ილია II

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ილია II (კათოლიკოს-პატრიარქი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ილია II
უწმიდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა
Patriarq ilia II.jpg
ეპარქია მცხეთა-თბილისისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიები
ეკლესია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დროშა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია
ინთრონიზაცია 25 დეკემბერი, 1977
წინამორბედი დავით V დევდარიანი

საერო სახელი ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი
დაიბადა 4 იანვარი, 1933
ქალაქი ორჯონიკიძეში, ვლადიკავკაზი
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა
საცხოვრებელი ადგილი საქართველოს საპატრიარქო
მშობლები გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილი და ნატალია კობაიძე
ხელმოწერა Ilia II of Georgia's signature.svg

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის[1], ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს, ქალაქ ორჯონიკიძეში, (ახლანდელი ვლადიკავკაზი), გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილის და ნატალია კობაიძის ოჯახში.

ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1977-იდან.

2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.[2]

ბიოგრაფია

ირაკლის მშობლები, მამა — გიორგი შიოლაშვილი, დედა — ნატალია კობაიძე

ბავშვობა

ირაკლი სტუდენტობის პერიოდში
ირაკლის ნათლია არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი)

კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ: მამა, გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი — სოფელ სნოდან, დედა, ნატალია იოსების ასული კობაიძე კი — სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლე II-ის პატივსაცემად ირაკლი უწოდეს. ნათლიები იყვნენ: არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი) და მონაზონი ზოილე (დვალიშვილი). დედა ზოილეს პატარა ირაკლი სამთავროს მონასტერში ხშირად დაჰყავდა, სადაც მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძესაგან სამი წლის ირაკლის ლოცვა-კურთხევა მიუღია.

შემდგომი წლები

არქიმანდრიტი ილია (1962 წელი)
ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია (1965 წელი)
ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (1976 წელი)

1957 წლის 16 აპრილს, სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი, 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ილია წინასწარმეტყველის პატივსაცემად ილია ეწოდა. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა).

პატრიარქი ასე იხსენებს ალექსანდრე ნეველის ეკლესიას:

ვიკიციტატა
„ეს ტაძარი განსაკუთრებულია პირადად ჩემთვის იმიტომ, რომ აქ, 1957 წელს, ღვთის განგებითა და უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ზინობიმ ბერად აღმკვეცა. ამ პერიოდის ახალგაზრდებს შორის მე ვიყავი პირველი ბერი. ასე რომ, ამ ტაძრისა და წმიდა ალექსანდრე ნეველის, მღვდელმოწამე გრიგოლის ლოცვა-კურთხევა მუდამ მიფარავს.“

1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკვანი ილია, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი II მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.

1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით, სადაც მეოთხე კურსზე დაწერა საკანდიდატო შრომა: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“, — რისთვისაც მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. რის შემდეგაც აკადემიის საბჭომ საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზა და სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მას საშუალება ეძლეოდა, ლექციები წაეკითხა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის კურთხევა სხვაგვარი იყო: მღვდელმონაზონ ილიას სამშობლოში უნდა დაეწყო მოღვაწეობა. მღვდელმონაზონმა ილიამ უარი თქვა საპატიო კარიერაზე, სამშობლოში დაბრუნდა და და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად.

ერთგული მოღვაწეობისათვის იგი 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. შემდეგ კი — 1961 წლის 16 სექტემბერსარქიმანდრიტის ხარისხში.

1963 წელს, ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთში ხუთი სემინარია, მრავალი ტაძარი და მონასტერი დაიხურა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა მოახერხა, რომელსაც, მეტი სიფრთხილისათვის, „საღვთისმეტყველო კურსები“ დაარქვეს. სწორედ ამ „საღვთისმეტყველო კურსების“ პირველ რექტორად დაინიშნა არქიმანდრიტი ილია. 1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის — იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის — პირველი რექტორი. ამავდროულად იგი მოღვაწეობდა ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მომზადების სფეროში.

1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის მიერ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმადრიტი ილია ხელდასხმულ იქნა შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად.

1967 წელს, აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ, პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს.

1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო.

1972 წელს ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს — უფლება სკუფიაზე ჯვრის ტარებისა.

კათოლიკოს-პარტიარქი

1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400 წლებში.

1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (1981 წელი)
ვიკიციტატა
„ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა“

— ბრძანა საქართველო კათოლიკოს-პატრიარქმა.

