მონღოლეთის იმპერიის დაყოფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მონღოლეთის იმპერიის დაყოფა დაიწყო მაშინ, როცა მუნქე ხანი გარდაიცვალა 1259 წელს დიაოიუს ციხესიმაგრის ალყის დროს, რადგან მას არ ჰყავდა მემკვიდრე, რამაც დააჩქარა შიდა ბრძოლა ტოლუის ოჯახური ხაზის წევრებს შორის ხაკანის წოდების მოსაპოვებლად. ამან კი გამოიწვია ტოლუიდების სამოქალაქო ომი. ამ სამოქალაქო ომმა, ბერკე-ჰულაღუსა და მის მომდევნო ყაიდუ-ყუბილაის ომებთან ერთად, ძლიერ დაასუსტა დიდი ყაენის ძალაუფლება მთელს მონღოლეთის იმპერიაში და იმპერია დაიშალა 4 სახანოდ: ოქროს ურდო აღმოსავლეთ ევროპაში, ჩაღათაის სახანო ცენტრალურ აზიაში, ილსახანო სამხრეთ-დასავლეთ აზიაში და იუანის დინასტია სამხრეთ აზიაში მდებარე თანამედროვე პეკინში - თუმცა, იუანის იმპერატორები ატარებდნენ იმპერიის ხაკანის ნომინალურ წოდებას. ოთხივე განაყოფი მისდევდა საკუთარ ინტერესებს, მიზნებს და ისინი დაიშალნენ სხვადასხვა დროს. დასავლეთ სახანოების უმეტესობა არ აღიარებდა ყუბილაის, როგორც დიდი ყაენს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი კვლავ სთხოვდა ყუბილაის იმას, რომ მას დაემტკიცებინა ახალი რეგიონული ხანების სამეფო ტახტზე ასვლა, 4 სახანო ფუნქციონალურად დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოდ რჩებოდა. ილსახანოსა და იუანის დინასტიას ჰქონდათ მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობები და ერთმანეთს უზიარებდნენ სამეცნიერო და კულტურულ ცოდნას, თუმცა სამხედრო თანამშრობლობა ოთხივე მონღოლურ სახანოს შორის აღარასდროს მოხდებოდა კიდევ ერთხელ - გაერთიანებული მონღოლური იმპერია უკვე დაშლილი იყო.

მონღოლეთის იმპერიის დაყოფა
მონაწილეები ილსახანო, იუანის დინასტია, ჩაღათაის სახანო, ოქროს ურდო
მდებარეობა მონღოლეთის იმპერია
თარიღი 1259–1294
შედეგი მონღოლეთის იმპერია დაიშალა 4 სხვადასხვა სახანოდ.

დავა მემკვიდრეობის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონღოლები ომში.

მუნქე ხანის ძმამ ჰულაგუ ხანმა შეწყვიტა წარმატებული სამხედრო წინსვლა სირიაში, თავისი ძალების ძირითადი ბირთვი წაიყვანა მუღანის ვაკის მიმართულებით და მხოლოდ მცირეოდენი კონტიგენტი დატოვა გენერალ ყითბუქას მეთაურობის ქვეშ. მოწინააღმდეგე ძალები რეგიონში, კერძოდ, ქრისტიანი ჯვაროსნები და მუსლიმი მამლუქები, აცნობიერებდნენ, რომ მონღოლები დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ. მათ ისარგებლეს დასუსტებული მონღოლური ჯარის მდგომარეობით და უჩვეულო პასიური დროებითი ზავი დადეს ერთმანეთთან.[1]

1260 წელს, მამლუქები წამოვიდნენ ეგვიპტიდან და მათ მიეცათ დაბანაკებისა და მარაგების შევსების საშუალება ქრისტიანული ციხე-სიმაგრის, აკოს მახლობლად. ისინი ჩაებნენ ბრძოლაში ყითბუქას ძალებთან გალილეის ჩრდილოეთით, რაც ცნობილია "აინ ჯალუთის ბრძოლის" სახელით. მონღოლები დამარცხდნენ და ყითბუქა მოკლეს. ამ მნიშვნელოვანმა ბრძოლამ აჩვენა დასავლეთით მონღოლების ექსპანსიის ლიმიტი, რამდენადაც მონღოლები კიდევ ერთხელ ვეღარ შეძლებდნენ რაიმე სერიოზული სამხედრო წინსვლის განხორციელებას სირიის მიღმა.

