უფლისციხის წითელი ოთახის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

უფლისციხის წითელი ოთახის კომპლექსიარქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარ უფლისციხის შიდა ქალაქის შუა უბნის განაპირას, ჩრდილოეთით, შიდა ქალაქის მთის სამხრეთ ფერდობზე, მთავარი ქუჩის პირას, დიდ ეზოში.

ეზოს ჩრდილოეთით, ერთმანეთის გვერდით, წითელი და სადა ოთახებია, სამხრეთით — ორი სათავსი, კედლების ნაწილები და კლდე, რომელზეც აღმართულია აგურით ნაგები ქრისტიანული ეკლესია. კომპლექსში შედის საკუთრივ წითელი ოთახი, მის წინ მდებარე ნაგებობა. კომპლექსი თარიღდება ელინისტური ხანის დასაწყისით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია ოთახისა და ღია დარბაზის წინა კედლები, ღია დარბაზის კამარის ნაწილი, ჩამოთლილია წითელი ოთახის სამხრეთ-დასავლეთ კედლის დეკორი და ღია დარბაზის კედლების სიბრტყეები, გამოფიტულია დარბაზის საფასადო მხარე; შემორჩენილი კედლები და კამარაც გაბზარულია. ყველა კედელში უხეშად ამოკვეთილია თახჩები და ბუდეები. შემდგომი გადაკეთებების დროს ეზოსა და ოთახებში ჩაშენებულია ცუდად ნაგები ქვის კედლები (1959 წლის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ნაგებობის დროებითი დაცვის მიზნით ამოაშენა წითელი ოთახის სამხრეთ კედელი). იატაკში ამოჭრილია სხვადასხვა დანიშნულების და სახის ორმო-ბუდეები, აგრეთვე XVl-XVll საუკუნეების სამარხები — ერთი წითელი ოთახის ღია დარბაზის წინ, ათი სამხრეთ ნაგებობის დიდი დარბაზის აღმოსავლეთ კედელთან, ეკლესიის კედლის ძირში. სამხრეთ ნაგებობის მხოლოდ ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. ქუჩიდან ეზოში შესასვლელი კლდის კედელში ამოუკვეთიათ მოგვიანებით. წითელი ოთახი გრძივ ღერძზე განლაგებული ორი სათავსისაგან შედგება: დაბალი, დახურული ოთახისა და მის წინ მოთავსებული, უფრო დიდი და მაღალი ღია დარბაზისაგან.

