უფლისციხის ოთხსვეტიანი დარბაზის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ოთხსვეტიანი დარბაზის კომპლექსი — არქიტექტურული კომპლექსი გორის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარ უფლისციხის ტერიტორიაზე. დარბაზი გეგმით ქრისტიანული ბაზილიკის მსგავსია. იგი განკუთვნილი იყო წარმართული ხანის საზეიმო, საკულტო ცერემონიებისათვის. გამოკვეთილია კლდეში. ნაგებობა დაზიანებილია და გამოფიტულია. შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ კედელი და მცირე სათავსი, აღმოსავლეთ დადასავლეთ კედლების ქვედა ნახევარი, სამხრეთ კედლის ცოლოკი. ეტყობა მრავალჯერ გადაკეთების კვალიც. დასავლეთ კედლის ბოლო ნაწილი, დიდი ნიშის გაყოლებაზე, ამოშენებულია ადრინდელი ფეოდალურ ხანაში. ამ კედელის ქვეშ დარბაზში ჩასასვლელი ანტიკური ხანის ორი საფეხურია, შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის ქვითკირის კედელი. ამავე საუკუნეებში ქვითკირის კედლებით შემოუზღუდავთ და ეკლესიათ უქცევიათ სამხრეთის აფსიდიანი სათავსი, დაუვიწროვებიათ ანტიკური ხანის შესასვლელები. დარბაზი მოგვიანებით საცხოვრებლადაც გამოუყენებიათ. შუა აფსიდის ჩრდილოეთ მონაკვეთში მოჭრილია ცოკოლის საფეხური, გაღრმავებულია კედელი, იატაკში ჩაჭრილია სამი სასულიანი თონე; დარბაზის ჩრდილოეთ ნაწილში ოთხი თონეა. ჩრდილოეთ-დასავლეთის კუთხის კედლებში ამოჭრილია გადახურვის კოჭების ჩასადგმელი ბუდეები.

დარბაზის ინტერიერს ქმნის კლდის დამუშავებული კედლები, რომელბსაც ფასადები არ აქვთ. ოთხსვეტიანი დარბაზის დასავლეთ მონაკვეთი განიერი და მოკლეა. მის ცენტრში ოთხი ბურკის ოთხკუთხა ბაზისებია გამოკვეთილი. ბაზისების მდებარეობა დარბაზის ღერძის მიმართ ასიმეტრიულია. დარბაზის ჩრდილოეთ კედელი, ბაზისების შესატყვისად, დანაწევრებულია არათანაბარი ზომის სამი დეკორატიული თაღით. ნაწილობრივ შემორჩენილია პილასტისა და თაღების კლდეში ჩაჭრილი პროფილი. დასავლეთ პილასტრზე კაპიტელის კუთხეა, რომელიც წარმოაგენს ლილვიან თაროს. ამავე პილასტრის თავზე შემორჩენილია კამარაზე გადასვლის ფრაგმენტი, რაც მოწმობს, რომ დარბაზის ჩრდილოეთ „ნავს“ სამ სეგმენტად დანაწევრიანებული „გადახურვა“ ჰქონია. დასავლეთ კედელზე მაღალი ცოლოკი და ჩრდილოეთ პილასტრია. ამ კედლის სამხრეთ ნაწილში, იატაკიდან 1 მეტრის სიმაღლეზე, დარბაზის შიდა სივრცისაკენ გახსნილი დიდი ნიშია.

დარბაზის აღმოსავლეთით იატაკიდნ ერთი საფეხურით ამაღლებული და საკმაოდ ღრმა ნალისებრი აფსიდია. მასში მაღალი საკურთხეველი და დასაკდომად გამოუსადეგარი ორსაფეხურიანი ხარისხია. აფსიდის ცენტრში ამოკვეთილია ოთხი კვადრატული ბუდე, რომელბიც ამოვსებულია ქვის ნატეხებით და კირის ხსნარით. საფიქრებელია, რომ ბედეებში კივორიუმის სვეტები იყო ჩადგმული. ერთი სვეტის ნაწილი შემორჩენილია აფსიდის წინაც, სვეტი ამოკვეთილია კლდეში, ჩრმა და განიერი ორმოს ძირში.

ჩრდილოეთი სათავსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ აფსიდსა და კონქს შორის სადა რელიეფური სარტყელია, აფსიდის ორივე მხარეს კი მცირე სათავსები. ჩრდილოეთ სათავსს შემორჩენილი აქვს კედელში გამოკვეთილი კამაროვანი ჭერი. მის ჩრდილოეთ კედელში ორი ოთხკუთხა ღრმა ნიშია. აღმოსალვეთ ნიშის კონქში შემორჩენილია სხივური გაფორმების კვალი. ამ სათავსს შესასვლელები საკურთხევლიდან და დარბაზიდან აქვს.

სამხრეთი სათავსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ სათავსი მოკლეა. სათავსში შემორჩენილია აფსიდა და ცოლოკის განიერი საფეხური.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]