ამჰერსტის კოლეჯი
| დევიზი | Terras irradient (ლათ.) („დაე, გაანათლონ სამყარო“) |
|---|---|
| დაფუძნდა | 1821 |
| ტიპი | კერძო |
| ფონდები | $1.641 მილიარდი |
| პრეზიდენტი | კაროლინ მარტინი |
| მდებარეობა | ამჰერსტი, მასაჩუსეტსი აშშ |
| კამპუსი | ქალაქგარეთ 4 კვ. კმ. |
| ფერები | იისფერი და თეთრი |
| თილისმა | ლორდი ჯეფრი ამჰერსტი |
| ვებგვერდი | amherst.edu |
ამჰერსტის კოლეჯი (ინგლ. Amherst College) — კერძო უნივერსიტეტი ქალაქ ამჰერსტში, აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატში. ამჰერსტი ექსკლუზიურად საბაკალავრო ოთხწლიანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა[1] და 2010 წლის შემოდგომის სემესტრის მონაცემებით 1.795 სტუდენტი ჰყავს[2]. ბაკალავრის დიპლომს 37 ფაკულტეტში გასცემს[3]. ამჰერსტი აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული[4] და სელექტიური უნივერსიტეტია[5]. ფორბსის საბაკალავრო დაწესებულებათა ყოველწლიური რეიტინგის თანახმად ის ვილიამსის კოლეჯთან, პრინსტონის უნივერსიტეტთან, აშშ-ს სამხედრო აკადემიასთან და სტენფორდის უნივერსიტეტთან ერთად საუკეთესო ხუთეულშია[6], U.S.News & World Report-ის ყოველწლიური რეიტინგის თანახმად კი ამჰერსტი აშშ-ს რიგით მეორე ლიბერალური განათლების კოლეჯია[7].
მიუხედავად მცირე ზომისა, ამჰერსტს მრავალი გამოჩენილი კურსდამთავრებული და კათედრის წევრი ჰყავს. მათ შორის არიან აშშ-ს ოცდამეათე პრეზიდენტი კალვინ კულიჯი, მონაკოს პრინცი ალბერტ II, სალვადორის ყოფილი პრეზიდენტი ფრანცისკო ფლორესი, ნობელის პრემიის ოთხი და პულიცერის პრიზის თორმეტი ლაურეატი, აკადემიის ჯილდოს ორი მფლობელი და ერთი ლაურეატი, მაკარტურის პრემიის ექვსი და ეროვნული სამეცნიერო მედლის ხუთი მფლობელი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი და სხვ.
ამჰერსტი 1821 წელს დაფუძნდა. ის მასაჩუსეტსის ყველაზე ძველი უმაღლესი განათლების დაწესებულებებიდან მესამეა. ისტორიულად ამჰერსტს ახლო კავშირი აქვს ვილიამსის კოლეჯსა და ვესლიანის უნივერსიტეტთან, რომელთან ერთად ის პატარა სამეულს ადგენს. დამატებით ამჰერსტი ხუთი კოლეჯის კონსორციუმის წევრია.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
ამჰერსტის აკადემია [რედაქტირება]
1821 წელს დაარსებული ამჰერსტის კოლეჯი საშუალო განათლების სკოლა ამჰერსტის აკადემიიდან განვითარდა. კოლეჯი დასაწყისში ვილიამსის კოლეჯის ალტენატივად გაიხსნა, რომელიც დახურვის პირას იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვილიამსი არ დახურულა, ამჰერსტმა მაინც განაგრძო არსებობა და ვილიამსისგან განსხვავებულ, დამოუკიდებელ უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა.
ამჰერსტის კოლეჯის გახსნა [რედაქტირება]
ვილიამსის კოლეჯის იმდროინდელი პრეზიდენტის, ზეფანაია სვიფტ მურის აზრით, ვილიამსტაუნი ახალი უნივერსიტეტისთვის შეუფერებელი ადგილი იყო. ამჰერსტის დაარსების შემდეგ, 1821 წლის 8 მაისს, ის პრეზიდენტად აირჩიეს. ახლადგახსნილ კოლეჯს სულ ორმოცდაშვიდი სტუდენტი ჰყავდა, რომელთაგან თხუთმეტი მურს ვილიამსის კოლეჯიდან გამოჰყვა. ეს თხუთმეტი სტუდენტი ამჰერსტის იმდროინდელი სრული შემადგენლობის მესამედს და ვილიამსის მეხუთედს წარმოადგენდა. პრეზიდენტი მური 1829 წლის 29 ივნისს გარდაიცვალა. მისი ადგილი ვილიამსის კოლეჯის რწმუნებულმა, ჰემან ჰამფრიმ გააგრძელა. ისტორიულად დაუსაბუთებელი ინფორმაციით, ამჰერსტის ბიბლიოთეკა ვილიამსის ბიბლიოთეკიდან წამოღებული წიგნებით შეავსეს. 1995 წელს ვილიამსის პრეზიდენტმა ჰარი ჩ. პეინმა უარყო ამ ისტორიის სიმართლე, თუმცა ის ლეგენდის დონეზე ჯერ კიდევ არსებობს.
