ბაბური

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოგოლი იმპერატორი ბაბური

ბაბური, ზაქირ ად-დინ მუჰამად ბაბური (დ. 14 თებერვალი, 1483 — გ. 26 დეკემბერი, 1530) — თემურიდი, ინდოეთის მმართველი, მხედართმთავარი, 1526 წელს ინდოეთში დიდ მოგოლთა იმპერიის დამაარსებელი. ცნობილია აგრეთვე, როგორც პოეტი, მწერალი, შემოქმედი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ბაბურის საფლავი ქაბულში
ბაბურის საფლავი ახლო ხედით

დაიბადა 1483 წლის 14 თებერვალს ანდიჯანში. სახელი ბაბური აღნიშნავს „ლომს, მეომარს, ლეოპარდს“. იგი მოდიოდა თემურიდების შტოდან და თემურლენგის პირდაპირი შთამომავალი იყო. მისი მამა ომარ-შეიხი თემურის მესამე ვაჟის მირან-შაჰის შვილიშვილის შვილი იყო. თავის მხრივ თემური ეკუთვნოდა ბარლას შტოს. ყაზახი ისტორიკოსი იუდინი ამტკიცებს, რომ მოგოლები იყვნენ თურქულენოვანი ტომები. ბრიტანულ ორიენტალისტიკაში ბაბური ითვლება ბარლას-თურქად. ინდურ ისტორიოგრაფიაში ის ითვლება ჩაღათაელ თურქად. 12 წლის ასაკში ბაბურმა მამისგან მემკვიდრეობით მიიღო ფერღანის ტახტი. მისი მამა ომარ-შეიხი 1494 წელს 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბაბური დიდი ხნის მანძილზე ეწეოდა ბრძოლას თავგასულ ფეოდალებთან.

პოლიტიკური მოღვაწეობა[რედაქტირება]

ფერღანის მმართველი 1494—1504 წლებში. ქაბულის მმართველი 1504—1526 წლებში. თემურიდების იმპერიის მეთაური ფადიშაჰის ტიტულით 1507—1526 წლებში. მავერანნაჰრის მმართველი 1497—1498 და 1511—1512 წლებში. ყანდაარის მმართველი 1512—1526 წლებში. ინდოსტანის ფადიშაჰი 1526—1530 წლებში.

ბაბურმა ადრე დაკარგა მამა ბრმა შემთხვევის წყალობით. 12 წლის გამოუცდელ ბავშვს მოუწია ბრძოლა მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის. მისი ამბიციები — გამხდარიყო მავერანნაჰრის მეთაური, იმდენად დიდი იყო, რომ სრულიად ყრმამ გადაწვიტა ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ჩაბმა, სადაც ის შეხვდა ბევრად უფრო გამოცდილ ჩინგიზიდს - შეიბანი ხანს, რომელიც უკვე 50 წლისა იყო. თემურიდებს შორის ატეხილმა შიდაკონფლიქტებმა ბაბურის დამარცხება გამოიწვია. შეიბანი ხანის მიერ სამარყანდის აღების ცნობამ ბაბურის გული სიმწრით აავსო. ის თავის მემუარებში მოგვიანებით წერდა: თითქმის ას ორმოცი წელი ეკუთვნოდა ჩვენს სახლს ქალაქი სამარყანდი და ვინ იცის საიდან მოსულმა უცხოელმა მტერმა დაიპყრო იგიო"... 1500—1505 წლებში შეინაბი ხანი განდევნილ იქნა ავღანეთში, სადაც მან დააარსა ახალი სახელმწიფო დედაქალაქით ქაბულში. 1512 წლამდე ის წარუმატებლად ცდილობდა დაებრუნებინა ბუხარა და სამარყანდი. 1519 წელს ბაბურმა დაასრულა ლაშქრობა ქაბულიდან ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში და 1526 წელს მიიღო გადაწყვეტილება გაელაშქრა დელიზე. ბრძოლებში დელის მმართველ იბრაჰიმ ლოდის წინააღმდეგ 1526 წლის აპრილში პანიპატთან ახლოს და 1527 წელს რაჯპუტის თავად სანგრამ სინგხთან (სიკრის სიახლოვეს) ბაბურმა გამარჯვება მოიპოვა. ის თავის ბრძოლებში წარმატებით იყენებდა ახალ ცეცხლსასროლ იარაღს — ზარბაზნებსა და თოფებს. წარმატებული ბრძოლების შედეგად მან თავისი საზღვრები გააფართოვა და ახლადშექმნილი იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა აგრა. 1520-იან წლებში ბაბურმა მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობები დაამყარა შებანი ხანის მემკვიდრეებთან. 1528 წელს შებანიდებმა ინდოეთში გამარჯვების აღსანიშნავად ელჩები აწვიეს ბაბურს. 1529 წელს უკვე მის სამფლობელოებში შედიოდა აღმოსავლეთ ავღანეთი, პენჯაბი და მდინარე განგას ხეობა ბენგალიის საზღვრებამდე. 1530 წელს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბაბურმა ელჩი გაუგზავნა რუსეთის თავადს, ვასილი ივანეს ძეს. ელჩმა მოსკოვამდე მხოლოდ 1533 წელს მიაღწია.

