შინაარსზე გადასვლა

ზღაპარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზღაპარი — ხალხური ზეპირსიტყვიერების, ფოლკლორის ერთ-ერთი ძირითადი ჟანრი; ეპიკური, უმეტესად პროზაული სახის ჯადოსნური, სათავგადასავლო ან ყოფითი ხასიათის მოთხრობა, რომელსაც საფუძვლად უდევს მხატვრული გამონაგონი. მისი რამდენიმე ძირითადი სახეობა არსებობს: ზღაპარი ცხოველთა შესახებ, ჯადოსნური, ყოფითი, ნოველისტური და სხვ. ზღაპრის საწყისი ფორმაა მოკლე მოთხრობა. მითის საპირისპიროდ ის მოგვითხრობს არა ბუნების ძალებზე, არამედ ცალკეულ ადამიანზე, გმირზე, გადმოგვცემს მის ინდივიდუალურ კონფლიქტს ბუნების განმასახიერებელ ძალებთან ან სოციალურ გარემოსთან. თუმცა თავდაპირველად ზღაპარი გამსჭვალული იყო მითოლოგიური რწმენა-წარმოდგენებით, ადამიანთა ურთიერთობის გამოსახატავად ის ხშირად მითოსის სახეებსა და მეტაფორებს მიმართავდა, დროთა ვითარებაში გარკვეული ზეპირი ტრადიციით შეპირობებული სტილისტურ-კომპოზიციური თავისებურებანი ჩამოუყალიბდა (გალექსილი საწყისი და დაბოლოება, სამმაგობა, ტრადიციული ფორმულები და სხვ.). ცხოველთა შესახებ ზღაპრებში ვხვდებით არქაულ ტოტემისტურ წარმოდგენებს, იგავ-არაკის საპირისპიროდ, ცხოველები აქ ადამიანის ალეგორიული გამოხატულებები არ არიან; ჯერ კიდევ არ არის გაცნობიერებული პრინციპული განსხვავება ადამიანსა და ბუნებას შორის.

ზღაპარი მითის ნიადაგზეა წარმოშობილი და მასავით ფანტასტიკური შინაარსისაა, მაგრამ მასში ფანტასტიკური ელემენტი შეგნებულად და პირობითად არის გამოყენებული. ზღაპრის ავტორს ესმის, რომ მის მიერ მოთხრობილი ამბავი გამოგონილია, ოცნების ნაყოფია და პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგება; ძველ მითებში კი ადამიანი (ავტორი) გამოხატავდა იმას, რაც გულწრფელად სწამდა. ძველი დროის ზღაპრებში დევები უსხეულო სულები იყვნენ. ქართულ ზღაპრებში კი ისინი ხორციელ არსებებად არიან წარმოდგენილი. „ნაცარქექიაში” დევი ადამიანებისაგან ფიზიკური ძალით განსხვავდება და ტანი გრძელი ბალნით აქვს დაფარული. ის ადამიანურ ურთიერთობაშია ნაცარქექიასთან. ზეპირსიტყვიერებაში გვხვდება მითოლოგიური შინაარსის ზღაპრები. მათში მთელი ბუნებაა გაპიროვნებული, მაგრამ უფრო გავრცელებულია საყოფაცხოვრებო ზღაპრები და ზღაპრები ცხოველების შესახებ. ზღაპრები უმთავრესად ფოლკლორული წარმოშობისაა, მაგრამ ხშირად ზღაპარს ფოლკლორული მასალების საფუძველზე ქმნიან მწერლებიც. ზღაპრებს წერდნენ აკაკი წერეთელი, კიპლინგი, შარლ პერო, პუშკინი, ანდერსენი, ძმები გრიმები და სხვ.[1]

ზღაპრების სიუჟეტური ტიპები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის ნოემბერში ჰელსინკის მეცნიერებათა აკადემიის ფოლკლორისტთა კავშირმა გამოსცა ზღაპრის ტიპთა ახალი საერთაშორისო კატალოგი სამ ტომად სახელწოდებით The Types of International Folktales. A Classification and Bibliography. კატალოგის ბაზისს შეადგენდა ანტი აარნეს დაარსებული და შემდგომ სტით თომპსონის მიერ გავრცობილი „ზღაპართა ტიპების საძიებელი“, რომელიც გადაამუშავა და დახვეწა გერმანელმა ფოლკლორისტმა და ზღაპარმცოდნემ, პროფესორმა ჰანს-იორგ უთერმა. სამეცნიერო მიმოქცევაში ზღაპრის ახალი კატალოგი მითითებული იქნება შემოკლებით ATU (Aarne-Thompson-Uther). ევროპაში გავრცელებულ ზღაპართა ტიპებისათვის ანტი აარნეს მიერ შედგენილი სისტემა (Aarne, A.: Verzeichnis der Märchentypen, Helsinki 1910 =FF Communications 3.) სტით თომპსონმა გაზარდა და ორი გამოცემა მოამზადა (Aarne, A.: The Types of the Folk-Tale. Translated and Enlarged by Stith Thompson, Helsinki 1928 = FF Communications 74; Aarne, A./ Thompson, St.: The Types of the Folktale. A Classification and Bibliography. Second Revision, Helsinki 1961 =FF Communications 184.). დღეისათვის არსებობს ჰანს-იორგ უთერის მიერ საფუძვლიანად გადამუშავებული ზღაპრის ტიპთა კატალოგი, რომელშიც შემდგენელმა გაასწორა ის ხარვეზები, რომლებიც წინა საძიებლებს ახლდა და ამავე დროს არ დაურღვევია ტრადიციული პრინციპები სიუჟეტთა ტიპების აღწერისათვის.