ამჰერსტი სწრაფად იზრდებოდა. 1830-იანი წლების შუაში, ორი წლის მანძილზე, ის აშშ-ს სიდიდით მეორე უნივერსიტეტი იყო, რითაც მხოლოდ იელი უსწრებდა. 1835 წელს ამჰერსტმა კლასიკური ლიბერალური განათლების პარალელურად ახალი კურიკულუმის შექმნა დაიწყო, რომელიც ბერძნულსა და ლათინურზე მეტად ინგლისურზე, ფრანგულზე, ესპანურზე, ქიმიაზე, ეკონომიკაზე და სხვ. იყო ორიენტირებული. თუმცა პარალელური კურსების რეჟიმმა შემდეგ საუკუნემდე ვეღარ მიაღწია.
ამჰერსტი არარელიგიურ დაწესებულებად დაარსდა, რომლის მიზანი „ქრისტიანული სამსახურისთვის ხელმოკლე, ღვთისმოსავი და ნიჭიერი ახალგაზრდა ყმაწვილების კლასიკური განათლება იყო“[8]. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკუთრება „ქველმოქმედების ფონდი“ იყო, რომელიც გაჭირვებული სტუდენტებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის ადრეულ ფორმას წარმოადგენდა[9]. მიუხედავად იმისა, რომ ამჰერსტს არ გააჩნდა დენომინაცია, მან კონსერვატიული რელიგიური დაწესებულების სახელი მოიპოვა, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა კალვინიზმთან. ამის გამო მასაჩუსეტსის მთავრობაში აზრთა სხვადასხვაობა იყო იმაზე, უნდა მიეცათ თუ არა ახალი კოლეჯისთვის შტატისგან მინიჭებული სიგელი. სიგელის გადაცემა საბოლოოდ 1825 წლის 21 თებერვალს მოხდა[9]. რახან ამჰერსტმა შტატის ოფიციალური სიგელი დაარსებიდან ოთხი წლის შემდეგ მიიღო, მის გერბზე თარიღი 1825-ია (MDCCCXXV) გამოსახული. რელიგიური კონსერვატიზმის ტრადიცია ამჰრესტში მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებამდე შენარჩუნდა; ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარების გამო სტუდენტები კოლეჯიდან ირიცხებოდნენ. იყო შემთხვევები, როცა რელიგიურ სტუდენტთა დაჯგუფებებს ნაკლებად რელიგიური სტუდენტები ურწმუნოების გამო სასჯელად სამრეკლოში მიჰყავდათ[9]. თუმცა მეოცე საუკუნის მიწურულს ამჰერსტი თანდათან სეკულარული ხდებოდა, რისი კულმინაციაც 1949 წელს უნივერსიტეტის ეკლესიის დანგრევა იყო[10].
ამჰერსტის აშშ-ს ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი იყო, რომელმაც ლათინური ჯილდოს სისტემა (1881 წელს) გამოიყენა[11].
კოლეჯის პრეზიდენტები [რედაქტირება]
- ზეფანაია სვიფტ მური, 1821—1823
- ჰემან ჰამფრი, 1823—1845
- ედვარდ ჰიჩკოკი, 1845—1854
- უილიამ აუგუსტუს სტერნსი, 1854—1876
- ჯულიუს ჰოლი სილი, 1876—1890
- მერილ ედუარდ გეიტსი, 1890—1899
- ჯორჯ ჰარისი, 1899—1912
- ალექსანდრ მაიკლჯონი, 1912—1924
- ჯორჯ დანიელ ოლდსი, 1924—1927
- არტურ სტენრი პისი, 1927—1932
- სტენლი კინგი, 1932—1946
- ჩარლზ ვ. კოლი, 1946—1960
- კელვინ პლიმპტონი, 1960—1971
- ჯონ უილიამ უარდი, 1971—1979
- ჯულიან გიბზი, 1979—1983
- პიტერ რ პაუნსი, 1984—1994
- ტომ გერეტი, 1994—2003
- ანტონი მარქსი, 2003—2011
- კაროლინ მარტინი, 2011—
განათლება და რესურსები [რედაქტირება]
რეპუტაცია [რედაქტირება]
ამჰერსტი აშშ-ს ერთ-ერთ ელიტარულ უნივერსიტეტად ითვლება[12][13]. U.S. News & World Report-ის პირველი რეიტინგის გამოქვეყნებიდანვე ამჰერსტი აშშ-ში 266 ლიბერალური განათლების კოლეჯიდან პირველ პოზიციაზე ათჯერ აღმოჩნდა[14], დღეს კი მეორე ადგილზეა, ვილიამსის კოლეჯის შემდეგ[15]. QS-ის მონაცემებით, ამჰერსტი იელის უნივერსიტეტთან, პრინსტონის უნივერსიტეტთან, დართმუზის კოლეჯსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტთან ერთად აშშ-ს იმ საუკეთესო უნივესიტეტებს მიეკუთვნება[16], რომლებიც უცხოელ სტუდენტებს უპირობო ფინანსური დახმარებას უწევენ.
2010 წელს ფორბსმა ამჰერსტი აშშ-ს საუკეთესო უნივერსიტეტებიდან მესამე პოზიციაზე განათავსა, რითაც მან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტს, სტენფორდის უნივერსიტეტს, კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტს, და პრინსტონის უნივერსიტეტის გარდა ყველა აივი ლიგის ინსტიტუტს გაუსწრო[17].