იმპერიის მეორე მხარეს, ჰულაგუსა და მუნქეს მეორე ძმამ, ყუბილაიმ, ხუაიხეს მდინარესთან მყოფმა გაიგო დიდი ყაენის სიკვდილის შესახებ. დედაქალაქში დაბრუნების მაგივრად, მან განაგრძო წინსვლა ვუჩანგის მიმართულებით, იანძის მდინარესთან ახლოს. მათმა ახალგაზრდა ძმამ, არიკ ბიოკემ ისარგებლა ჰულაგუსა და ყუბილაის დედაქალაქში არყოფნით და გამოიყენა თავისი პოზიცია დიდი ყაენის (ხაკანის) წოდების მოსაპოვებლად, ხოლო მისი ოჯახის ყველა განშტოებამ იგი აღიარა ყარაყორუმში ყურულთაის ლიდერად. როცა ეს ყუბილაიმ გაიგო, მან შეკრიბა საკუთარი ყურულთაი შანდუში, სადაც, ფაქტობრივად, ჩრდილოეთ ჩინეთსა და მანჯურიაში მცხოვრებმა ყველა უფროსმა პრინცმა და დიდმა ნოიანებმა მხარი დაუჭირეს მის კანდიდატურას არიკ ბიოკეს წინააღმდეგ.

სამოქალაქო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყუბილაი ხანი (იუანის იმპერატორი შიზუ), ჩინგიზ ხანის შვილიშვილი და იუანის დინასტიის დამაარსებელი.

ამას მოჰყვა ბრძოლები ყუბილაისა და მისი ძმის, არიკ ბიოკეს ჯარებს შორის, რომელიც მოიცავდა მუნქეს წინა ადმინისტრაციის მიმართ ჯერ კიდევ ერთგულ ძალებს. ყუბილაის ჯარმა მარტივად გაანადგურა არიკ ბიოკეს მხარდამჭერები და კონტროლი დაამყარა სამხრეთ მონღოლეთში მდებარე სამოქალაქო ადმინისტრაციაზე. მომდევნო გამოწვევა წამოვიდა მათი ბიძაშვილების, ჩაღათაიდების მხრიდან.[2] [3] [4] ყუბილაიმ გაგზავნა აბიშკა, მისი ერთგული ჩაღათაიდების პრინცი, რათა მას დაეპყრო ჩაღათაის სამეფო. თუმცა, არიკ ბიოკემ შეიპყრო ის და შემდგომ სიკვდილით დასაჯა, ხოლო მის მაგივრად ტახტზე დასვა მისი კაცი ალღუ. ყუბილაის ახალმა ადმინისტრაციამ დაბლოკა არიკ ბიოკე მონღოლეთში და გადაუკეტა მას საკვების მარაგები, რასაც შიმშილობა მოჰყვა. ყარაყორუმი სწრაფად დამორჩილდა ყუბილაის, თუმცა არიკ ბიოკემ გაიბრძოლა და მოახერხა მისი ხელში ჩაგდება 1261 წელს.

სამხრეთ-დასავლეთ ილსახანოში, ჰულაგუ ერთგულებას უწევდა თავის ძმას, ყუბილაის, მაგრამ შეტაკებები მათ ბიძაშვილ ბერკესთან, რომელიც იყო იმპერიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ოქროს ურდოს მმართველი, დაიწყო 1262 წელს. ჰულაგუს სამსახურში მყოფი ჯოჩიდი პრინცების საეჭვო გარდაცვალებამ, ომიდან მიღებული ნადავლის არათანაბარმა განაწილებამ და ჰულაგუს მიერ მუსლიმების ხოცვა-ჟლეტამ, ბერკეს გაბრაზება გამოიწვია, რომელმაც განიზრახა "საქართველოს სამეფოს" აჯანყების მხარდაჭერა 1259-1260 წლებში ჰულაგუს მმართველობის წინააღმდეგ.[5] ბერკემ, ასევე, შეკრა ალიანსი ეგვიპტელ მამლუქებთან ჰულაგუს წინააღმდეგ და მხარი დაუჭირა ყუბილაის მტერს, არიკ ბიოკეს.[6]