შემოქმედება[რედაქტირება]

ბაბურს მიმოწერა ჰქონდა ალიშერ ნავოისთან. ეს იყო მისი თანამედროვე შუააზიელი პოეტი, ფილოსოფოსი და სახელმწიფო მოღვაწე. ბაბურის ლექსები იწერებოდა თურქულ ენაზე. გამოირჩეოდა გულწრფელობით და ღრმა სულიერებით. თუმცა მისი მთავარი ნაშრომია ავტობიოგრაფიული ხასიათის თხზულება "ბაბურ-ნამე". ეს არის ისტორიულ ლიტერატურაში ავტობიოგრაფიული ჟანრის პირველი ნაწარმოები და გადმოგვცემს მოვლენებს 1493 წლიდან ვიდრე 1529 წლამდე. ნაწარმოები ცოცხლად გადმოგვცემს ყოფაცხოვრების დეტალებს, ეპოქის ტრადიციებს და ა. შ. დიდი ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე ლუი ბაზანი თავის შესავალში ფრანგული თარგმანისათვის (1980 წელს) წერდა, რომ ავტობიოგრაფია (ბაბურის) ისლამურ ლიტერატურაში წარმოადგენს ძალიან იშვიათ ჟანრს. სიცოცხლის ბოლო წლებში სამშობლოს დაკარგვის თემა გახდა ბაბურის ლირიკის ერთ-ერთი ცენტრალური თემა. თანამედროვე მსოფლიოს ორიენტალისტიკაში აღიარებულია ბაბურის, როგორც ისტორიკოსის, გეოგრაფის, პროზაიკოსის, პოეტისა და ეთნოგრაფის დიდი დამსახურება. მისი მემკვიდრეობა შეისწავლება მსოფლიოს თითქმის ყველა მსხვილ აღმოსავლეთმცოდნეობის ცენტრებში ( აშშ-ში, თურქეთში, იტალიაში, ინგლისში, ინდოეთში, პაკისტანში და სხვ.) ინგლისური ლიტერატურის ერთ-ერთი კლასიკოსი ართურ კონან დოილი ბაბურს უწოდებდა დიდ უზბეკ პოეტს. ბაბურის ქალიშვილმა გულბადან ბეგიმმა გააგრძელა მამის ლიტერატურული ტრადიციები და შექმნა ისტორიული თხზულება "ჰუმაიონ-ნამე"

გარდაცვალება[რედაქტირება]

ბაბური გარდაიცვალა 1530 წლის 26 დეკემბერს აგრაში დიზენტერიით. არსებობს ვერსია იმის შესახებაც თითქოს ის გარდაიცვალა ფსევდოტუბერკულოზით. ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი გადაასვენეს ქაბულში მის მიერვე დაარსებულ ბაღში. მოგვიანებით აქ აგებულ იქნა მავზოლეუმი. ბაბურის მემკვიდრე გახდა უფროსი ვაჟი ჰუმაიონი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Кор-Оглы Х. Г. Узбекская литература. — М., 1968.
  • Г. Лэмб. Бабур-тигр. М., Центрполиграф, 2002.
  • Muzaffar Alam & Sanjay Subrahmanyan (Eds.) The Mughal State 1526—1750. Delhi, 1998.
  • Хуршид Даврон (Xurshid Davron), Самарқанд хаёли (Samarqand xayoli), 1991
  • Хуршид Даврон(Xurshid Davron), Бобур соғинчи (Bobur sog'inchi), 1995
  • Хуршид Даврон (Xurshid Davron), Бобур соғинчи (Bobur sog'inchi),Спектакль театра им. Мукими (2005)