2007 წელს ამჰერსტის კოლეჯმა National Collegiate Scouting Association-ის აშშ-ს უნივერსიტეტთა რეიტინგში მეორე ადგილი მოიპოვა[18].
American Enterprise Institute Study-ს 2009 წლის გამოკვლევის თანახმად, ამჰერსტი დამთავრების მაჩვენებლით აშშ-ს ყველა საგანმანათლებლო ინსტიტუციიდან მეორე ადგილზეა, რითაც მას მხოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტი უსწრებს.
Washington Monthly-ს 2010 წლის რეიტინგში ამჰერსტმა მეხუთე ადგილი მოიპოვა[19]. ეს რეიტინგი უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევებს, განათლების დონეს, სამეცნიერო (საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ) გრანტებში მოპოვებულ სახსრებს, ცალკეულ საჯარო სერვისებს და იმ სტუდენტების რაოდენობას ეფუძნება, რომლებიც ბაკალავრიატის შემდეგ Ph.D.-ს ხარისხს მოიპოვებენ.
2004 წელს The Wall Street Journal-ის რეიტინგში ამჰერსტმა მეცხრე პოზიცია მოიპოვა. ჟურნალის ეს კვლევა იმ სტუდენტების რაოდენობას ეფუძნებოდა რომლებიც ბაკალავრიატის შემდეგ აშშ-ს საუკეთესო ბიზნესის, სამართლის და სამედიცინო სკოლაში ხვდებოდნენ[20].
Princeton Review-ს თანახმად, ამჰერსტი აშშ-ს უნივერსიტეტთა იმ ოცეულშია, რომლებშიც სტუდენტები „ფინანსური დახმარებით კმაყოფილნი არიან“ და „რომლებიც დაუბრკოლებლად მუშაობენ“. ის ასევე აშშ-ს ყველაზე მომგებიანი კერძო უნივერსიტეტების ათეულშია.[21]
Carnegie Foundation-ის თანახმად ამჰერსტი „უფრო სელექტიური“ დაწესებულებაა, რომლის პირველკურთა საგამოცდო ქულები საბაკალავრო დაწესებულებების ზედა მეხუთედშია.[22]
სტუდენტთა მიღება [რედაქტირება]
ამჰერსტის კოლეჯი აშშ-ს ყველაზე სელექტიური ლიბერალური განათლების კოლეჯია[23]. 2012 წელს ამჰერსტმა აპლიკანტთა რეკორდულად მცირე წილი —11.9% მიიღო: 8.555 აპლიკანტიდან ადგილი მხოლოდ 1.020-მა მოიპოვა[24]. ტრანსფერთა მიღება კიდევ უფრო სელექტიურად მიმდინარეობდა: 516 აპლიკანტიდან უნივერსიტეტმა მხოლოდ 4% მიიღო. ამჟამად უნივერსიტეტში სულ 1.795 სტუდენტია (886 მამაკაცი and 909 ქალი) აშშ-ს თითქმის ყველა შტატიდან და 40-ზე მეტი ქვეყნიდან. მრავალფეროვნება ამჰერსტის კოლეჯის მისიის ნაწილია[25] და ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ამჰერსტის სტუდენტთა 35%-ზე მეტი ფერადკანიანი იყო.
აკადემიური პროგრამა [რედაქტირება]
ამჰერსტის კოლეჯში 36 ფაკულტეტი და 850 კლასია[26]: მეცნიერებების, ხელოვნების, ჰუმანიტარული საგნების, მათემატიკის, ინფორმატიკის, სოციალური მეცნიერებების, უცხო ენების, კლასიკის და ინტერდისციპლინარული საგნების (მაგ., სამედიცინო სკოლისთვის მოსამზადებელი[27][28]). უნივერსიტეტი განსაკუთრებით ღია კურიკულუმით გამოირჩევა, რაც სტუდენტებს საკუთარი ინტერდისციპლინარული მეიჯორის შექმნის საშუალებასაც კი აძლევს[29]. პირველკურსელებს რთული კლასების აღების უფლებაც აქვთ, მეოთხეკურსელებს კი — დაწყებითი.
პირველკურსელებისთვის ერთადერთი სავალდებულო კურსი ე.წ. „პირველკურსელების სემინარია“, რომელიც ამჰერსტში დაახლოებით ოცია. ამ სემინარებში მაქსიმუმ თხუთმეტი სტუდენტია[30] და, მიუხედავად სხვადასხვა თემატიკისა, ყველა მათგანი კრიტიკული ანალიზის და წერითი და სიტყვიერი არგუმენტის განვითარებას ეთმობა. პირველკურსელების სემინარის გარდა სტუდენტებს 31 კლასის (სტანდარტულად სემესტრში ოთხის) გავლა უწევთ. მეიჯორის შესასრულებლად სტუდენტებმა დეპარტმანეტის მიერ მოთხოვნილი კლასები უნდა გაიაროს და საერთო საბოლოო გამოცდა ჩააბაროს.
მეიჯორის შერჩევის პროცესში სტუდენტებს ფაკულტეტის მრჩევლები ეხმარებიან. თითოეულ მრჩეველს არაუმეტეს ხუთი პირველკურსელისა ჰყავს, რათა განათლება როგორც ზუსტი, ისე ყოვლისმომცველი იყოს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სხვადასხვა დისციპლინებიდან განათლების ინტეგრირებას. მრჩეველი სტუდენტს დამთავრებამდე ჰყავს.
