ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი

ნიკოლოზ ანდრიას ძე რიმსკი-კორსაკოვი (რუს.: Никола́й Андре́евич Ри́мский-Ко́рсаков; დ. 6 მარტი/18 მარტი, 1844 , ტიხვინი — გ. 8 ივნისი/21 ივნისი, 1908, მამული ლუგის მახლობლად, ახლანდელი (ლენინგრადის ოლქი) — რუსი კომპოზიტორი, პედაგოგი, დირიჟორი, საზოგადო მოღვაწე, მუსიკის მწერალი. 1861 წელს გახდა რუს კომპოზიტორთა „მძლავრი ჯგუფის“ წევრი. განსაკუთრებით ცნობილია, მისი ფოლკლორითა და ზღაპრული მოტივებით გატაცებით და ორკესტრირების განუმეორებელი ნიჭით, რომელიც სავარაუდოდ მისი სინესთეზიის გავლენა უნდა ყოფილიყო.

1859-1860 წლებში მეცადინეობდა პიანისტ თ. კანილესთან. ბალაკირევის ხელმძღვანელობით დაწერა I სიმფონია (1865). 60-იან წლებში შექმნა 20-მდე რომანსი, სიმფონიური სურათი „სადკო“ (1867), II სიმფონია „ანტარი“ (1868. 70-80-იან წლებში ოპერები „ფსკოველი ქალი“) (1872), „მაისის ღამე“ (1879), „თოვლია“ (1881).

1871 წლიდან მოღვაწეობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში. იყო სამხედრო-სასაზღვრო უწყების სასულე ორკესტრების ინსპექტორი (1873-1884), უფასო სამუსიკო სკოლის დირექტორი (1874-1881), სამეფო კარის კაპელის მმართველის თანაშემწე (1853-1894). ამ პერიოდში ხშირად გამოდიოდა როგორც საოპერო და სიმფონიური დირიჟორი, ცხოველ ინტერესს იჩენდა რუსული ფოლკლორისადმი (შეადგინა ცნობილი კრებული „100 რუსული ხალხური სიმღერა“, 1876). 80-იან წლებშია შექმნილი უმთავრესი სიმფონიური ნაწარმოებები:„ზღაპარი“ (1880), „ესპანური კაპრიჩი“ (1887), სიუტა „შეჰერაზადა“ (1858), უვერტიურა „ნათელი დღესასწაული“ (1858) და სხვა. 90-იან წლების II ნახევარში შექმნა ოპერები: „სადკო“ (1896), „მოცარტი და სალიერი“ (1897), „ბოიარი ქალი ვერა შელოგა“ („ფსკოველი ქალის“ პროლოგი, 1898), „მეფის საცოლე“ (1898), „ზღაპარი მეფე სალთანზე“ (1900). რიმსკი-კორსაკოვის 900-იანი წლები საუკეთესო ოპერებში („უკვდავი კაშჩეი“ (1901), „თქმულება უხილავ ქალაქ კიტეჟსა და ქალწულ ფებრონიაზე“ (1904), „ოქროს მამალი“ (1907)) ნათლად აისახა როგორც რევოლუციამდელი საზოგადოებრივი ატმოსფერო, ისე ახალი მხატვრულ-სტილისტური ტენდეციები. რიმსკი-კორსაკოვის შემოქმედება ღრმად თვითმყოფია და ამავე დროს უმჭიდროეს კავშირშია კლასიკურ ეროვნულ (პირველ რიგში, გლინკას) ტრადიციებთან, „მძლავრი ჯგუფის“ იდეურ-მხატვრულ პრინციპებთან.

რიმსკი-კორსაკოვის შემოქმედების ტიპურმა თვისებებმა თავი იჩინა იმ ნაწარმოებებში, რომლებიც დაკავშირებულია ეროვნულ ზღაპრულ თემატიკასთან, ხალხური პოეზიის სახეებთან, რუსულ ბუნებასა და ხალხურ ყოფასთან. მან ძალზე გააფართოვა საორკესტრო-ტემბრული და ჰარმონიული გამომსახველობია სფერო და დიდი გავლენა მოახდინა ამ მხრივ არა მარტო რუსულ, არამედ დასავლეთ ევროპის კომპოზიტორებზეც (მაგ., კლოდ დებიუსი, მორის რაველი). რიმსკი-კორსაკოვის ოპერები მრავალფეროვანია ჟანრული, კომპოზიციური და სტილისტური თვალსაზრისით, მაგრამ წამყვანი როლი ენიჭება ზღაპრულ-ეპიკურ ტენდეციას. დიდი წვლილი შეიტანა რიმსკი-კორსაკოვმა სიმფონირ მუსიკაშიც, განსაკუთრებული მიღწევები აქვს პროგრამული (უპირატესად ზღაპრული შინაარსის) სიმფონიური სიუიტისა („შეჰერაზადა“, „ესპანური კაპრიჩო“) და სურათოვან-ფერწერითი უვერტიურის („სადკო“) ჟანრებში.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რიმსკი-კორსაკოვის პედაგოგიურ მოღვაწეობას. მან აღზარდა 200-ზე მეტი მოწაფე, რომელთა შორის არიან: ალექსანდრე გლაზუნოვი, ანატოლი ლიადოვი, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვი, ანტონ არსენსკი, ნიკოლოზ მიასკოვსკი და სხვები. მასთან სწავლობდნენ აგრეთვე იგორ სტრავინსკი, მელიტონ ბალანჩივაძე. ავტორია ორკესტრობისა და ჰარმონიის სახელმძღვანელოების, აგრეთვე ავტობიოგრაფიული წიგნისა — „ჩემი ცხოვრების მატიანე“ (გამოც. 1909). დიდია მისი დამსახურება სარედაქტორო მუშაობის დარგში. მან დაასრულა და შემდეგ შეასრულა ალექსანდრე დარგომიჟსკის „ქვის სტუმარი“, ალექსანდრე ბოროდინის „თავადი იგორი“, მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“ (ახალი რედაქცია) და „ხოვანშჩინა“. სხვებთან ერთად მოამზადა გამოსაცემად გლინკას საოპერო პარტიტურები. 1944 წელს ქ. ტიხვინში, სახლში, სადაც დაიბადა კომპოზიტორი გაიხსნა მუზეუმი (რიმსკი-კორსაკოვის სახლ-მუზეუმი). საქართველოში სისტემატურად იდგმება და სრულდება რიმსკი-კორსაკოვის ნაწარმოებები. მისი ოპერებიდან თბილისში დაიდგა „მაისის ღამე“ (1883-1884), „თოვლია“ (1897-1898), „მოცარტი და სალიერი“ (1899-1900), „სადკო“ (1899-1900), „მეფის საცოლე“ (1900-1901), „ოქროს მამალი“ (1924. წლები ყველგან პირველი დადგმებისაა).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Асафьев Б. (Игорь Глебое), Н. А. Римский-Корсаков (1844-1944), М.-Л., 1944;
  • Римский-Корсаков А. Н., Н. А. Римский-Корсаков. Жизнь и творчество, в. 1-5, М., 1933-1946;
  • Соловцов А., Жизнь и творчество Н. А. Римский-Корсакова, 2 изд., М., 1969;