1990 წელს უწმიდესსა და უნეტარესს ილია II მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების სიგელი, რითაც მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (2009 წელი)

კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ეკლესიის წმიდათა დასს მრავალი წმიდანი შეემატა — წმიდა ილია მართალი (XIX-XX ს.), წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე (XX ს.), ღირსი მამა ამბროსი (აღმსარებელი) ხელაია (XX ს.), ალექსი ბერი (შუშანია) (XX ს.), წმიდა მიტროპოლიტი ნაზარი სამღვდელო დასთან ერთად (XX ს.), წმიდა ნინოს მშობლები — ზაბულონი და სოსანა (IV ს.), წმიდა თევდორე კველთელი (XVII ს.), წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე (XIX ს.), წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) (XIX ს.), წმიდა ცოტნე აღმსარებელი (XIII ს.), აჭარაში თურქთაგან წამებულნი მამანი და დედანი (XVIII ს.), პეტრე I (V ს.) წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწე კათოლიკოსი, სამუელ I (V-VI ს.) - პეტრე I შემდგომი კათოლიკოსი, მელქისედეკ I (XI ს.) — სვეტიცხოვლის განმაახლებელი, საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი, ზოსიმე II — ეპისკოპოსი კუმურდოელი (XV ს.) დიდი მოღვაწე, ჰიმნოგრაფი და მქადაგებელი, კლარჯეთის უდაბნოს ღირსნი მამანი და დედანი (IX ს.), მღვდელმონაზონი თეოდორე აჭარელი (XVIII-XIX ს.) — ათონის მთაზე ოსმალთაგან ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებული. მღვდელმონაზონი ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) (XVIII-XIX ს.) — იმერეთის მეფის, სოლომონ II მოძღვარი, აბუსერიძე ტბელი (XIII ს.), ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი და ჰაგიოგრაფი, საქართველოს მთლიანობისთვის თავდადებული, ექვთიმე თაყაიშვილი (XIX-XX ს.) დიდი მეცნიერი და მოღვაწე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მებრძოლი, ეროვნული საგანძურისა და სიწმიდეების გადამრჩენელი, უღმრთოთაგან დევნილი. კირიონ II (საძაგლიშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (XIX-XX ს) — გამოჩენილი საეკლესიო და ეროვნული მოღვაწე, მკვლევარი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის დევნილი, მოწამეობრივად აღსრულებული.

ილია II

1988 წელს უწმიდესისა და უნეტარესის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები, ხულოში სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია, გიმნაზიები დაარსდა თბილისში, ბათუმში, ზესტაფონში. საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია.

უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები და წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი, დაარსდა გაზეთები. მისი ინიციატივით საპატრიარქოსთან შეიქმნა ხუროთმოძღვრების ცენტრი, ხალხური რეწვის და მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, საგამომცემლო და სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრი, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება, ასევე საგარეო და საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, საინფორმაციო სამსახური, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ცენტრი "ძლევაი", ჰუმანიტარული სამსახური, მომლოცველობის სამსახური და სხვა.

ოცი წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა, მონასტრებისა – 53-მდე, სასულიერო პირთა — 1000-მდე. მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის — წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.

1978-1983 წლებში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. იგი დაჯილდოვებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს მისი უწმიდესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. ამავე წელს იგი არჩეულ იქნა გაეროსთან არსებულ ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის წევრად. 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს.

წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით თბილისში აშენდა წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.

1988 წლის 24 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიმართა თბილისის აღმასრულებელი კომეიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ანდრიაძეს თხოვნით, გამოეყო წმინდა სამების ტაძრის მშენებლობისათვის სათანადო ადგილი. იმ დროს ხელისუფლებაში მყოფნი, ყველა არ უჭერდა მხარს ამ წამოწყებას. ცდილობდნენ ისეთი ადგილი გამოეყოთ, რომ არ ყოფილიყო ძალიან შესამჩნევი ქალაქის პანორამებში. დასახელდა რამდენიმე ადგილი. ერთ-ერთი წყნეთის გზაზე, ტყეში მდებარეობდა, საიდანაც თბილისის ხედები თითქმის არ ჩანდა. შემდეგ, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომისიის განკარგულებით შეირჩა ადგილი ბარათაშვილის აღმართის ქიმზე და რამდენიმე პროექტი არსებობს ამ რელიეფს მორგებული. შემდეგ იყო ვაკის სტუდქალაქის ტერიტორია და ბოლოს ელიას მთა.[3]

სწორედ პატრიარქის წამოწყებით მოხდა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის აშენება.

წინამორბედი:
დავით VI
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
1977-
შემდეგი:

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 106, თბ., 1980 წელი.
  • საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, „ნეკერი“, თბილისი, 2000.
  • „ჩვენი პატრიარქი“, ავტორი: ნელი შიოლაშვილი, თ. კალხიტაშვილის რედაქციით, თბილისი, 2011.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. წმიდა სინოდის სხდომის მოკლე მიმოხილვა. 2010-12-21 წ სინოდის სხდომის შესახებ. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ვებ-საიტი (2010-12-22). წაკითხვის თარიღი: 2010-12-23.
  2. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა ილია მეორეს გადაეცა. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ (2010-12-21). წაკითხვის თარიღი: 2010-12-23.
  3. ნელი შიოლაშვილი, „ჩვენი პატრიარქი“, გვ. 150
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ილია_II&oldid=2753749“-დან