უფლისციხის ქუჩისპირა ბაქანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

უფლისციხის ქუჩისპირა ბაქანიარქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარ უფლისციხის შიდა ქალაქის შუა უბნის ცენტრში, მთავარი ქუჩის პირას, მის დასავლეთ მხარეს, საგანგებო დანიშნულების ნაგებობებს შორის. თარიღდება ელინისტური ხანით. ქუჩისპირა ბაქანი ოთხკუთხაა (12,3x10,75 მეტრი), აღმოსავლეთის მხრიდან საფეხურებით უკავშირდება ქუჩას. სამხრეთით მას ესაზღვრება დიდეზოიანი სახლი, ჩრდილოეთით და დასავლეთით — კლდეში ნაკვეთი კედლები (სიმაღლე 4,5 მეტრი), რომლებიც მიეკუთვნება ანსამბლის ძირითად შენობებს. ჩრდილო კედელი პირვანდელი სიგრძით არის შემორჩენილი. დასავლეთ კედელს აკლია სამხრეთ კუთხე. კედლები ელინისტური ხანისაა და მოწმობს, რომ აქ ერთი დიდი (მინიმალური ფართობი — 100 კვადრატული მეტრი) ორსვეტიანი დარბაზი უნდა მდგარიყო. ასეთი დიდი და განცალკევებით მდგარი დარბაზი გამონაკლისს არ წარმოადგენს უფლისციხის ანსამბლისთვის. დარბაზის განსხვავებული მდებარეობა და სიდიდე გვაფიქრებინებს, რომ ნაგებობას საერთო კომპოზიციაში თვალსაჩინო ადგილი ეკავა. მითუმეტეს, რომ ქუჩის მეორე მხარეს ტერასები გაცილებით დაბლაა განლაგებული და ბაქანზე აღმართული ნაგებობის ფასადს წინ არაფერი ეფარებოდა. ქუჩისპირა ბაქანის გარშემო არსებული ნაგებობები და კლდის აღდგენილი ბუნებრივი ფორმა გვაფიქრებინებს, რომ დარბაზის სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლები, აგრეთვე გადახურვა, კლდეში კი არ იყო ამოკვეთილი, არამედ სხვა მასალით იყო აშენებული. ამას მოწმობს უფლისციხეში არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებული მაგარი ქვის არქიტექტურული დეტალებიც — კაპიტელები, სვეტის ნაწილები და სხვა, რომლებიც კლდეში ნაკვეთი ანსამბლის ძირითადი სამშენებლო პერიოდისაა. დარბაზის ნანგრევის შემდეგ, ფეოდალურ ხანაში მისი კედლები და იატაკი გამოუყენებიათ საცხოვრებელი სახლკარებისათვის. შემორჩენილია სახლის აღმოსავლეთ კედელი (ნაგებია ქვით), კედლებში დატანებულია შესასვლელის წირთხლი და ხის კარის ნარჩენები. იატაკში, მესერის ჩასადგმელად, ამოჭრილია მცირე დიამეტრის ბუდეები. ეს გვაფიქრებინებს, რომ ბაქანზე ყოფილა თიხით შელესილი, წნულით გადახურული ხუთი ოთახი. სახლის გეგმა ნათლად არ იკითხება. იატაკში სხვადასხვა დროს ამოკვეთილია სამეურნეო დანიშნულების ორმოები (ძირითადად თონეების, ქვევრების, საწარმოო ჩარხების ჩასადგმელად), რომელთაგან ელინისტური ხანისაა ჩრდილო-დასავლეთ კედელთან ამოჭრილი ღრმა ორმო. შენობის გადახურვა დაბალი ყოფილა. კედლებში შემორჩენილია გადახურვის კოჭების ბუდეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]