კრონოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიტერ რუბენსის ნახატი - კრონოსი ყლაპავს თავის შვილებს (ნახატზე კრონოსი ყლაპავს პოსეიდონს)
ძველბერძნული მითოლოგია
ტიტანები (ოლიმპამდელი ღვთაებები)

ტიტანები: ჰიპერიონი, იაპეტოსი, კოიოსი, კრონოსი, კრიოსი, ოკეანოსი

ტიტანიდები: მნემოზინე, რეა, თეია, ტეფიდა, ფებე, თემიდა

ტიტანების შვილები: ასტერი, ატლასი, ჰელიოსი, ლეტო, მენეტიოსი, პრომეთე, სელენა, ეოსი, ეპიმეთე

ოლიმპიელი ღვთაებები, ტიტანები, მუზები, კენტავრები, გიგანტები, ნიმფები

კრონოსი (Kronos, რომ saturnus) - პირველი თაობის დიდი ღმერთი, ოლიპპოს ღმერთების წინანდელი, ურანოსის და გეას შვილი, უმცროსი ტიტანი. დედის (დედამიწის) შემწუხებელი ურანოსი რომ დაასაჭურისა (ასო წაჰკვეთა), დანარჩენ ტიტანებზე ამაღლდა და გახდა ღმერთების პირველი მბრძანებელი. დადგა ოქროს ხანა. ასე ახსნეს ბერძნებმა მორიგი კოსმოგონიური მოვლენა, ცისა და მიწის გაყოფა. ცოლად შეირთო თავისი და - რეა, რომელმაც შვა ჰესტია, დემეტრე, ჰერა, ჰადესი, პოსეიდონი, ზევსი, კენტავრი ქირონი კი ფილირასაგან ჰყავდა. გეამ უწინასწარმეტყველა: „შენც შენი შვილი დაგამხობსო“, ამიტომ ახალშობილ შვილებს ყლაპავდა, რომ თავისი ბატონობა უზრუნველეყო.

ასე შთანთქა ყველანი ზევსის გარდა, რომელიც რეამ ცბიერებით იხსნა: ჩვრებში გახვეული ქვა შეუგდო პირში, ყრმა კი გადამალა იდას მთაგრეხილზე, დიქტეს გამოქვაბულში, სადაც თხა ამალთეა კვებავდა, კურეტები იცავდნენ, ნიმფები უვლიდნენ. მერე ზევსმა ტიტანომაქია ატეხა. დაამხო კრონოსი და გეას შემწეობით თუ მეტისის დახმარებით აიძულა ჩაყლაპული შვილები უკანვე ამოენთხია. ამიერიდან ის შებოჭილი წევს ქვესკნელში სხვა ტიტანებთან ერთად, ან ნეტართა კუნძულზე მსაჯულობს, რადამანთისთან ერთად, როგორც ჰესიოდე და პინდარე ვარაუდობენ.

ძველი ვერსია[რედაქტირება]

თავდაპირველად მიწათმოქმედების ღმერთი უნდა ყოფილიყო, ასეთია თვით სახელის ეტიმოლოგია: კრანა, „კრაინო“ ნაყოფის მომწიფებას, შემოსვლას ნიშნავს. იტალიაში ასეთ ღვთაებას სატურნი ერქვა. ამიტომაც, გასაგებია ვერსია, რომელსაც ოვიდიუსი მოგვითხრობს. ზევსმა რომ დაამხო, სატურნი იტალიაში გაიქცა და იქ იანუსმა გააბატონაო. ეს იყო ოქროს ხანა, როცა „მარამწიფობდა ხეხილი, მარამწიფობდა ყანა“. ხალხი დღეკეთილობდა; შემდეგ კრონოსი დაბერდა, დაჭკნა. აღარ შეეძლო ბუნების განახლებისთვის თავლი ედევნებინა და ბრძენმა ხალხმა ჟამგადასული მეუფე ახლით, გონიერით შეცვალა. კრონოსის რომაული სახელის მიხედვით თვით იტალიას სატურნია ეწოდა. საბერძნეთში კრონიების ზეიმი შედარებით სუსტად გავრცელდა, მაგრამ, ოლიმპიაში იყო ზევსის ჭალა, სადაც კრონოსს ზვარაკს სწირავდნენ. ათენის სამლოცველოში 12 ჰაკატომბიონს ზეიმს უმართავდნენ.

ხელოვნება[რედაქტირება]

ხელოვნებაში მოხუც კაცად ხატავდნენ, ხელში ქნარი ეჭირა. ბევრი ავტორი კრონოსს ურევს დრო-ჟამის ღმერთთან - ხრონოსთას, ქრონოსთან, მაგრამ, მათ მხოლოდ სახელთა მსგავსება და სიძველე აქვთ საერთო. ქრონოსი - დროის ღმერთია, კრონოსი - ტიტანი, დღეს კი ბერიკაცია, მათუსალას სინონიმად ქცეულა.

კრონოსის საკულტო როლი საერთოდ ნაკლებია, მაგრამ, სკიპტროსანი მეუფე ხშირად უხატავთ, მორჭმით ტახტზე მჯდომი. შუა საუკუნეებში მისი როლი ამაღლდა როგორც სატურნისა, რომლის სახელიც პლანეტას ეწოდა.

სატურნი განაგებს ბნელ და ცივ პლანეტებს.

ვარიაციები[რედაქტირება]

კრონოსი - ირონ. გამოჩერჩეტებული, გამოფიტული, ხავსმოდებული მეფე - ტირანი, მბრძანებელი, რომელიც პატივმოყვარეობის სენით დაბრმავებულა და ძალაუფლებას არ თმობს, თუმცა, მისი ჟამი წასულა და ქვეყნიერებას ამძიმებს.

სატურნის შვიელბი- მდაბიონი, მათხოვარნი, პყრობილნი, ძუნწნი; მიწის მუშები, ასტრონომები, გეომეტრები; სატურნის ტემპერამენტი - მძიმე, მელანქოლიური ხასიათი (ასევე ხელოვნებაში); სატურნის პლანეტა უბედურების სიმბოლოა. ხატავენ კალენდრებში, პლანეტების სურათებში, ატლასებში. ხან გლეხები აუმხედრებია პაპის წინააღმდეგ, ხან მეფეა, ტახტზე ზის მელანქოლიური იერით. ხან ზევსი ამხობს, ხანაც ფრთები და საათების საზომი მინა უჭირავს, რაც მოწმობს, რომ დროის ღმერთთან: ქრონოსთან აურევიათ.

ხელოვნებაში ხშირდება კრონოსის ასახვა ქრონოსის სახით, მათ მხოლოდ ატრიბუტებით არჩევენ: ქრონოსს - ფრთებით, კრონოსს- ბავშვით. XIX საუკუნეში გრძელდება ძველი კრონოსის ხატვა: გოია - „სატურნი“. მადრიდი შვინდი, 1827 წელი.