მონტან-პელე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონტან-პელე
მონტან-პელე
მონტან-პელე
კოორდინატები: 14°49′00″ ჩ. გ. 61°10′00″ დ. გ. / 14.81667° ჩ. გ. 61.16667° დ. გ. / 14.81667; -61.16667
ქვეყანა მარტინიკის დროშა მარტინიკა
სიმაღლე 1397 
ტიპი სტრატოვულკანი
მონტან-პელე — მარტინიკა
მონტან-პელე

მონტან-პელე (ფრანგ. Montagne Pelée — მოტიტვლებული მთა) — მოქმედი ვულკანი ვესტ-ინდოეთში, კუნძულ მარტინიკაზე. სიმაღლე 1397 მ.

ვულკანური კონუსი შედგება ვულკანური ფერფლისა და გამყარებული ლავისაგან. ცნობილია 1902 წლის კატასტროფული ამოფრქვევა, როდესაც მძიმე მხურვალე ღრუბელმა, რომელიც შედგებოდა ფერფლისაგან, ვულკანური ყუმბარისაგან და სხვა პროდუქტებისაგან გაანადგურა იმ დროისათვის კუნძულის უდიდესი ქალაქი სენ-პიერი და შეიწირა დაახლოებით 30 ათასი ადამიანის სიცოცხლე. ეს იყო XX საუკუნის ყველაზე კატასტროფული ვულკანური ამოფრქვევა. ამ ამოფრქვევის გამო მსგავს ვულკანებს პელეს ტიპის ვულკანებს მიაკუთვნებენ.

საფუძველის დიამეტრი 15 კმ აღწევს. ვულკანის მწვერვალი წარმოადგენს შიშველ ლავურ კონუსს. მწვერვალზე ოვალური კრატერია, რომლის ზომებია 1000X750 მ. აქვს ორი ექსტრუზიული გუმბათი, რომლებიც შეიქმნა ბლანტი მაგმის გამოწნევის შედეგად. 1929 წლის ამოფრქვევის შედეგად შეიქმნა ახალი გუმბათი. გეოლოგიური თვალსაზრისით, მონტან-პელე, სუბდუქციური ზონის ტიპური შედეგია. საკუთრივ, სუბდუქციის შედეგად შეიქმნა მცირე ანტილის კუნძულების რკალი და 850 კმ სიგრძის ვულკანების თაღოვანი ჯაჭვი.

ვულკანოლოგებმა დაადგინეს მონტან-პელეს ევოლუციის სამი განსხვავებული ფაზა: დაწყებითი, შუალედური და თანამედროვე. დაწყებით ფაზაში, რომელსაც „პალეო-პელე“ ეწოდება მონტან-პელე სტრატოვულკანი იყო. „პალეო-პელეს“ კონუსი შედგება სხვადასხვა ლავური ფენებისაგან. „პალეო-პელეს“ კონუსის ნაშთის ხილვა დღესაც არის შესაძლებელი ვულკანის ჩრდილოეთ მხარეს. მეორე, შუალედური ფაზა დაიწყო დაახლოებით 100,000 წლის წინ. ამ ფაზაში მოხდა რამდენიმე ამოფრქვევა, მათ შორის 1902 წლის ამოფრქვევა. უკანასკნელ თანამედროვე ფაზაში პემზის ბუდობებთან ერთად შეიქმნა ამჟამინდელი კონუსის დიდი ნაწილი.

უკანასკნელი 5,000 წლის განმავლობაში იდენტიფიცირებულია ვულკანის 30-ზე მეტი ამოფრქვევა. შედარებით სუსტი ამოფრქვევები მოხდა 1929-1932 წლებში. მთისძირის სიახლოვეს გახსნილია ვულკანოლოგიური მუზეუმი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]