აფხაზეთის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აფხაზეთის რუკა
ადმ. ცენტრი სოხუმი ქვეყანა საქართველო რეგიონი აფხაზეთის ავტ. რესპ. მუნიციპალიტეტი 6 ფართობი 7893 კმ² მოსახლეობის რაოდენობა 102 000
აფხაზეთი საქართველოს ისტორიული სამხარეო დაყოფის რუკაზე

აფხაზეთის (აფხ. Аҧсны, აფსნი) ავტონომიური რესპუბლიკა მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, ისტორიულ და თანამედროვე დასავლეთ საქართველოში, უკავია 8,7 ათ. კვ. კმ. ტერიტორია, მდინარეებს ენგურსა და ფსოუს შორის.  ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ, იმართება მარიონეტული დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. მისი დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა და სხვადასხვა გარიგებების სანაცვლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ-აღმოსავლეთით საოკუპაციო ხაზი გადის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ქართველური ტომების დასახლება ძვ. წ. VI-V ათასწლეულებში ივარაუდება, ხოლო კერძოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი არქეოლოგიურად დადასტურებულია ქვედა პალეოლითის პერიოდიდან (იაშთხვას ნამოსახლარი).[1] უკვე ძვ. წ. IV ათასწლეულიდან აფხაზეთში განვითარებული იყო არა მხოლოდ მიწათმოქმედება და მესაქონლეობა, არამედ მეცხოველეობა, კერამიკის წარმოება, ქვის, სპილენძისა და ბრინჯაოს დამუშავება. ძვ. წ. II ათასწლეულიდან შემორჩენილია მრავალი დოლმენი. ანტიკურ ხანამდე ამ ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა გვაუწყებს, რომ აქ არსებობს საერთო კოლხური, ე. ი. ქართველური კულტურა. ამ დიდი კულტურის შიგნით, სპეციალისტთა დასკვნით, გამოიყოფა ცალკეული რეგიონალურ-ლოკალური ვარიანტები, მაგრამ მთლიანობაში ის კოლხური კულტურაა.

ანტიკური ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკური წყაროების[1] მიხედვით ძვ. წ. VI - I სს. თანამედროვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიწა-წყალი მთლიანად მოქცეულია კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში. სწორედ ამ პერიოდში ანტიკურმა საბერძნეთმა მოახდინა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს და მათ შორის აფხაზეთიის მაშინდელი ტერიტორიის ოკუპირება, რის შემდეგაც ეს ადგილი თავის ძირითად სავაჭრო ცენტრად აქცია და დააარსა ისეთი ახალშენები, როგორებიცაა: დიოსკურია, გიენოსი, ტრიგლიტი, პიტიუნტი და სხვები.[2][3] ძვ. წ. I სს-ებში კოლხეთის სამეფო დასუსტებასა და ნგრევას იწყებს, სწორედ ამ ფონზე აფხაზეთის ტერიროიაზე ჩნდებიან, ჯერ კიდევ დაუდგენელი წარმომავლობის მქონე აფშილები და აბაზგები. ამის შემდეგ აბაზგებითა და აფშილებით დასახლებული აფხაზეთის დიდი ნაწილი ლაზთა დაქვემდებარებაში გადადის და გარკვეული პერიოდი მის ვასალობას ინარჩუნებს.[4] საბოლოოდ ძველი კოლხეთის ნანგრევებზე აღმოცენდა ახალი სახელმწიფო ეგრისი, რომელიც თავის მხრივ აერთიანებდა დანაწევრებულ სამეფოებს ერთ დიდ სახელმწიფოში.[5]

შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუა საუკუნეების დააწყისისთვის საქართველოს ტერიტორიაზე სიტუაცია შეიცვალა. "VI ს. ეგრისის სამეფო თანდათან დასუსტდა (ბიზანტია-ირანის ომების შედეგად), საუკუნის დასასრულისათვის მას გამოეყო აბაზგია, რომელიც უშუალოდ ბიზანტიის იმპერიას დაუქვემდებარდა. აბაზგიის მთავრები (არქონტები) იმპერატორის ვასალები იყვნენ. ეგრისის შემდგომი დასუსტება არაბთა თავდასხმებმაც განაპირობა. თანდათან გაძლიერება დაიწყო აბაზგიამ, რომელმაც, საკუთრივ აბაზგიასთან ერთად, მოიცვა სანიგეთის, მისი მთიანეთის, აფსილიის (აფშილეთის) მიწა-წყალიც. შეწყდა მათი პოლიტიკური არსებობა და გაფართოვდა ცნება აბაზგიას (აფხაზეთის) მნიშვნელობა. დაიწყო ცნება «აფხაზეთის» მნიშვნელობის გაფართოება. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ჯუა ნშერი (« ქართლის ცხოვრება »), როდესაც VIII ს-ის 30-იან წლებში არაბი სარდლის მურვან ყრუს დასავლეთ საქართველოში ლაშქრობაზე მოგვითხრობს, წერს, რომ მან დაანგრია ქალაქი «აფშილეთისა და აფხაზეთისა ცხუმი». საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ტექსტის ასეთი წაკითხვა, ცხუმი აფშილეთის და აფხაზეთის ქალაქია, «ქართლის ცხოვრების» ჩვენამდე მოღწეულმა უძველესმა ანასეულმა ნუსხამ შემოგვინახა, ხოლო შემდგომდროინდელ ნუსხებში აფშილეთი უკვე აღარ არის. ადრე იცოდნენ, რომ ცხუმი აფშილეთის ქალაქი იყო, მაგრამ მურვან ყრუს დროს ის უკვე პოლიტიკურად აფხაზეთი იყო, შემდეგ ეს ცოდნა დაიკარგა და კონტექსტიდან ამოვარდა «აფშილეთი».[6] VIII ს-ის 80-იანი წლებიდან გაერთიანდა ეგრისი და აფხაზეთი, სწორედ ამის შემდეგ ცნება აფხაზეთი კიდევ უფრო გაფართოვდა და უკვე აფხაზად მოიხსენიებოდა ყველა ის ადამიანი, რომელიც დასავლეთ საქართველოში იყო დასახლებული. აფხაზთა სამეფოს არსებობის დროს, IX-X საუკუნეებში, აფხაზთა მეფეების აქტიური მონაწილეობით, აფხაზთა სამეფო საბოლოოდ გამოეყო ეკლესიურად კონსტანტინეპოლს და მცხეთის ტახტს დაუქვემდებარდა, რაც თავის მხრივ იმას ადასტურებს, რომ აფხაზები თავიანთი რელიგიით, ენით, კულტურითა და ეროვნებით ერთპიროვნულად საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ. ამ დროიდან ქართულ წერილობით წყაროებში «აფხაზეთი» და «აფხაზი», როგორც წესი, ნიშნავს ზოგად «საქართველოს» და «ქართველს»[7]. ახ. წ. X საუნუნის მიწურულს საქართველოს გაერთიანების იდეა წამოიწია წინ და 1008 წლისთვის უკვე ბაგრატ მესამემ მემკვიდრეობით მიიღო აფხაზთა სამეფო, ქართლის სამეფო და ტაო-კლარჯეთის სამეფო, რის შემდეგაც ისინი გააერთიანა და შეიქმნა გაერთიანებული საქართველო, რომელშიც აფხაზეთი მთელი მოცულობით შედიოდა. ვრცელი ლიტერატურიდან, რომელიც არსებობს აფხაზებისა და ქართელების იგივეობის შეახებ, დასკვნა მხოლოდ ერთია, შუა საუკუნეების ქართული და უცხოური წერილობითი წყაროების "აბხაზი" (სხვადასხვა ფორმით), როგორც წესი, ნიშნავს ქართველს[8]. საკუთრივ აფხაზეთი, რომელიც მეცხრე-მეათე საუკუნეებში დასავლურ ქართულ სახელმწიფო - აფხაზთა სამეფოში ორი საერისთავოთი, აფხაზეთის და ცხუმის საერსითავოებით იყო წარმოდგენილი, ერთიანი საქართველოს არსებობის პერიოდში წარმოდგენილია ერთი საერსითავოთი, რომელსაც ეწოდება ცხუმის საერსითავო და რომლის ერისთავი შერვაშიძეა.[9]

მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოს ერთიანი ქართული სახელმწიფო დაიშალა ოთხ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ სახელმწიფოებად: ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხის სამთავროდ. აფხაზეთი იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში იმყოფებოდა. ქვეყნის ფეოდალური დაშლის პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდა და საკუთრივ იმერეთის სამეფოში შეიქმნა გურიისა და სამეგრელოს სამთავროები. აფხაზეთი სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო მეჩვიდემეტე საუკუნეში ცალკე სამთავროდ ჩამოყალიბდა შერვაშიძეებით სათავეში. სამთავროს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი მდ. კოდორზე გადიოდა[10]. ნაგვიანევი შუასაუკუნეების ხანის აფხაზეთის სამთავრო კლუტურულ-პოლიტიკურად ისეთივე "საქართველო" იყო, როგორც სხვა დანარჩენი "საქართველოები". ხოლო კოდორის სამხრეთ-აღმოსავლეთი ქვეყანა ფეოდალური ურთიერთობის დასაწყისიდანვე (ხოლო ტრადიციით უძველესი დროიდანვე) ეგრისში შედიოდა. აფხაზეთში ეს ქვეყანა XVII ს-ში შევიდა. ამ სამთავროს შექმნის შემდეგ ქართველები, და არა მხოლოდ ქართველები, აფხაზეთს საკუთრივ ამ სამთავროს უწოდებენ. ახ. წ. XVII საუკუნის დასაწყისიდან აფხაზები აღარ კმაყოფილდებიან ვიღაცის დაქვემდებარებაში ყოფნას და ამიტომ აქტიურ შიდა ფეოდალურ ომს იწყებენ სამეგრელოს მთავრებთან და ამავე საუკუნის უკანასკნელ წლებში თავსაც კი აღწევენ მათგან და იწყებენ მათი მიმდებარე ტერიტორიების "გააფხაზებას". სწორედ ამ დროიდან იწყება აფხაზეთის ცალკე ცნებად განხილვა, საქართველოსგან დამოუკიდებლად.[11] მიუხედავად იმისა რომ ტერიტორიულად ის საქართველოს შემადგენლობაში იყო აქ ჩასული ისტორიკოსები თუ მოგზაურები მაინც გამიჯნავდნენ აფხაზეთსა და საქართველოს ერთმანეთისგან: "აფხაზები გაფანტულნი არიან ზღვის სანაპიროზე. მათი ცხოვრების წესი ისეთივეა, როგორც ჩერქეზებისა... აფხაზების ენა ძალიან განსხვავდება მათი მეზობელი ხალხების ენისაგან. მათ არ აქვთ არავითარი დაწერილი კანონები და დამწერლობის გამოყენებაც არ იციან. რწმენით ქრისტიანები არიან, რაიმე ქრისტიანული წეს-ჩვუულების გარეშე. ტყეები მათ ემსახურებათ, როგორც მყუდრო ადგილი, როდესაც ისინი აირჩევენ ერთ ადგილს საცხოვრებლად, მერე მას არ ტოვებენ. იცვამენ ჩერქეზების მსგავსად, მაგრამ თმებს იკრეჭენ სხვანაირად, ვიდრე ჩერქეზები... რადგანაც მათ არ აქვთ სხვა საცხოვრებელი ადგილი, გარდა ტყისა, ამიტომ ჰყავთ მცირე რაოდენობის ჯოგი და აქვთ მცირე მასალა თავიანთი ტანისამოსის დასამზადებლად. ისინი კმაყოფილდებიან თაფლისაგან გაკეთებული ღვინოთი და ტყეში გაზრდილი ნაყოფით. ხორბალი მათთან არ მოდის. მარილს აქ არ ხმარობენ". ასე აღწერს აფხაზეთის მდგომარეობას XVII საუკუნეში მოგზაური ჯოვანი ჯულიანო და ლუკა.[12] ამ ფონზე XVII საუკუნის დასაწყისში შეიქმნა აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავრო, რომელიც XVII–XVIII საუკუნეებში ფორმალურად  იმერეთის სამეფოში შედიოდა.

