გიორგი V ბრწყინვალე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „გიორგი V“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გიორგი V.
გიორგი V ბრწყინვალე
გიორგი ბრწყინვალე, თანამედროვე წარმოსახვით
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1318
მმართ. დასასრული: 1346
წინამორბედი: გიორგი VI, მცირე
მემკვიდრე: დავით IX
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1286
გარდ. თარიღი: 1345
შვილები: 1.დავით IX
2.სოლდანა (გიორგი V-ის ასული)
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დემეტრე II

გიორგი V ბრწყინვალე (12861346) — საქართველოს მეფე 1314-1346 წლებში, დემეტრე II თავდადებულის ძე.

აღიზარდა სამცხეში, მისი პაპის (დედის მხარე) ბექა I ჯაყელის (მანდატურთუხუცესი) კარზე. 1299 წელს ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა - მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ „თბილისის მეფეს“ უწოდებდნენ. ამავე მიზნით გამოიყენა ყაენმა დავით VIII-ის მეორე ძმა ვახტანგ III (მეფობდა 1302-1308 წლებში). 1314 წელს, დავით VIII-ისა და ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V-მ მიიღო მეფობა. მას სამემკვიდროდ ეკონომიკურად დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო.

იგი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო და თავდაპირველად მონღოლებთან ბრძოლას ფრთხილი და მშვიდობიანი ურთიერთობა ამჯობინა.მიუხედავად ამისა მან ბექას კარზე ყოფნისას მოიპოვა მონღოლების ნდობა. იგი მეგობრობდა ილხანის მთავარ ვაზირთან - ჩობან ნოინთან. ამან საშუალება მისცა საშინაო მდგომარეობა გამოესწორებინა.

1329 წელს გიორგი V-მ შემოიერთა ერთიანი სამეფოსაგან გამდგარი დასავლეთ საქართველო, ხოლო 1334 წელს, როდესაც სამცხის მთავარი სარგის II ჯაყელი (მეფის ბიძა) გარდაიცვალა, გიორგი V-მ მთავრად დანიშნა სარგისის შვილი ყვარყვარე I, უბოძა მას ათაბაგობა და ჩამოართვა ერთგულების ფიცი. ამრიგად, საქართველოს მთლიანობა აღუდგინა. ეს იყო დიდი პოლიტიკური მონაპოვარი. დადგა დრო მონღოლთა ბატონობისაგან ქვეყნის განთავისუფლებისა. ყაზან-ყაენის გარდაცვალების (1304 წელი) შემდეგ საილხანოში ანარქია სუფევდა. 1335 წელს გიორგი V-მ მონღოლებს ხარკი შეუწყვიტა და მათი დამსჯელი რაზმიც ადვილად უკუაგდო. ჩაკეტა უღელტეხილები და ამით მონღოლთა ერთსაუკუნოვან ბატონობას ბოლო მოუღო.

საქართველო გიორგი ბრწყინვალეს დროს..

გიორგი V ენერგიულად იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისათვის. საამისოდ ის უკიდურეს ღონისძიებასაც არ ერიდებოდა, მან ცივის მთაზე სანადიმოდ მოიწვია და ამოხოცა ჰერეთისა და სომხითის ურჩი ერისთავები. გიორგი V-მ განახორციელა ფინანსური რეფორმა - მოჭრა საკუთარი ფული, ცნობილი „გიორგაული თეთრის“ სახელით (არსებობს განსხვავებული მოსაზრება). მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საკანონმდებლო ძეგლები: „ხელმწიფის კარის გარიგება“ და „ძეგლისდება“. ეს უკანასკნელი აწესრიგებდა მთიელების ცხოვრებას (გიორგი V ებრძოდა მთიელთა ჩამოწოლას ბარში). საქართველოს მეფეს გაცხოველებული ურთიერთობა ჰქონდა ეგვიპტის სულთანთან. ამის წყალობით მან შეძლო აღედგინა ქართველთა მონასტრები იერუსალიმსა და სინას მთაზე. მის დროს ქართველებმა იერუსალიმში თავისუფლად შესვლის უფლება მოიპოვეს.

გიორგი V-მ სცადა ქართველთა გავლენის აღდგენა ტრაპეზონის სამეფოში და მხარი დაუჭირა ტახტისათვის მებრძოლ ანა ხუტლუს, რომელმაც ერთხანს ჩაიგდო ხელში ტახტი (1341 წელი), მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაკარგა იგი. გიორგი V ხელს უწყობდა ურთიერთობათა გაცხოველებას ევროპასთან, იტალიელთა შავიზღვისპირა ფაქტორიებთან. მის მეფობაში რომის პაპმა სამისიონერო ცენტრი სმირნიდან თბილისში გადმოიტანა. საქართველოს სამეფოს გაძლიერებისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის შთამომავლობამ გიორგი V-ს „ბრწყინვალე“ უწოდა.