ნაგებობა მთლიანად კლდის მასივშია გამოკვეთილი, გარედან გამოვლენილია მხოლოდ დარბაზის აზიდული თაღით. ოთახი თითქმის კვადრატულია (5x4,7 მეტრი), მასში შესასვლელი ღია დარბაზის უკანა კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია. ოთახი გამოირჩევა არქიტექტურული გაფორმებით. კედლები დანაწევრებულია მაღალ ცოკოლზე შემდგარი პილასტრებით, რომლებიც რთულად პროფილირებული კაპიტელებით მთავრდება. ოთახს ირგვლივ მიუყვება სამმაგი „შემკვრელი“ ლავგარდანი, რომელსაც „ეყრდნობა“ ბრტყელ ჭერზე ამოკვეთილი რთული „კონსტრუქციის“ ხის კოჭოვანი გადახურვის იმიტაცია. „გადახურვის“ მალს (5,1 მეტრი) ორად ყოფს განივი, „მზიდი“ კოჭი, რომელზედაც „გადადებულია“ გრძივი „კოჭების“ შიგა ბოლოები. გარეთა ბოლოები პილასტრებს შორის არის მოქცეული, რაც არღვევს წითელი ოთახის „კონსტრუქციული“ სისტემის სიზუსტეს. ოთახის აღმოსავლეთ და ჩრდილო კედლებში (შესასვლელის პირდაპირ) ამოკვეთილია მცირე ზომის თაღიანი თახჩები. აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ კუთხეში კიდევ ერთი ოთხკუთხა თახჩაა (შენიღბული საგანძურის შესასვლელი). თახჩის პირზე ამოკვეთილია ფოსო, რომელშიც იდგმებოდა შესანიღბი ფილა. ოთახი შემურულია. მურის ფენის ქვეშ ჩანს წითლად შეღებილი ჭერი და კედლები. წითელი ოთახის წინ არსებული ღია დარბაზის, სადა ოთახის (11x5,1 მეტრი) ფასადის მხრიდან მთლიანად გახსნილი კამაროვანი სათავსია, დამხრობილია სამხრეთისკენ. სადაა, მის სამივე კედელს გასდევს მხოლოდ ფაქიზად დამუშავებული ცოკოლი. ფასადის დასავლეთ კედლის ცოკოლში შემორჩენილია ყვითელი ქვის პროფილირებული კუთხის ბაზისი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ღია დარბაზის ფასადი მოპირკეთებული ყოფილა ყვითელი ქვით. დარბაზის წინ ამოჭრილია ერთი სამარხი. ნაგებობის ამგვარი კომპოზიცია (ოთახი წინ ღია დარბაზით) უფლისციხის მშენებლობაში მიღებული არქიტექტურული თემის უმარტივესი ვარიანტია. წითელი ოთახი როგორც არქიტექტურული თემით, ისე ყველა დეტალით მიეკუთვნება უფლისციხის კედელში ნაკვეთი ანსამბლის ძირითად ნაგებობათა რიცხვს. ეზოს სამხრეთით მდებარე ნაგებობა შედგება ორი ნაწილისგან: ეზოსპირა, აღმოსავლეთისკენ წაგრძელებული მცირე სათავსისა (9x4,1 მეტრი) და მის უკან, სამხრეთით მდებარე დიდი დარბაზისაგან (10x10,5 მეტრი). დარბაზის სამხრეთ კედლის ნაწილი და დასავლეთ კედლის სამხრეთ ბოლო დანგრეულია. შემორჩენილი კედლების ფრაგმენტების სიმაღლე 2,1 მეტრია. სამხრეთ ნაგებობა მრავალჯერ გადაუკეთებიათ. მოგვიანებით მცირე სათავსის განივი კედელი და დარბაზის ჩრდილო კედელი სხვადასხვა ჯიშის ქვითა და მიწის ხსნარით ამოუშენებიათ. დიდი დარბაზის აღმოსავლეთ კედელთან, ეკლესიის კედლის ძირში ამოჭრილია ათი სამარხი (XVl-XVll საუკუნეები). რამდენიმე სამარხთან კედელში ამოკვეთილია ნიშები. სამხრეთ ნაგებობის მცირე სათავსი კომპლექსის დერეფანი უნდა იყოს. მის დასავლეთ კედელში მთავარი ქუჩიდან ვიწრო კლდეკარია გაჭრილი. შემორჩენილი ცოკოლი გვაფიქრებინებს, რომ დერეფანი ეზოსაკენ, ღია დარბაზის პირდაპირ იყო გახსნილი და ეზოში შესვლა ქუჩიდან მხოლოდ დერეფნის გავლით შეიძლებოდა. ანტიკური ხანის სხვა შემოსასვლელი ეზოს არა აქვს. დერეფანი ეზოდან გამოყოფილი იყო გლუვად დამუშავებული კლდის კედლით (სიგრძე 14 მეტრი), მის დასავლეთ ბოლოში გასასვლელი (2,65 მეტრი) მდებარეობს. ეზოს ცოკოლი უხვევს ამ გასასვლელში და შედის დერეფნის ინტერიერში. დიდი დარბაზი ოთხკუთხაა. შემორჩენილ სამხრეთ კედელში ამოკვეთილია კარის ფოსო (დაუდგენელია ანტიკური ხანისაა იგი თუ გადაკეთების დროს არის ამოკვეთილი). იატაკში ამოკვეთილია ოთხი ბუდე. ფორმათა სიზუსტით და ზედაპირის გლუვი დამუშავებით ისინი ანტიკურ ხანას მიეკუთვნებიან. იატაკში ასევე ამოკვეთილია წყალსაწრეტი ღარის სათავე. ღარი ეკლესიის ტერასაზე ჩამოდის. სამხრეთ ნაგებობის იატაკი ეზოს დონეზეა. ეს დონე გრძელდებოდა სამხრეთისკენ და დიდი დარბაზის წინ ქმნის ტერასა-ბაქანს. ტერასიდან მთავარ ქუჩამდე ჩამოდის განიერი კიბე. დარბაზის გარეთა მოცულობა მთლიანად (ოთხივე ფასადით) ყოფილა გამოვლენილი. ამჟამად არ ჩანს აღმოსავლეთ ფასადი, რადგან აღმოსავლეთ კედლის გადარჩენილი ქვედა ნაწილი გამოყენებულია ქრისტიანული ეკლესიის დასავლეთ კედლის საძირკვლად. სავარაუდოა, რომ დიდი დარბაზის გაგრძელებაზე კიდევ მდებარეობდა ნაგებობა, რომელიც ეკლესიის ქვეშაა მოქცეული. კომპლექსის ცენტრს წარმოადგენს აღმოსავლეთისკენ წაგრძელებული ოთხკუთხა ტერასა-ეზო (16,2x9,2 მეტრი), იგი ქუჩების დონესთან შედარებით ჩაღრმავებულია (2,2 მეტრით). ეზო იზოლირებულია. მის ორივე მხარეს სათავსებია. მათი განივი მხარეები შემოსაზღვრულია ჩაჭრილი კედლებით. ფაქიზად დამუშავებულ ეზოს შემოვლებული აქვს თლილი კლდის ცოკოლი, რომელიც დასავლეთით იმდენად განიერია (2,65 მეტრი), რომ ტახტად (ამაღლებულ ბაქნად) გამოდგებოდა. „ტახტი“ ორია, გამოყოფილია კედლით. ეზოში არ არის ანტიკური დროისთვის დამახასიათებელი სამეურნეო და საოჯახო საქმიანობისთვის განკუთვნილი ადგილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]