ყაზან-ყაენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყაზან-ყაენი
Газан хаан
GhazanOnHorse.JPG
ყაზან-ყაენი ცხენზე
ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მე-7 ილხანი
მმართ. დასაწყისი: 3 ნოემბერი, 1295
მმართ. დასასრული: 17 მაისი, 1304
წინამორბედი: ბაიდუ-ყაენი
მემკვიდრე: ოლჯაითუ
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 ნოემბერი, 1271
დაბ. ადგილი: აბესკუნი, მაზანდარანი
გარდ. თარიღი: 17 მაისი, 1304
გარდ. ადგილი: ყაზვინი
შვილები: 1. ალაჩუ
2. ოლჯეი-კუტლუგი
დინასტია: ჰულაგუიანები
მამა: არღუნ-ხანი
რელიგია: ბუდიზმი, შემდეგ ისლამი

მაჰმუდ ყაზან-ყაენი (დ. 5 ნოემბერი, 1271, აბესკუნი, მაზანდარანი — გ. 17 მაისი, 1304, ყაზვინი) — ირანის ილხანთა ანუ ჰულაგუიანთა დინასტიის მეშვიდე მბრძანებელი 1295-1304 წლებში. მან მიიღო ისლამი და იგი სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ყაზან-ყაენი დაუახლოვდა ირანის სასულიერო და საერო არისტოკრატიას და თავისი ვეზირის რაშიდ ალ-დინის დახმარებით ადმინისტრაციული და ეკონომიკური რეფორმები გაატარა. რეფორმების შედეგად რამდენადმე მოწესრიგდა გადასახადთა გაწერა-აკრეფის საქმე, გამოცოცხლდა სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა-ხელოსნობა, დაიწყო სარწყავი არხების გაყვანა და დანგრეული ქალაქების აღდგენა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა დედაქალაქ თავრიზის კეთილმოწყობას. ყაზან-ყაენმა მონღოლ მეომრებს იქტის წესით დაურიგა მიწები და დააკანონა გლეხთა მიწაზე მიმაგრება. ყაზან-ყაენის რეფორმებმა მწარმოებელი მოსახლეობის მდგომარეობა ერთგვარად შეამსუბუქა.

ყაზან-ყაენს მტრული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს მეფე დავით VIII-სთან, არაერთხელ უხმო მას ურდოში, მაგრამ მეფე არ ეახლა. ყაენმა რამდენიმეჯერ გამოაგზავნა ლაშქარი დავითის ხელში ჩასაგდებად. ამ შემოსევებმა დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას. 1299 და 1303 წლებში ყაზან-ყაენმა სამჯერ ილაშქრა სირიაში მამლუქთა წინააღმდეგ, მაგრამ წარმატება ვერ მოიპოვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]