უფლისციხის სადა ოთახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უფლისციხის სადა ოთახიარქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარ უფლისციხის შიდა ქალაქის შუა უბნის ჩრდილო საზღვარზე. თარიღდება ელინისტური ხანით. სადა ოთახი მიეკუთვნება კლდეში ნაკვეთი ანსამბლის ძირითადად ნაგებობებს. შედგება ორი ნაწილისგან: ღია, კამაროვანი დარბაზისა (6x5,8 მეტრი; სიმაღლე 6 მეტრი) და მის უკან მდებარე დაბალი, ბრტყელჭერიანი ოთახისაგან (5x5 მეტრი; სიმაღლე 3,3 მეტრი). ნაგებობა მთლიანად კლდეშია ამოკვეთილი. დაზიანებულია: დანგრეულია ფასადი, დარბაზის კამარის მნიშვნელოვანი ნაწილი და ოთახის სამხრეთ კედელი. დარბაზის გადარჩენილი ნაწილები დაბზარული და გამოფიტულია შენობა მრავალჯერ გადაუკეთებიათ: კლდის კედლებში უხეშად ამოუკვეთიათ თაროები და თახჩები, იატაკში — სხვადასხვა დანიშნულების ორმოები და ბუდეები, სხვადასხვა დროს ჩაუშენებიათ ქვის კედლებიც. XVl-XVll საუკუნეების ნაგებობა საფუძვლიანად გადაუკეთებიათ. რეკონსტრუქციის დროს სადა ოთახის ღია დარბაზი ორ სართულად გაუყვიათ, რისთვისაც დარბაზის განივ კედლებში ამოუკვეთიათ ხის კოჭების ჩასადგმელი ბუდეები. ქვევით, კლდიდან გამოწეული საფასადო კედლებით გაუმართავთ ოთახი, მეორე სართულზე კი — ლოჯია და აივანი. ნაგებობისათვის დამახასიათებელია ფორმების გეომეტრიული სიზუსზე, კლდის ზედაპირის ფაქიზი დამუშავება, სისადავე. გარედან იგი მხოლოდ დარბაზის ღია კამარითაა გამოვლენილი, მისი მოცულობა კი კლდის მასივშია შეტანილი. კამაროვანი დარბაზი დამხრობილია სამხრეთისკენ. დგას ეზოს პირას. ეზო საერთოა სადა ოთახის მომიჯნავე წითელი ოთახისა და მათ პირდაპირ მდებარე ამჟამად დანგრეული კომპლექსისთვის. ეზო ჩაღრმავებულია, შემოსაზღვრულია კლდის კედლებით, რომელსაც გასდევს ფაქიზად დამუშავებული, დასაჯდომად განკუთვნილი ცოკოლი. ეზოში შესვლა შეიძლებოდა მთავარი ქუჩიდან, მოკლე კლდეკარის გავლით. ნაგებობის კომპლექსში დაცულია უფლისციხის კომპლექსისთვის ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი დეტალი — ფასადის დასავლეთ მხარეს არქეოლოგიური გათხრების დროს გამოვლენილი ყვითელი ქვის პროფილირებული ბაზისი (იგი დევს თავდაპირველ ადგილას — ცოკოლში, მისთვის განკუთვნილ კუთხეში), რაც გვაფიქრებინებს, რომ ღია დარბაზების ფასადები მოპირკეთებული ყოფილა ყვითელი ქვით და მორთული მონუმენტური, არქიტექტურული ფორმებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]