბრიტანელმა ჟურნალისტმა და მომავალში ცნობილმა ავანტიურისტმა ჰენრი მორტონ სტენლიმ, რომელიც ამერიკული გაზეთის «ნიუ-იორკ ჰეროლდის» მიერ სპეციალურად იყო გაგზავნილი შოტლანდიელი მისიონერი და აფრიკის მკვლევარის დეივიდ ლივინგსტონის მოსაძებნად, რომელსაც მანამდე რამდენიმე კვირით ადრე უკვე აღმოჩენილი ჰქონდა ეს სოფელი. მკვლევარებმა საფუძვლიანად გამოიკვლიეს და შეისწავლეს ტანგანიიკის ტბის სანაპიროს ჩრდილოეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, რადგანაც იმ დროს ვარაუდობდნენ, რომ ამ ტბიდან შეიძლება ქონოდა სათავე მდინარე ნილოსს.

გერმანიის მმართველობის დროს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი მოსახლეობის სამეფოს ტერიტორია, რომელიც მდებარეობდა თანამედროვე ბურუნდის ტერიტორიაზე, დიდი ხანი რჩებოდა ევროპელი კოლონიალური იმპერიების ინტერესების მიღმა. წყაროების უმრავლესობა ქალაქის დაარსების თარიღად ასახელებს 1897 წლის 10 აგვისტოს, როდესაც ქალაქი დააარსეს გერმანელმა მისიონერებმა, და სადაც განლაგდა გერმანიის სამხედრო პოსტი (ზოგჯერ ასახელებენ 1896 წელს[2]), რისი მეშვეობითაც 1897 წელს დაიპყრეს თანამედროვე ბურუნდის და რუანდის ტერიტორიები, რომლებიც გახდნენ გერმანიის აღმოსავლეთი აფრიკის ნაწილი. გერმანიის სამხედრო პოსტმა 1897 წელს სახელად მიიღო მარიენჰაიმი (გერმ. Marienheim), ქალაქი გახდა რუანდა-ურუნდის ტერიტორიის ადმინისტრაციული ცენტრი.

ბელგიის მმართველობის დროს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1916 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ბელგიის ჯარმა მეზობელი ბელგიის კონგოდან (თანამედროვე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) მოახდინა რუანდა-ურუნდის ტერიტორიის ოკუპაცია, რომელიც 1922 წელს ერთა ლიგამ გადააკეთა ბელგიის მანდატის ქვეშ არსებულ რუანდა-ურუნდის ტერიტორიად. იმავე წელს ბელგიის ხელისუფლებამ ქალაქს სახელად უწოდა უსუმბურა, რომელიც გახდა ამ ტერიტორიის ადმინისტრაციული ცენტრი, ხოლო მას შემდეგ, რაც 1925 წელს ბელგიის ხელისუფლებამ მიუერთა რუანდა-ურუნდი ბელგიის კონგოს, უსუმბურა გახდა ვიცე-გენერალ-საგუბერნატოროს დედაქალაქი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1946 წლის დეკემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ რუანდა-ურუნდი გადასცა ბელგიას, უკვე როგორც ცალკე მანდატის ქვეშ არსებული ტერიტორია, რომლის დედაქალაქი გახდა უსუმბურა.

ბურუნდის სამეფოს დედაქალაქი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 წელს ურუნდიმ ხმა მისცა იმას, რომ გამხდარიყო დამოუკიდებელი სამეფო, ხოლო რუანდამ ხმა მისცა დამოუკიდებელ რესპუბლიკას. 1962 წლის 1 ივლისს რუანდა-ურუნდი გაიყო ორ დამოუკიდებელ ქვეყნად, უსუმბურა გახდა ბურუნდის სამეფოს დედაქალაქი და სახელად დაერქვა ბუჟუმბურა. ტახტზე ავიდა მეფე მვამი მვამბუცა IV, თავისი დინასტიის მეთექვსმეტე მონარქი. სამეფო იყო კონსტიტუციური. დაძაბულობამ რამდენიმე საუკუნეების მანძილზე ქვეყნის მმართველ, წარმოშობით ნილოტელი, უმცირესობაში მყოფ ტუტსის ხალხსა და ხელისუფლებისკენ მსწრაფ, უმრავლესობაში მყოფ, ჰუტუს (წარმოშობით ბანტუს ხალხი) ხალხს შორის სამეფოში გამოიწვია ქაოსი და ეკონომიკის ვარდნა. 1966 წელს ჩამოაგდეს ორი მეფე, 8 ივლისს კრონ-პრინცმა შარლ ნდიზეიემ გადააყენა მვამი მვამბუცუ IV და ტახტზე ავიდა, როგორც მვამი ნტარე V, მაგრამ უკვე 28 ნოემბერს არმიის დახმარებით ის ჩამოაგდო საკუთარმა პრემიერ-მინისტრმა — კაპიტანმა მიშელ მიჩომბერომ.

