იაშთხვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „იაშთხვა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ იაშთხვა (სოხუმის რაიონი).

იაშთხვაპალეოლითური ხანის ღია ტიპის ნამოსახლარი-სახელოსნო ქ. სოხუმის ჩრდილოეთით 2 კმ-ზე, ოსტროუმოვის ხეობასა და იაშთხვისა და ბირცხის მთებს შორის, ზღვის დონიდან 80-140 მ. არქეოლოგიული კვლევა-ძიება ჩატარდა 1935-1938 წლებში (სერგეი ზამიატნინი). ძეგლზე, რომლის ფართობი რამდენიმე ჰა, ზამიატნინმა გამოჰყო 14 პუნქტი, სადაც თავმოყრილია ქვის მასალა. ნივთების დიდი ნაწილი ნაპოვნია მიწის ზედაპირზე, ნაწილი — გათხრების შედეგად. მასალად გამოყენებულია დანიური იარუსის კაჟი. იაშთხვის კოლექციაში აშელის, მუსტიეს და ზედა პალეოლითის ხანის რამდენიმე ათასი ქვის ნივთია. ანატკეცებისთვის დამახასიათებელია მასიურობა, დარტყმის დიდი მოედანი, რელიეფური ბურცობი და სქელი პატინა. ხელცულები და საჩეხი იარაღი მასიურია და პრიმიტიულადაა დამუშავებული. გვხვდება კლექტონური ანატკეცები. ლევალუაზური ნუკლეუსები და ანატკეც-ლამელები. შედარებით მცირეა შუა პალეოლითური (მუსტიეს) და ზედა პალეოლითური მასალა. მუსტიეს ხანისაა ქვის სახოკები, წვეტანები, ნაწილობრივ ორმხრივ დამუშავებული იარაღი და სხვა. ზედა პალეოლითურია სხვადასხვა სახის საჭრისები და საფხეკები.

1958 წელს იაშთხვზე აღმოჩნდა (ნიკოლოზ ბერძენიშვილი) ახალი პუნქტები, სადაც ნაპოვნია მრავალრიცხოვანი ქვის ნაწარმი (მ. შ. აშელის ადრინდელი პერიოდის ხელცულები). 1961-1965 წლებში გამოვლინდა ქვედა და შუა პალეოლითური ხანის მასალის თავმოყრის პუნქტები (ი. კორობკოვი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бердзенишвили Н. З., Новые данные о палеолите Абхазии, «დ. გულიას სახ. აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის შრომები», 1959, ტ. 30
  • Замятник Ц. П., Палеолит Абхазии, «Труды Института абхазской культуры», 1937 в. 10;
  • Коробков И. И., Итоги патилетних исследований Яштухского палеолитического местонахождения, «Советская археологиа», 1957, № 4
  • თუშაბრამიშვილი დ., ქსე, ტ. 5, გვ. 65-66, თბ., 1980