გიენოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გიენოსი (ბერძ. gyēnos) — ანტიკური ხანის ქალაქი შავი ზღვის სანაპიროზე, კოლხეთში (ახლანდელი ქალაქ ოჩამჩირის მახლობლად). გიენოსს ამავე სახელწოდების მდინარესთან ერთად იხსენიებს ბერძენი ავტორი ფსევდო-სკილაქს კარიანდელი (ძვ. წ. IV ს.). როგორც ვარაუდობენ, გიენოსს შეესატყვისება პომპონიუს მელას (ძვ. წ. I ს.) მიერ მოხსენიებული ქ. კიკნოსი, სტეფანე ბიზანტიელის (VI ს.) ლექსიკონში დასახელებული ქ. პიენისი და ქ. ტიენისი. ოჩამჩირის მიდამოების არქეოლოგიური შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ აქ ჯერ კიდევ ქალაქის წარმოქმნამდე არსებობდა ადგილობრივი დიდი დასახლება და განვითარებული იყო ხელოსნური წარმოება. გიენოსის დაწინაურება და საქალაქო ცენტრად გადაქცევა ემთხვევა ახლანდელი ოჩამჩირის მახლობლად, მდინარე ჯიკუმურის შესართავთან ბერძენთა, საფიქრებელია, ათენელთა, სავაჭრო სამოსახლოს დაარსებას (ძვ. წ. V ს. II ნახ.). გიენოსში ბერძენთა გვერდით ცხოვრობდა მკვიდრი კოლხური მოსახლეობა. ადრინდელ ანტიკურ ხანაში (ძვ. წ. V-IV სს.) გიენოსს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა საბერძნეთის უმსხვილეს ცენტრებთან, განსაკუთრებით ათენთან, რომელსაც უხვად აწვდიდა გემთმშენებლობისათვის საჭირო მასალას — ძვირფას ხეს (ბზა და სხვა). შემდეგში გიენოსის საგარეო ვაჭრობაში ათენის ადგილს იკავებენ მცირე აზიის ცენტრები, განსაკუთრებით სინოპი. ძვ. წ. I საუკუნეში გიენოსი დაკნინდა, მისი შემდგომი გამოცოცხლება ემთხვევა ეგრისის სამეფოს გაძლიერებასა და საქალაქო ცხოვრების ახალ აღმავლობას (IV-V სს.).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ინაძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 153, თბ., 1978 წელი.
  • ლორთქიფანიძე ო., ანტიკური სამყარო და ძველი კოლხეთი, თბ., 1966.