ბურუნდის რესპუბლიკის დედაქალაქი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1966 წლიდან დღემდე ბურუნდის რესპუბლიკაში რამდენიმე სამხედრო გადატრიალება მოხდა. ყველა ამ გადატრიალების მიზეზი იყო ეთნიკური დაპირისპირება უმრავლესობაში მყოფ ჰუტუს წარმომადგენლებსა და უმცირესობაში მყოფ ტუტსის წარმომადგენლებს შორის. ამ დაპირისპირებას მოჰყვა ასეულობით ათასი ადამიანის ხოცვა-ჟლეტა, მილიონობით ადამიანის გადასახლება საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან და ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების მკვეთრი ვარდნა. მთელი ამ წლების მანძილზე ქვეყნის დედაქალაქი იყო ბუჟუმბურა, რომელზეც ბუნებრივია აისახა ყველა ის ნეგატიური პროცესი რაც ქვეყანაში მიმდინარეობდა. უკანასკნელ წლებში მიმდინარეობს ამ ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის შერიგების პროცესი, რამაც ქვეყნის ცხოვრებაში შესაბამისი პროგრესი გამოიწვია. შედეგად დედაქალაქშიც შედარებით დამშვიდდა სიტუაცია და დაიწყო ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი. ბურუნდის პარლამენტის თანხმობით და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 16 იანვრიდან, ქვეყნის დედაქალაქი გადავიდა ქალაქ გიტეგაში.

ხელისუფლების ორგანოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მართვა ხდება ხელისუფლების რამდენიმე დონეზე. არსებობს ქალაქის ცენტრალური ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები კომუნალურ დონეზე. ცენტრალური ადმინისტრაცია შედგება მერიის აპარატისაგან და გენერალური სამდივნოსაგან. არსებობს საქალაქო საბჭო, რომელიც ყველა დონის ხელისუფლების მოქმედებებს უწევს კოორდინებებს.

თითოეულ კომუნაში არსებობს კომუნალური საბჭო და კომუნალური ადმინისტრატორი. თითოეული კომუნა დაყოფილია კვარტლებად. კვარტლები იმართება კვარტლების საბჭოების და კვარტლების შეფების (უფროსების) მიერ.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქმნის ბუჟუმბურა-მერის პროვინციას (ფრანგ. Bujumbura Mairie), რომელშიც 2005 წლამდე შედიოდა ცხრა[3], ხოლო 2005 წლის შემდეგ 13[4] საქალაქო კომუნა, ასევე ქალაქგარე პროვინცია ბუჟუმბურა-რურალის (ფრანგ. Bujumbura Rural) ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც თვითონ ქალაქ ბუჟუმბურას აკრავს გარს[3].

2005 წლამდე ქალაქის ფართობი შეადგენდა 86,52 კმ²-ს და შედგებოდა 9 კომუნისაგან[3], მოგვიანებით ქალაქის ფართობი გაიზარდა 110 კმ²-მდე[5], ხოლო კომუნების რიცხვი გაიზარდა 13-მდე[4]. კომუნები დაყოფილია 97 კვარტალად.

ქალაქის კომუნების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომუნა (ქართ.) კომუნა (ფრან.) ფართობი
კმ²[6]
მოსახლეობა
2010 წელი[7]
ბვიზა Bwiza 1,5 39 519
ბუიენზი Buyenzi 1,4 49 664
ბუტერერე* Buterere 29 749
გიჰოშა* Gihosha 41 422
კამენგე Kamenge 10,9 52 502
კანიოშა* Kanyosha 62 056
კინამა Kinama 3,5 52 194
კინინდო* Kinindo 22 985
მუსაგა Musaga 16,0 45 859
ნგაგარა Ngagara 4,5 45 859
ნიაკაბიგა Nyakabiga 1,2 21 897
როჰერო Rohero 36,5 18 330
ციბიტოკე Cibitoke 11,0 53 371
ბუჟუმბურა-მერი: Mairie de Bujumbura 521 316

* — 2005 წლიდან.