რუსეთის იმპერიის ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზთა ქართველთაგან სოციალურ-კულტურულ გათიშვასთან ერთად მიმდინარეობდა პოლიტიკური გათივშა. XVII–XVIII საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში აფხაზთა ქართველთაგან გათიშვის პროცესს დამპყრობ თურქ-ოსმალთა ხელისუფლება ახორციელებდა, რომელიც ისლამის დამკვიდრებით ადგილობრივ მოსახლეობაში ურთიერთსაწინააღმდეგო ძალების შექმნას ცდილობდა. XIX საუკუნეში ამ გათიშვას ყოველნაირად უწყობდა ხელს რუსეთის ხელისუფლება.

1810 წ. აფხაზეთის მთავარმა გიორგი (საფარ ბეგ) შერვაშიძემ რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო, ხოლო 1864 წ. აქ რუსული მმართველობა დამყარდა. რუსეთის მმართველობის დამყარების შემდეგ მეფის ხელისუფლება ცდილობდა საერთოდ ამოეღო ხმარებიდან სახელწოდება "საქართველო". აფხაზეთის სამთავროს სოხუმის სამხედრო განყოფილება ეწოდა (Сухумский военный отдел), ხოლო 1883 წლიდან სოხუმის ოკრუგი, რომელიც ქუთაისის გენარალ-გუბერნატორს დაუქვემდებარდა.

"მართალია, აფხაზეთის საქართველოდან გამოცალკევების პროცესს აქტიურად წარმართავდა და მხარს უჭერდა რუსეთის ხელისუფლება, მაგრამ ის კარგად ხედავდა, რომ აფხაზეთი საქართველოს ბუნებრივი, მისი განუყოფელი ნაწილი იყო და ამიტომ იყო, რომ სოხუმის ოკრუგი მაინც ქუთაისის გუბერნიაში იყო შეყვანილი და ქუთაისის გუბერნატორს ემორჩილებოდა. მიუხედავად მეფის რუსეთის პოლიტიკისა, 1918 წელს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაარსდა, აფხაზეთი მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მაშინ აღსდგა სახელწოდება "აფხაზეთი", რომელიც ავტონომიის უფლებით შევიდა მასში და ეს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამაც სცნო 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით."[6] ამის შემდეგ ურთიერთობა ქართელ და აფხაზ მოსახეობას შორის ნელ-ნელა იძაბებოდა და საბოლოო ჯამში აფხაზების სეპარატისტულმა დაჯგუფებამ იმდენი მოახერხა, რომ 1992 წელს მოხდა აფხაზეთის ომი, რომელიც სავალალო შედეგებით დასრულდა ორივე მხარისთვის, მაგრამ სწორედ ამ ომმა აფხაზეთი საბოლოოდ დააშორა საქართველოს და იმ სიტუაციამდე მიიყვანა, რომ აფხაზეთი დღესდღეობით საქართველოს ისტორიული მხარე და ტერიტორიის შიგნით მყოფი, მაგრამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ავტონომიური რესპუბლიკაა.

აფხაზეთის ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წერილობითი აფხაზური ლიტერატურა გამოჩნდა XX საუკუნის დასაწყისში, თუმცა აფხაზური ზეპირსიტყვიერების ტრადიცია საკმაოდ მდიდარია. აფხაზები სხვა კავკასიელ ხალხებთან ერთად ინაწილებენ ნართულ ეპოსს - ზღაპართა სერიებს მითურ გმირებზე. ეს ნაწარმოები ასევე მოიცავს ყაჩაღთა და მონადირეთა სიმღერებს, სატირულ სიმღერებს, სიმღერებს კავკასიურ ომებზე და სხვადასხვა რიტუალურ სიმღერებს.

მკვლევართა ერთი ნაწილი აფხაზური მხატვრული ლიტერატურის ისტორიის დასაწყისად 1912 წელს მიიჩნევს, როცა თბილისში აფხაზურ ენაზე გამოიცა დიმიტრი გულიას პირველი 38-გვერდიანი პოეტური კრებული “ლექსები და შაირები”. თუმცა, ამ კრებულში შესული ლექსებიდან ერთ ნაწილს დაწერის თარიღად 1906, 1907, 1909, 1910 და 1911 წლები აქვს მითითებული, რაც საფუძველს იძლევა, რომ აფხაზური მხატვრული ლიტერატურის შექმნის თარიღად 1906 წელი დადგინდეს, ხოლო აფხაზური ლიტერატურის საძირკველის ჩამყრელად დიმიტრი გულია იქნეს მიჩნეული.[13]

პირველი ეროვნებით აფხაზი მწერალი იყო აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ვაჟი, პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, ქართველ თერგდალეულთა თანამოაზრე გიორგი შარვაშიძე, რომელიც უპირატესად წერდა ქართულად.

პირველი გაზეთი აფხაზეთში, სახელად აფხაზეთი, რედაქტირებული დიმიტრი გულიას მიერ, გამოჩდნა 1917 წელს, როცა აფხაზეთი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ნაწილი იყო. ის ჩანაცვლდა "აფსნი ყაფშის" (ნიშნავს წითელ აფხაზეთს) მიერ მას შემდეგ, რაც საბჭოთა მმართველობა გამოცხადდა ქვეყანაში. შემდეგ ათწლეულებში გამოჩნდა რამდენიმე ახალი ნამუშევარი, მათ შორის დიმიტრი გულიას ნოველა "უცხო ცების ქვეშ" (1919). სხვა მწერლები იყვნენ სამსონ ჭანბა (მუჰაჯირები და რამდენიმე სხვა თამაშობა), ივა კოღონია (აფხაზური პოემები, 1924) და მუშნი აჰაშბა.

