უფლისციხის დიდი ნაგებობა
უფლისციხის დიდი ნაგებობა — არიქტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარ უფლისციხეში. თარიღდება ელინისტური ხანის დასაწყისით. მასში გაორკეცებულია ამ დროს მიღებული არქიტექტურული კომპოზიცია (ფასადის მხარეს გახსნილი დარბაზია, მის სამივე მხარეს კი უფრო მცირე და დაბალი დახურული ოთახები).
უფლისციხის ნაგებობათა შორის დიდი ნაგებობა გეგმით ყველაზე რთულია. კომპლექსი სიმეტრიულადაა განვითარებული. შენობის გარეთა მასები მხოლოდ სამხრეთ ფასადითა და ბანით არის გამოვლენილი. გეგმის გაორკეცების გარდა, ამ ნაგებობის თავისებურებას წარმოადგენს მის წინ მდებარე ბაქანი, რომელიც გვერდებიდან შემოსაზღვრულია კლდეში ნაკვეთი განივი კედლებით. ნაგებობაც მთლიანად ამოკვეთილია კლდეში. შენობა გამოფიტული და დაზიანებულია, შემორჩენილი გვიანდელი ქვის კედლები, საავარიო ბზარებია გაჩენილი გვერდის ოთახების გადახურვაში, დანგრეულია ნაგებობის ფასადი, მთავარი დარბაზის გადახურვა; დარბაზის სამივე მხარეს განლაგებული ოთახების წინა კედლებს, უკანა ოთახების შესასვლელებს დაკარგული აქვთ პირვანდელი სახე, კედლების ქვედა ნაწილი განზრახ ამოტეხილია.
შემორჩენილია ელინისტურ ხანაში დამუშავებული კედლებისა და ჭერის მცირე ფრაგმენტები. დიდი ნაგებობა ფეოდალურ ხანაში მრავალჯერ გადაუკეთებიათ: შენობაში ჩაშენებული სხვადასხვა წყობის ქვის კედლები ნაგებობას პატარა ოთახებად ყოფს. კლდის კედლები ჩათლილი და შეღრმავებულია. გაჭრილია ბუხრის საკვამლე მილები, თახჩები და გადახურვის კოჭების ბუდეები. იატაკი გაცვეთილია. მასში ამოკვეთილია თონეების, ქვევრებისა და დაზგების ჩასადგმელი ორმოები. დიდი ნაგებობის ცენტრს წარმოადგენს სწორკუთხა ღია დარბაზი. დარბაზის ფასადისაგან შემორჩენილი რამდენიმე დეტალი ადასტურებს, რომ იგი გახსნილი იყო გრძელი და დაბალი არქიტრავით გადახურული ღიადით, რომელსაც უთუოდ ექნებოდა შენობის ღერძის მიმართ სიმეტრიულად განლაგებული ორი საყრდენი. ფასადის ასეთი გადაწყვეტაც ამ ნაგებობის თავისებურებას წარმოადგენს. დარბაზის განივი ღერძის დასავლეთ ბოლოში, მოგვიანებით აშენებული ქვის კედლის ქვეშ, გამოჩნდა იატაკიდან ამოწეული კლდის მასივი, რომელიც გადახურვის საყრდენის ძირი უნდა იყოს.
დარბაზის განივი ღერძის დასავლეთ ბოლოში, მოგვიანებით აშენებული ქვის კედლის ქვეშ, გამოჩნდა იატაკიდან ამოწეული კლდის მასივი, რომელიც გადახურვის საყრდენის ძირი უნდა იყოს. უნდა ვიფიქროთ, რომ ღერძის აღმოსავლეთ ბოლოშიც ასეთივე საყრდენი იყო. ფასადის განაპირა კუთხეებთან, კედელში ერთიმეორის პირდაპირ ამოკვეთილია ღრმა, ოთხკუთხა, ბრტყელჭერიანი ნიშები. ღია დარბაზში გადახურვის შემორჩენილი ნაწილების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ მისი დახურვაც ბრტყელი ყოფილა. აღმოსავლეთ ოთახის ჭერის ვიწრო მალის მიმართულებით ჩანს ერთმანეთთან ახლოს განლაგებული ბრტყელი, ორსაფეხურიანი „კოჭები“ და კედლის შემკვრელი ლავგარდანი. სწორკუთხა პროფილის ლავგარდანს შუა ნაწილში გასდევს ლილვა.
ფასადის წინ, კლდეში, ჩაკვეთილი განიერი ღრმული (ამჟამად სახეშეცვლილია); შესაძლებელია აქ ქუჩიდან ნაგებობასთან მისასვლელი საფეხურები იყო. ღია დარბაზის სამივე მხარეს უფრო მცირე და დაბალი სწორკუთხა ოთახებია. უკანა ოთახის სამივე მხარესაც მცირე და დაბალი სათავსებია. მათ შორის დასავლეთისას ნახევარსფერული ჭერი აქვს და გეგმით წრიულია. დანარჩენი ოთახების ჭერი ბრტყელია. დიდი ნაგებობის ბანი წარმოადგენს შიდა ნაქალაქარის ზედა უბნის ტერასას, რომელზეც კლდეშივე ნაკვეთი სახლის ნაწილებია შემორჩენილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქარუმიძე თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 96-97.