უფლისციხის დასავლეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უფლისციხის დასავლეთის ეკლესია — არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარ უფლისციხეში, ნაქალაქარის დასავლეთით, ქარაფის შუაწელზე. ეკლესია უშუალოდ არ უკავშირდება ნაქალაქარს. ნაგებობასთან მისასვლელი ბილიკი კლდის მასივის დასავლეთით, სოფელ უფლისციხიდანაა. დასავლეთის ეკლესია თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით (სავარაუდოა, რომ ეკლესიად გადაკეთებულია ელინისტური ხანის ნაგებობა).

კლდეში ნაკვეთი მცირე ზომის ეკლესია გარედან არ არის გამოვლენილი, ოთხკუთხა, თაღოვანი კარი დასავლეთითაა. კარის თავზე მრგვალი სარკმელია. დარბაზი განიერი და მოკლეა. აფსიდები აღმოსავლეთისაკენ ფართოვდება. აფსიდის აღმოსავლეთ კედელი სწორხაზოვანია, კუთხეები მომრგვალებული. კედელიც და კუთხეებიც გაფორმებულია სწორ ხაზოვანი, სადა ბაზისებით და კაპიტელებით. კარის პირდაპირ, აფსიდის აღმოსავლეთ კედლის ცენტრში ამოკვეთილია მაღალი (1,25 მეტრი) სწორკუთხა საკურთხეველი, რომლის იატაკი დარბაზის იატაკიდან ამაღლებულია 0,75 მეტრით. საკურთხევლის ზემოთ, მთელი საკურთხევლის სიგანეზე, თაღოვანი ნიშია. მეორე ნიში ჩრდილოეთ კედელშია, საკურთხეველი, აფსიდის იატაკი, მისი საფეხურები, ბაზისები და თახჩები კარგად არის დამუშავებული, მათი ზედაპირი გლუვია. კაპიტელები და ეკლესიის დანარჩენი ნაწილები არასწორხაზოვანია. ზედაპირი უხეშადაა დამუშავებული. ეკლესია გადახურულია ბრტყელი კამარით. ნაგებობის წინ კლდის უსწორმასწორო, ვიწრო ბაქანია, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში გადაუხურავთ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]