გიორგი IV ლაშა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი IV.
გიორგი IV ლაშა
George IV of Georgia.jpg
ლაშა-გიორგის ფრესკა ბეთანიის მონასტერში
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1213
მმართ. დასასრული: 1223
წინამორბედი: თამარ მეფე
მემკვიდრე: რუსუდანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1192
დაბ. ადგილი: ტაბახმელა
გარდ. თარიღი: 18 იანვარი, 1223 (31 წლის ასაკში)
გარდ. ადგილი: ბაგავანი
მეუღლე: ველისციხელი აზნაურის ქალი
შვილები: დავით VI ულუ
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დავით სოსლანი
დედა: თამარ მეფე

გიორგი IV ლაშა (დ. 1192 ― გ. 18 იანვარი, 1223) — საქართველოს მეფე 1213 წლიდან. თამარ მეფის და დავით სოსლანის ძე.

1207 წელს თამარმა თანამოსაყდრედ დაისვა და ამ დროიდან მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვასა და ლაშქრობებში. თამარის გარდაცვალების შემდეგ გიორგი IV ერთპიროვნული მმართველი გახდა, მისი სურვილი იყო განემტკიცებინა მეფის ხელისუფლება, შეენარჩუნებინა სახელმწიფოს მთლიანობა და შემოემტკიცებინა ყმადნაფიცი ქვეყნები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს სამეფოს ვასალობისაგან გათავისუფლებას.

XIII საუკუნის 10-იან წლებში გიორგი IV-მ გაილაშქრა ვასალის ― განძის ათაბაგის წინააღმდეგ. საქართველოს ლაშქარმა განძას ალყა შემოარტყა. ათაბაგი იძულებული გახდა დამორჩილებოდა გიორგი IV-ს. განძა კვლავ საქართველოს მოხარკედ დარჩა. იარაღის ძალითვე დაიმორჩილა გიორგი IV-მ გამდგარი ვასალები ― ხლათის, არზრუმისა და ნახჭევანის თურქი მფლობელები.

1220 ან 1221 გიორგი IV დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად პალესტინაში ჯვაროსნული ლაშქრობისათვის ემზადებოდა იერუსალიმის სელჩუკთაგან გასათავისუფლებლად, მაგრამ ამ დროს საქართველოს საზღვრებს მოულოდნელად მონღოლები მოადგნენ და ეს გეგმა ჩაიშალა. გიორგი IV მონღოლებთან ბრძოლაში (1221 ან 1223) დაიჭრა, დასნეულდა და გარდაიცვალა.

პირველი წყაროები გიორგი IV-ის შესახებ სხვადასხვაგვარ ცნობებს გვაწვდიან: ერთნი (ლაშას დროინდელი მემატიანე და სხვ. ლაშა თავის მხრივ, ნიშნავს „ქვეყნის მნათობს“) მას ახასიათებენ როგორც შესანიშნავ მოღვაწეს, რინდსა და გონიერ მმართველს, მეორენი (ჟამთაღმწერელი და სხვ.) კი - როგორც უზნეო და ბეც პოლიტიკოსს. ნდობას უფრო პირველი რიგის ცნობები იმსახურებს. გიორგი IV-ის პოლიტიკა ხშირად იწვევდა დიდგვაროვანთა უკმაყოფილებას და ლაშას უარყოფითი დახასიათებაც ამ ნიადაგზე უნდა გაჩენილიყო. ჟამთააღმწერელი გიორგი IV-ს ბრალად სდებს, რომ მან განიშორა მისი დედის დროს დაწინაურებული დიდებულები და დაიახლოვა ახალგაზრდები - თანამოასაკენი. ეტყობა, მეფე თავიდან იცილებდა არასასურველ მოხელეებს და მათ ახალ ძალებს უპირისპირებდა. მეფეს ბრალად სდებდნენ, რომ მას კავშირი ჰქონდა თავისუფლად მოაზროვნე რინდებთან, რომლებიც სუფიზმს იზიარებდნენ, უარყოფდნენ ეკლესიასა და სამღვდელოებად და ღმერთთან ზიარების გზად ექსტაზი და აღმაფრენა მიაჩნდათ. ჟამთააღმწერლის სიტყვებით:,,განიშორნა ვაზირნი სანატრელისა დედოფლისა და დედისა, წესთა მასწავლებელნი, შეიყვარა თანამოჰასაკენი“ ლაშა თავისუფალი რწმენისა და აზროვნების ადამიანი იყო. მან თანამეცხედრის არჩევასაც პირადი გრძნობა დაუდო საფუძვლად და მეუღლედ დაისვა ველისციხელი აზნაურის ქალი, ხოლო შემდეგ ეს ქალი დააშორეს, გიორგი IV-ს ცოლი აღარ შეურთავს.

ლიტერატურაში[რედაქტირება]

გიორგი IV-ს ლაშას ეძღვნება ცნობილი ქართველი მწერლის, გრიგოლ აბაშიძის ისტორიული რომანი „ლაშარელა“, აგრეთვე ლაშა ნახსენებია გ.აბაშიძის სხვა ისტორიულ რომანში: „ცოტნე, ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

*ხანთაძე შ., ქსე, ტ. 3, გვ. 160, თბ., 1978

წინამორბედი:
თამარი
საქართველოს მეფე
1213 - 1223
შემდეგი:
რუსუდანი