ამჰერსტის 2011 წლის დამამთავრებელი კლასის სტუდენტების 35% ორმაგი მეიჯორი იყო[31]. სამმაგი მეიჯორი იშვიათობაა; მრჩევლების მეშვეობით პირადი ინტერდისციპლინარული მეიჯორის შექმნაც შეიძლება. სტუდენტთა ორმოცდაათი პროცენტი მეოთხე კურსზე საკურსო ნაშრომს წერს[32]. სტუდენტებს, რომლებიც საკურსოზე მუშაობენ, დამატებითი პირადი მრჩეველი ენიშნებათ, რომელიც ნამუშევრის თემატიკაშია გამოცდილი. დამთავრებიდან ხუთი წლის შემდეგ ამჰერსტის კურსდამთავრებულთა 75% სწავლას მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში აგრძელებს[33].
ამჰერსტის პირველი უნივერსიტეტი იყო, რომელმაც საბაკალავრო დონეზე ამერიკული სწავლებების; სამართლის, იურისპრუდენციის და სოციალური აზრის; და ნეირომეცნიერების ინტერდისციპლინარული მეიჯორები დაუშვა[34][35].
სწავლება [რედაქტირება]
ამჰერსტის კოლეჯი ცნობილია სწავლების ხარისხის მაღალი სტანდარტით, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს ლექტორესა და სტუდენტებს შორის ურთიერთობას. ამის გამო ჰარვარდის და კოლუმბიის უნივერსიტეტებმაც კი მიმართეს ამჰერსტს 2007 წელს საკუთარი სასწავლო პროგრამის განახლებისას[36].
ამჰერსტში ყოველ რვა სტუდენტზე ერთი ლექტორი მოდის, კლასის საშუალო ზომა კი თხუთმეტი სტუდენტია[37].
კათედრის გამორჩეულ წევრებს შორი არიან თანამედროვე ლიტერატურის და პოეზიის კრიტიკოსი უილიამ ჰ. პრიჩერდი, ბეოვულფის მთარგმნელი ჰოუელ ჩიკერინგი, ებრაული და ლათინოამერიკული სწავლებების მკვლევარი ილან სტავანსი, ნოველისტი ლორენს დუგლასი, ფიზიკოსი ართურ ზაჯონკი, პულიცერის პრიზის ლაურეატი, ნიკიტა ხრუშჩოვის ბიოგრაფი უილიამ ტაუბმანი, აფრიკული ხელოვნების სპეციალისტი როულენდ აბიოდუნი, სამართლის ექსპერტი ჰედლი არკესი, მათემატიკოსი დანიელ ველემანი, ბიბლიის მკვლევარი სიუზენ ნიდიჩი, სამართლის და სოციოლოგიის ექსპერტი ოსტინ სერატი და პულიცერის პრიზის ლაურეატი ლიუის სპრეტლენი.
სტუდენტები [რედაქტირება]
ამჰერსტის რესურსები საშუალებას აძლევს, მიიღოს სტუდენტები სხვადასხვა ნიჭით და ინტერესით. ამჰერსტში წარმოდგენილია აშშ-ს ყველა შტატი, კოლუმბიის ოლქი, პუერტო რიკო და ორმოცდაათი ქვეყანა. სტუდენტთა 97% კამპუსის ტერიტორიაზე ცხოვრობს და პირველკურსელთა 97% სწავლას აგრძელებს. ამჰერსტს სტუდენტთა 90% ოთხ წელიწადში ამთავრებს, რაც აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია[38].
ხუთი კოლეჯის კონსორციუმი [რედაქტირება]
ამჰერსტი ხუთი კოლეჯის კონსორციუმის წევრია, რომელიც პაიონერ ველის კიდევ ოთხ დაწესებულებას მოიცავს: მასაჩუსეტსის უნივერსიტეტ ამჰერსტს, სმითის, მაუნთ ჰოლიოკის და ჰემპშირის კოლეჯებს. ამჰერსტში შემოთავაზებული 850 კლასის გარდა, სტუდენტებს დამატებითი საფასურის გარეშე კონსორციუმის 5.300 დამატებითი კლასის და 8 მილიონი ბიბლიოთეკის საკუთრების გამოყენება შეუძლიათ[39].
ხუთი კოლეჯის კონსორციუმს საერთო რესურსები და აკადემიური პროგრამები აქვთ. Museums10 ადგილობრივი ხელოვნების, ისტორიის და მეცნიერების მუზეუმების კონსორციუმია. ხუთი კოლეჯის ცეკვის დეპარტამენტი აშშ-ში ერთ-ერთი უდიდესია[40]. საერთო ასტრონომიის დეპარტამენტი ხუთი კოლეჯის რადიო ასტრონომიის ობსერვატორიას იყენებს, რომელმაც 1993 წელს ნობელის პრემიის მოპოვებაში შეიტანა წვლილი[41].