ჰულაგუ გარდაიცვალა 1265 წლის 8 თებერვალს. ბერკემ შემთხვევით ისარგებლა და შეიჭრა ჰულაგუს სამეფოში, მაგრამ გზად ისიც გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ, ჩაღათაის სახანოს ხანი ალღუც დაიღუპა. ყუბილაიმ ჰულაგუს შემცვლელად დაასახელა მისი ვაჟი აბაღა, როგორც ახალი ილხანი. აბაღა ეძებდა საგარეო ალიანსებს, კერძოდ, ის შეეცადა შეექმნა ფრანკო-მონღოლური ალიანსი ევროპელებთან ერთად ეგვიპტელი მამლუქების წინააღმდეგ. ყუბილაიმ ოქროს ურდოს მეთაურად დანიშნა ბათოს შვილიშვილი მუნქე თემური.[7] არიკ ბიოკე დამორჩილდა ყუბილაის შანდუში 1264 წლის 21 აგვისტოს.[8]

4 სახანოდ იმპერიის დაშლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყუბილაის (იმპერატორი შიზუ) მიერ იუანის დინასტიის (1271-1368 წწ.) დაფუძნებამ დააჩქარა მონღოლთა იმპერიის დაშლა-დანაწევრება. მონღოლთა იმპერია დაიშალა 4 სახანოდ. ორ მათგანს, იუანის დინასტიას და ილსახანოს, მართავდა ტოლუის ხაზი. ოქროს ურდო დააარსა ჯუჩის ხაზმა, ხოლო ჩაღათაის სახანო - ჩაღათაიმ. 1304 წელს სახანოებს შორის სამშვიდობო ზავმა დასავლეთ სახანოებზე დაამყარა იუანის დინასტიის ნომინალური უპირატესობა. თუმცა, ამ უპირატესობას არავითარი მსგავსება არ ჰქონდა ხაკანების ადრეულ აღმატებულებასთან. კონფლიქტები, როგორიცაა სასაზღვრო შეტაკებები მათ შორის, კვლავ გაგრძელდა. ამის მაგალითი იქნებოდა "ესენ ბუქა-აიურბარვადას ომი", რომელიც მოხდა 1310-იან წლებში. 4-მა სახანომ განაგრძო ფუნქციონირება, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა და ისინი დაეცნენ სხვადასხვა დროს.

იუანის დინასტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუანის დინასტიის ნეფრიტის ქამრის დაფა, რომელზეც გამოსახულია დრაკონის მოჩუქურთმებული ნიმუშები.

მონღოლეთის იმპერიის დედაქალაქის გარდაქმნას ყარაყორუმიდან ხანბალიქად (დადუ, თანამედროვე პეკინი) ყუბილაის მიერ 1264 წელს ბევრი კონსერვატორი მონღოლი შეეწინააღმდეგა. ამდენად, არიკ ბიოკეს ჰქონდა მცდელობა შეენარჩუნებინა იმპერიის ცენტრი გარე მონღოლეთის ტრადიციულ მშობლიურ მიწაზე. არიკ ბიოკეს გარდაცვალების შემდეგ, ეს მცდელობა კიდევ ერთხელ ჰქონდა ყაიდუს, რომელიც იყო ოღედეი ხანისა და ლორდ ნაიანის შვილიშვილი.

1279 წელს სუნის დინასტიის განადგურების შემდეგ, ყუბილაიმ დაასრულა შიდა ჩინეთის დაპყრობა. იუანის დინასტიის ფლოტი შეეცადა 1274 და 1281 წლებში შეჭრილიყო იაპონიაში, მაგრამ ორივე ინტერვენცია ჩავარდა და გემების დიდი რაოდენობა განადგურდა ზღვის შტორმების გამო, რომლებსაც უწოდებდნენ "კამიკაძეებს" (საღვთო ქარი). რიგითი მოქალაქეები განიცდიდნენ სირთულეებს იუანის დინასტიის დროს. აქედან გამომდინარე, მონღოლი ჯარისკაცები აუჯანყდნენ ყუბილაის 1289 წელს. ყუბილაი გარდაიცვალა 1294 წელს და მისი მემკვიდრე გახდა თემური (იმპერატორი ჩინგზონგი), რომელმაც განაგრძო ბრძოლა ყაიდუს წინააღმდეგ. ეს ბრძოლა გაგრძელდა 1301 წელს ყაიდუს გარდაცვალებამდე. ბუიანთუ ყაენი მოვიდა ძალაუფლებაში 1312 წელს. სამოქალაქო მსახურების საგამოცდო სისტემა დაიწყო იუანის დინასტიაში 1313 წელს.[9]