ათწლეულების წინ მოქმედ სისტემაში შესამჩნევი იყო საჭირო ინფორმაციის ნაკლებობა ისტორიული და თანამედროვე სიუჟეტების შესახებ, განსაკუთრებით ევროპიდან — უპირველეს ყოვლისა, იგავების, ცხოველთა ეპოსის, ლეგენდების, ზღაპრების, ანეკდოტებისა და ფორმულების სფეროში. ასეთ სისტემაში, მეტად გართულდებოდა ყველა ზეპირი და ლიტერატურული ფორმის ფიქსირება, რომლებიც მსოფლიოშია გავრცელებული.

ტერმინ „ზღაპრის“ (folktale) გამოყენება კრებით ცნებად „ხალხური მოთხრობებისათვის“ (folk narratives) ლიტერატურული ჟანრის არამკაფიობას აჩვენებს. მაგალითისთვის, გრიმების გახსენება შეიძლება: ისინი ცნება „ზღაპარში“ აერთიანებდნენ ეტიოლოგიურ გადმოცემებს, იგავებს, ცხოველთა ზღაპრებს, მორალისტურ ამბებს, შვანკებს, ექსემპლებს, ლეგენდებს, თქმულებებსა და შესაბამის შერეულ ფორმებს, როგორიცაა ლეგენდარული შვანკები და ზღაპარ-ანეკდოტები. მაშინ, როცა ზღაპარს მისადაგებული ჟანრები აარნე-თომპსონის კატალოგში შევიდა, აღმოჩნდა, რომ ხალხური მოთხრობები არაევროპული რეგიონებიდან მხოლოდ პირობითად იქნა თემატურად კლასიფიცირებული. ეს, პირველ რიგში, ეხება მითოსს, ეპოსს, თქმულებას და ეტიოლოგიურ გადმოცემებს.

1960-იან წლებამდე ფოლკლორისტები ხშირად თვლიდნენ, რომ ზეპირი მოთხრობები საუკუნეების მანძილზე გადაეცემოდა თაობიდან თაობას და წინაპართა რწმენების მნიშვნელოვან საბუთს წარმოადგენდა; ეროვნული იდენტობისთვის ზეპირსიტყვიერების მნიშვნელობას შედარებით უფრო მეტად აფასებდნენ, ვიდრე ლიტერატურულ წყაროებს. ამ რომანტიკულ შეფასებაზე გავლენა მოახდინა მე-19 საუკუნეში ევროპაში დაწყებულმა ეროვნულმა მოძრაობებმა. ეს ტენდენცია მე-20 საუკუნეშიც გაგრძელდა ხალხური წყაროების შეკრებისას.

უძველესი წერილობითი ნიმუში ცხოველთა ეპოსისა (animal tales) მოავალჯერ იქნა კლასიფიცირებული, როგორც „თავისებური" (irregular) ქვეტიპი. ასეთი კლასიფიკაცია ნიშნავდა მასალის ისტორიული მნიშვნელობის უარყოფას და ნუმერაციის სისტემაში ართულებდა შემოწმების შესაძლებლობას. დღევანდელი გადასახედიდან დაუშვებელია ლიტერატურული წყაროების გაუთვალისწინებლობა ზეპირსიტყვიერი მასალის კვლევისას.

ბევრ ე. წ. ხალხური გადმოცემას მდიდარი წერილობითი ტრადიცია აქვს. ბევრი ფოლკლორული ნიმუში თავისი სიუქეტით მსოფლიო ლიტერატურიდან მომდინარეობს, რომლებიც ხალხში ზეპირი გზით ვრცელდებოდა და მთქმელების ფანტაზიით გადამუშავდებოდა. ეს ეხება უმეტესწილად ეზოპეს სახელთან დაკავშირებულ იგავ-არაკებს და მათ მსგავს მოთხრობებს აღმოსავლურ ტრადიციაში.

