უფლისციხის ქარაფისპირა სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უფლისციხის ქარაფისპირა სახლიარქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარ უფლისციხის შიდა ქალაქის ქვემო უბნის ჩრდილო-დასავლეთით, ქარაფის პირას. თარიღდება ელინისტური ხანის დასაწყისით. ნაგებობა კლდეშია ნაკვეთი. შედგება სამხრეთისკენ დამხრობილი ღია დარბაზისა და მის უკან მოთავსებული უფრო დაბალი, ბრტყელჭერიანი ოთახისგან (8,5x4 მეტრი). ქარაფისპირა სახლს აქვს მხოლოდ ერთი, კამარით გახსნილი ფასადი, რომლის წინ კლდის კედლებით შემოსაზღვრული მოზრდილი ეზოა (8,75x9,5 მეტრი). სახლი ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია ღია დარბაზის კამაროვანი გადახურვა; ორივე სათავსის ჭერს, კედლებს, იატაკსა და ეზოს ატყვია მრავალგზის გადაკეთების კვალი; მოგლეჯილი და ნაპრალში ჩავარდნილია ეზოს დასავლეთით მდებარე ოთახი, რომლის შესასვლელი ეზოს პირასაა, ჩანს სხვადასხვა დროს ჩაშენებული ქვით ნაგები კედლებიც. სათავსების იატაკში გათხრილია სხვადასხვა დანიშნულებისა და დროის ორმოები, მცირე ბაქნები. ნაგებობას შესასვლელი აღმოსავლეთით, ქვემო უბნის განივი ქუჩის ბოლოდან აქვს. ღია დარბაზი საკულტო და სარიტუალო დანიშნულების უნდა იყოს, ხოლო დახურული ოთახები საცხოვრებელი. შემორჩენილი ნაწილების საფუძველზე, საცხოვრებელი სახლის ცენტრალური ბირთვი ეზო უნდა ყოფილიყო. იგი რამდენიმე ნაგებობას აერთიანებდა. ეზოს იატაკი, კედლები და ცოკოლი ფაქიზად არის დამუშავებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]