ჩრდილოეთ სომხეთი საქართველოს შემადგენლობაში[რედაქტირება]

ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის ხანაში დაიწყო ისტორიული სომხეთის ჩრდილოეთი ნაწილის გათავისუფლება.თამარის ეპოქაში კი ეს პროცესმა ფართო ხასიათი მიიღო,თუმა მონღოლთა შემოსევების შემდეგ ძველი სომხური მიწების გათავისუფლების პროცესი შეჩერდა.მეფე გიორგის,როგორც ჩანს მეტისმეტი ყურადღება გამოუჩენია სომხეთისადმი და მისი შემომტკიცების საქმეს ჯერ კიდევ მაშინ შესდგომია,როცა მონღოლთა უზენაესობას ჯერ ისევ ცნობდა. ქალაქ ანისის მეჩეთზე ამოკვეთილი სპარსულენოვანი წარწერა,რომელიც ყაენ აბუ-საიდის ბრძანებით გაუკეთებიათ,გვაუწყებს,რომ ეს ქალაქი ისევ საქართველოს შემადგენლობაშია.[1] ისტორიული სომხეთის ჩრდილო ნაწილის საქართველოს სამეფოში ყოფნა დასტურდება თავად სომხური წყაროებითაც. 1321 წელს გლაძორის მონასტერში გადაწერილ სახარება აქვს ერთი მინაწერი,სადაც ვკითხულობთ,რომ წიგნი დაიწერა სომხური წელთაღრიცხვის ჩჰ (1321), სასტიკ და უკეთურ დროში,როდესაც სომეხთა და ქართველთა ქვეყანა მძლავრობით ეპყრა მოისართა ნათესავს,ქართველებზე გორგედ სახედლებულს. [2]

იმავე მონასტრის 1323 წლის მინაწერში კი წერია ხელნაწერი შეიქმნა იაფეტური წელთაღრიცხვის ჩჰბ (1323), დიდი თვითმპყრობლის,[ა]ბუსაიდ სახელდებული ხანის მიერ ქვეყნის ფლობისას,სომხებზე კილიკიის ტახტზე მჯდომი ლევონის, საქართველოსა და დიდი სომხეთში მეფე გიორგის მეფობისას.. [3] 1336 წელს,ყირიმის ქალაქ სურხათში გადამწერი ტერტერი ვარდან აიგეკცის ქადაგებანის მინაწერში უთითებს : მე, ტირაცუ, კაცი უღირსი,საბრალობელი,უდები მღვდელი...ჩამოველ საქართველოდან, ხორ-ვირაპის მეზობელი,შესანიშნავ ქალაქ ერევნიდან.[4]

საქართველოს ამავე ხანაში ეკუთვნოდა სივნიეთის(სიუნიქის) მხარეც. 1337 წლის ერთ-ერთ გადაწერილ დოკუმენტს,აქვს მინაწერი,რომლის მიხედვითაც ხელნაწერი შეიქმნა სომეხთა და ქართველთა დიდი მხერდართმთავრის,მეფური წარმომავლობის მთავრის ბურთელის მბრძანებლობისას.[5]

დოკუმენტში მოხენიებული ბურთელ,არის ბურთელ ორბელიანი,რომელთა საგვარეულო საქართველოს მეფის მიერ მათი წინაპრების სომხეთში გაძევების შემდგომ იქ დამკვიდრდა და ცალკეულ მხარეებს მართავდა,თუმცა მშობლიურ ქვეყანასთან კავშირი არ შეუწყვეტიდათ საუკუნეების განმავლობაში.ბურთელ ორბელიანს, მეფე გიორგი ბრწყინვალემ როგორც სჩანს მხედართმთავრობაც უბოძა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ხანთაძე შ., ქსე, ტ. 3, გვ. 160-161, თბ., 1978

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 3 W. Barthold, ' Die persische Inschrift an der Mauer der Manucehr-Moschee zu Ani ', trans. and edit. W. Hinz, ZDMG, Bd. 101, 1951, 246;
  2. სომხურ ხელნაწერთა ანდერძების ცნობები საქართველოს შესახებ (XIV-XV სს.) : სომხურ ხელნაწერთა XIV-XV საუკუნეების ანდერძების (ჰიშატაკარანების) ცნობები საქართველოს შესახებ. მთარგმნელ–კომენტატორი: ალექსანდრე აბდალაძე ; გამომცემლობა მეცნიერება. თბილისი გვ 20
  3. Ibid.
  4. Ibid. 22-23
  5. Ibid. 23
წინამორბედი:
დავით VIII
საქართველოს მეფე
1299-1302
შემდეგი:
ვახტანგ III
წინამორბედი:
გიორგი VI
საქართველოს მეფე
1314 - 1346
შემდეგი:
დავით IX