შარტრის საკათედრო ტაძარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შარტრის საკათედრო ტაძარი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Westfassade Chartres.jpg
კათედრალის მთავარი ფასადი
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 48°26′50″ ჩ. გ. 1°29′16″ ა. გ. / 48.44722° ჩ. გ. 1.48778° ა. გ. / 48.44722; 1.48778
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1979  (მე-3 სესია)
ნომერი 81
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
მთავარი შესასვლელი.
დასავლეთის ფრთა.
ლაბირინთის ფრაგმენტი.
ტაძრის სამხრეთის ფასადი.
ტაძრის გეგმა.

შარტრის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი (ფრანგ. Cathédrale Notre-Dame de Chartres) მდებარეობს შარტრში, პარიზიდან 80 კმ-ში და წარმოადგენს მაღალი გოტიკური არქიტექტურული სტილის საუკეთესო ნიმუშს მთელ საფრანგეთში.

არქიტექტურა[რედაქტირება]

რომანული სტილის ნაგებობის ფუნდამენტზე ახალი შენობის აღმართვა 1145 წელს დაიწყო, თუმცა 1194 წლის ხანძარს მხოლოდ ტაძრის დასავლეთის ფასადი გადაურჩა და ეს ნაწილი ადრეულ გოთურ სტილშია. კათედრალის ძირითადი კარკასი აღდგენილ იქნა 1194-1220 წლებში, რაც საკმაოდ მცირე დროა შუასაუკუნეების ტაძრების მშენებლობისთვის.

შარტრის კათედრალის სილამაზე მრავალი შემოქმედის აღმაფრენის წყარო ყოფილა, არქიტექტურის ისტორიკოსები ხოტბას ასხამდნენ მის დახვეწილ წახნაგებსა და ცადატყორცნილ ჰაეროვან ქიმებს. ძველ ისტორიკოსთა ამგვარ შეფასებას დღესაც სავსებით იზიარებენ, ვინაიდან შარტრის ტაძარი ჭეშმარიტად შეუდარებელია ყველა ფრანგულ გოთურ კათედრალთა შორის. შორიდან იქმნება ილუზია, რომ ის ხორბლის ველებზე ჰაერშია გამოკიდული და მხოლოდ მასთან მიახლოებისას ამჩნევს მნახველი ტაძრის გორაკის ფერდობებზე გარშემო შეფენილ ქალაქს. მისი ორი კონტრასტული ქიმი - ერთი 105 მ. მარტივი პირამიდის ფორმის, 1140 წელსაა აგებული, მეორე კი - 113 მეტრი სიმაღლის, ადრეული მე-16 საუკუნის ფლამბოიანტური ორნამენტებით დამშვენებული გუმბათია დაშენებული შედარებით ადრინდელ კოშკზე—აჭიმულია რუხ მომწვანო სახურავზე; მათ გარშემო კომპლექსური არკ-ბუტანტებია (ე.წ. მფრინავი საყრდენები) შემოვლებული.

მნიშვნელობა[რედაქტირება]

ლეგენდის თანახმად 876 წლიდან ტაძარში ინახება ტუნიკა (Sancta Camisia), რომელიც წმინდა მარიამ ღვთისმშობელს ეკუთვნოდა. ეს წმინდა რელიკვია კათედრალისთვის უბოძებია შარლემანს, რომელმაც ის საჩუქრად იერუსალიმზე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს მიიღო. სინამდვილეში საჩუქარი შარლ II-ისგან იყო; სპეციალისტთა შეფასებით ქსოვილი სირიული წარმოშობისაა და დამზადებულია ჩვ.წ. პირველ საუკუნეში. საუკუნეების განმავლობაში შარტრი წმ. მარიამის პილგრიმთა მნიშვნელოვანი ცენტრი იყო და დღესაც მორწმუნენი მთელი მსოფლიოდან ამ წმინდა რელიქვიის პატივსაცემად მოდიან.