ტრადიციულმა აფხაზურმა ზეპირსიტყვიერ-პოეტურმა მოთხრობამ უზარმაზარი როლი ითამაში აფხაზური ლიტერატურული ენის ფორმირებასა და ევოლუციაში. ამაში წვლილი შეიტანეს აფხაზმა მწერლებმა, პოეტებმა და დრამატურგებმა.[14][15]

აფხაზეთის სასკოლო ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზური ანბანი შეიქმნა XIX საუკუნეში. აფხაზი განმანათლებელი და აფხაზური საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი მესაძირკვლეა ანდრეი ჭოჭუა. მის კალამს ეკუთვნის სასკოლო სახელმძღვანელოები: “აფხაზური ანბანი”, რომელიც მცირეოდენი ცვლილებებით დღემდე ისწავლება აფხაზურ სკოლებში. “აფხაზური ენა. ანბანის შემდგომ სასწავლი წიგნი” (1922 წ.); “აფხაზური ენა. მეორე კლასის მოსწავლეთათვის” (1920 წ.); “აფხაზური ენა. მესამე კლასის მოსწავლეთათვის” (1920 წ.). ეს წიგნები  შედგენილია იაკობ გოგებაშვილის “დედაენისა” და “Русское слово»-ს პედაგოგიურ პრინციპებზე. მათში შესულია აფხაზური ზეპირსიტყვიერების ადაპტირებული ნიმუშები, ბიბლიური სიუჟეტები, პირადად ავტორის მიერ შექმნილი ორიგინალური მოთხრობები, აგრეთვე რუს და ქართველ მწერალთა საბავშვო თხზულებათა თარგმანები.

თუმცა 1917 წელს რუსეთის რევოლუციამდე, ერთადერთი წიგნი აფხაზურ ენაზე გამოცემული იყო ანბანის წიგნი, სახელმძღვანელოები და დიმიტრი გულიას რამდენიმე წიგნი.

აფხაზური საყმაწვილო ლიტერატურის ერთ-ერთი მესაძირკვლე იყო ანტონ ჩუკბარიც, რომელმაც 1908 წელს თბილისში გამოსცა სახელმძღვანელო “აფხაზური ენა აფხაზთა სკოლებისათვის”, ხოლო 1910 წელს “მახლობელი ცხოვრება (დაწყებითი სკოლების მაღალი კლასებისათვის)”. ამ ორ წიგნში შეტანილია აფხაზური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, ა. ჩუკბარის საბავშვო თხზულებები და რუსულიდან თარგმნილი მოთხრობები და ი. კრილოვის იგავები.

აფხაზური მხატვრული ლიტერატურის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა 1919 წელს დ. გულიას მიერ სოხუმის საოსტატო (პედაგოგიურ) სემინარიაში დაარსებულმა "აფხაზურმა სალიტერატურო წრემ", რომელიც გამოსცემდა ხელნაწერ ჟურნალს “შარფიეწვა”-ს (“ცისკრის ვარსკვლავი”).[13]

აფხაზთის ლიტერატურა 1921-1940 წლებში [რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრონოლოგია:

1920-1940 - აფხაზურ ენაზე უფრო ინტენსიურად ითარგმნებოდა ქართული, რუსული და მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშები.

1928 - დაარსდა საქართველოს პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის აფხაზეთის განყოფილება და შემდგომ გარდაიქმნა აფხაზეთის პროლეტარულ მწერალთა ასოციაციად.

1925 -  აკადემიკოს ნიკო მარის ინიციატივით დაარსდა აფხაზური ენისა და ლიტერატურის აკადემია.

1930 - აკადემია გაუქმდა პროფესიონალური სამეცნიერო კადრების უყოლობის გამო.

1931 - აკადემიის ნაცვლად დაარსდა აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტი.

1933 - შეიქმნა აფხაზეთის საბჭოთა მწერალთა კავშირი.

1932-1935 - აფხაზურ, ქართულ, რუსულ და ბერძნულ ენებზე გამოდის გაზეთი “აფხაზეთის საბჭოთა მწერალი”.

1932-1939 - გამოდის აფხაზურენოვანი სალიტერატურო ჟურნალი “აფსნი ყაფშ” (“წითელი აფხაზეთი”).

1931-1940 - აფხაზური მხატვრული ლიტერატურა გაძლიერდა მწერალთა ახალი თაობის ასპარეზზე გამოსვლით.[13]

აფხაზეთის ლიტერატურა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში [რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941-1945 წლებში მეორე მსოფლიო ომმა აფხაზურ ლიტერატურაში მანამდე უკვე ჩამოყალიბებულ თემებს ახალი იდეოლოგიზებული თემა, ანტიფაშიზმი დაუმატა. პრაქტიკულად ყველა აფხაზი მწერალი წერდა ანტიფაშისტურ ნაწარმოებებს (ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, პიესებს) და განამტკიცებდა საბჭოურ იდეოლოგიას.

ამ პერიოდში კვლავ მოღვაწეობდნენ მწერლები: დ. გულია, ს. ჭანბა, ი. პაპასქირი, მ. აჰაშბა, ზაზ (ვლადიმერ) დარსალია და სხვ., ახალგაზრდა მწერლებიდან გამოირჩეოდნენ პოეტები ბაგრატ შინქუბა და ივანე თარბა, რომელთაც სამწერლო ასპარეზზე გამოსვლისთანავე მიიპყრეს ყურადღება.[13]

აფხაზური ლიტერატურა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ აფხაზური ლიტერატურა კიდევ უფრო განვითარდა. წინა თაობების მწერლებს შეუერთდნენ ახალგაზრდები. მათ დაამკვიდრეს ახლებური ხერხები. ამ პერიოდში მუშნი ლასურიამ აფხაზურ ენაზე ხელახლა თარგმნა შოთა რუსთაველის პოემა “ვეფხისტყაოსანი”, რისთვისაც მას მიენიჭა შოთა რუსთაველის პრემია. ითარგმნა აგრეთვე ქართული კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ნიმუში იაკობ ცურტაველის “შუშანიკის წამებიდან” მოყოლებული XX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებების ჩათვლით.[13]