ხუთი კოლეჯის სანაპირო და საზღვარო მეცნიერებების პროგრამა ხუთი კოლეჯის ინტერდისციპლინარული საბალაკავრო კურიკულუმის ნაწილია[42]. საზღვაო კვლებების ეროვნულ ცენტრებთან აქტიური თანამშრომლობით სტუდენტებს უშუალო კვლევაში მონაწილეობის საშუალება აქვთ. პროგრამაში საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტის ლექტორები ასწავლიან. სამეცნიერო დისციპლინები მოიცავს ბიოლოგიას, ბოტანიკას, ქიმიას, ეკოლოგიას, გეოლოგიას, ფიზიკას, ბუნების მენეჯმენტს და ზოოლოგიას, საზოგადოებრივი კი — ეკონომიკას, სამთავრობო და საჯარო პოლიტიკას. პროგრამის მრავალი სტუდენტი აგრძელებს უმაღლეს განათლებას ან პროფესიულ სამუშაოს საზღვაო მეცნიერების სხვადასხვა დარგებში.
რესურსები [რედაქტირება]
ამჰერსტის 4 კვ. კმ. კამპუსზე განლაგებულ რესურსებს შორისაა 100-ზე მეტი აკადემიური და საცხოვრებელი შენობა, სპორტული მოედნები და დაწესებულებები, ბუნების ნაკრძალი, ტყე ეკოლოგიის შესასწავლად, სასიარულო და საველოსიპედო ბილიკები და სხვ. გამორჩეულია მიდის ხელოვნების მუზეუმი (მოიცავს 16.000-ზე მეტ ნამუშევარს); ამჰერსტის რუსული კულტურის ცენტრი; ოთხი ბიბლიოთეკა (მთავარია რობერტ ფროსტის ბიბლიოთეკა, რომელიც მილიონზე მეტ საკუთრებას, 400.000-ამდე მედია-მასალას, მრავალ არქივს და სპეციალურ კოლექციას, მედია ცენტრს და ენების ლაბორატორიას მოიცავს. ცალკეა მეცნიერების, მათემატიკისა და მუსიკის ბიბლიოთეკები); ამჰერსტის კოლეჯის ბუნების ისტორიის მუზეუმი, რომელიც ჰიჩკოკის იქნოლოგიურ კაბინეტს და დინოზავრის ნაფეხურების მსოფლიოში ყველაზე დიდ კოლექციას მოიცავს[43][44]; ბასეტის პლანეტარიუმი; უაილდერის ობსერვატორია; სამეცნიერო ცენტრები (მათ შორის მერილის სამეცნიერო ცენტრი, ბენესკის გეოლოგიური მეცნიერებების შენობა და მაკგუაირის ბიოლოგიური მეცნიერებების შენობა); მათემატიკური შესაძლებლობების ცენტრი; წერის ცენტრი; კარიერის ცენტრი; სახელოსნოები; სარეპეტიციო და საგამოსვლო დარბაზი მუსიკის, თეატრისა და ცეკვისთვის, მათ შორის არმზის მუსიკის ცენტრი, კირბის მემორიალური თეატრი და ჰოლდენის ექსპერიმენტალური თეატრი; შემოქმედებითი წერის ცენტრი; საზოგადოებაში ჩართულობის ცენტრი; და სტუდენტური რადიო WAMH 89.3 FM.
ყველა სტუდენტური საცხოვრებელი აღჭურვილია ინტერნეტით, უკაბელო ინტერნეტი კი კამპუსის ტერიტორიაზე თითქმის ყველგანაა. კამპუსზე სულ ოცდაჩვიდმეტი სტუდენტური საცხოვრებელი, ექვსი თემატური სახლი და ორი ენათა სახლია (რომლებიც ოთხი ენის შესწავლას ემსახურება). ამჰერსტს ეკუთვნის კამპუსის მიღმა არსებული ემილი დიკინსონის მუზეუმი და პოეტის ხელნაწერების ნახევარზე მეტი. ამჰერსტს კავშირი აქვს იაპონიის დოშიშას უნივერსიტეტთან, რომელიც ამჰერსტის კურსდამთავრებულის ჯოსეფ ჰარდი ნეესიმას დაარსებულია. ამჰერსტის კურსდამთავრებულის ჰენრი კლეი ფოლგერის ანდერძის შესაბამისად, ამჰერსტის კოლეჯი მართავს ვაშინგტონში არსებულ ფოლგერის შექსპირის ბიბლიოთეკას.
მდგრადი განვითარება [რედაქტირება]
ამჰერსტის კოლეჯი ენერგიის მოხმარებას განათების მონიტორინგის კომპიუტერიზებული სისტემის და კოგენერაციული სადგურის ეფექტური გამოყენებით ამცირებს. სადგური მოიცავს გაზის ტურბინას, რომელიც სითბოსთან ერთად (კამპუსის გასათბობად) ენერგიას გამოიმუშავებს[45]. ამჰერსტი ასევე უძღვება კომპოსტირების პროგრამას, რომლის მეშვეობით სასადილოს საჭმლის ნარჩენები ვერმონტის ფერმაზე იგზავნება[45].
სტუდენტური ჯგუფები [რედაქტირება]
ამჰერსტში 140-ზე მეტი სტუდენტური ჯგუფია[46]. სტუდენტებს საკუთარი ინტერესისამებრ შეუძლიათ მონაწილეობა ასზე მეტ ავტონომიურ, სტუდენტების მიერ მართულ ორგანიზაციებში, რომლებსაც სტუდენტური თვითმმართველობა აფინანსებს. ეს მოიცავს რამდენიმე სტუდენტურ ჯგუფს, კულტურულ და რელიგიურ ჯგუფებს, გამოცემებს, ხელოვნების, თეატრალურ, პოლიტიკური ადვოკატირების და საჯარო მომსახურების ჯგუფებს.