შარტრის კათედრალი ისტორიულად ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი შენობა იყო. ის იყო ეკონომიკური ცენტრიც და ქალაქის ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება აქ ტარდებოდა. შუა საუკუნეებში კათედრალი შიგადაშიგ ბაზრის ფუნქციასაც ასრულებდა, ბაზილიკის თითოეულ ნიშაში გარკვეული კატეგორიის საქონელი იყიდებოდა, მაგ. ჩრდ. ბოლოში ტექსტილი იყო, სამხრეთ ბოლოში კი საწვავი, ბოსტნეული და ხორცეული. დროდადრო მღვდელთმთავრები ცდილობდნენ ბოლო მოეღოთ კათედრალში ამგვარი საქმიანობისთვის, თუმცა უშედეგოდ. ღვინის გამყიდველებს ეკრძალებოდათ ღვინის ტაძრის სარდაფში გაყიდვა, თუმცა ეკლესიის შუა ნაწილი მათთვის თავისუფალი იყო და აქ ვაჭრობით ისინი გარე გადასახადებისგან თავის არიდებას ახერხებდნენ. აქვე იკრიბებოდნენ სხვადასხვა ხელობის მუშები სამსახურის საშოვნელად. ერთ პერიოდში ქალაქში ერგოტიზმის გავრცელების შედეგად, რომელსაც მრავალი მსხვერპლი ჰყოლია, კათედრალს ჰოსპიტალის ფუნქციაც შეუსრულებია.

კათედრალის დიდებული ფასადის გარდა მისი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა ტაძრის ინტერიერი და განუმეორებელი მოჭიქული მინის ფანჯრები. ადრეული მე-13 საუკუნით დათარიღებული ფანჯრების მოზაიკა გადაურჩა მე-16 საუკუნის რელიგიურ ომებს და მიიჩნევა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სრული კოლექციაა დღემდე შემორჩენილი შუასაუკუნეების მოჭიქული მინისა მსოფლიოში. 1753 წლის მოდერნიზაციის მცდელობისას, მინის ნაწილი ფანჯრებიდან მოხსნილ იქნა ტაძრის კლერკთა მიერ და ამის გამო ორიგინალი 186 მოჭიქულ მინიანი ფანჯრიდან 152 გადარჩა. ეს მინები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი “ცოცხალი” სილურჯის გამო, რომლის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია ამ მინით გამოსახული მადონა ყრმით.

ზოგიერთი ფანჯარა სამეფო ოჯახის საჩუქარი იყო, მაგ. ვარდისფერი ფანჯარა ჩრდილოეთ ნიშაში საფრანგეთის დედოფალი ბლანშის მიძღვნილია. სამეფო გავლენა იგრძნობა მართკუთხა პერიფერიულ ფანჯრებშიც, რომელიც სამეფო სიმბოლოებს გამოსახავს ყვითელი ფლორ-დე-ლისებით ლურჯ ფონზე და ასევე ყვითელი ციხე-კოშკებით წითელ ფონზე.

კათედრალის იატაკზე შარტრის ცნობილი თერთმეტწრიანი ლაბირინთია, რომლის სრულ სიგრძეზე გავლა იდენტური იყო იერუსალიმში პილგრიმობისა და მრევლს ცოდვების მოსანანიებლად მასზე მუხლებზე ცოცვას უწესებდნენ. ამ ტრადიციის გამო ლაბირინთს „გზა იერუსალიმისკენ“ (ფრან. Chemin de Jerusalem) ერქვა. ლაბირინთის ცენტრში მოთავსებული გვირილას მაგვარი დიზაინი სიმბოლურად დატვირთულია და გაბრწყინებას ნიშნავს.

საფრანგეთის რევოლუციის დროს შარტრის კათედრალი დანგრევას და ძარცვას გადაურჩა, ხოლო მას შემდეგ ჩატარებულ უამრავ რესტავრაციას მისი თავდაპირველი ბრიწყინვალება არ შეულახავს. ის ყოველთვის იგივე - გოთური ხელოვნების ტრიუმფი - რჩებოდა. კათედრალი 1979 წელს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

შუა საუკუნეებში კათედრალი ასევე ფუნქციონირებდა, როგორც მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერა. შარლემანის სურვილით განათლება ფრანგი ხალხისთვის ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყო და ვინაიდან ახალი სკოლების აშენება გაცილებით ძვირი იქნებოდა, არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენება უფრო ადვილი იყო. მისი ბრძანებით კათედრალებსა და მონასტრებში სკოლების არსებობა და რელიგიური სწავლება აუცილებელი კრიტერიუმი გახდა მთელ საფრანგეთში. კათედრალურმა სკოლებმა მალე სამონასტრო სკოლებს წაართვა განათლების წამყვანი როლი და უკვე მე-11 საუკუნეში კათედრალი თავად გახდა სკოლის სიმბოლო/სინონიმი. ყველა კათედრალს საკუთარი სპეციალიზაცია ჰქონდა და შარტრის დახელოვნებად ლოგიკის სწავლება ითვლებოდა. შარტრის ახალი ლოგიკა მრავალთა მიერ პარიზისაზე უფრო პროგრესულადაც კი ითვლებოდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:


იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 81
რუს.ინგლ.ფრ.