აფხაზი მწერლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი გულია, ბაგრატ შინქუბა [16], სამსონ ჭანბა, ივანე პაპასქირი, ალექსეი გოგუა, ივა კოღონია, ფაზილ ისკანდერი, გიორგი შარვაშიძე, ნიკო მარი, ანტონ ჩუკბარი, ანდრეი ჭოჭუა, მუშნი აჰაშბა, ზაზ (ვლადიმერ) დარსალია, მიხა ლაკრბა, შამილ ხოკერბა, ვლადიმერ აგრბა, ოთარ დემირჯ-იფა, იაქუფ ჭანბა, სიმონ ბჟანია, სტეფანე ქუჩბერია, ვლადიმერ მარღანია (მაანი), მიხეილ გოჩუა, ლევარსა კვიწინია, შალვა წვიჯბა, ლეონტი ლაბახუა, ქიააზიმ აგუმაა, ბაგრატ შინქუბა, ალექსი ჯონუა, ჭიჭიკო ჯონუა, პეტრე ანუა, სერგეი წაბრია, კამუგ ხურცილავა, შალვა თორია, კიწა აჩბა, სანდრო სანგულია, შალვა სანგულია, ვლადიმერ ჭიჭერია, ვლადიმერ ქაპბა, რაუფბეი ჯოპუა.

აფხაზური ფოლკლორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზური ფოლკლორის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზური კულტურა მდიდარია თავისი ფოლკლოლური პოეზიითა და სიმღერებით, ცეკვითა და მუსიკით. აფხაზური ფოლკლორული სიმღერები არის ერთი დიდი კომბინაცია ვოკალური მელოდიისა და საგალობლებისა. უძველესი წარმართული, კერპთაყვანისმცემლური სიმღერები დღევანდელობამდე მოიყვანა თავისებურმა ლიტერატურულმა სიმღერებმა, ზღაპრებმა, ლეგენდებმა, მითებმა, საგებმა, თქმულებებმა და ძირძველმა ანდაზებმა.

პოლიფონია არის განმასხავებელი სახასიათო ნიშანი აფხაზური ფოლკლორული სიმღერისა. ჩვეულებრივ, ტენორი იწყებს სიმღერას და სხვა მომღერლები შემდეგ ნელ-ნელა ერთვებიან, რომლებიც დაბალ რეგისტრში ასრულებენ იმავე მელოდიას. გამორჩეული ფაქტია ის, რომ არც ერთი ფოლკლორული სიმღერა არ არის შექმნილი ქალთა მიერ, გარდა აფხაზური იავნანისა და სამგლოვიარო სიმღერებისა. ყველაზე ძველი სიმღერები უკავშირდება ნადირობასა და მსგავს რიტუალებს. შედარებით ახალი სიმღერები კი ადიდებენ კერძო ფოლკლორულ გმირებს: ხაძჰარათ კაჰბა, სალუმან ბგაჟბა და სხვა. დღესდღეობით ცნობილია უამრავი სხვადასხვა რიტუალური სიმღერების სერიები, რომლებიც ტარდებოდა ერთგვარ წესჩვეულებად, დაჭრილი ადამიანის ტანჯვის შესამსუბუქებლად. აფხაზური ტრადიციული სამგლოვიარო და წრიული ცეკვის სიმღერები არის ძალიან შთამბეჭდავი და ექსპრესიული. აფხაზური ტრადიციული ქორწილი თეატრალური წარმოდგენებისაგან შედგებოდა, რომელსაც თან ახლდა კონკრეტული სიტუაციისათვის შესაფერისი ცეკვები და სიმღერები.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითები აფხაზური ეპოსისა არის უძველესი საგები ნარტსისა და აბრსკილის (ლეგენდის თანახმად, აფხაზი პრომეთე, რომელიც შეებრძოლა ღმერთებს) შესახებ. ნარტიკული საგები ყველაზე მეტად სახასიათოა ჩრდილო-კავკასიური წარმოშობის ხალხებისათვის, თუმცა ბევრი მეცნიერის თვალთახედვით აფხაზური ვერსია ამ ტიპის საგებისა არქაულ პერიოდს მიეკუთვნება. საგები მოგვითხრობენ ასობით ძმისა და მათი ერთადერთი დის, გუნდას, და ზოგადად მათი ცხოვრების შესახებ, რომელსაც საკმაოდ მკაცრად განაგებდა მათი ახალგაზრდა და ბრძენი დედა სახელად სატანაია-გუაშა. საგების ძირითადი ცენტრი, მთავარი ამომავალი წერტილი კი არის ყველაზე უმცროსი ძმა სასრიკვა. მისი ძალიან საინტერესო და ხიფათით აღსავსე თავგადასავლები არის საფუძველი ეპოსებისა.

ლეგენდები აბსრკილის შესახებ არა არქაულ, არამედ შედარებით თანამედროვე პერიოდს მიკუთვნება. ღმერთების ნების წინააღმდეგ წასვლის გამო, სასჯელის ნიშნად აბრსკილი შეიპყრეს და დაატყვევეს ოტაპის გამოქვაბულში, რომელიც ოჩამჩირის რეგიონში მდებარეობს და დღესდღეობით აბსრკილის გამოქვაბულის სახელით არის ცნობილი.

 მუსიკა და ცეკვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული აფხაზური მუსიკალური ინსტუმენტები შედგება სიმისგან, საყვირისა და დასარტყამი ინსტუმენტისაგან. ყველაზე ცნობილი სიმის ინსტრუმენტი კი არის აფჰიარცა - ორ სიმიანი ინსტუმენტი, რომელსაც აქვს წვრილი, თითისტარისებრი ჩარჩო, რომელიც უკრავს თაღის საშუალებით. აიუმა არის ინსტუმენტი, რომელიც ასევე ფართოდ გამოიყენებოდა აფხაზურ ფოლკლორში, რომელსაც აქვს სამკუთხა ფორმა და 14 ძუიანი სიმი. აიუმა ითარგმნება, როგორც „ორხელა“, რადგან მუსიკოსს აიუმა უჭირავს მუხლით და ამავდროულად უკრავს ამ საკრავზე ორივე ხელით.