ამჰერსტში განსაკუთრებით ბევრი საჯარო მომსახურების სერვისია, რომელიც ადგილობრივ (საზოგადოებაში ჩართულობის ცენტრის მეშვეობით), ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მუშაობენ. საჯარო მომსახურება ამჰერსტის და მისი ყოფილი პრეზიდენტის, ანტონი მარქსის, პრიორიტეტია, რომელმაც აპართეიდულ სამხრეთ აფრიკაში შავკანიანი სტუდენტებისთვის საშუალო სკოლის აშენებაში შეიტანა წვლილი[47].
საზღვარგარეთ და კამპუსგარეშე სწავლა [რედაქტირება]
ამჰერსტის სტუდენტების 42%, უმეტესწილად მესამეკურსელები, საზღვგარგარეთ სწავლის სემესტრში ან წელიწადში იღებენ მონაწილეობას. მათი არჩევანი 260-ზე მეტ პროგრამას მოიცავს არგენტინაში, ახალ ზელანდიაში, გერმანიაში, ეგვიპტეში, ესპანეთში, იაპონიაში, ინგლისში, ინდოეთში, კოსტა რიკაში, საფრანგეთში, სენეგალში და ა.შ.
კამპუსის გარეთ ამჰერსტის სტუდენტებს მრავალ დაწესებულებაში სწავლა შეუძლიათ, იქნება ეს თეატრის ეროვნული ინსტიტუტი კონექტიკუტში თუ ამჰერსტის საკუთარი ფოლგერის შექსპირის ბიბლიოთეკა ვაშინგტონში. თორმეტი კოლეჯის გაცვლითი პროგრამის წევრობის მეშვეობით ამჰერსტს განსაკუთრებული გაცვლითი პროგრამები აქვს ბოიდოინის, კონეკტიკუტის, დართმუზის, მაუნტ ჰოლიოკის, სმითის, ტრინიტის, ვასარის, უელესლის, უიტონის და ვილიამსის კოლეჯებთან; აგრეთვე ვესლიანის უნივერსიტეტთან.
ფოლგერის შექსპირის ბიბლიოთეკა [რედაქტირება]
ამჰერსტის კავშირი ფოლგერის შექსპირის ბიბლიოთეკასთან (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი) სტუდენტებს და ლექტორებს კულტურულ და სახელოვნებო პროგრამებში ჩართვის, სწავლის და სწავლების საშუალებას აძლევს. ფოლგერი, თანამედროვე პერიოდის (1500-1750) უმნიშვნელოვანესი საცავი, უილიამ შექსპირის ნაბეჭდი ნაშრომების ყველაზე დიდ და რენესანსის ხანის წიგნების და ხელნაწერების იშვიათ კოლექციას შეიცავს. ფოლგერი საერთაშორისო დონეზე აღიარებული კვლევითი ბიბლიოთეკა და აკადემიური ცენტრია. ის იშვიათი მასალების შენახვის ტექნოლოგიის ინოვატორი და კულტურული თუ სახელოვნებო პროგრამების მოწინავე ავტორია; მათ შორისაა თეატრალური წარმოდგენები და ძველებური მუსიკის კონცერტები, პოეზიის და საოჯახო პროგრამები, გამოფენები და ლექციები. ფოლგერის თაოსნობით გამოდის აკადემიური ჟურნალი „Shakespeare Quarterly“, ბიბლიოთეკა კი პერიოდულად გამოსცემს Folger Library Shakespeare-ის პრესის წიგნებს.
გრანტები და სტაჟირება [რედაქტირება]
ამჰერსტის პროგრამების Tom Gerety Fellowships for Action და Winternship მეშვეობით 100-ზე მეტ სტუდენტს უნივერსიტეტისგან აშშ-ში ან საზღვარგარეთ საჯარო სერვისის გასაწევად გრანტის მიღება შეუძლია. Liberal Arts Center Network სტუდენტებს პირველივე კურსიდან 15.000-ზე მეტ სტაჟირებას სთავაზობს. საზოგადოებაში ჩართულობის ცენტრი სტუდენტებს პაიონერ ველიში არაერთ სტაჟირებას სთავაზობს. უნივერსიტეტის ერთ-ერთი გაზეთი, The Common, სტაჟირებებს ექსკლუზიურად ამჰერსტის სტუდენტებისთვის უზრუნველყოფს.
2008 წლის გაზაფხულს კოლეჯის საზოგადოებაში ჩართულობის ცენტრმა აქტიური მოქალაქეობის საზაფხულო პროგრამა დაიწყო, რომლის მეშვეობით პირველ-, მეორე- და მესამეკურსელებს ადგილობრივ, ეროვნულ ან საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაციებში სტაჟირების გავლა შეუძლიათ.
უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების გარდა, ამჰერსტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სხვადასხვა გარე გრანტები აქვთ მიღებული; მათ შორისაა ფულბრაიტის, გოლდუოტერის, როუდზის და უოტსონის გრანტები.
ფასები და ფინანსური დახმარება [რედაქტირება]
2012-2012 სასწავლო წლისთვის ამჰერსტში სწავლის, ცხოვრების და კვების საფასური $55.510 იყო. დამატებითი ხარჯების გათვალისწინებით კოლეჯში ერთი წელიწადი $60.809 - $63.259 ჯდება[48].