როგორც შუალედური რგოლი, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო აგრეთვე შუა საუკუნეების არაბული ანეკდოტები, ევროპული ექსემპლები ან გვიანი შუასაუკუნეების ფარსები, ფაბლიოები და ნოველები, რომლებიც აისახა შემდგომ ეპოქაში. ხშირად ჰქონდა ადგილი წერილობითი და ზეპირი გზით გადმოცემული მოთხრობების ურთიერთგავლენას. გამონაკლისს წარმოადგენს დამწერლობის არმქონე ხალხთა მრავალი თქმულება.

საყოფაცხოვრებო ზღაპარი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საყოფაცხოვრებო ზღაპარი საზოგადოებრივი და ოჯახური ურთიერთობის სურათებს გვიხატავს. მასში ჭარბობს დიდაქტიკური ელემენტი. საყოფაცხოვრებო ზღაპრებს უკვე დაკარგული აქვს მითოლოგიური მნიშვნელობა. ასეთი ზღაპრების დედააზრი შემდეგია: ძლიერი ხშირად ცდილობს უძლურის დაჩაგვრას, მაგრამ უკანასკნელი, მართალი ადამიანი მაინც იმარჯვებს (იმარჯვებს უფრო ხშირად არა საკუთარი თაოსნობით, შემთხვევით ან „ბედის წყალობით”), სიღარიბე ნაკლი არ არის, სიმართლე გაიმარჯვებს და სხვ.[1]

ზღაპრები ცხოველების შესახებ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზღაპრები ცხოველების შესახებ, ანუ ცხოველთა ეპოსი მოქმედ პირად სხვადასხვა ცხოველს გვიხატავს. პირუტყვთა ეპოსში გაპიროვნებული არის პირუტყვები, მათ მიწერილი აქვთ ადამიანის თვისებები. ზოგი ზღაპარი მოგვითხრობს პირუტყვების წარმოშობას, ზოგიც მათ დამახასიათებელ თვისებას. მაგ. ზღაპრების მიხედვით, მელა ცბიერია, მგელი ხარბი და გაუმაძღარი, დათვი ბრიყვი და მოუხეშავი, ძაღლი პატრონის ერთგული და სხვ. პირუტყვთა ეპოსის ძველი ნიმუშები მითოლოგიური ხასიათისა იყო. ადამიანები მათაც ღვთაებრივ თვისებებს აწერდნენ, შემდეგში კი პირუტყვების მეტყველება და მათი საქციელი დაცინვის საგნად გადაიქცა.[1]

ტერმინი „ზღაპარი” პირველად ბიბლიაში გვხვდება (VII საუკუნის თარგმანი). ქართული ზღაპრების დღემდე ცნობილი უადრესი ჩანაწერი XVII საუკუნეს ეკუთვნის (ჩაიწერა ბერნარდე ნეაპოლელმა). სისტემ. შეკრება XIX ს. 50-იანი წლებიდან დაიწყო. ცალკე კრებულად პირველად ლ. აღნიაშვილმა გამოსცა (1890). ქართული ზღაპრები თარგმნილია რუსულ (1884), ინგლისურ (1894), გერმაულ (1920), ჩეხურ (1949), უნგრულ (1958), იაპონურ (1973) და სხვ. ენებზე. ზღაპრის საფუძველზე ან ამ ჟანრის გამოყენებით მრავალი მხატვრული ნაწარმოებია შექმნილი (ა. პუშკინის, ლ. ტოლსტოის, ჰ. კ. ანდერსენის, შ. პეროს, ო. უაილდის, ს.-ს. ორბელიანის, ვაჟა-ფშაველას, კ. გამსახურდიას და სხვათა თხზულებანი).

ტრადიციულად, ქართული ზღაპრები სამ ჯგუფად იყოფა: ცხოველთა ზღაპრები, ჯადოსნური ზღაპრები და ნოველისტური ზღაპრები. ცხოველთა ზღაპრებში გმირები ცხოველები არიან, რომლებიც ერთმანეთს ხვდებიან, მეგობრობენ, ღალატობენ და ა.შ. ჯადოსნური ზღაპრის გმირები გამორჩეულები არიან რიგი ნიშან-თვისებებით. ისინი ხშირად ხელმწიფის ან გლეხის შვილები არიან, თუმცა მაგიური ძალა გააჩნიათ ან წარმატებას მაგიური გზებით აღწევენ. ნოველისტური ზღაპრის პერსონაჟები ძალიან გვანან ჩვეულებრივ ადამიანებს თავისი ინტერესებით, მიზნებით და საქმიანობით. ასეთ ზღაპრებში ბევრი შეგონებაა

ქართული ჯადოსნური ზღაპარი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული ჯადოსნური ზღაპარი, ხალხური პროზის სხვა ჟანრულ სახესხვაობათა შორის, ყურადღებას იქცევს დახვეწილი ფორმით, სტრუქტურის სირთულითა და გამომსახველობითი საშუალებების მრავალფეროვნებით. ჯადოსნურმა ზღაპარმა იმ იდეების მხატვრულად ხორცშესხმისათვის, რომელსაც ის ამკვიდრებს, საუკუნეების განმავლობაში გამოიმუშავა და შემდგომ უკვე ტრადიციულად აქცია კომპოზიციური და სტილისტური ხერხები, რომელთა მიგნება და თავისად ქცევა განპირობებული ჩანს მისივე ჟანრული სპეციფიკით.