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში ყველაზე უფრო გავრცელებული ენაა რუანდა-ბურუნდიული ენა, სკოლებში ასწავლიან ფრანგულ ენას, რომელიც მნიშვნელოვნად გამოიყენება ოფიციალური დოკუმენტების წარმოებაში. ქალაქი ქვეყნის ერთადერთი რეგიონია, სადაც გავრცელებულია სუაჰილის ენა[8].

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იწარმოება ცემენტი, ტექსტილი, ყავა, ბამბა, ქაღალდი, ქიმიკატები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ქალაქი საწარმოო საქონლის ექსპორტირებას ახდენს ტანზანიის და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ზოგიერთ ქალაქებში.

ქალაქის შემოგარენში იზრდება ბანანი, მანიჰოტი, ლობიო, სიმინდი, ბამბა. ქალაქში მდებარეობს ავიაკომპანია Air Burundi-ის სათავო ოფისი[9][10].

2013 წლის 27 იანვარს ქალაქის მთავარ ბაზარზე მოხდა ხანძარი[11]. ზარალი აღმოჩნდა საკმაოდ სერიოზული, ხოლო ვაჭრების ეკონომიკური შედეგები უარყოფითად აისახა ადგილობრივ ბაზარზე[12][13]. ქალაქის მოსახლეობის 40 %-ზე მეტი მომარაგების უზრუნველყოფაში განიცდის სიძნელეებს[14].

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ბუჟუმბურას აეროპორტი. შოსეთი დაკავშირებულია გომასთან, ბუკავუსთან (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) და კიგალისთან (რუანდა). ბუჟუმბურა ასევე ბორნით დაკავშირებულია კიგომასთან (ტანზანია).

არქიტექტურა და ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ცენტრი აშენებულია კოლონიალურ სტილში, არსებობს ბაზარი, ეროვნული სტადიონი, დიდი მეჩეთი და კათოლიკური ტაძარი. ქალაქში მდებარეობს 1960 წელს აშენებული უნივერსიტეტი, ბურუნდის ცივილიზაციის ცენტრი და ბურუნდის გეოლოგიის მუზეუმი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2010 წლის მოსახლეობის შეფასება Geohive.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-14. ციტირების თარიღი: 2015-06-05.
  2. Cyr, Ruth N., Twentieth Century Africa, iUniverse, 2001. — P. 62.
  3. 3.0 3.1 3.2 The Republic of Burundi. Administrative units
  4. 4.0 4.1 Historique de la ville de Bujumbura. villedebujumbura.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-09. ციტირების თარიღი: 2013-03-07.
  5. Mairie de Bujumbura. Accueil. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-15. ციტირების თარიღი: 2013-03-11.
  6. Annuaire 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-14. ციტირების თარიღი: 2015-06-06.
  7. ბურუნდის სტატისტიკური ყოველწლიური.[მკვდარი ბმული]
  8. Eyoh, Dickson; Zeleza, Paul Tiyambe., Encyclopedia of Twentieth-Century African History, London: Routledge, 2002. — P. 33, 672 p, ISBN 0-415-23479-4.
  9. «World Airline Directory», Flight International, 31 March — 6 April, 1999,, p. 51
  10. «World Airline Directory», Flight International, 16-22 March 2004. 58.
  11. Burundi: vaste incendie au marché central de Bujumbura. Radio France Internationale (27 janvier 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-09. ციტირების თარიღი: 2013-03-08.
  12. Après l’incendie du marché central de Bujumbura, le centre-ville n’est plus le lieu préféré du business. Iwacu-Burundi (2013-02-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-09. ციტირების თარიღი: 2013-03-08.
  13. Incendie au marché central de Bujumbura: des Sénégalais dans la désolation. AgoraVox (2013-02-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-09. ციტირების თარიღი: 2013-03-08.
  14. Burundi, Bujumbura — cost of living. Xpatulator.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-04. ციტირების თარიღი: 2013-03-21.