მიუხედავად მაღალი საფასურისა, ამჰერსტი აშშ-ს იმ იშვიათ უნივერსიტეტებს მიეკუთვნება, რომლებიც აპლიკანტებს ფინანსური მდგომარეობის გაუთვალისწინებლად იღებს: თითოეულიმიღებულ სტუდენტს გარანტირებული აქვს ფულადი დახმარება[49]. ამჰერსტის ამჟამინდელი სტუდენტების 60% უნივერსიტეტისგან გრანტს იღებს, საშუალო ფინანსური დახმარება კი $41.150-ის ტოლია. ამის გათვალისწინებით, საშუალო წლიური გადასახადი $13.809-ია. წელიწადში კოლეჯი თითოეულ სტუდენტზე $85.000-ზე მეტს ხარჯავს[50].
2007 წელს ამჰერსტმა მიიღო გადაწყვეტილება, 2008-2009 სასწავლო წლიდან მოყოლებული ყველა სესხა გრანტით ჩაენაცვლებინა. ის უკვე პირველი უნივერსიტეტი იყო, რომელმაც გაჭირვებულ სტუდენტებს კრედიტი გრანტით ჩაუნაცვლა და ამ გადაწყვეტილებით პრინსტონის უნივერსიტეტს, კორნელის უნივერსიტეტსა და დავიდსონის კოლეჯს შეუერთა, რომლებიც მსგავს ფინანსურ პოლიტიკას ატარებდნენ. მეტი კვალიფიცირებული გაჭირვებული აპლიკანტების მიღებით ამჰერსტი უფრო მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, ვიდრე აშშ-ს სხვა ელიტარული უნივერსიტეტები[51].
2008-2009 სასწავლო წლიდან ამჰერსტმა უპირობო ფინანსური დახმარებით უცხოელი სტუდენტების მიღებაც დაიწყო. 2011 წლის მონაცემებით ის აშშ-ს იმ ექვს უნივერსიტეტს მიეკუთვნება, რომლებიც მსგავს პოლიტიკას ატარებენ; ესენია ამჰერსტის, ჰარვარდი, იელი, პრინსტონი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი და დართმუზის კოლეჯი.
სტუდენტური ცხოვრება [რედაქტირება]
მეწარმეთა საზოგადოებით დაწყებული, შუა საუკუნეების ხმლით ბრძოლის კლუბით დამთავრებული, ამჰერსტში 150-ზე მეტი ოფიციალური სტუდეტური ჯგუფია.
საძმოები [რედაქტირება]
ამჰერსტმა კამპუსის ტერიტორიაზე საძმოები 1984 წელს აკრძალა და სტუდენტურ საცხოვრებლებს უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტების, პერსონალის და კურსდამთავრებულების სახელები დაარქვა[52], თუმცა კამპუსის მიღმა მაინც შენარჩუნდა რამდენიმე საძმო. 2010 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა ტონი მარქსმა კამპუსის მიღმა არსებული ფსი ეფსილონის საძმოც გააუქმა; მიზეზად „ხელმძღვანელების და წევრების მხრიდან სერიოზული დარღვევები“ დასახელდა[53].
ბიბლიოგრაფია [რედაქტირება]
- უილიამ სეიმურ ტაილერი, „ამჰერსტის კოლეჯის ისტორია მისი პირველი საუკუნის ნახევარში, 1821-1871" (კ. ვ. ბრაიანი, 1873).
- პრაქტიკა ამჰერსტის კოლეჯის ნახევარი საუკუნის თავზე (1871).
- უილიამ ს. ტაილერი, ამჰერსტის კოლეჯის ისტორია (1894).
- დები ეპლგეიტი, ამერიკის ყველაზე ცნობილი კაცი: ჰენრი უორდ ბიჩერის ბიოგრაფია (დაბლდეი, 2006).
- ნენსი პიკი და ფრენკ უორდი, საინტერესო ნაფეხურები: პროფესორ ჰიჩკოკის დინოზავრის ნაფეხურები და ბუნებრივი ისტორიის სხვა საგანძურები ამჰერსტის კოლეჯში (Amherst College Press, 2006).
- დროის პასაჟები,ამჰერსტის კოლეჯის ისტორიის ნაამბობები, რედაქტირებულია დუგლას კ. ვილსონის, უილიამ ე. ვილსონის ვაჟის, მიერ (Amherst College Press, 2007).
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Carnegie Classifications - Amherst College. Carnegie Foundation for the Advancement of Teaching. წაკითხვის თარიღი: 4 აგვისტო, 2012.
- ↑ Common Data Set - Enrollment & Persistence. Amherst College. წაკითხვის თარიღი: 4 აგვისტო, 2012.
- ↑ Areas of Study. Amherst College. წაკითხვის თარიღი: 4 აგვისტო, 2012.
- ↑ The 50 Best Colleges In America. Business Insider (28 ნოემბერი, 2011). წაკითხვის თარიღი: 6 აგვისტო, 2012.
- ↑ 20 Most Selective Colleges and Universities in the U.S.. About.com. წაკითხვის თარიღი: 4 აგვისტო, 2012.
- ↑ America's 20 Top Colleges. Forbes. წაკითხვის თარიღი: 4 აგვისტო, 2012.
- ↑ National Liberal Arts College Rankings. U.S.News & World Report. წაკითხვის თარიღი: 4 აგვისტო, 2012.