თავისებური და განუმეორებელია ჯადოსნურ ზღაპარში წარმოდგენილი სამყარო მასში მოქმედი პერსონაჟებითა და ფანტასტიკური გარემოთი. ეს არის სამყარო, რომელშიც მოქმედებს დაუწერელ კანონთა მთელი სისტემა. ეს არის სამყარო, რომელშიც იბრძვიან და აუცილებლად იმარჯვებენ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჯადოსნური ზღაპრის სამყარო, ბედნიერი სამყარო. ამ სამყაროში დამკვიდრებული სინამდვილე განსაკუთრებული ხასიათის მატარებელია. იგი ერთი შეხედვით აბსოლუტურად დაცილებულია ისტორიულ სინამდვილეს, თუმცა ნამდვილად კი შეიცავს კაცობრიობის მიერ განვლილ ეპოქათა ისტორიული სინამდვილის ელემენტებს. ჯადოსნური ზღაპრის სინამდვილის ისტორიული სინამდვილისაგან განსხვავება განპირობებულია ზღაპრის იდეურ-მხატვრული მიზანდასახულობით. საზღაპრო ეპოსში ამ ამოცანის გადაწყვეტა ხორციელდება სინამდვილეს მიმსგავსებული გამონაგონის მეშვეობით. საქმე გვაქვს ნაწარმოებთან, რომელიც დაფუძნებულია მხატვრულ ფანტასტიკაზე, სადაც ყოველივე დაცილებულია რეალურ სინამდვილეს.

ჯადოსნური ზღაპრის სტილის ერთ-ერთ ძირითად თავისებურებათაგან გვევლინება ის ფაქტი, რომ მასში თითქმის უარყოფილია თხრობის ეპიკური სტილის გამოყენება. მიუხედავად მოთხრობის ფანტასტიკური ხასიათისა და გმირების გამოგონილ, პირობით სამყაროში მოქმედებისა, ამბის თხრობა იმგვარად მიმდინარეობს, თითქოს მოგვითხრობენ ცოცხლ, ახლობელ და ნაცნობ ადამიანებზე. ზღაპრის ფანტასტიკურ სამყაროზე მოთხრობა თითქოს უნდა საჭიროებდეს განსაკუთრებულ სტილს, როგორც ეს გვაქვს, მაგალითად, საგმირო ეპოსში, სადაც სტილით, ტონითა და სახეთა ხასიათით ხაზგასმულია მათი სინამდვილისაგან დაცილებულება. ჯადოსნურ ზღაპარში თხრობა მიმდინარეობს „რეალისტურ-საყოფაცხოვრებო“ სტილში. მას აშკარად ეტყობა პირობითი ხასიათი. ეს გარკვეულად ავლენს შეუსაბამობას მონათხრობსა და მოთხრობის მანერას შორის. ჯადოსნური ზღაპრის გადმოცემისას, ჩვეულებრივი სალაპარაკო მეტყველების დამკვიდრება განპირობებულია ფოლკლორში მიმდინარე საერთო პროცესებით. გარდა ამისა, ზღაპარში ყველა პერსონაჟი ერთი და იმავე ენით ლაპარაკობს. მათ თითქოს არც კი აქვთ უფლება თავის პირად სიტყვაზე. მთელი ზღაპარი მთქმელის ენით არის გადმოცემული. ზღაპრის თხრობისას ჩვეულებრივი სალაპარაკო მეტყველების როლი თვალნათლივ ჩანს დიალოგის აგების მაგალითებზე, რომელიც თავისი სტრუქტურითა და მანერით საყოფაცხოვრებო საუბარს წააგავს.[2]

  • ვირსალაძე, ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979.  გვ. 546.
  • ვირსალაძე ე., ზღაპარი, წგ.: ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, ნაწ. 1, თბ., 1960.
  • ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, [ტ.] 1, თბ., 1975.
  • ჩოლოყაშვილი რ., უძველეს რწმენა-წარმოდგენათა კვალი ხალხურ ზღაპრულ ეპოსში, თბ., 2004.
  • Пропп В. Я., Морфология сказки, 2 изд., М., 1969.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 ზღაპარი. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი.
  2. ქართული ჯადოსნური ზღაპრის პოეტიკიდან // „მაცნე“, 1976, № 1, გვ. 37–52.