ამბოხება, სახელწოდებით "წითელი ტურბან აჯანყება" დაიწყო 1350-იან წლებში[10] და იუანის დინასტია მინის დინასტიამ ჩამოაგდო 1368 წელს. უკანასკნელი იუანის იმპერატორი, თოღონ თემურ-ყაენი (იმპერატორი ჰუიზონგი) გაიქცა ჩრდილოეთით ინგჩანგში და გარდაიცვალა იქ 1370 წელს. იუანის ნარჩენმა მემკვიდრეებმა, რომლებმაც უკან დაიხიეს მონღოლური პლატოსკენ, ისტორიოგრაფიაში ცნობილი არიან, როგორც ჩრდილოეთ იუანის დინასტია. მათ განაგრძეს წინააღმდეგობის გაწევა მინის დინასტიისთვის, სანამ მას დაიპყრობდა ჯურჯენების მიერ მართული მოგვიანო ჯინის დინასტია (ცინის დინასტიის წინამორბედი) 1635 წელს.

ოქროს ურდო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბათო-ყაენი აყალიბებს ოქროს ურდოს.

ოქროს ურდო დააფუძნა ბათომ, ჯუჩის ვაჟმა, 1243 წელს. ოქროს ურდო მოიცავდა ვოლგას რეგიონს, ურალის მთებს, ჩრდილოეთ შავი ზღვის სტეპებს, ჩრდილოეთ კავკასიას, დასავლეთ ციმბირს, არალის ზღვას, ირტიშის აუზს და ფლობდა რუსების სამთავროებს მოხარკე ურთიერთობების სახით.

თავდაპირველი დედაქალაქი იყო სარაი ბათო, ხოლო მოგვიანებით - სარაი ბერკე. ეს ვრცელი იმპერია დასუსტდა ბათოს მემკვიდრეებს შორის ბრძოლის შედეგად და გაიყო ყაზახეთის სახანოდ, ყაზანის სახანოდ, ასტრახანის სახანოდ, ყირიმის სახანოდ, ციმბირის სახანოდ, დიდ ურდოდ, ნოღაის ურდოდ და თეთრ ურდოდ, მე-15 საუკუნის განმავლობაში. გაერთიანებულმა რუსულმა ძალებმა ყაზანის სახანო დაიპყრეს 1552 წელს, ასტრახანის სახანო - 1556 წელს, ციმბირის სახანო - 1582 წელს, ხოლო რუსეთის იმპერიამ ყირიმის სახანო დაიმორჩილა 1783 წელს.

ჩაღათაის სახანო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ულუღ ბეგის ობსერვატორია სამარყანდში.

ჩაღათაის სახანო გაიყო 1266 წელს და მოიცვა ცენტრალური აზია, ბალხაშის ტბა, კაშღარია, ავღანეთი და შვიდმდინარეთი. ის გაიყო დასავლეთით მოსახლე ტრანსოქსიანად (მავერანაჰრი) და სამხრეთით მომთაბარე მოგოლისტანად. ნავარაუდებია, რომ მათი ნაწილები ისევ ლაპარაკობდნენ მონღოლურ ენაზე მოგვიანო მე-16 საუკუნის ბოლომდე.

მოგოლისტანმა მოიპოვა ძლიერება თემურლენგის მმართველობის დროს (1395-1405 წწ.), რომელიც იყო მეომარი ბარლასის კლანიდან. თემურლენგმა დაამარცხა ოქროს ურდოს თოხთამიში ხანი 1395 წელს და ჩამოართვა მას ჩრდილოეთ კავკასია. მან გაანადგურა ოსმალეთის სულთნის ჯარი ანკარასთან. ეს იყო მოვლენა, რომელმაც 50 წლით გადადო ოსმალების მიერ ბიზანტიის იმპერიის დაპყრობა. თემურლენგის იმპერია მისი სიკვდილის შემდეგ მალევე დაიშალა.

თემურლენგის შვილიშვილი ულუღ ბეგი (1409-1449 წწ.) მართავდა ტრანსოქსიანას და მისი მმართველობის დროს ვაჭრობა და ეკონომიკა საგრძნობლად განვითარდა. ულუღ ბეგმა ააშენა ასტრონომიული ობსერვატორია სამარყანდის მახლობლად 1429 წელს და დაწერა ნაშრომი, სახელწოდებით "ზიჯ-ი სულთანი", რომელიც შედგება ასტრონომიის თეორიებისგან და კატალოგისგან, რაც, თავის მხრივ, მოიცავს ცის სფეროში ზუსტ პოზიციებზე მდებარე 1 000-ზე მეტ ვარსკვლავს.