საყვირის ერთ-ერთი კომპონენტი არის არქარპინი, ფლეიტა სამი ან მეტი ხვრელით, რომელიც გაფორმებულია დეკორატიული ორნამენტებით.

დასარტყმელი საკრავი შედგება სხვადასხვა ტიპის დრამებისაგან და ზარის ანისაგან, რომელიც ასევე გამოიყენებოდა ჩიტების დასაფრთხობად, რათა არ დაეზიანებინათ სიმინდის მოსავალი. ეს უკანასკნალი ინსტუმენტი გამოსცემს საკმაოდ მაღალი ჟღერადობის ბგერებს ტრიალის დროს და გამოიყენებოდა, როგორც მთავარი მუსიკალური აკომპანემენტი, განსაკუთრებით კი ფოკლორული ცეკვების შესრულებისას.

ცეკვა არის ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ფორმა ფოლკლორული პერფორმანსისა აფხაზეთში. აფხაზეთში არის რამდენიმე ცეკვის პროფესიული სასწავლებელი და ასევე რამდენიმე ქორეოგრაფიული სტუდია სპეციალურად ბავშვებისათვის, რათა დაეუფლონ აფხაზური ცეკვის ხელოვნებასა და კულტურას. სხვადასხვა ცეკვის დასები ასრულებენ ფოლკლორულ ცეკვებს, სარიტუალო ცეკვებს, ხანჯლებითა და ჩადრებით (ტრადიციული სამოსი მაღალი, კვადრატული ფორმის მკლავები) და ტრადიციულ კავკასიურ ცეკვებს.

ჩაცმულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული ტანისამოსი მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს აფხაზურ კულტურაში. წარსულში, ხალხი თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ირჩევდა ტანისამოსის სტილს, რომელიც თავისმხრივ იყოფოდა ორ კატეგორიად: ყოველდღიური და განსაკუთრებული შემთხვევებისათვის და სხვადასხვა სახის რიტუალებისა თუ ღონისძიებებისათვის განკუთვნილი ტანსაცმელი.

ჩოხა (ან ჩერკესკა) უძველესია და აღსანიშნავია, რომ იგი დღემდე მამაკაცისათვის აფხაზური ტრადიციული კულტურის, კერძოდ კი ტანისამოსის თვალსაჩინო წარმომადგენელია და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. მას ძირითადად იცმევდნენ შარვალთან, ღილებიან პერანგთან ან მაისურთან, ტყავის ფეხსაცმელებთან (ეგრეთ წოდებულ „აზიაცკებთან“) და იშვიათ შემთხვევებში სპეციალურად შერჩეულ თხის ტყავისგან დამზადებულ ფეხსაცმელთან ერთად. აუცილებელი იყო სპეციალური გეტრების ჩაცმა მუხლს დაბლა წვივებზე და მუხლებზე მუხლის დამცავის გაკეთება. ამის გარდა მამაკაცი თავზე იკეთებდა უცნაურად შეკკრულ ყაბალახს.

აფხაზი ცხენოსნისათვის აუცილებელი იყო ნაბადი - გრძელი მოსასხამი მხრებზე ოთხკუთხა ფორმის „გაბურძგნული“ თმით. ასეთი ნაბადი ცხენოსანს მეფურ იერს სძენდა.

მანდილოსნების ტრადიციული სამოსი რამდენიმე ძირითადი ელემენტისგან შედგებოდა: გრძელი კაბა, პერანგი, კაბის შინით 2 ქვედაბოლო ან შარვალი, ქუდი ან თავზე შემოხვეული სპეციალური შარფი. მანდილოსანს წელის გარშემო ჰქონდა დეკორატიული ორნამენტები შემოხვეული ტანსაცლის ფენებზე. კაბა და ქვედა ბოლოები უმეტეს შემთხვევაში ნაქსოვი იყო ან ბამბის ხავერდისგან იყო დამზადებული. ეს კაბა მხრებზე საკმაოდ მჭიდროდ იჯდა და შემდეგ წელისკენ უფრო და უფრო ფართოვდებოდა.

ალაბაშა - ძალიან მტკიცე (ძლიერი) ხის ნაკეთობა, რკინის ძირით, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა კაუჭის მსგავსი რამ. ის ითვლებოდა ტრადიციული იერსახის ერთ-ერთ სიმბოლოდ. ეს არის სასიარულო ჯოხი, რომელიც მიჩნეული იყო ყველაზე ელემენტარულ იარაღად. მას ასევე იყენებდნენ კვარცხლბეკად (ამაღლებული ადგილი, რომელზეც დგას ადამიანი სიტყვით გამოსვლის დროს). როდესაც ადამიანი მიწაში ჩამარხავდა და მას დაეყრდნობოდა ეს ნიშნავდა რომ მას რაღაც სათქმელი ჰქონდა.

აფხაზური ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 ენის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენა — ენათმეცნიერული ცნება-ტერმინი, რომელიც აკუსტიკურად და ოპტიკურად აღქმადი ნიშნების სისტემას აღნიშნავს. სწორედ მისი მეშვეობით ვახერხებთ ერთი თუ განსხვავებული ერის წარმომადგენლები ერთთმანეთთან ურთიერთობის დამყარებას. გამონაკლისი არც აფხაზეთი და მისი ეთნოსის საკომუნიკაციო გზებია.