- ↑ William S. Tyler. A History of Amherst College.
- ↑ 9.0 9.1 9.2 Claude Moore Feuss. Amherst: Story of a New England College.
- ↑ Stanley King. The Consecrated Eminence: The Story of the Campus and Buildings of Amherst College.
- ↑ William S. Tyler. A History of Amherst College.
- ↑ The Randomness of Admissions at Elite Colleges (28 მარტი, 2011). წაკითხვის თარიღი: 6 აგვისტო, 2012.
- ↑ Elite Amherst College gets controversial new president (17 ივნისი, 2011). წაკითხვის თარიღი: 6 აგვისტო, 2012.
- ↑ Methodology: Ranking Category Definitions. Usnews.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 13 ოქტომბერი, 2010-ში. წაკითხვის თარიღი: 4 აგვისტო, 2012.
- ↑ National Liberal Arts Rankings - Best Colleges. Colleges.usnews.rankingsandreviews.com (August 17, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან 14 სექტემბერი, 2010-ში. წაკითხვის თარიღი: 4 აგვისტო, 2012.
- ↑ Topuniversities. QS. წაკითხვის თარიღი: 7 აგვისტო, 2012.
- ↑ America's 20 Top Colleges. Forbes. წაკითხვის თარიღი: 4 აგვისტო, 2012.
- ↑ National Collegiate Scouting Association Announces 2007 Collegiate Power Rankings. Prnewswire.com (August 19, 2007). წაკითხვის თარიღი: 4 აგვისტო, 2012.
- ↑ Liberal Arts College Rankings 2010. Washington Monthly. წაკითხვის თარიღი: 15 ოქტომბერი, 2010.
- ↑ Want to Go to Harvard Law?. The Wall Street Journal (26 სექტემბერი, 2003). წაკითხვის თარიღი: 6 აგვისტო, 2012.
- ↑ Amherst College. Princetonreview.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 27 ოქტომბერი, 2010-ში. წაკითხვის თარიღი: 4 აგვისტო, 2012.
- ↑ More Selective Institution - Amherst College.
- ↑ Amherst College | Best Colleges | US News
- ↑ 2012 Admission Decisions
- ↑ Mission of Amherst College. წაკითხვის თარიღი: 9 აგვისტო, 2012.
- ↑ Areas of Study.
- ↑ Amherst College Guide for Premedical Students. Amherst.edu. წაკითხვის თარიღი: 15 ოქტომბერი, 2010.
- ↑ Charles Drew Health Professions Society. Amherst.edu (3 თებერვალი, 2007). წაკითხვის თარიღი: October 15, 2010.
- ↑ Areas of Study
- ↑ Selecting a First-Year Seminar
- ↑ ამჰერსტის ყოველწლიური სამოცდამეხუთე მოხსენება საშუალო სკოლებისთვის
- ↑ Learning More
- ↑ Graduate Programs | Amherst College
- ↑ American Studies: History of the Department. წაკითხვის თარიღი: 26 აგვისტო, 2009.
- ↑ The Neuroscience Program. წაკითხვის თარიღი: 26 აგვისტო, 2009.
- ↑ Rimer, Sara. “Harvard Task Force Calls for New Focus on Teaching and Not Just Research“, The New York Times, 10 მაისი, 2007. წაკითხვის თარიღი: 27 მარტი, 2010.
- ↑ Rimer, Sara. “Retrieved on May 2, 2010“, The New York Times, 10 მაისი, 2007.
- ↑ 10 Colleges With Highest 4-Year Graduation Rates
- ↑ Libraries | www.fivecolleges.edu
- ↑ Dance Department | www.fivecolleges.edu
- ↑ The Five College Radio Astronomy Observatory. წაკითხვის თარიღი: 1 იანვარი, 2012.
- ↑ Five College Coastal & Marine Sciences Program. წაკითხვის თარიღი: 1 იანვარი, 2012.
- ↑ “'Curious Footprints': New Book by Nancy Pick and Frank Ward About Amherst College's Dinosaur Tracks“, Ascribe Higher Education News Service, 12 ივლისი, 2006. წაკითხვის თარიღი: March 31, 2008.
- ↑ Pick, Nancy; Frank Ward (2006). Curious Footprints: Professor Hitchcock's Dinosaur Tracks. Amherst College Press. ISBN 0-943184-09-6.
- ↑ 45.0 45.1 It is Easy Being Green. Amherst College. წაკითხვის თარიღი: 5 ივნისი, 2009.
- ↑ Amherst at a Glance | Amherst College
- ↑ Campus Revolutionary.
- ↑ Tuition, Fees & Other Costs
- ↑ Financial Aid & Costs: Can I Afford Amherst.
- ↑ Frequently Asked Questions
- ↑ Leonhardt, David. “Top Colleges, Largely for the Elite“, 24 მაისი, 2011. წაკითხვის თარიღი: May 25, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან 27 მაისი, 2011-ში. „The result of these changes is that Amherst has a much higher share of low-income students than almost any other elite college.“
- ↑ Anne Ostendarp, Floyd Merritt, Daria D'Arienzo. Amherst College: A Chronology. წაკითხვის თარიღი: 5 მარტი, 2010.
- ↑ Elaine Teng. “The Amherst Student“. წაკითხვის თარიღი: 5 მარტი, 2010.