ოირატებთან მოგოლისტანის გრძელვადიანი დაპირისპირება ოირატების გამარჯვებით დამთავრდა 1530 წელს. ბაბურმა, ქაბულის ტიმურიდმა მმართველმა, დაიპყრო ინდოეთის უმეტესობა 1526 წელს და დააარსა მუღალის იმპერია. მუღალის იმპერია დაიშალა რამდენიმე მცირე სახელმწიფოდ მე-18 და მე-19 საუკუნეებში "მარათას აჯანყების" შედეგად, ხოლო მოგვიანებით, ყოფილი იმპერიის დედაქალაქი დაიპყრო ბრიტანეთის იმპერიამ 1858 წელს.

ილსახანო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლტანიეს გუმბათი

ილსახანო, რომელსაც მართავდა ჰულაგუს ტოლუიდების სამეფო სახლი, შეიქმნა 1256 წელს და მოიცავდა ირანს, ერაყს, ტრანსკავკასიას, აღმოსავლეთ მცირე აზიას და დასავლეთ თურქესტანს. მაშინ, როცა სახანოს ადრეული მმართველები მისდევდნენ ტიბეტურ ბუდიზმს, მონღოლი მმართველები მოექცნენ ისლამზე ყაზან-ყაენის კურთხევის შემდეგ (1295-1304 წწ.). 1300 წელს, რაშიდ-ად-დინ ჰამადანმა მონღოლ ისტორიკოსებთან თანამშრომლობით დაიწყო "ჯამი ალ-ტავარიხის" (მატიანეს კრებული) წერა ყაზანური წესრიგის დროს. ნაშრომის წერა დასრულდა 1311 წელს ილხან ოლჯაითუ-ყაენის მმართველობის დროს (1304-1316 წწ.). "ალტან დებტერი", რომელიც დაწერილი იყო მონღოლი ისტორიკოსის, ბოლად ჩინსანის მიერ, წარმოადგენდა "ჯამი ალ-ტავარიხის" საფუძველს. აბუ საიდ ხანის გარდაცვალების შემდეგ (1316-1335 წწ.), ილსახანო მყისიერად დაიშალა რამდენიმე სახელმწიფოდ. მათ შორის ყველაზე სახელგანთქმული იყო ჯალაირიდების დინასტია, რომელსაც მართავდნენ ჯალაირის მუხალის მემკვიდრეები.  

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Morgan (1986). The Mongols. Oxford: Blackwell, გვ. 138. ISBN 0-631-13556-1. 
  2. Wassaf. Tajziyat al-amṣār wa-tazjiyat al-a'ṣār (The allocation of cities and the propulsion of epochs), გვ. 12. 
  3. Jackson. Mongols and the West, გვ. 109. 
  4. Barthold. Turkestan, გვ. 488. 
  5. Gumilev, L. N.; Kruchki, A.. Black Legend. 
  6. Barthold. Turkestan Down to the Mongol Invasion, გვ. 446. 
  7. Prawdin. Mongol Empire and Its Legacy, გვ. 302. 
  8. Weatherford. Genghis Khan and the Making of the Modern World, გვ. 120. 
  9. Amitai, Reuven; Morgan, David Orrin (1999). The Mongol Empire and Its Legacy. Leiden: Brill, გვ. 267. ISBN 90-04-11048-8. 
  10. Mote, Frederick W.; Twitchett, Denis, eds. (1988). The Cambridge History of China, Volume 7: The Ming Dynasty, 1368–1644, Part 1. Cambridge: Cambridge University Press. p. 42. ISBN 978-0-521-24332-2.

ციტირებული ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Allsen, Thomas (1994). „The rise of the Mongolian empire and Mongolian rule in north China“, რედ. Denis C. Twitchett; Herbert Franke; John King Fairbank: The Cambridge History of China: Volume 6, Alien Regimes and Border States, 710–1368. Cambridge University Press, გვ. 321–413. ISBN 978-0-521-24331-5. 
  • Rossabi, Morris (1988). Khubilai Khan: His Life and Times. Los Angeles, CA: University of California Press. ISBN 978-0-520-06740-0.