აფხაზური ენა შედის კავკასიურ ენათა ჩრდილო-დასავლურ, აფხაზურ-ადიღურ ჯგუფში. დღესდღეობით, იგი წარმოდგენილია ორი დიალექტის სახით, ესენია: აფსუა ბვზშია (ჩრდილიეთით) და, მეტად სალიტერატურო, აფსშია (სამხრეთით). თითოეული მათგანი აქტიურად გამოიყენება 1931 წლიდან, მას შემდეგ რაც აფხაზეთს, სსრკ-ს თაოსნობით, ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მიენიჭა. ენა გავრცელებულია თურქეთში, აჭარაში და ასევე სირიაშიც. თუმცა აფხაზურენოვანი მოსახლეობის ზუსტი რიცხვის დადგენა დღესდღეობით ვერ მოხერხდა, ვინაიდან ინფორმაციის წყაროები არც თუ ისე სანდო სახის მატარებელია. ერთ-ერთი ასეთი მონაცემებით 1993 წლისათვის საქართველოში აფხაზურად მოლაპარაკე ხალხის რიცხვი 101 000-მდე აღწევდა, ხოლო, სრულიად, ამ ენაზე 152 740 ადამიანი საუბრობდა.

ენის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენის განვითარებამ საკმაოდ დიდი გზა გამოიარა და იმისათვის, რომ დღევანდელ სახემდე მოეღწია უამრავი დავის საგანი და წაქეზების საბაბი გახდა. ყველაფერი კი 1921 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც რუსეთმა აქტიურად და სრულუფლებიანად დაიწყო საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. 1922 წლიდან საბჭოთა კავშირი იწყებს დამწერლობათა ლათინიზაციის პროცესს, თუმცა 1936 წლიდან იგი ახალ გეზს იღებს და ლათინიზირებული ანბანი რუსულ  გრაფიკაზე, ეგრეთ წოდებულ კირილიცაზე გადადის. გარუსების პროცესს გადაურჩა ქართული, სომხური და აფხაზური ენები. ეს ყოველივე არა გულისხმიერი საქციელი, არამედ პოლიტიკური სახის მატარებელი ქმედება იყო. ამ ერთგვარი ტაქტიკური ნაბიჯით რუსებმა მადლიერების გრძნობა გაუჩინეს სომხებსა და ქართველებს და ერთგულებით დაავალდებულეს ისინი. ამასთანავე აფხაზებს ქართველები საშიშ ‘მტრებად’ დაუსახეს და მათ შორის ურთიერთობა გაამწვავეს. 56 000 განრისხებული აფხაზი კი, საჭიროების შემთხვევაში, არაჩვეულებრივ იარაღად იქცეოდა ქართველთა თავისუფლებისაკენ ლტოლვის ასალაგმად. 1937 წელს კომუნისტური პარტიის აფხაზეთის საოლქო ორგანიზაციის XV კონფერენციამ მიიღო დადგენილება აფხაზური დამწერლობის ქართულ გრაფიკაზე გადაყვანის შესახებ. შეხვედრაზე 33 მონაწილიდან მხოლოდ 6 იყო ქართველი, 4 რუსი, ხოლო უმრავლესობას აფხაზი მოღვაწეები წარმოადგენდნენ. აღსანიშნავია ის გაროემო, რომელშიც მიმდინარეობდა მუშაობა. რუს წარმომადგენელთა შეკრებაზე დასწრება აშკარა თვალ-ყურის დევნებას ჰგავდა. იმის შესახებ, რომ ქართველი მეცნიერები არ ყოფილან ამ საკითხის წამოჭრის ინიციატორები, რომ ისინი იძულებით მონაწილეობდნენ თათბირის მუშაობაში და არც მოსწონდათ მათი  ჩათრევა ამ საქმეში, ცხადად მეტყველებს პროფ. ს. ჯანაშიას ხაზგასმული ქვეტექსტიანი განცხადება თათბირის მუშაობის პირველსავე წუთებში: „Мы, Тбилисские работники, рассматриваем себя, как консультантов. Вопрос должен разрешить тот, кто его поставил, т. е. трудящиеся и культурные работники Абхазии. Вопрос надо было обсудить на широких собраниях“. ზეწოლის მიუხედავად თათბირზე განხილული საკითხი მაინც აკადემიურად და დემოკრატიული პრინციპის დაცვით იქნა გადაწყვეტილი. წარდგენილი 4 პროექტიდან ერთი დაიწუნეს, ხოლო დანარჩენი სამის საფუძველზე ახალი ანბანის შესაქმნელად აირჩიეს შემთანხმებელი სხდომა დ. გულიას (თავმჯდომარე), ა. შანიძის, ს. ჯანაშიას, ვ. ხარაზიას, ვ. მაანის, პ. შაყრილისა და მ. ჰაშბას შემადგენლობით. 5 დეკემბერს თათბირზე განიხილეს კომისიის მიერ შედგენილი ახალი პროექტი და ერთხმად დაამტკიცეს იგი. 16 წლის განმავლობაში (1954 წლამდე) აქტიურად გამოიყენებოდა ქართულ გრაფიკაზე დამყარებული აფხაზური ანბანი. 1954 წლიდან კი იგი რუსულ გრაფიკაზე გადავიდა. ამ ყოველივეს ძირითადი მიზანი, რა თქმა უნდა, აფხაზთა გარუსების პროცესისათვის ხელის შეწყობა იყო.

 ენის სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზური ენის სტრუქტურა მას ყველა სხვა დანარჩენისაგან გამოარჩევს. რუსულ გრაფიკაზე გადაყვანისას განიხილეს, თუ რომელ ენასთან ჰქონდა მას ყველაზე ახლო ნათესაური კავშირი, ეს ქართული ენა აღმოჩნდა, რაც არცაა გასაკვირი. კონკრეტულად კი, ქართულ ენაში არსებული უკლებლივ ყველა ასო-ნიშანისათვის აფხაზურ ენას მოეპოვება შესაბამისი ბგერები. XIX საუკუნის 60-იან წლებში ქართული ანბანიდან ამოღებულ ნიშანთაგან აფხაზურს გამოადგა კიდევ სამი ასო (ჲ, ჳ, ჷ,), ასე უპრობლემოდ ასახა ქართულმა გრაფიკამ აფხაზური ენა. ამ 36 ბგერიდან რუსული გრაფიკა თითო ნიშნით ვერ მოახერხებდა 12-ის გამოხატვას, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული გრაფიკა რუსულთან შედარებით უფრო ეკონომიურია აფხაზური ბგერების გადმოსაცემად. ამის კიდევ ერთი მტკიცებულება კარგად ჩანს ლინგვისტული და ეთნოგრაფიული კავკასიოლოგიის ერთ-ერთი მესაძირკვლის, რუსეთის არმიის გენერლის პეტრე უსლარის (რუს. Услар, Пётр Карлович) სიტყვებში, რომელიც ასე ახასიათებს ქართულ ენას:

„ეს არის ლამის ყველაზე სრულყოფილი არსებულ ანბანთა შორის. ყოველი ბგერა აღინიშნება განსაკუთრებული ნიშნით და ყოველი ასო მუდამ გამოხატავს ერთსა და იმავე ბგერას. ყველა ევროპულ ენას აქვს დაბრკოლება - ესაა მართლწერა; ქართველებისათვის მათი ანბანის სრულყოფილების გამო ეს სირთულე თითქმის არ არსებობს. აქედან ჩანს, რომ ქართული საანბანო სისტემა შეიძლება აღებულ იქნეს საფუძვლად აქამდე დამწერლობის არმქონე ყველა კავკასიური ენისათვის საერთი ანბანისა. მაგრამ თუ ჩვენ ვისესხებთ ქართველებისაგან არა მარტო საანბანო სისტემას, არამედ ასოთა მოხაზულობასაც, ამით სრულიად თვითნებურად შევქმნით სირთულეებს, რომლებიც მით უფრო საგრძნობი იქნება, რაც მეტად გავრცელდება კავკასიაში რუსული განათლება.“

ენის თავისებურებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზური ენა გამოირჩევა თანხმოვანთა სიმრავლითა და ხმოვანთა სიმცირით. აფსშიას 58 თანხმოვანი აქვს, ხოლო აფსუა ბვზშიას დიალექტს 67 თანხმოვანი. გვხვდება ორად ორი ხმოვანი ფონემა, a და ə. კომბინაციისა და ასიმილაციის შედეგად იგი შეიძლება ფორმირდეს, როგორც o, i ან u. აფხაზურის მორფოლოგია ხასიათდება, როგორც აგლუტინაციური. ის რაც აფხაზურ ენას სხვა კავკასიური ენებისაგან გამოარჩევს არის ბრუნვის უარყოფა, რის კონპენსაციასაც ზმნა ახდენს. არსებითი სახელი იყოფა ორ ნაწილად: სულიერი და უსულო. ისინი ჯგუფდებიან ისეთი კლასების მიხედვით, როგორებიცაა: განსაზღვრული არსებითი სახელი, განუსაზღვრელი, კუთვნილებითი, რაოდენობითი, რიგობითი და სხვა. ხარისხობრივი ზედსართავი სახელი დგება არსებითი სახელის შემდეგ. მოძრაობის გამომხატველ ზმნებს აქვთ ყველანაირი დრო და კილო. რაც შეეხება კილოებს, აფხაზურში გვხვდება: იმპერატივი, ინდიკატივი, პირობითი კილო, კავშირებითი, განსაზღვრული და განუსაზღვრელი ფორმები. გვხვდება ასევე შორისდებულები. წინადადების მთავარი წევრი არის ზმნა, თუმცა არ გვხვდება კომპლექსური წინადადებები. ონომატოპეა შესიტყვების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც დიდი ადგილი უჭირავს აფხაზურ ენაში. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვხვდებით სხვადასხვა ენებიდან, როგორებიცაა რუსული, თურქული და სპარსული, ნასესხებ სიტყვებს შემოსულ სიტყვებს. ყოველივე ზემოხსენებულის ფონზე აფხაზური ერთ-ერთ ყველაზე რთულ ენად არის მიჩნეული.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [null პლინუსი, ბუნების ისტორია, VI, 12, SC II, 178, 179; მ. იმნაძე, დასახ ნაშრ., გვ. 156.]
  2. http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/citation.do?method=citation&forward=browseCulturesFullContext&col=collection(%27/eHRAF/ethnography/Asia/RI03%27)&docId=ri03-000&tocOffsetId=tocPubInfoP
  3. Benet, Sula. 1974. “Abkhasians: The Long-Living People Of The Caucasus.” Case Studies In Cultural Anthropology. New York: Holt, Rinehart and Winston. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ri03-005
  4. [null Д. Л. Мусхелишвили. Историческая география Грузии IV-X вв. Очерки истории Грузии, II Т,б., 1988, с. 383-386.]
  5. [null პროკოპი კესარიელი, გეორგიკა, II, თბ., 1936, გვ. 47.]
  6. 6.0 6.1 მარიამ ლორთქიფანიძე აფხაზები და აფხაზეთი გამომცემლობა «განათლება» თბილისი 1990 [1]
  7. [null Афхазия и абхазцы средневсковых грузинских повествовательных источников. Груз. тексты на русский яхык перевел, предисловнем и примечаниями снабдил Г. А. Амичба, т.б., 1988.]
  8. [null Г. Г.Пайчадзе. Название Грузии в русских письменных источниках, Тб., 1989]
  9. [null ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, ქართლის ცხოვრება, II, გვ. 33 – 34.]
  10. [null И. Г. Антелава. Социально-экономические отношеня в Абхазии в VXI – XVII вв., в книге: Очерки истории Абхзской АССР, I, Сухуми, 1960. с 100]
  11. Benet, Sula. 1974. “Abkhasians: The Long-Living People Of The Caucasus.” Case Studies In Cultural Anthropology. New York: Holt, Rinehart and Winston. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ri03-005.
  12. [null ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნთსაცავებში, III, თბ., 1987, გვ. 169-171]
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 abkhazology.wordpress.com, აფხაზოლოგია, აფხაზური ლიტერატურა
  14. http://www.wikipedia.com, literature of Abkhazia
  15. http://www.abkhazworld.com, Culture of Abkhazia, Abkhaz language and literature
  16. Garb, Paula. 1984. “From Childhood To Centenarian.” Moscow: Progress Publishers. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ri03-006.