უფლისციხის კოხტა სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უფლისციხის კოხტა სახლი — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარ უფლისციხის შიდა ქალაქის შუა უბანში, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, ქარაფისპირა ტერასაზე. თარიღდება ადრინდელი ანტიკური და ელინისტური ხანის მიჯნით. 1967 წელს სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ კლდის გადახურვის ჩამოგლეჯილი და დაცურებული წინა ნაწილი კრინა-ბეტონის უწყვეტი კოჭით გაამაგრა.

კოხტა სახლი მთლიანად კედელშია ამოკვეთილი. შენობა უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ანსამბლის თვალსაჩინო ნაგებობაა. კომპლექსში დაცულია ანსამბლის ძირითადი ნაგებობისთვის დამახასიათებელი ყველა მხატვრული და აქტიქეტრული-გეგმარებითი პრინციპი. ნაგებობა დაზიანებულია. შემორჩენილია ღია დარბაზის გვერდითი კედლების ქვედა ნაწილები, გადახურვის კამარის ჩრდილოეთ-დასავლეთ კუთხე, წინა ოთახის ფასადის კედლის ზედა კუთხეები; კედლები ჩამოტეხილი და გამოფიტულია. შემორჩენილი ფრაგმენტებიც დაზიანებულია. კოხტა სახლი მრავალჯერ გადაუკეთებიათ: ოთახის კედლებში ამოუკვეთიათ უსწორო თახჩები, ოთახების იატაკისა და ეზოში ამოუთხრიათ სხვადასხვა დანიშნულების ორმოები და ხის ბოძებისა და ღობის ჩასადგმელი ბუდეები.

კოხტა სახლი შედგება ღია დარბაზისა და ორი ოთახისაგან. სამივე სათავსი განლაგებულია ერთ ღერძზე, ერთმანეთის უკან. კლდის ზედაპირი დამუშავებულია კარგად. დეკორად გამოყენებულია ხის და ქვის კონსტრუქციების იმიტაცია. შენობა უფლისციხის ანსამბლის ნაგაბობათა შორის გამოირჩევა გარეგანი იერით. იგი მარტივი კუბის ფორმისაა, რასაც ქმნის მთავარი ფასადის თაღის ღიობი, დანარჩენი ფასადების სადა სიბრტყეები და ბანური გადახურვა.

ღია დარბაზი უკანა ოთახებზე ბევრად მაღალი, სწორკუთხა, წაგრძელებული მოხაზულობის ყოფილა, რაზეც მიგვითითებს შემორჩენილი ნაწილები. დარბაზის თაღის ღიობი საზეიმო იერს აძლევს წინა ხედს. შენობის დანარჩენი ფასადები დამუშავებულია გლუვად. დარბაზის უკან მდებარე ორივე ოთახი ერთმანეთს შენობის ღურძზე გაჭრილი კარით უკავშირდება. შინა ოთახი მოგრძო სწორკუთხედია, უკანა კი თითქმის კვადრატი. ორივე ოთახის ჭერი ბრტყელია. წინა ოთახის ჭერი კლდეში ამოკვეთილი ხის კოჭოვანი გადახურვის კონსტრუქციის იმიტაციაა. კედლებს ზემოდან გასდევს პროფილირებული ლავგარდანი, რომელზედაც ორსაფეხურიანი „კოჭებია“ „დალაგებული“. ოთახის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედელში ამოყვანილია თახჩები. ჩამონგრეულ სამხრეთ კედლის ზედა ნაწილზე შემორჩენილია ღია დარბაზიდან ოთახში შესასვლელის წირთხლის კვალი. კოხტა სახლის წინ კედელში ჩაწრილი მოსწორებული მოზრდილი ეზოა, რომელიც ქარაფის პირას შემოსაზღვრული იყო პარაპეტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]